(„პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ…“ და ონორე დე ბალზაკის „წითელი სასტუმრო“)
ყველამ ვიცით არისტოტელური ამბავი „პლატონისა და ჭეშმარიტებისა“; ჭეშმარიტებას კი კაცობირობის მარადიული პრობლემა შეიძლება ეწოდოს. მასზე საუბრისას, პარალელურად, უნდა გვახსოვდეს მცდარობის გაგებაც; ისინი, ორივე, ახასითებს აზრსა თუ ცოდნას. მაგალითად, პლატონი და ავგუსტინე ჭეშმარიტებად მიიჩნევდნენ ერთხელ და სამუდამოდ მოცემულ არსს, ანუ მარადიულს, როგორც ყველა იდეალური ობიექტის მახასიათებელს. ხოლო არისტოტელე კი ფიქრობდა, რომ ჭეშმარიტება აზრის შესაბამისობაა საგანთან, მოვლენასთან.
ჭეშარიტებას აქვსო საფეხურები: ფაქტობრივი და ლოგიკური ჭეშმარიტება; ასევე უნდა ჰქონდეს საზომიც და კრიტერიუმებიცო, მსჯელობენ…
პლატონის მიერაა მითიური გმირის, აკადემოსის, ბაღში დაარსებული ფილოსოფიური სკოლა, რომელსაც „აკადემია“ ეწოდა. როგორც გადმოსცემენ, ამ შენობის შესასვლელში იყო წარწერა: „ვინც მათემატიკა არ იცის, ჩემს ლექციებს ნუ დაესწრება, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფილოსოფიური სიბრძნის დაუფლებისთვის მათემეტიკის ცოდნა აპრიორი იყო.
384 წელს ქალაქ სტაგირაში, მეფის კარის ექიმ ნიკომაქეს ოჯახში დაბადებული არისტოტელე 17 წლის ასაკში პლატონის აკადემიის მსმენელი გახდა და 20 წლის განმავლობაში, პლატონის გარდაცვალებამდე (ძვ.წ. 347 წ.), იყო ამ აკადემიაში, როგორც გენიოსის გენიოსი მოწაფე, თავისი მასწავლებლის ბოლომდე თაყვანისმცემელი. ამიტომ ალბათ გასაკვირია, აღნიშნულის შემდეგ, არისტოტელეს ცნობილი სიტყვები პლატონის მიმართ („თუმცა ჩემთვის ძვირფასია პლატონიც და ჭეშმარიტებაც, მაგრამ წმინდა მოვალეობა მკარნახობს, უპირატესობა ჭეშმარიტებას მივანიჭო“).უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ცალმხრივი შთაბეჭდილებაა! ჭეშმარიტება ხომ ყველასა და ყველაფერზე მაღლაა ყოფიერებაში და თუ შენ ეს გწამს, შენი მოცემული უკომპრომისობა მაღალ სამართალს შეგაგრძნობინებს თუ შეგამეცნებინებს. თუმცა აქ ყველას მერაბ მამარაშვილი გაგვახსენდება, რომელსაც ვერ დავეთანხმები და ვერანაირად ჩავთვლი, რომ ქართველთა უნიკალური ქარისტიანული აღქმა სამყაროსი, ღვთისა და სამშობლოს ერთ სიბრტყეზე მოაზრებით, შოვინიზმს, ფაშიზმს ან რასიზმს ნიშნავს; ამ უკანასკნელთაგან თავისუფლება გენში გვაქვს, როგორც ჰუმანიზმი და ეს „კოდი“ არ იცვლება…არისტოტელეს გამონათქვამს რაც შეხება, მან საუკუნეებს გაუძლო, როგორც მაგალითმა ადამიანური მიუკერძოებლობისა, ობიექტურობისა და უმაღლესი ღირებულებებისადმი ღრმა პატივისცემისა.
იმაზე საუბარი, რაში, რომელ ძირითად პრინციპებში, არ ეთანხმებოდა არისტოტელე პლატონს, თავის უძვირფასეს მასწავლებელს, რომლის ფილოსოფიურ იდეებზეც აღიზარდა, შორს წაგვიყვანდა. უბრალოდ, შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ, რომ ეს იყო პლატონის ცნობილი თეორია იდეებზე: რომ არსებობს ორი სინამდვილე, საგნებზე იდეებისა და ამ იდეების ანარეკლი, მიმსგავსებული საგნებისა. არისტოტელემ აღმოაჩინა, რომ ყველა საგანს როდი აქვს იდეა (მაგალითად, ფრჩხილს, ჭუჭყს). არისტოტელეს მიერ პლატონის იდეათა თეორიის წინაღმდეგ მოხმობილი არგუმენტებიდან, ზოგი მართებულია, ზოგიც – მცდარი. თუმცა ამით არც პლატონის სიდიდეს აკლდება რამე, არც არისტოტელესი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელად ითვლება, დიდი წვლილის შემტანად მის განათლებაში. ალექსნადრე მაკედონელიც თვლიდა, რომ ორი ადამიანისგან იყო დავალებული ცხოვრებაში: მამამისის, მაკედონიის მეფე ფილიპესა და გენიალური მასწავლებლის, არისტოტელესგან.
