თანამედროვე მწერლობა ბევრ აქტუალურ და საინტერესო პრობლემას შეეხო. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოჩნდნენ ახალი ავტორები. ლიტერატურული პროცესი, შეიძლება ითქვას, ერთ კალაპოტს მიუყვება. თითქოს ყველაფერი ასე უნდა იყოს და არის კიდეც, თუმცა, რომელ ახალ რელსებზეც არ უნდა შედგეს „ლიტერატურის მატარებელი“, ის მაინც არის მცდელობა ზოგადსაკაცობრიო და მსოფლიო მასშტაბური, მარადიული საკითხების გამხატვრულებისა.
მოზარდის პრობლემები, მოზარდთა ფსიქოლოგია, მასწავლებლის როლი, მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა, მშობლობა – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბევრი დაწერილა და დაიწერება კიდეც. ამჯერად ჩემი ყურადღება მიიქცია ახალგაზრდა ავტორის, თამარ გეგეშიძის, წიგნმა „ჩუმად უნდა იჯდე“.
რა რთულია, ამოიცნო იმ მოზარდის ფიქრები, რომელიც დივანზე წევს, თვალებით ერთ წერტილს მიშტერებია, თითქოს სამყაროს არ ეკუთვნის. სუნთქავს თუ არა, იმასაც ვერ ამჩნევ. განა შეიძლება გამოიცნო ეს ფიქრი: „მოასწრებს თუ არა ობობა, რომელიც წუთის წინ დავინახე ოთახის კუთხეში, ჩემს ფეხებზე გადარბენას ისე, რომ ვერ დავიჭირო?“
რა სურთ მოზარდებს?
არ ვიცი, ყველა ადამიანი დაფიქრებულა თუ არა ამ კითხვის შინაარსზე, მაგრამ მე ნამდვილად მიფიქრია. კიდევ ერთხელ ამ ფიქრისკენ ზემოთ მოხსენებულმა ავტორმა ამ წიგნით მიბიძგა და გამაცნო პერსონაჟი, რომელიც ყველა მოზარდს რაღაცით ჰგავს. შექმნა ახალი მხატვრული სახე – „თანამედროვე მოზარდების ნაკრები“ და დაარქვა შიო.
ასეთი ფიქრი ამ პერსონაჟში დანახულმა ხასიათის თვისებებმა, ფიქრებმა, უფროსებთან დამოკიდებულებამ, სხვადასხვა გარემოში განსხვავებულმა ქცევამ გამიჩინა. შიო ჩემთვის წარმოადგენს ამოუცნობსა და, ამავდროულად, ყველაზე ნაცნობ პიროვნებას. ასეთ მოზარდებთან ურთიერთობაში, ვფიქრობ, ძალიან დაგვეხმარება ამ წიგნის ავტორის მთავარი გზავნილების გააზრება.
ჩემი დაკვირვებით, სამყაროში მოზარდების ორი ტიპი არსებობს. ერთნი ყოველთვის გეწინააღმდეგებიან, ჯიბრში გიდგანან, სამაგიეროს გიხდიან, წყობიდან გამოჰყავხარ და ამ ყველაფრით, ასე ვთქვათ, იკვებებიან. მეორენი ფიქრობენ, რომ ხმის ამოღებით არაფერი შეიცვლება. ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც უფროსებს უნდათ და ბედს ეგუებიან. შიოც ასეთი მოზარდის სახეა: „მე თორმეტი წლის ვიყავი. ახალგადაწყვეტილი მქონდა, აღარ შევწინააღმდეგებოდი მშობლებს, მორჩილად დავთანხმებოდი მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩემთან დაკავშირებით მიიღებდნენ და მხოლოდ ჩემი დუმილით თუ გულგრილობით მეძია შური“.
ამ ყველაფრის გააზრებაში მშობელსა და მასწავლებელს უდიდესი როლი და პასუხისმგებლობა აკისრიათ. როგორ უნდა შეძლო და საერთო ენა გამონახო ასეთ მოზარდთან? ეს ბეწვის ხიდზე გავლას უტოლდება. ერთი პატარა შეცდომაც და ორივე ხრამში აღმოჩნდებით.
მოზარდობაში ბავშვები გაცილებით მგრძნობიარენი არიან, ვიდრე – ჩვენ, უფროსები. ავტორის მთავარი ჩანაფიქრიც სწორედ ეს მგონია: მოზარდის შეცვლა კი არ უნდა იყოს ჩვენი, უფროსების მიზანი, არამედ როგორ შევცვალოთ ჩვენ, უფროსებმა, მათდამი დამოკიდებულება.
სამსახურით გადაღლა, შვილის მარტო აღზრდა, სკოლაში მისი ცუდი ნიშნებით გაღიზიანება, გამუდმებული კრიტიკა მის მიმართ და, რაც მთავარია, იმ პრობლემების უგულებელყოფა, რომლებიც ამ ასაკის მოზარდებს დიდ, გამოუსწორებელ ტრაგედიად ეჩვენებათ, შიოს მშობლებს საკუთარ შვილთან უფრო მეტად აშორებს. მათ უჭირთ, გაიაზრონ მოზარდის პრობლემების სირთულე. თავიანთი პრობლემებით გადაღლილებს უმნიშვნელო, ბავშვურ აკვიატებად მიაჩნიათ ისინი. აი, რის თქმა სურს ავტორს.
ეს წიგნი არა მარტო მოზარდების, მშობლების, უფროსი თაობის ადამიანებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც ძალიან საინტერესოა.
