ბოლო ხანს საქართველოში საგრძნობლად გახშირდა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. ენდკრინოლოგებთან დაუსრულებელი რიგია, გამოკვლევაზე, კონსულტაციაზე. იშვიათია, მაგრამ შესაძლებელი, ადამიანი ფარისებრი ჯირკვლის გარეშე დაიბადოს. ასეთ დროს დაბადებიდან ჰორმონულ პრეპარატზე გადაჰყავთ. ჩვენთვის „მშობლიურ“ თემას შევეხე და მოსწავლეების ინტერესიც კონკრეტული ქეისით უფრო ადვილად გამოვიწვიე. მათთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი საკითხის რეალური მაგალითების ანალიზის გზით მიწოდება. ასე უფრო ადვილად ითვისებენ ცნებებს, გამოაქვთ დასკვნები. უფრო მნიშვნელოვანი კი ქეისის გმირის ადგილზე საკუთარი თავის, ან ახლობლის, ოჯახის წევრის წარმოდგენაა. ეს ამბავი ახალგაზრდა გოგოზეა, რომელიც კოლეჯში სწავლობს. ენერგიული და აქტიური გრეტა მოკლე ხანში პასიურ ადამიანად გადაიქცა. „დამნაშავის“ ძიებისას ჩემი მოსწავლეები ადვილად ხვდებიან ენდოკრინული სისტემის მუშაობის პრინციპს და იაზრებენ ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმების მნიშვნელობას.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ისაუბრონ თავიანთ ქრონიკულ დაავადებაზე, რომ მოეხსნათ შფოთვა. ქრონიკულ დაავადებასთან ერთად ცხოვრება არც ისე ადვილია, მაგრამ თუ სწორი ინფორმაცია გვექნება – შესაძლებელი.
!!! გრეივსის დაავადება იგივე ბაზედოვის დაავადებაა. საბჭოთა ლიტერატურაში მას ბაზედოვის დაავადებად მოიხსენიებენ, ევროპისა და ამერიკის ჯანდაცვის სისტემა კი გრეივსის დაავადებას უწოდებს.
ქეისი: გრეივსის დაავადება და ენდოკრინული სისტემა
შესავალი: ჯანმრთელობის უეცარი გაუარესება
გრეტა 20 წლისაა, კოლეჯის სტუდენტია. ყოველთვის ენერგიული და აქტიური იყო. რამდენიმე თვის წინ კი შემაშფოთებელი სიმპტომები შეამჩნია: სწრაფი დაღლა, წონის მოულოდნელი კლება კარგი მადის მიუხედავად, პულსის გახშირება. თმაც საშინლად სცვიოდა.
გრეტას უჩვეულო შფოთვა დაეწყო, უმნიშვნელო დავალების შესრულების დროსაც კი ხელები უკანკალებდა. ღამით კუნთების კრუნჩხვა აღვიძებდა. უმეტესად ძალიან სცხელოდა და კანიც უხურდა.
მერე კისრის დასაწყისში შეშუპება შეამჩნია, მისი ოჯახის წევრების ყურადღება კი ამობურცულმა თვალებმა მიიქცია. უმცროსი ძმა დასცინოდა კიდეც, „თვალებგადმოკარკლულ გრეტას“ ეძახდა. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. გრეტამ გადაწყვიტა, ექიმისთვის მიემართა.
ვიზიტი ექიმთან და დიაგნოზი
გრეტამ ექიმს დაწვრილებით აუწერა სიმპტომები. ექიმის ყურადღება მიიქცია შესივებულმა ყელმა და არაბუნებრივად გამობერილმა თვალებმა (ეგზოფთალმოსი).
გასინჯვისას ფარისებრი ჯირკვალი გადიდებული აღმოჩნდა. ამ სიმპტომს ჩიყვი ჰქვია. გრეტას გულიც ართანაბრად სცემდა.
ექიმმა ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება ივარაუდა და რამდენიმე ტესტის ჩატარება მოითხოვა.
