ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
21 მაისი, ოთხშაბათი, 2025

კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების მნიშვნელობის გააზრება ესგ ზოგად კონცეპტუალური ნაწილისა და ბუნებისმეტყველების საგნობრივი სტანდარტის ჭრილში

 განვიხილოთ, როგორ ხდება არგუმენტირების უნარის განვითარების ხელშეწყობა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების კუთხით ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. საბუნებისმეტყველო განათლების მნიშვნელობა ნათლად არის წარმოდგენილი სტანდარტის ზოგად ნაწილში. სხვა უამრავ უნართან ერთად, რომელთა განვითარებაც ხდება ბუნებისმეტყველების სწავლებისას, მაგალითად: კვლევა ძიების უნარ-ჩვევა, მეცნიერების როლის გაცნობიერება კაცობრიობის პროგრესში, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გარემომცველ სამყაროზე ზრუნვისა და ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების უნარები, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კრიტიკული აზროვნების უნარის გაუმჯობესება. საბუნებისმეტყველო მეცნიერების სწავლების მიზნებსა და ამოცანებში მკაფიოდაა გაწერილი, რომ ამ პროცესში ხდება ჰიპოთეზების/ვარაუდების გამოთქმის, საკუთარი მოსაზრების დასაბუთებისა და მსჯელობის უნარების ხელშეწყობა (ეროვნული სასწავლო გეგმა, 2018-2024). ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სწავლა-სწავლების მიზანია, მოსწავლეს განუვითაროს ისეთი გამჭოლი უნარები, როგორებიცაა: პრობლემების გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, ფაქტების წარმოდგენების კრიტიკულად განხილვა და გაანალიზება, შეკითხვების ჩამოყალიბება და მათზე პასუხის ძიება, არგუმენტირებულად მსჯელობა, ანუ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება შესაბამისი მაგალითებისა და არგუმენტების მოყვანით, გონივრული არჩევანის გაკეთება და მისი დასაბუთება.

კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრის, ფორმულირების, დასკვნის გამოტანისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებისთვის. ეს არის რთული სააზროვნო უნარი, რომელიც ერთდროულად ორ ან მეტ განსხვავებულ მოსაზრებაზე ფიქრს გულისხმობს. ამ პროცესში ხდება რაიმეს შეხედულების დასაბუთება, და იმის გაცნობიერება, რომ სხვასაც შეიძლება ჰქონდეს საკუთარი განსხვავებული მოსაზრება. კრიტიკული აზროვნების დროს არსებითია არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების მოძიება, სიტუაციის გაანალიზება და დასკვნის გამოტანა, მას ასევე ლოგიკურ აზროვნებას უწოდებენ. ლოგიკური აზროვნება მსჯელობის სახით მიმდინარეობს, მსჯელობა აუცილებლად გულისხმობს რამდენიმე ცნებას შორის მიმართების დამყარებას და დასკვნის გამოტანას (ჯანაშია, 2008, გვ. 17-18).

მოსწავლეებში მსჯელობისა და არგუმენტირების უნარის განვითარებას ხელს უშლის და აფერხებს ისეთი უნარების ნაკლებობა, როგორებიცაა – პრობლემის გადაჭრის უნარი, კრიტიკული აზროვნება.

მოსწავლეთა სწავლის შეფასების ერთ-ერთი პოპულარული მოდელი, სოლო ტაქსონომია, რომელიც ჯ. ბიქსმა და კ. კომიქსმა შექმნეს, სწავლის შედეგების კლასიფიკაციის საშუალებას იძლევა. მისი მიზანია, მოსწავლეთა კოგნიტიური განვითარების დონის განსაზღვრა. სოლო მოდელი სწავლის შეფასების ხუთ დონეს მოიცავს. მიმართებით დონეზე მოსწავლეს შეუძლია, გააცნობიეროს ნაწილების მნიშვნელობა მთლიანთან მიმართებაში. იდეები და კონცეფციები ერთმანეთს უკავშირდება და ხდება მათი მთლიანობის თანმიმდევრული გაგება. მოსწავლეთა სწავლის შედეგებში ჩანს მიზეზ-შედეგობრივი აზროვნების, ანალიზის, თანმიმდევრობის მთლიანი აზროვნების მტკიცებულებები (სეხნიაშვილი, 2020).

