შაბათი, ოქტომბერი 4, 2025
4 ოქტომბერი, შაბათი, 2025

მასწ? შეიძლება, გაკვეთილი მერე ჩაგაბაროთ? – საჯარო გამოსვლის შიში

გლოსოფობია, საჯარო გამოსვლის შიში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა როგორც მოზარდებში, ისე ზრდასრულ ადამიანებშიც. კვლევების თანახმად, ადამიანების დაახლოებით 75% დისკომფორტს განიცდის საჯარო გამოსვლისას. მოსწავლეებისთვის ეს შეიძლება განსაკუთრებით პრობლემური იყოს, რადგან სასკოლო გარემო ხშირად მოითხოვს კლასის წინაშე პრეზენტაციის ჩატარებას, მოხსენების წაკითხვას თუ დისკუსიაში მონაწილეობას.

ალბათ, თქვენც გქონიათ შემთხვევა, როცა მოსწავლეს, შიშის, უხერხულობისა თუ თავდაჯერების ნაკლებობის გამო, უარი უთქვამს კლასის წინაშე გამოსვლაზე და უთხოვია, თავისი ნაწერი, ნაფიქრი, საკითხთან დაკავშირებული არგუმენტები თუ სხვა გაკვეთილის შემდეგ პირადად გაგიზიაროთ. გამოგონილ მიზეზსაც დაასახელებენ: „მასწ, არ დააინტერესებთ ამათ“, „არ მინდა კლასის წინაშე ამაზე საუბარი“, „ცუდად ვარ“ ან რამე ამგვარს. ამ მიზეზებზე ქვემოთ უფრო ვრცლად შევჩერდებით.

სინამდვილეში რატომ ეშინიათ მოსწავლეებს საჯარო გამოსვლის?

სანამ იმაზე ვისაუბრებდეთ, როგორ დავძლიოთ პრობლემა, მნიშვნელოვანია, მისი მიზეზი გავარკვიოთ. ეს შეიძლება იყოს:

  • შეფასების შიში – გამოსვლამ არ გამოიწვიოს თანაკლასელებისა და მასწავლებლების კრიტიკა ან უარყოფითი შეფასება.
  • წარუმატებლობის შიში – რამე რომ დამავიწყდეს? რამე რომ შემეშალოს?
  • ყურადღების ცენტრში ყოფნის დისკომფორტი – რა საშინელებაა, ყველა მე მიყურებს.
  • გამოცდილების ნაკლებობა – სახლში ყველაფერი კარგად გამომდის, კლასის წინაშე, „დაფასთან“, ვერაფერს ვახერხებ, არ არის ეს ჩემი საქმე.
  • პერფექციონიზმი – რა სამარცხვინო იქნება, თუ ყველაფერი კარგად არ გამომივიდა (ყველაფრის იდეალურად გაკეთების სურვილი თავისთავად ზრდის სტრესს).

კიდევ რა მიზეზებს იგონებენ გამოსვლისთვის თავიასარიდებლად? ასეთი რამ თქვენც უამრავჯერ გექნებათ მოსმენილი:

  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზები:
    • „მასწ, დღეს თავი მტკივა, ცუდად ვარ“.
    • „ყელი მტკივა და ხმამაღლა ვერ ვილაპარაკებ“.
    • „გუშინ ავად ვიყავი და ვერ მოვემზადე“.
  • ტექნიკური პრობლემები:
    • „კომპიუტერი გაფუჭდა და პრეზენტაცია დაიკარგა“.
    • „დავალება სახლში დამრჩა“.
  • მოულოდნელი გარემოებები:
    • „დედაჩემმა/მამაჩემმა წაშალა შემთხვევით“.
    • „ჩემმა უმცროსმა დამ/ძმამ გამიფუჭა “.
    • „ვეღარ მოვასწარი დასრულება“.
  • შთაბეჭდილების შექმნა:
    • „ხვალ უკეთესად ჩაგაბარებთ, დღეს არ მკითხოთ“.
    • „ჯერ არ ვარ კმაყოფილი ჩემი ნამუშევრით“.
  • ოჯახური სიტუაციები:
    • „გუშინ სტუმრები გვყავდა“.
    • „სახლში პრობლემები გვქონდა“.
    • „ღამით ბებოსთან დავრჩი “.
  • პირდაპირი თხოვნ:
    • „შეიძლება, მარტო თქვენ მოგიყვეთ გაკვეთილის შემდეგ?“
    • „შეიძლება, მხოლოდ თქვენ გაჩვენოთ?“
    • „შეიძლება, დავწერო და არ გამოვიდე?“