მასწავლებლებზე წერა ძალიან რთულია. ვფიქრობ, სიფრთხილესაც საჭიროებს. ზოგადად, მასწავლებლობაც ხომ ყველას არ შეუძლია. ეს ისეთი პროფესიაა, როცა ბეწვის ხიდზე მარტო მასწავლებელი და ერთი მოსწავლე კი არ დგას, არამედ მასწავლებელი და მთელი სამყაროს მომავალი.
ავტორი ცდილობს, მკითხველს დაანახოს ამ პროფესიის სირთულეცა და ხიბლიც. მოზარდები იწყებენ ფიქრს მასწავლებლის ცხოვრებაზე. ისინიც ხომ ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვები. მათაც ჰყავთ მეგობრები, მაგალითად, ციცი, რომელიც ურჩევს : „- თუ გინდა გადარჩე, ერთადერთი გამოსავალი არსებობს – ბავშვი უნდა შეიყვარო! თავისი ნაკლით, წუწუნით, თავხედობით, ბრაზით, ლუღლუღით, გაუგებარი დამოკიდებულებით შენ მიმართ, როცა არ გესმის, მოსწონხარ თუ სასიკვდილოდ გადაგემტერა“…; შორს მყოფი მშობლები, რომლებსაც უნდათ, რომ შვილებს ახსოვდეთ: „- მამა, მართლა გაგახსენდა ის კაცი? – ვეკითხები იმას, რაზეც მთელი გზაა ვფიქრობ. -არა, მოვიტყუე, – მამას სახეზე მზის ჩამავალი სხივები ეცემა. ეტყობა, მისთვის ადვილი არ ყოფილა ტყუილის თქმა და მერე ამის აღიარება. – მაგრამ ხანდახან ძალიან გვჭირდება ვიღაცას ვახსოვდეთ“. აქვთ სიყმაწვილის მოგონებები და დაკარგული სიყვარული: „ღმერთო ჩემო, წლების წინ რომ ჩემთვის ასე პირდაპირ, დაჟინებით შემოეხედა და ეს სიტყვები ეთქვა, ალბათ, მოვკვდებოდი. მაგრამ ახლა ყველაფერს სხვა ელფერი დაჰკრავდა…“. მასწავლებლებსაც შეუძლიათ ტყუილი თქვან, რადგან მათ ცხოვრებაშიც არის უბედური დღეები : „- ლიკუნა, დილით ძალიან ცუდად ვიყავი და ეს სიცხის ბრალი არ ყოფილა, მაგრამ ნამდვილად არ შემეძლო მოსვლა“.
ბევრი ფიქრი გამიჩინა ამ წიგნმა. ყველა ამპლუაში დამანახა ჩემი თავი. მე, როგორც მკითხველს, მასწავლებელს, მოზარდის მშობელს, როგორც, უბრალოდ, ადამიანს, რამდენი სიფრთხილე მმართებს. ადამიანები გადაჯაჭვულნი ვართ ერთმანეთზე, და ეს უხილავი, მარადიული კავშირი მიგვაქროლებს რაღაც უფრო დიდისკენ, რომელსაც ადამიანის გადარჩენა შეუძლია. აი, რაღაც ფანტასტიკურ ამბავსაც ჰგავს ეს წიგნი და აქ წარმოჩენილ საკითხებს სხვაგვარად რომ შევხედოთ, სხვა მოცემულობასაც დავინახავთ, სხვა გზას ავირჩევთ: დედას რომ დრო დაეთმო და მოესმინა შიოსთვის; შიო რომ ბედნიერი და კმაყოფილი შესულიყო ქართულის გაკვეთილზე; მაკოს რომ შესძლებოდა ყველა მოსწავლეში აღმოეჩინა რაღაც, განსაკუთრებული უნარი; დამრიგებელს რომ შეექო შიო; მამას რომ შესძლებოდა შვილთან გულგახსნილი საუბარი; ყველა სიჩუმე საუბრად რომ ქცეულიყო – ეს წიგნი ალბათ არ დაიწერებოდა, მაგრამ რადგან დაიწერა, ცხადია, ჩვენ ვართ ამ პრობლემების პირისპირ და მე მიმაჩნია, რომ ჩუმად კი არ უნდა ვისხდეთ, რაც შეიძლება ბევრი უნდა ვისაუბროთ შვილებთან, შევძლოთ მათი პატარ-პატარა პრობლემების გულთან მიტანა, მივცეთ უფლება აკეთონ საყვარელი საქმეები, ითამაშონ კალათბურთი, უყვარდეთ ცხოველები. მამობა მხოლოდ ბავშვისთვის სკოლაში მიკითხვა და წამოყვანა, ჩაის დასხმა და ძმაკაცებთან ერთად სათევზაოდ წაყვანა არ არის.
მასწავლებლობაც არ ნიშნავს დაბალი ნიშნის დაწერით გულის ჯერებას. მასწავლებლობა უფრო მოსწავლის ტკივილისა და სიხარულის გამზიარებლობა მგონია.
მადლობა ავტორს, რომ ხელახლა განმაცდევინა ყველა ეს ემოცია.
აი, როგორც შიო იტყოდა: „მამაჩემი ჩუმი კაცია. აი, დედაჩემი უფრო მხიარულია, ოთო – ხმაურიანი, ლიკუნა – მებრძოლი, ნია – საიდუმლოსავით საინტერესო, მაკო – უცნაური. მე ჩვეულებრივი ვარ“.
ჩვენ ჩვენი თითის ანაბეჭდებივით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ ვავსებთ ერთმანეთს, როგორც თითები ავსებენ ხელის მტევანს.