სისხლის ანალიზები: სისხლში T3, T4 და თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) განსაზღვრა
TSH ჰიპოფიზის ჰორმონია, რომელიც ააქტიურებს ფარისებრ ჯირკვალს.
გრეტას სისხლში T3 (ტრიიოდთირონინი) და T4 (თავისუფალი თიროქსინი) ნორმის ფარგლებში აღმოჩნდა, თუმცა TSH-ის დონე ძალიან დაბალი იყო.
რადიოაქტიური იოდის შეწოვის ტესტი საზღვრავს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას. ადამიანი მცირე კონცენტრაციით იღებს რადიოაქტიურ იოდს, სკანირებით ადგენენ, ამ იოდის რა რაოდენობა შეიწოვა ფარისებრმა ჯირკვალმა.
იოდის ტესტმა აჩვენა, რომ გრეტას ფარისებრი ჯირკვალი ზომაზე მეტ იოდს შთანთქავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ზედმეტად აქტიურია.
ანალიზების პასუხების საფუძველზე ექიმმა დასვა დიაგნოზი: გრეივსის დაავადება. ეს ავტოიმუნური დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ჰიპერთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტიურობა.
- დაასახელე ზოგადი სიმპტომები.
- რა არის ეგზოფთალმოსი?
- რა არის ჩიყვი?
- რა გამოავლინა გრეტას სისხლის ანალიზებმა?
- რა გამოვლინდა იოდის ტესტით?
- რა დიაგნოზი დაუსვეს გრეტას?
ენდოკრინული სისტემა და გრეივსის დაავადება
ენდოკრინული სისტემა ჯირკვლების ქსელია. ჯირკვლები გამოიმუშავებენ ჰორმონებს, რის შედეგადაც ორგანიზმი ინარჩუნებს ჰომეოსტაზს. ამ ქსელში მთავარი „მოთამაშეები“ ჰიპოფიზი და ფარისებრი ჯირკვალი არიან. ისინი თითქმის ერთად მოქმედებენ, არეგულირებენ მეტაბოლიზმსა და სხვა სასიცოცხლო ფუნქციებს.
ჰიპოფიზს ხშირად უწოდებენ „დირიჟორს“ ან „მმართველს“. ის მუხუდოს მარცვლის ზომისაა, ტვინში მდებარეობს და ასინთეზებს მრავალ ჰორმონს, მათ შორის – თირეოიდმასტიმულირებელ ჰორმონს (TSH), რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას არეგულირებს. ნორმალურ მდგომარეობაში ჰიპოფიზი გამოათავისუფლებს TSH-ს, როცა ფარისებრი ჯირკვლის აქტივობა დაბალია, რაც იძლევა სიგნალს, რომ ფარისებრმა ჯირკვალმა გააძლიეროს T3-ისა და T4-ის გამომუშავება.
გრეივის დაავადების დროს ფარისებრი ჯირკვალი ზედმეტად აქტიურია, თუმცა ამის მიზეზი ჰიპოფიზი არ არის. იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს – თირეოიდმასტიმულირებელ იმუნოგლობულინებს. ეს ანტისხეულები ჰგვანან TSH-ს და თრგუნავენ ჰიპოფიზის მარეგულირებელ გავლენას. შესაბამისად, ფარისებრი ჯირკვალი იწყებს T4 და T3 ჰორმონების გაძლიერებულ გამოყოფას. ჰორმონები არეგულირებენ მეტაბოლიზმს, ენერგიის დონეს და გულის მუშაობის სიხშირეს.
საბოლოოდ ჰიპოფიზიდან ნაკლები TSH გამოთავისუფლდება. მაგრამ TSI აგრძელებს ფარისებრი ჯირკვლის სტიმულაციას. საბოლოოდ დგება ჰიპერთირეოიდული მდგომარეობა.
ეს დისრეგულაცია იწვევს გრეივსის დაავადების სიმპტომებს, წონის კლებას და თვალების არაბუნებრივ ამობურცულობას.
- რა ფუნქციას ასრულებს ენდოკრინული სისტემა?