კიდევ უამრავი მიზეზის გახსენება შეიძლება – ბავშვების ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს…

თავდაჯერების ნაკლებობა ხშირად ქცევით ვლინდება და არა აღიარებით:  შეიძლება, მოზარდმა საკუთარი ნაშრომი დააკნინოს („კარგი არ გამომივიდა“; „ამაში ახალი და საინტერესო არაფერია“; ბოდიში, მასწ, ისეთი არ არის, როგორსაც ალბათ ელოდით“). შეიძლება, თვალით არ გვეკონტაქტოს, სწრაფად ან ჩურჩულით ილაპარაკოს, ითხოვოს, ჯერ სხვა გამოიძახონ ან მასწავლებელს სთხოვოს მაგალითის ჩვენება.

შეიძლება, პირდაპირ გამოხატოს საწინააღმდეგო დამოკიდებულება („რა აზრი აქვს საერთოდ ამ პრეზენტაციებს?“ „ვერ ვხვდები, ეს რატომ უნდა გავაკეთო“, „ეს საგანი მაინც არ მაინტერესებს“) ან სულაც აგრესიული ან უინტერესო პოზა მიიღოს პრეზენტაციის დროს.

ზოგჯერ ბავშვი ძალიან კარგად არის მომზადებული, მაგრამ თავდაჯერება მაინც აკლია („ყველაფერი ზეპირად ვიცი, მაგრამ ვაითუ დამავიწყდეს“; „ჩემი პრეზენტაცია ძალიან გრძელია, ალბათ ვერ ჩავეტევი დროში“.) პრობლემას ხშირად ისიც ქმნის, რომ მოსწავლეს პრეზენტაციის ტექსტი სიტყვასიტყვით აქვს დაზეპირებული და ერთხელ მაინც თუ შეფერხდა, საშინლად განიცდის და იბნევა, ზოგჯერ კი, პირიქით, ზედმეტად არის დამოკიდებული ფურცელზე.

ხშირად მოსწავლეები ყურადღების გადატანასაც ცდილობენ:

  • „შეიძლება, ჯგუფურად წარვადგინოთ?“ (პასუხისმგებლობის განაწილება)
  • „შეიძლება, ვიდეო გავაკეთო პრეზენტაციის ნაცვლად?“ (პირდაპირი კონფრონტაციის თავიდან აცილება)
  • „შეიძლება, პრეზენტაციის დროს მუსიკა ჩავრთო?“ (ყურადღების აუდიოეფექტებზე გადატანა)
  • პრეზენტაცია ზედმეტად გადატვირთულია საილუსტრაციო მასალით (ყურადღების ვიზუალურ მხარეზე გადატანა).

მოკლედ, მიზეზი და არგუმენტი ყოველთვის მოიძებნება.

პრობლემის დაძლევაზე პასუხისმგებლობა ჩვენზეა, მასწავლებლებზე. ჩვენ დროულად უნდა ამოვიცნოთ ფარული ნიშნები, გავაცნობიეროთ, რომ ეს ხშირად თავდაჯერების ნაკლებობის გამოხატულებაა და არა უბრალოდ სიზარმაცე ან უპასუხისმგებლობა და დავეხმაროთ მოსწავლეს.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს საჯარო გამოსვლის შიშის დაძლევაში?