კრიტიკული აზროვნება მიმართებით დონეზე გადასვლამდე შეუძლებელია ჩამოყალიბდეს. ამ პროცესისთვის საჭიროა, მოსწავლემ იპოვოს მსგავსებები და განსხვავებები, ერთმანეთს შეადაროს შეხედულებები, მოახდინოს მტკიცებულებათა შერწყმა, შეძლოს საბოლოო დასკვნის გამოტანა. ეფექტური კრიტიკული აზროვნება დამოკიდებულია თეორიულ და მეტათეორიულ ცოდნაზე. ტრადიციულად სკოლებში ვერ ხერხდება მიმართებით დონეზე გადასვლა. რადგან მათი ცოდნა მრავალ ზედაპირულ ფაქტსა და ცოდნას მოიცავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეთა მიყვანა კონკრეტული საგნის ფარგლებში კრიტიკული აზროვნების დონემდე საკმაოდ რთული მისიაა (კახაძე & აფთარაშვილი, 2021).

თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტი ერთ მთავარ პრინციპს ემყარება – ჩამოაყალიბოს მოსწავლე ცოდნის პასიური მიმღებიდან აქტიურ შემმეცნებლად, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, 2022).

ეროვნული სასწავლო გეგმა გრძელვადიან მიზნებზეა ორიენტირებული და სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებს ეყრდნობა. მისი მიზანია პოზიტიური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება და ამ გარემოში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა. ესგ ექვს ფუნქციურ-კომპონენტურ უნარს განსაზღვრავს, რომელთა გააქტიურებითაც შესაძლებელია პოზიტიური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება. კრიტიკული აზროვნება, როგორც ერთ-ერთი უნარი გულისხმობს: ა) დაკვირვებას, ბ) კანონზომიერებების აღმოჩენასა და განზოგადებას, გ) დასკვნების ჩამოყალიბებასა და შეფასებას. აღნიშნული უნარის განვითარება გულისხმობს ისეთი კოგნიტიური ოპერაციების განვითარებას, როგორებიცაა: გახსენება, შედარება და დაპირისპირება, კლასიფიცირება, რელევანტური და არარელევანტური ინფორმაციის იდენტიფიცირება, პირველადი დასკვნა, ვარაუდების გამოთქმა, დასკვნების ფაქტებით დადასტურება და სხვა.

ფუნქციური უნარი – კრიტიკული აზროვნება კოგნიტიური ოპერაციები/კომპონენტები
დაკვირვება გახსენება, ამოცნობა
კანონზომიერებების აღმოჩენა და განზოგადება შედარება და დაპირისპირება (კონტრასტი) კლასიფიცირება,

რელევანტური და არარელევანტური ინფორმაციის იდენტიფიცირება

დასკვნების ჩამოყალიბება კანონზომიერებების საფუძველზე პირველადი დასკვნა,

ვარაუდის გამოთქმა

დასკვნების შეფასება დაკვირვების საფუძველზე თანმიმდევრულობის შემოწმება,

ტენდენციურობის, სტერეოტიპების, კლიშეებისა და პროპაგანდის იდენტიფიცირება,

უსაფუძვლო დაშვებების იდენტიფიცირება,

გადამეტებული განზოგადების ან მცირედ განზოგადების ამოცნობა,

დასკვნების ფაქტებით დადასტურება

 

ფუნქციურ-კომპონენტურ უნარებში ნათლად ჩანს მსჯელობის უნარის საჭიროება. მაგალითად: დასკვნების ჩამოყალიბება კანონზომიერების საფუძველზე, დასკვნების შეფასება დაკვირვების საფუძველზე, სტერეოტიპების ტენდენციებისა და პროპაგანდის იდენტიფიცირება. აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება მოსწავლეებში მსჯელობის უნარის ჩამოყალიბებაზე მასწავლებლის ზრუნვისა და ძალისხმევის მნიშვნელობა და საჭიროება.