- რომელი ჰორმონები გამოიყოფა ჰიპოფიზიდან?
- რა აიძულებს ფარისებრ ჯირკვალს, გამოყოს დამატებითი რაოდენობის T3 და T4 გრეივსის დაავადების დროს?
- რა პროცესებს არეგულირებს T3 და T4?
- რატომ მცირდება ჰიპოფიზიდან TSH-ის გამოყოფა?
- რატომ მიიჩნევენ გრეივსის დაავადებას ავტოიმუნურად?
მკურნალობა
გრეტას მკურნალობის გეგმა ფოკუსირებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ნორმაში დაბრუნებაზე, ამის კვალობაზე – სიმპტომების შესუსტებასა და საბოლოო გაქრობაზე.
მკურნალობა მოიცავს:
- ანტითირეოიდული მედიკამენტები – ბლოკავს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის მოხმარებას;
- ბეტა – ბლოკატორები – ბლოკავს ჰორმონების ეფექტს; ხელს უწყობს არეული გულის რიტმის, კანკალისა და შფოთვის რეგულაციას;
- რადიოაქტიური იოდთერაპია – ამ დროს იოდი კლავს ჯირკვლის ზედმეტად აქტიურ უჯრედებს, რაც იწვევს თირეოიდული ჰორმონების დონის შემცირებას, საბოლოოდ კი ჯირკვლის ზომა მცირდება.
რამდენიმე თვეში გრეტას სიმპტომები შესუსტდა, ჩიყვი დაპატარავდა, პულსი დასტაბილურდა და ენერგია აღდგა. სამწუხაროდ, რადიოთერაპიამ გამოიწვია ფარისებრი ჯირკვლის დაპატარავება და ფუნქციის შესუსტება, ამიტომ გრეტას სიცოცხლის ბოლომდე ჰორმონების მიღება მოუწევს.
გრეტა შეეჩვია ახალ რუტინას. მისი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა. ექიმთან რეგულარულად დადიოდა. სამაგისტრო ნაშრომის წერაც გააგრძელა.
- რა არის ბეტა-ბლოკატორი?
- რა არის იოდის მოხმარების გვერდითი ეფექტი?
- შეაფასე ჰიპოფიზისა და ფარისებრი ჯირკვლის ურთიერთკავშირის მნიშვნელობა T3 და T4 ჰორმონების რეგულაციაში.
2024 წლის აგვისტოში მსახიობმა დეისი რიდლიმ (ცნობილია „ვარსკვლავურ ომებში“ რეის როლით) გაამხილა, რომ გრეივსის დაავადება ჰქონდა. სიმპტომები მაშინ გამოაჩნდა, როცა ფილმ „Magpie-ს“ გადაღებებში მონაწილეობა დაასრულა. თავდაპირველად რიდლიმ სიმპტომები რთული როლით გამოწვეულ სტრესს მიაწერა, მაგრამ საბოლოოდ ედოკრინოლოგს მიმართა და გრეივსის დაავადება დაუდგინდა.
ამ დაავადების დროს ადამიანი ფიზიკურად გადაღლილია, ხოლო მენტალურად აგზნებული და მოუსვენარი.
რიდლი შეუერთდა საზოგადოების ცნობილ წევრებს, ვენდი უილიამსსა და მის ელიოტს, რომლებიც ღიად საუბრობდნენ ამ დაავადებით ცხოვრებაზე, რითაც ამაღლებდნენ მის ცნობადობას და ერთგვარ მხარდაჭერას უცხადებდნენ გრეივსის დაავადების დიაგნოზის მქონე ადამიანებს.
საპრეზენტაციო მასალა,შემაჯამებელი დავალების ნიმუში.
შეუსაბამე ქვემოთ მოცემული სიტყვები ფოტოზე მოცემულ ინფორმაციას:
კუნთების კრუნჩხვა თმის ცვენა გულის კანკალი
გახურებული კანი გადიდებული ჯირკვალი დაღლა წონის კლება
წყარო: https://www.biologycorner.com/2025/01/26/case-study-a-grave-problem-with-the-endocrine-system/