სახლში მეცადინეობის პროცესში ბავშვის მხარდაჭერა მშობელთა ჩართულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეა. განათლების ქართული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით მოსწავლეთა აკადემიურ წინსვლაში ოჯახის წევრების მონაწილეობას სწავლის დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.
სახლში მეცადინეობა სასიამოვნო საქმიანობად რომ იქცეს, მშობლებმა ამ საკითხზე ზრუნვა პირველი კლასიდან უნდა დავიწყოთ. ხელის შემშლელი ფაქტორები შეძლებისდაგვარად შევამციროთ, მხარდაჭერისთვის მოვემზადოთ და ახალ-ახალი სამოტივაციო იდეების მოსაფიქრებლადაც განვეწყოთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ 12-წლიანი სწავლის პროცესი გამოწვევების გარეშე თითქმის არასოდეს მიმდინარეობს.
შესაფერისი ფიზიკური გარემო პირობები, მშობლების ემოციური სიმწიფე და მასწავლებელთან სწორი კომუნიკაცია მეცადინეობის პროცესში შვილის მხარდაჭერის საკვანძო პირობებია.
ფიზიკური გარემო
დავიწყოთ ფიზიკური სივრცის მოწყობით – მეცადინეობის დროს გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. შეძლებისდაგვარად ვიზრუნოთ, რომ ბავშვს მოვუწყოთ ოთახი ან სამეცადინო კუთხე, სადაც არ იქნება ხმაური, სათამაშოები, ეკრანი ან ყურადღების გამფანტავი სხვა ნივთები. როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია, მნიშვნელოვანია, მეცადინეობისთვის თითოეულს თავისი მუდმივი კუთხე ჰქონდეს, სადაც თავს მშვიდად იგრძნობს და სასწავლო მასალაზე ყურადღების მოკრებას შეძლებს. დიდ ოჯახებში, სადაც ბავშვს განმარტოების შესაძლებლობა არ აქვს, სასურველია, ყველა წევრი ზრუნავდეს მოსწავლეზე, მათ შორის, სიჩუმის დაცვით და მყუდრო გარემოს შექმნით. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს ხელი შეეშლება სწავლაში და მხოლოდ განსაკუთრებით ნიჭიერები თუ შეძლებენ წარმატებით გაართვან თავი დავალებებს. გარდა ამისა, ბავშვები გრძნობენ ზრდასრულთა დამოკიდებულებას განათლების მიმართ. თუ ოჯახის უფროსი წევრები პატივს სცემენ დასწავლის პროცესს და დღის წესრიგს ბავშვის სასარგებლოდ გეგმავენ, პატარაც სერიოზულად უდგება საშინაო დავალების მომზადებას.
ფსიქოლოგიური გარემო
მშობლის ემოციური წონასწორობა
მეცადინეობის პროცესში სიმკაცრის გამოჩენა საქართველოში გავრცელებული მიდგომაა. ბავშვთა ფსიქოლოგების დასკვნით, სწავლის პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად სახალისო და არა დამთრგუნველი. სპეციალისტების განმარტებით, როცა ბავშვი ნერვიულობს, მისი მთელი რესურსი და ენერგია, სტრესთან გამკლავებაში იხარჯება, ხოლო სწავლის შესაძლებლობა იკლებს. იმისთვის, რომ მშობლებმა სიმშვიდის შენარჩუნება შევძლოთ, მნიშვნელოვანია
- ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ქცევაზე;
- დავფიქრდეთ, სანამ ვიმოქმედებთ;
- რეალობად მივიღოთ ჩვენი შვილის შესაძლებლობები;
- გავაკეთოთ წინა დღეების თვითრეფლექსია. ვიფიქროთ, რის გაკეთება შეგვეძლო უკეთ და რამ შეგვიშალა ხელი.