ბუნებისმეტყველების სტანდარტი (I-IV) დაწყებით საფეხურზე ინტეგრირებულ და ჰოლისტურ მიდგომას გულისხმობს, მასში შედეგებისა და სამიზნე ცნებების სახით განსაზღვრულია გრძელვადიანი მიზნები. სამიზნე ცნებების მკვიდრი წარმოდგენები ის კონცეპტებია, რომლებიც, ერთი მხრივ, ყალიბდება მსჯელობის შედეგად, ხოლო, მეორე მხრივ, მათი ჩამოყალიბების შემდეგ მსჯელობის დროს არგუმენტირების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2018).

ბუნებისმეტყველების სტანდარტის მიხედვით სწავლების დაწყებით საფეხურზე, როგორც I-IV, ასევე V-VI კლასების ბოლოს მისაღწევ შედეგებს თუ განვიხილავთ, ცხადი ხდება, რომ მოსწავლეს მოეთხოვება ამა თუ იმ მოვლენის ასახსნელად მსჯელობა და მკაფიოა, რა მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მსჯელობის უნარების განვითარებას სწავლების დაწყებით საფეხურზე.

აღსანიშნავია, რომ დაწყებითი საფეხურის (I-VI) გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად, ყველა თემის ფარგლებში, ყველა ცნებასთან მიმართებით აუცილებელია მსჯელობის უნარი. უნარის განვითარებას კი ხელი უნდა შეეწყოს ბუნებისმეტყველების სწავლების პროცესში.

მეტი სიცხადისთვის განვიხილოთ საფეხურის ბოლოს მისაღწევი შედეგები და თითოეული თემის ფარგლებში ამ შედეგების მიღწევის ინდიკატორები:

  1. ბუნ. დაწყ. I.4 – პრაქტიკული აქტივობებისა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით გარემოს დაცვის აუცილებლობაზე მსჯელობა მისი მნიშვნელობის დასასაბუთებლად;
  2. ბუნ. დაწყ. II. 4 – პრაქტიკული აქტივობებისა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით მდგრადი განვითარების ზოგიერთი პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე მსჯელობა სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებისა და საკუთარი მომავალი ცხოვრების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით.

შედეგებიდან ნათლად ჩანს, რომ მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ბუნებისმეტყველების სტანდარტში, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, მსჯელობის უნარების განვითარების მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოკვეთილია შედეგების მიღწევის ინდიკატორებთან. ნაშრომში, მსჯელობის უნარების მნიშვნელობის გასამყარებლად, მოვიყვან მხოლოდ იმ ინდიკატორებს, რომლებიც განსაზღვრავს ცნებების – გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებასთან მიმართებით მოსწავლის მიღწევებს.

გარემოს დაცვა (I-IV)
·         ლოკალური გარემოს (სახლის, სკოლის ტერიტორიის) სისუფთავის დაცვის აუცილებლობაზე მსჯელობა;

·         ორგანიზმებისთვის სუფთა საარსებო გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა;

·         ხმელეთის დაბინძურების მაგალითების აღწერა და ამ დაბინძურების თავიდან აცილების შესაძლებლობებზე მსჯელობა;

·         წყლის დაბინძურების მაგალითების აღწერა და ამ დაბინძურების თავიდან აცილების შესაძლებლობებზე მსჯელობა;

·         ჰაერის დაბინძურების მაგალითების აღწერა და ამ დაბინძურების თავიდან აცილების შესაძლებლობებზე მსჯელობა;

·         საქართველოს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების აუცილებლობასა და ამ რესურსების რაციონალურად გამოყენების შესახებ მსჯელობა;

·         სხვადასხვა მასალის (მაგ. რეზინი, პლასტმასა) წვით გამოწვეული გარემოს დაბინძურების შესახებ მსჯელობა;

·         მიზეზ – შედეგობრივი კავშირის დადგენა ადამიანის საქმიანობასა და დედამიწაზე წყლის წრებრუნვის ცვლილებას შორის.