პირველესად ალბათ იმით, რომ კლასში დადებითი, მხარდამჭერი ატმოსფერო შევქმნათ, მივაჩვიოთ მოსწავლეები, რომ მოუსმინონ ერთმანეთს და პატივი სცენ ერთმანეთის აზრს. ისიც ვასწავლოთ, რომ შეცდომა წარმატების წინაპირობაა, სწავლის პროცესის ნაწილია და არა მარცხი. ასევე მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად მივაჩვიოთ მოსწავლეები დიდ აუდიტორიას, მცირეთი დავიწყოთ და ნელ-ნელა გავზარდოთ მსმენელთა რაოდენობა.

მოვამზადოთ მოსწავლეები წარმატებისთვის: მივცეთ ადეკვატური დრო დავალების შესასრულებლად (კარგად მომზადებული გამოსვლა ნაკლებ შფოთვას იწვევს), ვასწავლოთ ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკები (როგორ მოამზადონ სტრუქტურა, როგორ მოიძიონ და დაალაგონ ინფორმაცია, როგორ გამოიყენონ ვიზუალური დამხმარე საშუალებები – სლაიდები, პოსტერები და სხვა თვალსაჩინოებები, რომლებიც მათ საკუთარი თავიდან ყურადღების გადატანაში დაეხმარება).

ხშირად გამოვიყენოთ მსგავსი აქტივობები, ვამუშაოთ მოსწავლეები ჯგუფებში, შევთავაზოთ როლური თამაშები, დებატები, იმპროვიზაციული სავარჯიშოები, ვთხოვოთ, ჩაიწერონ საკუთარი გამოსვლა და თავად შეაფასონ და დაინახონ პროგრესი, ხშირად ვთხოვოთ მოკლე ტექსტით გამოსვლა, რათა ამ ყველაფერს რეგულარული ხასიათი მიეცეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, მივცეთ კონსტრუქციული უკუკავშირი კონკრეტული მაგალითებით.

აუცილებლად გავუზიაროთ სხვათა წარმატების ისტორიები: მოვუყვეთ ამბებს მათზე, ვინც დაძლია საჯარო გამოსვლის შიში და წარმატებას მიაღწია. ესენი შეიძლება იყვნენ როგორც ცნობილი ადამიანები (მსახიობები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები), ისე თქვენი ყოფილი მოსწავლეებიც.

როდის არის საჭირო პროფესიონალური დახმარება?

რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება სპეციალისტის დახმარებაც დაგვჭირდეს, მაგრამ უმეტესად მასწავლებლის კომპეტენცია შესაძლებელს ხდის ამ გამოწვევის დაძლევას.

ერთ ცნობილ ფილმში სენატორი პატარა ბიჭს ასეთ ხერხს ასწავლის: ხელში დაიჭიროს რაიმე ნივთი, მაგალითად, კალამი ან სარჭი, და მთელი დაძაბულობა ამ ნივთზე გადაიტანოს, თვითონ კი თავისუფლად ისაუბროს. ფილმში ეს ხერხი ამართლებს და ბოლოს ბიჭი სამაგალითო სიტყვასაც იტყვის. ეს ხერხი თავადაც მომისინჯავს და, თქვენ წარმოიდგინეთ, შედეგიც მიმიღია.