დამოუკიდებლად მეცადინეობაში ხელშეწყობა
შევეცადოთ, ბავშვს მეცადინეობისთვის ისეთი პირობები შევუქმნათ, რომ მან იგრძნოს დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა. გაიაზროს, რომ ეს მისი საქმეა, რომელსაც დრო და ენერგია უნდა დაუთმოს. ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თავად აკონტროლებს სწავლის პროცესს, მშობელი კი მხარდამჭერი და დამხმარეა, ისიც საჭიროების შემთხვევაში. ფსიქოლოგების დასკვნით, მშობლის დახმარება გულისხმობს რთული დავალების მარტივ კომპონენტებად დანაწილებაში მონაწილეობას, იმ კონკრეტული ნაწილის ახსნას, რომელიც ბავშვმა ვერ გაიგო, მარტივი ან სახალისო მეთოდის მისთვის ჩვენებასა და შეთავაზებას, ემოციურ მხარდაჭერასა და თანადგომას.
მეცადინეობის პროცესში ყურადღებით დავაკვირდეთ:
- როგორი ტიპის ბავშვია ჩვენი შვილი?
- რას ითხოვს ჩვენგან?
- სჭირდება თუ არა ემოციური მხარდაჭერა?
- სჭირდება თუ არა გვერდით დაჯდომა?
- სჭირდება თუ არა გამხნევება?
ამ შეკითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად გავნსაზღვოთ ჩვენი თანამონაწილეობა. ბავშვის ნაცვლად საშინაო დავალებების მომზადება მისი დახმარება არ არის. საშინაო დავალება სკოლაში ნასწავლის განსამტკიცებლად ბავშვს ეძლევა და არა მშობელს. შესაბამისად, ბავშვმა ისე უნდა შეასრულოს დავალება, როგორც გამოუვა. ცალკეული გამონაკლისების გარდა, მშობლებმა ბავშვის დავალება ჩვენი ხელით არ უნდა შევასრულოთ. გამონაკლისი შეიძლება იყოს, მაგალითად, თუ ეს სამუშაო მშობლების და ბავშვების ერთობლივი პროექტის ნაწილი იყო. რაც მეტ სირთულეს გაუმკლავდება ბავშვი საკუთარი ძალისხმევით და ჩვენი დახმარებით, მით უფრო გაიზრდება სწავლის მოტივაცია.
მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა
საშინაო დავალების სირთულის ან სიმრავლის გამო, ხშირად მშობლები დასახმარებლად კერძო რეპეტიტორებს მივმართავთ, ხოლო პედაგოგს არ ვუზიარებთ, რომ ბავშვს უჭირს დავალების შესრულება. არადა, პირველ რიგში მასწავლებელს უნდა გავესაუბროთ. პედაგოგმა აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ ასრულებენ ბავშვები მის მიერ მიცემულ დავალებას სახლში. ეს უკუკავშირი მას პროფესიულ ზრდასა და სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწაში დაეხმარება. ასეთ დროს, სწორად უნდა შევარჩიოთ კომუნიკაციის ფორმა. შეკითხვების დასმა და საქმიანი, ბავშვზე ორიენტირებული დიალოგი, სკოლასა და მშობლებს შორის ყოველდღიური კომუნიკაციის ნაწილი უნდა იყოს. როდესაც ბავშვს უჭირს საშინაო დავალების შესრულება, პედაგოგმა და მშობელმა ერთობლივად უნდა მოვძებნოთ გამოსავალი, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც სწავლების მეთოდოლოგიის ცვლილებაში, ასევე, ჩვენს მიდგომებსა და სამეცადინო საათის ორგანიზებაში.
ცხადია, ამ ყველაფერს დრო და მოთმინება სჭირდება, რაც მშობლებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, შესაძლოა, ბავშვს წარმატების მიღწევა გაუჭირდეს, განსაკუთრებით დაწყებითი სკოლის ასაკში, სანამ მეცადინეობის ქცევა ჩვევაში გაუჯდება.
წერილის ავტორი,
მეგი კავთუაშვილი
წერილში გამოყენებულია ფსიქოდიაგნოსტისა და ფსიქოკონსულტანტის, ზანდა ჩეჩელაშვილის დისტანციური კურსის „ბავშვები და სწავლის მოტივაცია“ მასალები. კურსი შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ მიერ. https://mshobeltaskola.ge/course/course/5-2/