„მხოლოდ მაშინ განვიცდი სიბრაზეს, როდესაც
ვხედავ, როგორ ყრიან ადამიანები ნივთებს,
რომელთა გამოყენებაც შეიძლება”
დედა ტერეზა
სტატიაში განხილულია მსოფლიოში არსებული გლობალური პრობლემის – ნარჩენების მართვის გზები და მეთოდები, გაანალიზებულია ნარჩენების ზრდის მიზეზები, საუკუნეების წინ საზოგადოების დამოკიდებულება აღნიშნულ პრობლემასთან და ამ პრობლემის გადაჭრის თავისებური სტრატეგიები, ასევე აღწერილია განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ნარჩენების მართვაში. ხაზგასმითაა აღნიშნული სკოლის როლი და მნიშვნელობა მომავალი ეკომეგობრული, გარემოზე მზრუნველი, პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაში. კონკრეტულად კი განხილულია სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში ეკო კლუბის „ აიას ბიოლოგები“-ს მიერ განხორციელებული პროექტი, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და გარემოსადცვითი განათლება, ეკოცნობიერების დონის ამაღლება; ნარჩენების გონივრული მართვა და გამოყენება ; არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განვითარება; საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის გაღვივება. პროექტი ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნებს და არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს. პროექტის ფარგლებში აღწერილია თუ როგორ ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ სკოლაში მოსწავლეებში ნარჩენების მართვის კულტურის დამკვიდრება. დეტალურადაა განხილული პროექტის თითოეული ეტაპი : მოსწავლეებმა გამოკვეთეს ნარჩენებით დაბინძურების პრობლემა სკოლაშიც და სკოლის გარეთაც, დასახეს მიზანი, შეაგროვეს ინფორმაცია და აიმაღლეს ეკოცნობიერება,მიმართეს და ითანამშრომლეს ნარჩენების მართვის კომპანიებთან, მოიწვიეს და თავადაც ესტუმრენ, გაეცნენ ნარჩენების გადამუშავების მეთოდებს საქართველოში, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნეს ფლაერები და დაარიგეს მოსახლეობაში, ნარჩენების შესაგროვებლად მოიფიქრეს საინტერესო და სახალო კონკურსები, ამით გაზარდეს ინტერესი საკითხისადმი და ბუნებაც გადაარჩინეს დაზიანებისაგან. პრობლემის გადაჭრაში სხვა სკოლებიც გამოიწვიეს და ერთმანეთს ნარჩენების მართვის საკუთარი მეთოდები გაუზიარეს, მაგალითი მისცეს სხვებს და ნარჩენებისგან სასწავლო რესურსები შექმნეს, მოაწყეს გამოფენა, აქციები, აღნიშნეს ნარჩენების გადამუშავების დღე და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ნარჩენების დაგროვებით გამოწვეული ეკოლოგიურ კატასტროფის შესახებ. სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა ნარჩენების მართვა და საარსებო გარემოზე ზრუნვა სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობად აქციეს და თანატოლებსაც მოუწოდებენ მსგავსი ქმედებისკენ.
დღეს-დღეისობით არ არსებობს მსოფლიოში ისეთი ქვეყანა, რომელსაც არ ჰქონდეს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები.
ნაგვის შეგროვებასა და მისი დასახლებული პუნქტებიდან გატანას დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ საქმის პიონერები ძველი ბერძნები იყვნენ, ჯერ კიდევ 4,5 ათასი წლის წინ მათ სპეციალური კანონი მიიღეს, რომელიც ადამიანებს ავალდებულებდა ნაგავი გაეტანათ ათენიდან კილომეტრ ნახევრით დაშორებულ, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე.
მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისში, ევროპაში ნაგავის დაგროვების გამო უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა. მაგალითად, პარიზში ნაგვის გროვები ქალაქის გალავანზე უფრო მაღალი იყო. სწორედ, ასეთი საქციელისათვის ქვეყნები დაისაჯნენ შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელებით, რომელმაც 140 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის შემდეგ ევროპის მმართველებმა დააარსეს სპეციალური სამსახურები და მათ კანონით ქუჩებისა და სასმელი წყლის სისუფთავეზე პასუხისმგებლობა დააკისრეს. ჯარიმის პირველი ფორმებიც მათ შემოიღეს.
უძველეს დოკუმენტურ – ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით ნედლეულის მეორადი გადამუშავება პირველად იაპონიაში დაიწყო. ევროპამ ამ საკითხს ყურადღება მხოლოდ 1630 წელს მიაქცია და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქაღალდისა და ქსოვილების გადამამუშავებელმა პირველმა ქარხანამ დაიწყო ფუნქციონირება.
1895 წელს, ნიუ-იორკში, ქალაქის ხელმძღვანელობამ მოუწოდა მოქალაქეებს გადაერჩიათ ნარჩენები, კერძოდ მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით გამოეცალკევებინათ ერთმანეთისაგან ქაღალდი, საკვები, ქსოვილები და ლითონი. ორი წლის შემდეგ, ქვეყანაში დაიწყო ფუნქციონირება პირველმა ნაგავგადამამუშავებელმა ქარხანამ.
შვედეთსა და ნორვეგიაში ნაგავსაყრელების შემცირების მიზნით, წვავენ ნაგავს რის შედეგადაც მიღებული ენერგიით უკვე დიდი ხანია ათბობენ წყალსა და ბინებს, ხოლო ქალაქებს უზრუნველყოფენ ელექტროენერგიით.
1981 და 1987 წლებში იაპონიაში დაარსდა ორი ხელოვნური კუნძული. მშენებლობის პრინციპი ერთი შეხედვით ძალიან მარტივია – კუნძული წარმოადგენს დაკონსერვებულ ნაგავს. კუნძულზე განთავსებულია აეროპორტი, სასტუმროები, მაღაზიები, მუზეუმი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები და დასასვენებელი პარკები, IKEA-ს მაღაზია, რამდენიმე კაფე, ტურისტებისთვის კუნძულის დასათვალიერებლად გამოყოფილია მატარებელი, ხოლო კუნძულთან დაკავშირება ხდება საავტომობილო ხიდით.
საზოგადოებასა და ცალკეულ ადამიანებს დიდი როლი ეკისრებათ ნარჩენების მართვის პროცესში. დღეისათვის, მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებს ნარჩენების მართვის ეფექტური სტრატეგიები აქვთ შემუშავებული. მათი მიზანია: ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება; მეორადი გადამუშავებისთვის, ნარჩენებზე მეტი ხელმისაწვდომობა; იმ ტერიტორიების შემცირება, რომლებიც გამოყოფილია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენის განსათავსებლად.
ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში ოჯახები ახარისხებენ ნარჩენებს (ქაღალდს, პლასტმასას, ლითონებს, ბაღის ნარჩენებს და სხვ.) სხვადასხვა კონტეინერში. დახარისხებულის შეგროვება უზრუნველყოფს ყველაზე მაღალი ხარისხის მასალების მიღებასა და მასალების ღირებულების მაქსიმიზაციას, ზრდის ამ მასალებიდან უფრო მეტი რაოდენობით პროდუქტის მიღების შესაძლებლობას
ნარჩენების გადამუშავებას მოაქვს მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური სარგებელი, როგორიცაა საჭირო რესურსების მიღება და პირველადი ნედლეულის დაზოგვა, ინოვაციის წახალისება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
