ბუნებისმეტყველების სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლეებში არგუმენტირებული მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება. ეს უნარი მოსწავლეებში განსხვავებული ხარისხით არის განვითარებული და ასაკთან ერთად იხვეწება. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, როდესაც საკუთარი მოსაზრების დასაბუთებულად წარდგენა და დაცვა მოზრდილი ადამიანისთვისაც პრობლემას წარმოადგენს. უდავოა, რომ სასკოლო განათლებას ბევრი შეუძლია გააკეთოს ამ მიმართულებით.
ქვემოთ წარმოდგენილი „მმმ“ სტრატეგია შემუშავებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული გადამზადების პროექტის ფარგლებში მოდულის სახელწოდებით „აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში“. იგი შემუშავებულია მოსწავლეებში არგუმენტირებული, ობიექტურ მონაცემებზე დაფუძნებული მსჯელობის უნარის განვითარებისათვის. აღნიშნული სტრატეგიის მიხედვით არგუმენტირებული მსჯელობა შედგება სამი დამოუკიდებელი და ამავდროულად, აუცილებელი კომპონენტისაგან. ესენია: მტკიცება, მტკიცებულება და მსჯელობა. საერთო პირველი ასოდან („მ“) გამომდინარე, სტრატეგიამ მიიღო „მმმ“ სახელწოდება. ქვემოთ წარმოდგენილია მმმ სტრატეგიის თითოეული კომპონენტის განმარტება/დახასიათება (ცენტრი მ. პ.გ., 2007).
მტკიცება | მტკიცებულება | მსჯელობა |
რაიმე საკითხის შესახებ გაკეთებული დასკვნა;
პოზიცია, რომელსაც იცავენ დისკუსიის/დებატების დროს; კითხვაზე პასუხი ან პრობლემის გადაჭრის შედეგად მიღებული პასუხი; თეზისი, ან დებულება, რომლის დამტკიცებასაც აპირებენ; დებულება, რომელიც აზუსტებს ამა თუ იმ კანონზომიერებას (მაგ., ცვლადებს შორის დამოკიდებულებასა და კორელაციას, პროცესებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს). |
დეტალები, რომლებიც ასაბუთებენ მტკიცებას:
რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემები; ის, რაც ნამდვილად ჭეშმარიტებაა (აქსიომაა); ის, რასაც იგივე პირობებში დაინახავს/მიიღებს ნებისმიერი; ის, რაც მუდმივად მეორდება; ნებისმიერი სანდო ინფორმაცია, რომელიც გაამყარებს მტკიცებულებას.
|
ახსნა იმისა, თუ რატომ ასაბუთებს კონკრეტული მტკიცებულება მტკიცებას;
მტკიცებასა და მტკიცებულებებს შორის კავშირის ახსნა; მონაცემების ინტერპრეტაცია; რაიმე სამეცნიერო პრინციპის მოყვანა, რომელიც ხსნის მტკიცებულებას
|
ყველაზე უფრო ხშირად მმმ სტრატეგია გამოიყენება წერილობითი და ზეპირი დავალებების შესრულების დროს, როდესაც მოსწავლემ უნდა დაასაბუთოს თავისი მოსაზრებები ინფორმაციის დამუშავების, სტატისტიკური და გრაფიკული მონაცემების გაანალიზების, ექსპერიმენტის ჩატარების, სამეცნიერო ტექსტის გააზრების, დაკვირვების შედეგების გაანალიზების შემდეგ. სტრატეგიის გამოყენების არსი მდგომარეობს ის გახლავთ, რომ მოსწავლემ მსჯელობა ააგოს მოცემული ჩარჩოს – მტკიცება-მტკიცებულება-მსჯელობა – გამოყენებით. სხვა სიტყვებით, სტრატეგიის გამოყენება გულისხმობს, რომ მოსწავლემ უნდა:
- წარმოადგინოს მტკიცება – საკუთარი მოსაზრება, რომელიც მას ჩამოუყალიბდა განსაზღვრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
- მოიყვანოს მტკიცებულებები, რომელსაც ეფუძნება მისი მოსაზრება;
- დაასრულოს მსჯელობით, რომელიც გააერთიანებს და ლოგიკურად შეკრავს წინა ორ კომპონენტს.