·         მდგრადი განვითარება (V-VI)
·         ასტრონავტების უსაფრთხოებაზე და კოსმოსში სასიცოცხლო პირობების შენარჩუნების აუცილებლობაზე მსჯელობა;

·         საერთაშორისო კოსმოსური სადგურების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მისი მნიშვნელობის შეფასება;

·         დედამიწისთვის კოსმოსური ნარჩენებით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების არსებული გზების გაანალიზება;

·         ადამიანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სუფთა გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა;

·         ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით დაცული ტერიტორიების და წითელი ნუსხის შექმნის მნიშვნელობის დასაბუთება;

·         ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების (კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, გაჯეტები და ა.შ.) ხანგრძლივი გამოყენების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების განსაზღვრა.

 

მოსწავლეს მსჯელობისკენ უბიძგებს ასევე, საფეხურის ბოლოს დასმული საკვანძო შეკითხვები: როგორ ზემოქმედებს დაბინძურებული გარემო ორგანიზმებზე? რატომ არის უმნიშვნელოვანესი გარემოს დაცვა? როგორ დავაფიქროთ ჩვენი საზოგადოება გარემოს დაცვის აუცილებლობაზე? (სამიზნე ცნება – გარემოს დაცვა). რატომ არის აუცილებელი რესურსების მდგრადი მართვა? როგორ ავიცილოთ თავიდან მავნე ჩვევების ჩამოყალიბება ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით? როგორ დავსახოთ კლიმატის ცვლილების გარემოზე გავლენის შემცირების გზები? რატომ უნდა მივანიჭოთ ენერგიის განახლებად წყაროებს უპირატესობა? (სამიზნე ცნება – მდგრადი განვითარება).

ბუნებისმეტყველების თითოეული თემის ფარგლებში ჩამოყალიბებული მკვიდრი წარმოდგენებიდან ცხადად ჩანს, რომ მსჯელობისა და არგუმენტირების უნარის განვითარება სწორედ ამ კომპეტენციის ფარგლებში ხდება.

ბუნებისმეტყველების სტანდარტის განხილვისას ცხადი ხდება, რომ ამ საგნის სწავლების პროცესში მასწავლებლის მხრიდან ხელშეწყობის შემთხვევაში ყალიბდება და ვითარდება ისეთი მაღალი სააზროვნო უნარი, როგორიცაა – არგუმენტირებული მსჯელობა. სტანდარტის ბოლოს მოცემულია საკვანძო კითხვები, რომელთა საშუალებითაც გამოიკვეთება აქცენტები, თუ რაზე უნდა იყოს ორიენტირებული სასწავლო პროცესი. საკვანძო კითხვები ფორმულირებულია შემდეგნაირად – „რატომ?“და „როგორ?“ (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2018). სწორედ ამგვარად ფორმულირებული კითხვების მეშვეობით უნდა უბიძგოს მასწავლებელმა მოსწავლეებს არგუმენტირებული მსჯელობისკენ და ხელი შეუწყოს კრიტიკული აზროვნების განვითარებას (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, 2022).

გამოყენებული ლიტერატურა

  1. კახაძე, ლ., & აფთარაშვილი, ი. (2021 წლის 16 აპრილი). სოლო ტაქსონომია როგორც მოსწავლის სწავლის გზა;
  2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. (2018). მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024წწ. თბილისი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი. (2022). ეროვნული სასწავლო გეგმის გზამკვლევი. თბილისი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  4. სეხნიაშვილი, მ. (2020 წლის 24 ივლისი). სოლო ტაქსონომია-სწავლაზე დაკვირვების შესაძლებლობა. მოპოვებულია 2022, აპრილში https://mastsavlebeli.ge/?p=26826;
  5. სიმონ ჯანაშია, შორენა საძაგლიშვილი, & მზია წერეთელი. (2008). პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა. თბილისი: ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

წერის გაკვეთილები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“