თუ წარსულში ნარჩენების მართვის ძირითად მეთოდად მათი განთავსება ითვლებოდა, დღეს ნარჩენები სულ უფრო მეტად განიხილება რესურსად. ეს აისახება ნარჩენების მართვის მეთოდების ევოლუციაზე. კერძოდ, ხდება განთავსების მეთოდიდან რეციკლირებისა და აღდგენის მეთოდებზე გადასვლა. განვითარებულ ქვეყნებში დღეისათვის ფართოდ არის დანერგილი ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპი, სადაც პრიორიტეტი ნარჩენების თავიდან აცილებასა და მეორად გადამუშავებას – რეციკლირებას – ენიჭება
ეკოლოგია, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც უმნიშვნელოვანესი საკითხია. საქართველო პატარა ქვეყანაა და იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით, როგორიც ნარჩენების მართვაა, კარგი იქნება თუ გადმოიღებს ისეთი პატარა განვითარებული ევროპული ქვეყნების მაგალითს როგორიცაა ფინეთი, დანია და ა.შ. უპირველეს ყოვლისა საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა ამ კუთხით, მათი ჩართვა სხვადასხვა ღონისძიებებში, ტრენინგების ჩატარება მოსწავლეებსა და სტუდენტებთან. მთავრობა და მერია დგამს გარკვეულ ნაბიჯებს სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისა და სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად. ნარჩენების მართვის საკითხში აქტიურად არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგრამ დიდი საქმეები იწყება პატარა ნაბიჯებით და ვფიქრობ ნარჩენების მართვის კულტურა ბავშვობის ასაკიდან უნდა ჩამოყალიბდეს, ამაზე უნდა ზრუნავდეს მშობელი, ბაღისა და სკოლის აღმზრდელები.
ამ სტატიით მსურს გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება და შემოგთავაზოთ ნარჩენების მართვის საინტერესო მიგნებები და სტრატეგიები სკოლაში, რომელიც განხორციელდა სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში AIA-GESS, ამავე სკოლის ბიოლოგიის კლუბის „აიას ბიოლოგების“ წევრების მიერ ჩემი ხელმძღვანელობით.
გამოკვეთეთ პრობლემა !
სკოლის ფარგლებში დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა საკლასო ოთახის ნარჩენებით დანაგვიანების პრობლემა (ნარჩენებიდან განსაკუთრებით ბევრი იყო ქაღალდი, ბოთლები, დისკები, საქაღალდეები) თითქმის ყველა კლასში, სავარაუდოდ მოსწავლეთა უმეტესობას ჰქონდა ბუნდოვანი წარმოდგენა ნარჩენების შემცირებასა და მათ გონივრულად გამოყენებაზე.
თქვენ ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ მოსწავლეებს აღმოაჩინონ ნარჩენებით დაბინძურების პრობლემა საკუთარი საცხოვრებელი სახლის გარშემო, უბანში, დასახლებში, რაიონში, გადაუღონ სურათი ყველაზე დაბინძურებულ ადგილებს.
დასახეთ მიზანი !
გადავწყვიტეთ გაგვეხორციელებინა ისეთი პროექტი, რომელიც გამოიწვევდა მოსწავლეებსა და ზოგადად საზოგადოებაში ეკოცნობიერების დონის ამაღლებას და ბუნებისადმი მზრუნველი, გონივრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ამავდოულად გაზრდიდა ინტერესს საბუნებისმტყველო საგნებისადმი.
პროექტის მიზანი იყო :
- საზოგადოების ინფორმირება და გარემოსადცვითი განათლება, ეკოცნობიერების დონის ამაღლება.
- ნარჩენების გონივრული მართვა და გამოყენება
- არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განვითარება.
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის გაღვივება.
შეიტყვეთ მეტი ნარჩენების შესახებ ! მოიძიეთ ინფორმაცია, დაუკავშირდით კომპეტენტურ პირებს შესაბამისი ორგანიზაციებიდან !