სამუშაო ფურცელი – მოცემული მტკიცების მიხედვით, მტკიცებულებისა და მსჯელობის დაწერა
მტკიცება |
მტკიცებულება |
მსჯელობა |
სტრატეგიის გამოყენების აუცილებელი პირობაა, მსჯელობა მოიცავდეს სამივე კომპონენტს. რაც შეეხება ეტაპების თანმიმდევრობას, ისინი შესაძლოა გადაადგილდეს ერთმანეთის მიმართ საჭიროების მიხედვით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მასწავლებელმა შესაძლოა, სტრატეგია გამოიყენოს მოდიფიცირებული ფორმითაც – საკუთარი სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე. მაგალითად, მისცეს მოსწავლეებს მტკიცებულებები და სთხოვოს მათ, წარმოადგინონ – ა) მტკიცება მათზე დაფუძნებით და ბ) მსჯელობა, რომელიც ახსნის, რატომ გამომდინარეობს მტკიცება მოცემული მტკიცებულებებიდან. შესაძლებელია სტრატეგიის გამოყენება საპირისპირო მიმართულებითაც: მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს მტკიცებას და ავალებს ა) მოძებნონ მტკიცებულებები მის დასამტკიცებლად და ბ) წარმოადგინონ შესაბამისი მსჯელობა. განხილული ვარიანტები ითვლება სტრატეგიის გამოყენების უფრო რთულ შემთხვევად და ემსახურება მაღალ სააზროვნო უნარების განვითარებას მოსწავლეებში.
არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარებისთვის გთავაზობთ კიდევ ერთ სტრატეგიას, რომელიც დაფუძნებულია ვიდეორესურსების ანალიზზე. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეულ იქნეს სხვადასხვა პრობლემაზე ფოკუსირებული ვიდეორესურსი. ბუნებისმეტყველების გაკვეთილისთვის ეს შეიძლება იყოს, გარემოსდაცვითი საკითხები, გარემოს დაბინძურებით გამოწვეული საფრთხეები, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, ასაკობრივი განვითარების სირთულეები და სხვა, რომელთა დამუშავებაც მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესის დაგეგმა-დანერგვასაც შეუწყობს ხელს. პროცესი რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს – მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პრობლემას, რომელიც აღწერილია ვიდეოში, მოსწავლეებს ურიგებს ინდივიდუალურ, ვიდეოს ანალიზისთვის შექმნილ სამუშაო ფურცლებს, რომლებზეც ვიდეოს ნახვის პარალელურად ან/და შემდეგ აკეთებენ ჩანაწერებს.
სამუშაო ფურცელი – ვიდეოს ანალიზისთვის
წთ. | 1. აღწერე პრობლემა
——————————————————————————————————————————————————————————————————————————- 2. რატომ მიიჩნევ პრობლემად. მოიყვანე შესაბამისი არგუმენტი —————————————————————————————————————- ——————————————————————————————————————————————————————————————————————————- |
გთავაზობთ, გარემოსდაცვით პრობლემასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ რამდენიმე ბმულს:
https://www.youtube.com/watch?v=WTRt0qTA67o&t=99s – გარემოს დაბინძურება; https://www.youtube.com/watch?v=K952GxTBWOE&t=4s – დაზოგე ენერგია;
https://www.youtube.com/watch?v=g4UvPirpPYU&t=121s – ჯანსაღი ცხოვრების წესი;
https://www.youtube.com/watch?v=d4WwVdcApTY&t=4s – თამბაქო მავნებელია; https://www.youtube.com/watch?v=Sv_AVOB-YLk – ინტერნეტდამოკიდებულება.
აღნიშნული სტრატეგია მოითხოვს მოსწავლისგან პრობლემის აღწერას და დასაბუთებას ვიდეოში მოცემული არგუმენტების გამოყენებით. როგორც ვიცით, ვიზუალურ მხარეზე აქცენტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ასაკში და ზოგადად დაწყებით საფეხურზე, რადგან ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებასა და ინტერესის გამოწვევას.