ეს კინოა, თუმცა ცხოვრებიდანაც უამრავი მაგალითის გახსენება შეგვიძლია, როდესაც ადამიანებმა საკუთარ თავზე მუშაობით თუ სხვების: მასწავლებლების, მენტორების, ოჯახის წევრების, – დახმარებით დაძლიეს ეს პრობლემა. განსაკუთრებით ცნობილ მაგალითებს შეგახსენებთ: უინსტონ ჩერჩილს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ენა ებმოდა და თავდაჯერება აკლდა, მაგრამ ბევრი იმუშავა, ხშირად იწერდა თავის გამოსვლებს, სარკის წინ ვარჯიშობდა ბევრს და შედეგმაც არ დააყოვნა – ჩერჩილი გახდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ორატორი. ემა უოტსონი – მსახიობი და აქტივისტი; ჯულია რობერტსი – მსახიობი, ადელი – მომღერალი, დემოსთენე – ძველი ბერძენი ორატორი, რომელმაც ისე მოინდომა და იმდენი იშრომა, საკუთარი გამოსვლებით თვით ფილიპე მაკედონელის დამარცხება შეძლო… კიდევ უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. ეს მაგალითები შეიძლება შთაგონების წყაროდაც ექცეთ ჩვენს მოსწავლეებს.

 

საჯარო გამოსვლის უნარი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპეტენცია, რომელიც მოსწავლეებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში დასჭირდებათ. ჩვენი ვალია, მათ ამ შიშის დაძლევაში დავეხმაროთ, თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებითა და მხარდაჭერით ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს, გახდნენ თავდაჯერებული საჯარო გამომსვლელები. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ეს არის უნარი, რომელიც ვითარდება პრაქტიკითა და გამოცდილებით და სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში ყველა მოსწავლეს შეუძლია ამ უნარის განვითარება.

საჯარო გამოსვლის შიში არ არის თანდაყოლილი – ის შეძენილია. შესაბამისად, შესაძლებელია მისი დაძლევაც.

ალბათ, ყველას გვახსოვს პირველი შიშის დაძლევის საკუთარი ისტორია. შეგრძნება, როცა პირველად დავსხედით ველოსიპედზე ან დამოუკიდებლად გავცურეთ, ანანან… ალბათ, ცოტა შეგვეშინდა კიდეც, მაგრამ თანდათან ვისწავლეთ და ბოლოს ეს ჩვენს საყვარელ გასართობად იქცა! საჯარო გამოსვლასთან მიმართებითაც ზუსტად ასეა – ეს არის უნარი, რომელიც ყველას შეუძლია შეიძინოს.

ჩვენი მოსწავლეები სავსე არიან პოტენციალით და უნიკალური იდეებით. მათი ხმა მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ, მრავალ მათგანს აქვს საინტერესო აზრები და შეხედულებები, რომლებიც სამყაროს უნდა გაუზიარონ. როცა მათ საჯარო გამოსვლის შიშის დაძლევაში ვეხმარებით, ამით უვითარებთ არა მხოლოდ ტექნიკურ უნარს, არამედ საკუთარი თავის რწმენასაც, რომ მათი აზრები ღირებულია, მათი ხმა მნიშვნელოვანია.

შესაძლოა, ეს პროცესი მოითხოვდეს მოთმინებას – როგორც მოსწავლისგან, ისე ჩვენგანაც. იქნება წარმატებებიც და დაბრკოლებებიც, მაგრამ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია.

ერთი რამ კი ალბათ ყველას უნდა გვახსოვდეს: ოდესღაც ჩვენც ვიყავით იმ მოსწავლის ადგილას – ვღელავდით და ვიძაბებოდით პირველი გამოსვლის წინ. ცოტა ემპათია, გულწრფელი მხარდაჭერა და სწორი სტრატეგიები ბევრ რამეს ცვლის. არ არსებობს „დაბადებით ორატორი“ – არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ისწავლეს, ივარჯიშეს და დაძლიეს შიში.

როდესაც მოსწავლე პირველად გამოდის კლასის წინაშე და თავდაჯერებულად, წარმატებით ატარებს პრეზენტაციას – ეს ის მომენტი, რომელიც გვახსენებს, რისთვის ღირს ამ ყველაფრის კეთება: უნარები, რომლებსაც ისინი დღეს ივითარებენ, ჩვენს მოსწავლეებს მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

სულის უსასრულო ხეტიალი

ზაფხულის დრო

ბოლო სიახლეები

სულის უსასრულო ხეტიალი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“