კლუბის ფარგლებში ჩვენ მუდმივად ვეცნობით ნარჩენებისა და მათი მართვის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციებს. განსაკუთრებით კი ჩვენი ქვეყნის ბედი გვადარდებს და გვაინტერესებს, როგორ ხდება საქართველოში ნარჩენების მართვა, ამიტომ მოვიწვიეთ სტუმარი – საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორის მრჩეველი – ქალბატონი ხათუნა ჩიკვილაძე. ქალბატონმა ხათუნამ განიხილა ისეთი თემები, როგორიცაა : მდგრადი განვითარების მიზნები, ნარჩენები და მათი სახეები, ნარჩენების მართვის პოლიტიკა, კანონმდებლობა, სტრატეგია საქართველოში და მართვის ეროვნული გეგმა, გაგვაცნო თანამედროვე მიდგომები და გაგვიზიარა განვითარებული უცხო ქვეყნების გამოცდილებები, ვისაუბრეთ მუნიციპალური ნარჩენების მართვასა და ნაგავსაყრელებზე, არსებულ მდგომარეობაზე და იმაზე თუ რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა ნარჩენების შესამცირებლად. კლუბის წევრებმა გააცნეს კლუბის მიერ შემუშავებული ნარჩენების შემცირების სტრატეგია და ისაუბრეს კლუბის აქტივობებზე. მათ ასევე ამომწურავი პასუხები მიიღეს დასმულ შეკითხვებზე. მიღებული ცოდნის საფუძველზე დაიგეგმა საინტერესო აქტივობები.
ნარჩენების დაგროვებით გამოწვეული პრობლემების სათავე დაბალი ეკოცნობიერებაა! გაარკვიეთ თქვენი თანატოლებისა თუ ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულება და ცოდნა საკითხის მიმართ, ჩაატარეთ კვლევა !
კლუბის წევრებმა შეიმუშავეს კითხვარი,ჩაატარეს გამოკვლევა როგორც ელექტრონულ ფორმატში, ასევე პირისპირ, დაამუშავეს მიღებული შედეგები, გაანალიზეს და გამოკვეთეს ბუნდოვანი და პრობლემური საკითხები.
გაუზიარე ცოდნა და გამოცდილება სხვებს ! განახორციელეთ სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები !
მიღებული ცოდნის საფუძველზე, კვლევის შედეგების გათვალისწინებით კლუბის წევრებმა სკოლაში ჩაატარეს სემინარი დაინტერესებული პირებისთვის. სემინარის თემა იყო : „ნარჩენები და მათგან გამოწვეული საფრთხეები“. სემინარის შემდეგ წარიმართა დისკუსია, მსმენელებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ისაუბრეს პრობლემის გადაჭრის გზებზე.
გარდა ამისა კლუბის წევრებმა შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები და დაარიგეს მოსახლეობაში და სკოლაში.
დაუმეგობრდით ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანიებს !
კლუბის წევრებმა მოიძიეს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ნარჩენების გადამუშავებაში, გადაწყვიტეს მათთან თანამშრომლობა. ეს ორგანიზაციებია Tene, Polyvim LLC და „პარკი არ მინდა“, ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია, ვეისთლესი.
სკოლაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გროვდებოდა პოლიეთილენის ბოთლები, რომელიც შემდეგ ნაგავსაყრელზე ხვდებოდა. სასწრაფოდ საჭირო იყო მათი შეგროვება და ხელახალი გადამუშავება, მოსწავლეებში ნარჩენების სწორად მართვის კულტურის ჩამოყალიბება და ამავდროულად მათი ამ ქმედების წახალისება. ამიტომ კლუბის წევრებმა გამოაცხადეს კონკურსი : „შეაგროვე და მართე გონივრულად“ , კლასებს უნდა შეეგროვებინათ რაც შეიძლება მეტი ბოთლის თავსახური და ბოთლი, ვინც მეტ თვსახურსა და ბოთლს შეაგროვებდა ორი კვირის განმავლობაში გამარჯვებულიც ის იქნებოდა, ხოლო ჯილდოს თავად ტენეს დამფუძნებელი დააწესებდა. კონკურსის შედეგად შეგროვდა 8000 ბოთლის თავსახური და ბოთლი. დედამიწის დღეზე ტენეს დამფუძნებელმა ბატონმა სანდრომ თავად გამოავლინა გამარჯვებული და ჯილდოდ ტენეს ქარხანაში სტუმრად დაპატიჟა, ასევე თითოეულ კლასს გადაეცა ტენეს მიერ დამზადებული მობილურის დამტენი კაბელები.