თანამედროვე პირობებში კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებას დიდწილად უწყობს ხელს გამჭოლი კომპეტენცია კვლევითი სწავლება. მას საფუძვლად უდევს პრობლემური სწავლება. კვლევითი სწავლება გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარზეა მიმართული. მოსწავლეები სწავლობენ რიგი ექსპერიმენტული პრობლემების გადაჭრას, მათ თეორიულ დასაბუთებას. ჯგუფურ და ინდივიდუალურ მსჯელობას, პრობლემის გადაჭრას, შედეგების განხილვას. ვინაიდან ბუნებისმეტყველება თავის თავში მოიცავს კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას, ეს კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ სწორედ ბუნებისმეტყველების სწავლებისას ვითარდება კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, მსჯელობისა და არგუმენტირების უნარები. (ჯანაშია, 2008)
ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე მსჯელობის უნარებს კარგად რომ ავითარებს კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, ეს კარგად ჩანს 5 E სასწავლო ციკლისა და კვლევითი ციკლის მოდელებში, რომელიც აქტიურად გამოიყენება აშშ-სა და ევროპის დაწყებით საფეხურის მასწავლებლების მიერ (ბაღათრიშვილი ნ., კაპანაძე მ, 2019, გვ. 44-47).
5 E სასწავლო მოდელის 5 საფეხურიდან მსჯელობის უნარების განვითარებას უწყობს ხელს ახსნა-განმარტებების, ანალიზი-განვრცობისა და შეფასების საფეხურები. მსჯელობა კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს სასწავლო ციკლის მოდელში, რომლის მიხედვითაც მოსწავლეს უწევს ვარაუდების გამოთქმა, მათ შესამოწმებლად ექსპერიმენტების განხორციელება და შეჯამება. ნებისმიერი კვლევითი აქტივობის განხორციელების დროს, კვლევის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია მსჯელობა. ვარაუდების გამოთქმისასაც კი, რომელიც შესაძლოა არც კი გამართლდეს, მოსწავლეს მოჰყავს ფაქტი, რის საფუძველზე გამოთქვა ესა თუ ის ვარაუდი, რამ უბიძგა ამ მოსაზრებისკენ. სხვა შემთხვევაში, ჰიპოთეზირება იძენს აზროვნების მიღმა დარჩენილი მექანიკური პროცესის ხასიათს. მსჯელობასა და ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს ექსპერიმენტების დაგეგმვის პროცესი. ყველაზე მეტად კი მსჯელობა სჭირდება მონაცემთა ანალიზს, რადგან, მოსწავლემ უნდა გააანალიზოს კავშირი დამოკიდებულსა და დამოუკიდებელ ცვლადებს შორის, ახსნას, რატომ მოხდა ესა თუ ის მოვლენა, როგორ გამართლდა მისი ვარაუდი, რა მოხდებოდა სხვა ცვლადებზე დაკვირვების შემთხვევაში და სხვა. საგულისხმოა, რომ ექსპერიმენტების ჩატარების შემთხვევაში მოსწავლეებს ჯგუფის წევრებთან უწევთ დისკუსია, ზეპირი მსჯელობა, შემდეგ კი აუცილებელია კვლევის ანგარიშში ასახვა, რაც მსჯელობის წერილობით გამოხატვის უნარის განვითარებას უწყობს ხელს.
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, განხილული სტრატეგიების ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე გამოყენება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობის უნარების განვითარებას, რაც 21-ე საუკუნის ადამიანისათვის მნიშვნელოვანი უნარი და კომპეტენციაა.
გამოყენებული ლიტერატურა
- ბაღათრიშვილი ნ., კაპანაძე მ. (2019). საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა კომპეტენციების განვითარება კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისას. თბილისი: მერიდიანი.
- სიმონ ჯანაშია, შორენა საძაგლიშვილი, & მზია წერეთელი. (2008). პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა. თბილისი: ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი.
- ცენტრი, მ. პ. გ. (2007). როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება. თბილისი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
- მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრის სატრენინგო მასალები, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება.