ეროვნული სასწავლო გეგმა, საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა კონკრეტული ამოცანის გადაჭრასთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლეებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორებიცაა: ანალიზი, დასკვნის გამოტანა, დისკუსია, არგუმენტირებული მსჯელობა. ზემოხსენებული უნარები მაღალი სააზროვნო უნარებია, მათი განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. მოსწავლე უნდა გასცდეს მასალის მხოლოდ დაზეპირება-დამახსოვრებას. აზროვნების განვითარება შესაძლებელია და დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარმართავს მასწავლებელი სასწავლო პროცესს. მან მოსწავლეებს უნდა უბიძგოს, იფიქრონ, არა მხოლოდ – რა მოხდა, არამედ – რატომ მოხდა. მოსწავლის კრიტიკული აზროვნების აქტივაციისათვის მასწავლებელი გაკვეთილზე მთელ რიგ მიზანმიმართულ აქტივობას უნდა ახორციელებდეს, რომლის დროსაც მოსწავლეები შეძლებენ დისკუსიას, მსჯელობას, საკუთარი აზრის დასაბუთებასა და მყარი არგუმენტების მოტანას. ისიც უნდა ითქვას, რომ მრავალფეროვან სააზროვნო მოქმედებებში მოსწავლეთა ჩართვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ სასწავლო მასალაც იძლევა ამის საშუალებას. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლეებში არგუმენტირებული მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება. ეს უნარი მოსწავლეებში განსხვავებული ხარისხით არის განვითარებული და ასაკის მატებასთან ერთად იხვეწება, თუმცა, ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა მოსწავლეებს საკუთარი აზრის წარმოდგენა და დასაბუთება უჭირთ.
სხვადასხვა წელს ჩატარებული ავტორიტეტული და საერთაშორისო მასშტაბის კვლევებზე დაყრდნობით, როგორიცაა PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) PISA (Programme for International Student Assessment) (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2020), განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ მოზარდებში ზოგადად წიგნიერების დონე გაუარესებულია, საქართველო ამ კვლევების შედეგებში ფაქტობრივად ბოლო ადგილებს იკავებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ტექსტის გააზრება, არგუმენტირებული მსჯელობა და კრიტიკული აზროვნება უჭირთ (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2019).
PIRLS-ის კვლევაში საქართველო 2006 წლიდან მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში მოსწავლეთა საშუალო მიღწევის დონე გაუმჯობესებულია – ის მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს. მოსწავლეთა 14% მიღწევის საერთაშორისო სკალის დაბალი საფეხურის ქვემოთ აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი დაბალი საფეხურისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულებასაც ვერ ახერხებს. საქართველოსთვის გამოწვევას წარმოადგენს მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება, როგორც მხატვრულ, ისე საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობის თვალსაზრისით. განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ტექსტის გააზრება-ინტერპრეტაციაზე, კრიტიკულად შეფასების და ცოდნის ინტეგრირების უნარებზე (ხეჩუაშვილი, ბრეგვაძე, & რატიანი, 2019, გვ. 186).
ნამდვილი სააზროვნო პროცესი იწყება პრობლემის წამოჭრიდან. ბავშვი განსაკუთრებულად ცნობისმოყვარე არსებაა, სწორედ მისი ცნობისმოყვარეობა წარმოშობს კითხვებს როგორ? რატომ? თანამედროვე მოსწავლე არის არამხოლოდ ცოდნის პასიური მიმღები, არამედ სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილე. მათთვის მხოლოდ მზა ცოდნის მიწოდებით ცნობისმოყვარეობის მოთხოვნილებას ვასუსტებთ, მოსწავლე კარგავს აქტიური აღმომჩენის როლს, რაც, თავისთავად, უკარგავს სწავლებას ხარისხს. ჯონ დიუის თქმით, ბავშვი მხოლოდ მაშინ იწყებს ფიქრს, თუ მას რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება უწევს. მასწავლებელი ღია უნდა იყოს ცვლილებებისთვის. თუ პედაგოგს თავად არ აქვს განვითარებული კრიტიკული აზროვნება და თავად არ არის ჩართული თვითანალიზის პროცესში, იგი ვერ შეძლებს მოსწავლეებში ამ უნარის განვითარებას. მასწავლებელმა უნდა წაახალისოს მოსწავლეთა დამოუკიდებლობა. დაეხმაროს მათ შეცდომის დაშვების შიშის გადალახვაში, საკუთარი მოსაზრების გამოხატვაში, ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის ამაღლებას. კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის მთავარია, მასწავლებელმა ორიენტაცია აიღოს ხარისხზე და არა- დროზე. მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად პედაგოგმა მათ სხვათა მოსმენის უნარი, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და დაცვის უნარი უნდა გამოუმუშავოს.
აზროვნების აქტივაციას ხელს სხვადასხვა მეთოდით უწყობენ. ერთ-ერთია სოკრატული მეთოდი. ამ დროს მასწავლებელი სვამს მხოლოდ პრობლემურ და არა ინფორმაციულ შეკითხვებს. მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს. მასწავლებელი კრიტიკულად განიხილავს მოსწავლის არგუმენტებს, ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის დისკუსიაში ჩაბმას. მოსწავლეებს სთხოვს, გააკეთონ დასკვნები საკუთარ არგუმენტებზე დაყრდნობით (ცენტრი, 2007, გვ. 5-8).
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიაა. ამ ტიპის სწავლებისას მოსწავლეები რეალური ცხოვრებისეული პრობლემების კვლევის გზით მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენენ. აღნიშნულ მიდგომას სამი ძირითადი ასპექტი ახასიათებს:
- სწავლა ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ საკითხებს;
- მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებში;
- მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის პროცესი მოსწავლეს აქტიური შემმეცნებლის როლში აყენებს. ის არის პრობლემის გადამჭრელი, ეძებს გამოსავალს და მოგვარების საუკეთესო გზას. ამგვარი მიდგომა კი ზრდის მოტივაციასა და ინტერესს. პრობლემის გადაჭრა რთული მოქმედებაა, რომელიც მაღალ სააზროვნო უნარებს მოითხოვს. პრობლემის გადაჭრის ყველაზე გავრცელებული სტრატეგიაა კრიტიკული აზროვნებითი მიდგომები (ჯანაშია, 2008, გვ. 5-7).
იყო დახელოვნებული კრიტიკულ აზროვნებაში, ნიშნავს, შეგეძლოს აზრების სისტემურად დაშლა, მათი ყველა ნაწილის ანალიზი, ხარისხის შეფასება და შემდეგ გაუმჯობესება. ამ პროცესის პირველი ნაბიჯი მსჯელობის ელემენტების გაგებაა. ეს ელემენტებია: მიზეზი, კითხვა, ინფორმაცია, დასკვნა, ვარაუდი, შეხედულება, კონცეფცია და მნიშვნელობა.
მსჯელობის ორი ძირითადი ელემენტია დასკვნა და ვარაუდი. დასკვნის და ვარაუდის ერთმანეთისგან გარჩევა აზროვნების მნიშვნელოვანი უნარია.
დასკვნა სააზროვნო აქტია, რომლის თანახმადაც ადამიანი აჯამებს, რომ გარკვეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სხვა ინფორმაცია სწორია ან ასეთად ჩანს. დასკვნები შეიძლება იყოს ზუსტი ან არაზუსტი, ლოგიკური ან არალოგიკური.
ვარაუდი არის ის, რაც წინასწარ გვაქვს ნასწავლი და მასში ეჭვი არ გვეპარება, რაც ჩვენი შეხედულებების სისტემის ნაწილია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს შეხედულებები სწორია და მათ გარემომცველი სამყაროს ასახსნელად ვიყენებთ.
ვარაუდები და დასკვნები სწორედ იმიტომ შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, რომ მათ გარეშე მოქმედება არ შეგვიძლია.
როცა მოსწავლეები მათ მიერ გაკეთებულ დასკვნებსა და იმ ვარაუდებს გააცნობიერებენ, რომლებსაც დასკვნები ეფუძნება, იწყებენ საკუთარი აზროვნების კონტროლს.
მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკული აზროვნება საკმაოდ ბაზისური ჩანს, მისი დაუფლება არც ისე მარტივი პროცესია და მას ადამიანთა უმეტესობა სრულყოფილად ვერ ფლობს. ამ თემასთან დაკავშირებით უდიდესი კვლევა ჩაატარა დეანა კუჰნმა და გამოსცა თავის წიგნში – „არგუმენტაციის უნარები“ (1991). აღმოჩნდა, რომ ადამიანთა უმეტესობამ სტიმულის შემთხვევაშიც კი, სათანადოდ ვერ გამოავლინა მსჯელობისა და არგუმენტირების ძირითადი უნარები. რადგან კრიტიკული აზროვნება ასეთი რთულია, მისი კარგად დაუფლებისთვის დიდი დროა საჭირო, მას გასროლილ ტყვიასავით სწრაფად ვერ შევისწავლით, თუმცა მისი განვითარება შეუძლებელი არ არის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა აღნიშნული უნარის განვითარებისას, არის მისი ტრანსფერი/გადაცემა. პრობლემა ის არის, რომ ერთ სიტუაციაში ათვისებული უნარი სხვა სიტუაციაში არ ან ვერ გამოიყენება. ეს ფაქტი კი დიდ გავლენას ახდენს კრიტიკული აზროვნების უნარზე ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტრანსფერის პრობლემის წინაშე, რადგან ის შინაგანად ზოგადი ბუნების მატარებელია. კრიტიკული აზროვნებისთვის მნიშვნელოვანია არგუმენტების გამოყენების უნარი. არგუმენტები მტკიცებულებათა ერთობლიობაა სხვადასხვა იდეის შესახებ. იდეა შეიძლება იყოს მცდარი ან ჭეშმარიტი (ჯანაშია, 2008, გვ. 112-122).
არგუმენტი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს – მსჯელობის დროს ჭეშმარიტების დადგენას. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის დარწმუნებას დასაბუთება სჭირდებოდა. არისტოტელეს თქმით, ადამიანისთვის აუცილებელია იმ მეთოდების ცოდნა, რომლებითაც დარწმუნებაა შესაძლებელი. არგუმენტი ნებისმიერი საკითხის განხილვის დროს აზრების მკაფიოდ და ნათლად წარმოჩენის უნარია. თუ ჩვენ დამაჯერებლად ვამტკიცებთ ჩვენს სათქმელს, ეს იმას ნიშნავს, რომ არგუმენტირებულად საუბარი შეგვიძლია. ასეთ შემთხვევაში ჩვენს პოზიციას მეტი პატივისცემით უსმენენ (ფირცხალავა, 2005, გვ. 2-10). არგუმენტაცია სწორედ ის პროცესია, რომელშიც სხვების დასარწმუნებლად ლოგიკური მსჯელობაა გამოყენებული. მსჯელობისთვის მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა საკმარისი არ არის. ლოგიკური მსჯელობა იმ მეთოდების ცოდნას გულისხმობს, რომლებითაც დასაბუთებას შევძლებთ. არგუმენტი სწორედ ისეთი საბუთია, რომელიც ცოდნის დასამტკიცებლად მოგვყავს, ხოლო მსმენელს უბიძგებს, დაიჯეროს ან უარყოს გარკვეული მტკიცება. არსებობს სხვადასხვა ტიპის არგუმენტი. გარკვეულ შემთხვევებში ნათქვამის დასასაბუთებლად ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სტატისტიკა, მეცნიერება, აქსიომები, ანდაზები, აფორიზმები. იმისათვის, რომ არგუმენტი იყოს დამაჯერებელი საჭიროა, რომ მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ სათქმელი, მოვუხმოთ ზუსტ ფაქტობრივ მონაცემებს, არ გამოვიყენოთ არგუმენტებად ვარაუდები, მცდარი ანალოგიები და უზუსტობები (ლომიძე, 2018).
არგუმენტირების პროცესი მოიცავს სამ ელემენტს: თეზისი, არგუმენტები, დემონსტრაცია. თეზისი ეს არის ის დასკვნა, რომლის დასაბუთებაც ხდება. არგუმენტები ეს არის მსჯელობა, რომლის მიხედვითაც ხდება თეზისის ჩამოყალიბება. არგუმენტაციას შეიძლება ჰქონდეს წერილობითი ან ზეპირი დასაბუთების სახე. ეს არის მიზანმიმართული საქმიანობა, რომლის მიზანია დარწმუნება. თავად არგუმენტაციის პროცესი მოიცავს მთავარ მოქმედ პირებს – არგუმენტატორსა და ადრესატს. დემონსტრაცია ეს არის ლოგიკური კავშირი თეზისსა და არგუმენტს შორის. დემონსტრირება ნიშნავს თეზისის წარმოდგენას (ლომიძე, 2018).
მსჯელობის უნარში დახელოვნება თავისთავად გულისხმობს არგუმენტირების უნარში გაწაფულობას. აღნიშნული უნარის განვითარებას სწორედ სასკოლო გარემომ, განხორციელებულმა სასწავლო პროცესმა უნდა შეუწყოს ხელი. ბავშვები ხომ ბუნებით ძალიან ცნობისმოყვარე არიან, მასწავლებელმა კი სწორედ ამ თვისების პროვოცირება, უფრო მეტად გააქტიურება უნდა გამოიწვიოს და მზა ცოდნის მიწოდების ნაცვლად თავად მიიყვანოს მოსწავლეები პასუხების აღმოჩენამდე, გზა აღმოჩენებისკენ კი გადის ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვებზე – „რატომ?“„როგორ?“.
გამოყენებული ლიტერატურა
- ლომიძე, ნ. (2018 წლის 19 ნოემბერი). არგუმენტის რაობა და სახეები. მოპოვებული mastsavlebeli.ge: https://mastsavlebeli.ge/?p=19761-დან;
- სიმონ ჯანაშია, შორენა საძაგლიშვილი, & მზია წერეთელი. (2008). პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა. თბილისი: ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი;
- ფირცხალავა, ნ. (2005). არგუმენტაცია, არგუმენტის შექმნის გზები და სტრატეგიები.თბილისი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. (2019). კვლევები. მოპოვებული;
- ცენტრი, ე. ს. (2007). როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება. თბილისი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
- ხეჩუაშვილი ლ.; ბრეგვაძე თ.; რატიანი (2019) გ. წიგნიერება: მეოთხეკლასელთა მიღწევები და მათზე მოქმედი ფაქტორები, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.