პოლივიმის წარმომადგენლებმა საჩუქრად გადმოგვცეს მწვანე ურნები, სადაც დღემდე ვაგროვებთ ბოთლებს და ვაგზავნით პოლივიმში გადასამუშავებლად. ერთ კვირაში ერთ მწვანე ურნაში 280 ბოთლი შეგროვდა, ასეთი 6 ურნა გვაქვს სკოლაში, რამდენი ბოთლი აღმოჩნდებოდა ნაგავსაყრელზე რომ არა ჩვენი გონივრული ქმედება !
კლუბის წევრები პოლივიმსაც ესტუმრნენე და საკუთარი თვალით ნახეს თუ როგორ ხდებოდა პოლიეთილენის ბოთლების გადამუშავება.
ასევე მოვიწვიეთ „პარკი არ მინდა“- ს წარმომადგენლები, ნარჩენების მართვის საკუთარი სტრატეგიები გავაცანით ერთმანეთს, პარკისგან ჩვენს მიერ დამზადებული ჩანთებიც ვაჩვენეთ და ნარჩენებისაგან დამზადებული სხვა რესურსებიც.
ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია – ვესტუმრეთ კომპანიაში და ამჯერად ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ საბურავების, მანქანის ზეთებისა და ტანსაცმლის გადამუშავების შესახებ. მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაეკეებინათ ბანერი, სადაც ასახული იქნებოდა საბურავების გადამუშავების პროეცესი და შედეგი. დღეს ამ ორგანიზაციამ თითქმის ყველა რეგიონი და თბილისის სკოლების უმრავლესობა მოიცვა და ზრუნავს ცნობიერების ამაღლებაზე.
ვეისთლესი არი დიდი კომპანია, აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, ზრუნავს საზოგადოებაში ნარჩენების მართვის მიმართულებით სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე. ძირითადი ორიენტირი ელექტრონული ნარჩენებია. მათ საჩუქრად გადმოგვცეს ელემენტების შესაგროვებელი ყუთი, რომელმაც მალევე დაიწყო შევსება. სასიხარულოა, რომ მათი ყუთები განთავსებულია სხვადასხვა ლოკაციაზე დიდ სუპერმაკეტებში.
მას შემდეგ ჩვენს სკოლაში დამკვიდრდა ნარჩენების შეგროვების კულტურა, მოსწავლეებმა უკვე იციან რომ, ნარჩენი არაა ნაგავი და ის შეიძლება გადამუშავდეს!
აქციე ნარჩენი სასარგებლო სასწავლო რესურსად !
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას ვაწყდებით პრობლემას – მოსწავლეთა გულგრილ დამოკიდებულებას ამ საგნებისადმი, იშვიათადაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მოზარდის გულთან ახლოს, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ზოგიერთი საკითხის შესწავლისას.განსაკუთრებით უჭირთ საკითხის გააზრება თუ ხელთ არ გვაქვს სასწავლო რესურსები.
ნარჩენების შემცირებისა და გონივრული გამოყენების, ასევე სწავლა-სწავლების ხელშეწყობის მიზნით გადავწყიტეთ ნარჩენებიდან სასწავლო რესურსების შექმნა და საგაკვეთილო პროცესში მათი გამოყენება.საფუძველი ჩაუყარეთ კიდევ ერთ პროექტს „ნარჩემებიდან სასწავლო რესურსებამდე“.
მოხდა სწავლის პროცესში გამოსაყენებელ რესურსებზე იდეების გენერირება (შეიძლება მოიფიქრონ თავად საჭიროებებიდან გამომდინარე, ან დაიხმარონ ინტერნეტი), შეადგინეს დასამზადებელი რესურსების ნუსხა. მოაგროვეს საჭირო ნარჩენები და მასალები, კლუბის წევრებმა გადაინაწილეს საქმიანობა და შეუდგნენ რესურსების დამზადებას. ასე შეიქმნა მიკროსკოპის, პირის ღრუს, თირკმელების, უჯრედების, ფილტვების, ქრომოსომების, ადამიანის ანატომიური მოდელები, ასევე მათემატიკური მოდელები პატარებისთვის და სხვა.