მოდი, ახლა უკვე ლიტერატურის მაგალითზე განვიხილოთ, რა ხდება, როცა არისტოტელეს ცნობილი გამონათქვამი პლატონზე არ სრულდება ვინმეს, თუნდაც ონორე დე ბალზაკის ცნობილი მოთხრობის, „წითელი სასტუმროს“, პერსონაჟის, მიერ.
იწყება თხრობა და ვეხვევით დიდი ფრანგი მწერლის არისტოკრატული იუმორის ხიბლში, რომელიც შლეიფივით შემოხვევია მთელ სიუჟეტს. პარიზელი ბანკირის ნიუნბერგელი სტუმარი, უმწიკვლო და კეთილშობილი ბევრი გერმანელივით, „რომლის მშვიდობისმოყვარე ზნე-ჩნეულებები შვიდმა ლაშქორობამაც კი ვერ შეცვალა“, ასევე გერმანელებისთვის ტიპური სახელით ჰერმანი, წვეულებაზე ჰყვება უცნაურ და შემაძრწუნებელ ამბავს.
შეიძლება ითქვას, რომ მოთხრობა სინდისის ქენჯნაზეა, განსხვავებული ზნეობრივი მრწამსის სხვადასხვა პერსონაჟის მიერ; იმ დემონურ სევდაზეც დაკარგული სიკეთის შესახებ, რომელზეც ასე გულშიჩამწვდომად გვამცნობს ნეოპლატონიზმი, არეოპაგეტიკა: „ადამიანს ყოველთვის არ ძალუძს ბოროტების ჩადენა. თვით მეკობრეთა ბრბოშიც კი გამეფდება ხოლმე ისეთი მყუდრო წუთი, როცა მათი პირქუში ხომალდი საქანელასავით განანავებს“(4).
დიდებულია ბალზაკის ირონიული სარკაზმი ადამიანური არსებობის სრული, ნათელი და ბნელი, რონატიკული და პრაგმატულ-ნატურალისტური პლანების ხედვით რომაა გამოწვეული – „გემრიელი სადილის მონელებისას სევდიანი არც არავინ გვინახავს. ადამიანი ამ დროს გაირინდება ხოლმე – ეს ერთგვარი შუალედია მოაზროვნის ოცნებასა და მცოხნავი ცხოველის კმაყოფილებას შორის – კარგი იქნებოდა, ამგვარი განწყობილებისთვის მატერიალური, გასტრონომიული მელანქოლია გვეწოდებინა“(6); აქაც და კიდევ სხვა მომენტშიც გაგვახსენდება ჰერმან ჰესეს კაცი-მგლობის ცხოვრებისეული კონცეფცია. ასეა –ადამიანმა არ იცის, ვინაა, რომელი გაიღვიძებს მასში კაცი თუ მგელი; თუნდაც ექსტრემი რომელს გამოავლენს მავანში: გმირსა თუ ავაზაკს, იმ მძაფრი ალღოთი და მტკიცე ნებისყოფით, რომლებსაც გეგმისა თუ მისი განხორცილებისას ავლენენ პატიმრები და ბოროტმოქმედები.
ჰერმანი მონათხრობში ორი მეგობარია, უმცროსი სამხედრო ექიმები, მე-18 საუკუნეში, ალბათ ორივეშია „ინიდაიანური“ ბუნება, რომელსაც ერთი ამარცხებს, მეორე ვერა და მკვლელად იქცევა, – სიმდიდრის გამო თავს ჭრის ადამიანს. ეს შინაგანი მეტამორფოზები ონორე დე ბალზაკს შესაშური „სიმარტივითა“ და ძალდაუტანებელი ოსტატობით აქვს აღწერილი, მოკლედ, ნარატივი მდინარესავით მოედინება; ეს „დინება“ ხან მშვიდია, დაწმენდილი, ხანაც მღვრიე და ავისმომასწავებელ-მქმნელი.
ერთ-ერთ მეგობარ ექიმში, როგორც ვთქვით, საბედისწერო გუმანს, ლტოლვას დანაშაულისკენ, პატიოსნება ჯაბნის: „აღზრდით მიღებულმა ჩვევებმა, რელიგიურმა რჩევა-დარიგებებმა, განსაკუთრებით კი…მამისეული სახლის ჭერქვეშ გატარებული უმწიკვლო ცხოვრების მოგონებებმა დაამარცხეს ბოროტი ზრახვანი“(30). მეორე მეგობარს სძლევს ეშმაკი, თუმცა იგივე ეშმაკი მას უვნებელს ტოვებს, ხოლო ის, ვინც დანაშაული არ ჩაიდინა, მკვლელობის ბრალდებით გასამართლდება ისე, რომ მეგობარში ეჭვიც არ ეპარება („თანაც მეგობრის საკუთარ თავზე მეტად მწამდა და ბრალს ხომ ვერ დავდებდი“); მას სიკვდილი ურჩევნია იმის აღიარებას, რომ მათი ძმობა, რომელიც ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო, საეჭვოა…ანუ იგი, ვისაც მოღალატე მეგობრის ნაცვლად სიკვდილით სჯიან, ვერ ხედავს ჭეშმარიტებას, რომელიც მეგობრობაზე მაღლა მდგომია. თუმცა მოგვიანებით ღმერთი, ურომლისოდაც სისულელე იქნებოდა ყველაფერი, „ალაგებს“ სიცოცხლესა თუ მეგობრობაზე ძლიერი გრძნობებით არეულ-სიტუაციას, რომელიც მკითხველს, კითხვის გარკვეულ მომენტამდე, კამიუსი არ იყოს, აბსურდულ/ალოგიკური ჰგონია და აი, რატომ: მეგობრის, ფრედერიკის მაგივრად, სიკვდილით დასჯილი პროსპერ მანიანის უკანასკნელი მზერა დედისკენაა, თომცა ეს მზერა დანაბარებით ვერ მიდის ადრესატამდე, რადგან დედა გარდაცვლილია უკვე: „…მე უდიდესი მწუხარებით მოცულ დრამად მივიჩნევ იმ სამარდისო საიდუმლოებას, რომლის წიაღშიც ჩაიმარხა ერთი სამარიდან მეორეში გადაგზავნილი გამომშვიდობება და რაც ვერასოდეს სულიერ ქმნილებათა სმენას ვერ მისწვდება ისევე, როგორც უდაბნოში გზააბნეული მგზავრის ყვირილი, რომელსაც უცბად ლომი დასეხა თავს“(46).
ყველას ცხოვრებაშია იდუმალების, ამოუხსნელი საიდუმლოს განცდა; ასევე განსაცვიფრებელი სიღრმის მორალური მოვლენები, როგორც ბალზაკი უწოდებს, რომლებიც უბრალოებისა და შეუმჩნევლობის ბურუსით იბურება.
ჰერმანს უსმენს ტაიფერი, მკვლელი მეგობარი, მოპარული ქონებით გამდირებული, უკვე ასაკოვანი, რომელიც სულ საკუთარი ასულის, ცხოვრებაგამოუცდელი და უმანკო ვიქტორინის, გარემოცვაშია, არ შორდება; აი, როგორ ლაკონურად და ოსტატურობით ხსნის ამ ფსიქოლოგიზმს ბალზაკი: ალბათ მასაც, როგორც ყველა ბოროტმოქმედს, სურდა სულის სიმშვიდე უმანკო ქმნილების გვერდით ეპოვა“(49).
როგორია დიდი ფრანგი მწერლის ცხოვრებისეული მძიმე „ფილოსოფია“? აი, თუნდაც ეს, მოკლედ: „მაშ, ასე, მშვიდობა არამზადებს, ომი – უბედურთ და გავაღმერთოთ ოქრო…“; „სათნოების ჯილდოს გაიძვერებს მისცემენ“ – ცხოვრება სასტიკიცაა და დამცინავიც: მთხრობელს მკვლელის, ჟან ფრედერიკ ტაიფერის, ასული შეუყვარდება, რაც ხელს უშლის, ცხადია, დამნაშავის მხილებაში…
მოდი, ფინალს ნუ გავუმხელთ მათ, ვისაც ეს მოთხრობა წაკითხული არ აქვს. ჩვენ კლასიკაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები ბერძნულ ტრაგედიებს ჰგავს. იცი, რომ ბევრი რამ მწერლის ფატაზიის ნაყოფია, მაგრამ ისე გადაეშვები ამ დიდოსტატური კალმით „მობერილ“ გრძნობათა ქარიშხალსა თუ მორევში, რომ თავად აღმოჩნდები, თითქოს, „ბერძნული თეატრის სცენაზე“, ტრაგედიასა თუ კომედიაში და საკუთარ თავსაც აკვირდები პერსონაჟებთან ერთად, მათ გარემოცვაში. ამას ჰქვია დიდი შემოქმედება!
ბალზაკი – რეალისტიც და რომანტიკოსიც, ოღონდ ორივე ზომიერად, ორივე გონივრული ბალანსით; ამიტომ როცა მთავარი გმირი უარს ამბობს კეთილშობილ ტყუილსა თუ სამწუხარო ექსპერიმენტზე, თანაც მწერლის დასკვნა არ გვაქვს, – პრობლემატიკაც (პლატონ/არისტოტელური) მკითხველთა გულსა და გონებაში გადმოინაცვლებს…
ცხოვრების დიდი, ბანალურ-მისტიკური „შარადა“ თუ „ცდა ბედის მონახევრეა“ გ რ ძ ე ლ დ ე ბ ა!…
ციტატები წიგნიდან – ონორე დე ბალზაკი „წითელი სატუმრო“, გამომცემლობა პალიტრა, 2021