კლუბის წევრებმა ჩაწერეს ვიდეო – „გზამკვლევები“, სადაც დეტალურადაა აღწერილი რესურსის დამზადების ინსტრუქცია, თუ რა დანიშნულება აქვს მოდელს, რისთვის და როგორ გამოიყენება სასწავლო პროცესში, მოიფიქრეს სახალისო აქტივობები რესურსების გამოყენებით. ვიდეოები კლუბის youtube არხზე (https://www.youtube.com/@aiasbiologebi5332) ატვირთეს.
ერთ დროს მოსაწყენ და რთულ საკითხებს ახლა უკეთესად იაზრებენ და გაკვეთილიც უფრო სახალისო და ნაყოფიერია. კლუბის წევრებმა სკოლის ღია სივრცეში მოაწყვეს რესურსების გამოფენა – დემონსტრირება. რესურსების გამოყენებით განახორციელეს სხვადასხვა ტიპის შემეცნებით-გასართობი აქტივობები, ვორქშოპები, როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. მათ გაუჩნდათ სურვილი, რომ თავადაც შეექმნათ ნარჩენებიდან სასარგებლო და საჭირო რესურსები, გადაწყვიტეს ნარჩენების შეგროვება და რეციკლირება. დაინტერესდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, გაუჩნდათ მათი შესწავლის სურვილი. შედეგად, აუმაღლდებათ ეკოცნობიერების დონე, ისინი გახდებიან კარგი მაგალითი სხვებისთვის, თავად მოიფიქრებენ სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებს და განახორციელებენ.
რესურსებით დაინტერესდნენ სხვადსხვა საგნის პედაგოგებიც. ისინი შეძლებენ ამ რესურსების გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში, რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და სწავლის სურვილს.
პროექტი არის გრძელვადიანი, რადგან პროექტის მიზანია რაც შეიძლება მრავალფეროვანი რესურსების დამზადება და არ შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული რესურსის შექმნით.
ჩაატარეთ კვლევა ექსპერიმენტი !
კლუბის წევრებმა პროექტის ფარგლებში გამოიკვლიეს თუ რა ზეგალენას ახდენს მცენარეზე ნარჩენების წვის შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვი და რა როლს ასრულებს მცენარე კლიმატის ცვლილების პროცესში, პროექტი გახდა გამარჯვებული „science on stage“- ის ფარგლებში.კლუბის ხელმძღვანელმა პროექტი წარადგინა ფინეთში საერთაშორისო ფესტივალზე.
გამოიწვიე ნარჩენების მართვაში სხვებიც ! ერთად მეტს შევძლებთ !
კლუბმა “AIA-ს ბიოლოგები” წამოიწყო კამპანია – გამოწვევა -“შეამცირე და მართე გონივრულად”, რომლის ფარგლებში გამოვიწვიეთ სხვადასხვა სკოლები. პროექტში ჩაერთნენ თბილისის, მცხეთის, ბათუმის, ხარაგაულის, ქუთაისის, ლაგოდეხის სკოლის სხვადასხვა კლასისა და საგნის პედაგოგები მოსწავლეებით. კამპანია წელსაც გავაგრძელეთ და კვლავ გამოვიწვიეთ არამარტო საქართველოს სკოლები, არამედ რეგიონებიც. ითვინინგის პლატფორმაზე იგივე პროექტის შევიამხანაგეთ და დავაინტერესეთ თურქეთი, ალბანეთი, ესპანეთის წარმომადგენლები. გავეცანით სხვადასხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში ნარჩენების მართვის სტრატეგიებს თუ პრობლემებს.
მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილებები, ნარჩენების მართვის თავისებური ხედვა, ნარჩენებიდან სასწავლო რესურსების შექმნის ტექნიკა და გამოყენება. ვნახეთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი ბევრი საინტერესო რესურსი.
მადლობის ნიშნად კი თითოეულ მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სერტიფიკატი. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა პადლეტის დაფაზე დააფიქსირეს შთაბეჭდილებები.
მოაწყე დასუფთავების აქცია !
თქვენ შეგიძლიათ ერთი კონკრეტული ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავება. ტერიტორია შეგიძლიათ თავად აირჩიოთ ან არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც გთავაზობენ დასუფთავების აქციებს და შეგიძლიათ ჩაერთოთ.
შექმენით გამაფრთხილებელი ნიშნების და ნარჩენებით დაბინძურებულ თვალსაჩინო ადგილებში განათავსეთ, მოსახლეობაში წინასწარ დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეთ.
ჩვენ დავასუფთავეთ ჩვენი სკოლის მიმდებარე ტარიტორია. ასევე მონაწილეობა მივიღეთ დიღმის ჭალების დასუფთავებაში.
შეაგროვე მაკულატურა და გადაცვალე წიგნებში !
შეგიძლიათ შეაგროვეთ მაკულატურა სკოლაში ან სხვადასხვა ორგანიზაციებიდან.
კლუბის წევრების განცხადების საფუძველზე სკოლის მოსწავლეებმა მოიტანეს მაკულატურა სახლიდან. წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე პალიტრა L -ის მიერ ორგანიზბული იყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეგროვებული ქაღალდის ნარჩენები გადავცვალეთ წიგნებში და გადავეცით სკოლის ბიბლიოთეკას.
მოაწყეთ ფოტოების ან ნახატების გამოფენა თემაზე „ნარჩენები – საფრთხე თუ სასარგებლო რესურსი“ (სათაური შგიძლიათ სეცვალოთ და თავად მოიფიქროთ)
დედამიწის დღეს მოვაწყეთ საინტერესო გამოფენა : „ჩემი თვალით დანახული მომავლის დედამიწა – ნარჩენებით თუ მის გარეშე“. მოსწავლეებმა საკუთარი ნახატებით, მაკეტებით თუ ფოტოებით გამოხატეს თავისი დამოკიდებულება ნარჩენებით გარემოს დაბინძურების მიმართ და მოუწოდეს მათი შემცირებისა და ხელმეორედ გამოყენებისადმი.
შეაგროვეთ ტანსაცმელის ნარჩენი !
დღეს-დღეობით ტანსაცმლის ნარჩენი დიდ საფრთხეს უქმნის ბუნებას. ხშირად ადამიანები იმაზე მეტ ტანსაცმელს ყიდულობენ ვიდრე საჭიროა, ძველი კი ნაგავსაყრელზე დიდხანს არ იხრწნება და აბინძურებს ნიადაგს.
გაეცით და აჩუქეთ დაპატარავებული და ძველი ტანსაცმლი ვისაც სჭირდება.
ჩვენ სკოლაში შევაგროვეთ ტანსაცმელი და გადავეცით ეკლესიას, საიდანაც ის დაურიგდათ გაჭირვებულებს. ამის გარდა სკოლაში მოვაწყეთ მასტერკლასი ქსოვილებიდან ლაქების ამოყვანის შესახებ, ქიმიის კლუბთან თანამშრომლობით, ამ ცოდნის გამოყენებით შესაძლებელია რაც შეიძლება დიდხანს ვატაროთ საყვარელი ტანსაცმელი და ამავდროულად ხელი შეუწყოთ ტანსაცმლის ნარჩენების შემცირებას.
მოაწყვეთ ესეების კონკურსი !
მოსწავლეებს შესთავაზეთ ნარჩენებთან დაკავშირებით ესეების ან მოთხრობის, ან ლექსის თუ წერილის დაწერა. მიეცით დრო და შემდეგ გამოავლინეთ საუკეთესო რამდენიმე ნამუშევარი, კარგი იქნება თუ სიმბოლური საჩუქრებითაც წაახალისებთ მონაწილეებს და გამარჯვებულებს. საუკეთესო ნაწარმოები სკოლის გაზეთში ან ჟურნალში გამოაქვეყნეთ.
გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები და AI
თანამედროვე პლატფორმების გამოყენებით შექმენით სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი თამაშები, კროსვორდები. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ სურათი, ან ვიდეო ან სულაც სიმღერა ნარჩენების თემაზე.
დაწერეთ სცენარი და განახორციელეთ თეატრალური დადგმა
დაწერეთ პატარა სცენარი, სადაც გამოკვეთილი იქნება ნარჩენების მართვის პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები.
ჩაწერე და გაავრცელე ვიდეო მიმართვა. კარგი იქნება თუ ჩაწერ მოკლე 2 წუთიან ვიდეომიმართვას, სადაც მკაფიოდ გააჟღერებ თითოეული მოქალაქის მოვალეობას და პასუხისმგებლობას ნარჩენების შემცირებაში, მოუწოდებ გარემოს დაცვისკენ.
მოაწყე ვიქტორინა
მას შემდეგ რაც მოსწავლეები დააგროვებენ გარკვეულ ცოდნას ნარჩენების, მათი შეგროვების, გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების შესახებ, შეგიძლიათ სკოლაში მოაწყოთ შემეცნებითი ხასიათის ვიქტორინა. კლუბის წევრებმა გამართეს ვიქტორინა, მონაწილე 8-9 კლასებიდან გამარჯვება მერვე კლასელებმა მოიპოვეს.
ორგანიზება გაუწიეთ ნარჩენებისაგან შექმნილი ნივთების გამოფენა გაყიდვას!
წამოიწყე მეწარმეობა!
ჩვენს სკოლაში ყოველწლიურად ეწყობა გამოფენა -გაყიდვა. მოსწავლეებმა წამოიწყეს მეწარმეობა : შექმნეს პარკების ჩანთები, ცდილობენ გაყიდონ და თანხა ქველმოქმედებას მოახმარონ.
აღნიშნეთ ნარჩენების გადამუშავების დღე, 18 მარტი.
შეაჯამეთ წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, რა ცოდნა და უნარები შეიძინეთ, რა იყო თქვენი ძლიერი და სუსტი მხარე, რა შედეგზე გახვედით და რის გაუმჯობესებას გეგმავთ, დაისახეთ ახალი მიზნები და იფიქრეთ ახალ ღონისძიებებზე.
სტატიაში აღნიშნული პროექტი წარდგენილი იყო ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკადემიკოს გ.ცინცაძის 90-ე იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციაზე „ქიმია-მიღწევები და პერსპექტივები“ და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მსგავსი პროექტებით მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდას, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას, აქტიურ კომუნიკაციას, გარემოს აღქმას, ქცევებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, საგანმანათლებლო კომპეტენციების ამაღლებას და სასწავლო ამოცანების ეფექტურ გადაჭრას, თანამედროვე მიდგომებით შეიარაღებული მოსწავლის აღზრდას, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის და, საზოგადოდ, კაცობრიობის მომავალზეც.
მოხარული ვიქნებით თუ ჩვენი რჩევები და გამოცდილება თქვენთვის სასრგებლო აღმოჩნდება და თქვენც აგიყოლიებთ იმ დიდი საქმეში რასაც ნარჩენების შემცირება და მათი გონივრული გამოყენება ჰქვია. ერთად ვიზრუნოთ გარემოზე !
გამოყენებული ლიტერატურა
http://forestry.ge/public/uploads/other/2021-02-11/68614.pdf – განათლება მდგრადი განვითარებისთვის
პ. როჯერი. ხვალამდე გაქრება (ნაგვის ისტორია) თბილისი, 2015.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების და დახარისხების ისტორია | ეკოფაქტი (ekofact.com)
(5)ნარჩენების-მართვა.pdf
ნარჩენები-წიგნი.pdf