განათლების სისტემების ფორმას და შინაარსს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ტექნოლოგიური პროგრესი, სოციალური ქსოვილების ცვლილება და მოთხოვნები შრომით ბაზარზე – როგორიც არ უნდა იყოს მომავლის ტენდენციები, მიზანი უცვლელია: განათლება საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთ გაგებასა და მოწყობაში გვეხმარება. შესაძლოა, ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სოციალური ასიმეტრიის დაძლევაში, უფრო თანაბარი შესაძლებლობები შესთავაზოს სხვადასხვა საწყის წერტილზე მყოფ ბავშვებს, უწყვეტი განათლების პრინციპმა და ე.წ. მეორე შანსის პროფესიებმა უფრო საინტერესო გახადოს სწავლაც, ცხოვრებაც და მუშაობაც. ისიც შესაძლოა, ეს მოლოდინი გადაჭარბებული აღმოჩნდეს, მაგრამ ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს და სასურველია, ეს გააზრებულად გავაკეთოთ, რათა მეტი სარგებელი და ნაკლები ზიანი მივიღოთ არსებული სისტემებისა და მიდგომების განახლების გზაზე.
აი, რამდენიმე რამ, რაც უნდა ვიცოდეთ განათლების სისტემაში სამომავლო ტენდენციების შესახებ:
1) ხელოვნური ინტელექტის როლის ზრდა და პერსონალიზებული სწავლება
ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე არაერთი მიმართულებით გამოიყენება, იქნება ეს მასწავლებლების დახმარება მოსწავლეების შეფასებაში, მოსწავლეებისთვის მეტად პერსონალიზებული სასწავლო გამოცდილების შექმნა, ხარისხიანი კონტენტის წარმოება ნაკლები რესურსით თუ ჩეტბოტები, რომლებიც რესურსების მოძიებაში, სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და პრობლემების იდენტიფიცირებაში ეხმარება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. მაგალითად, ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Khan Academy ან Duolingo, იყენებენ AI-ს, რათა სწავლების გზა და სიჩქარე პერსონალურად მოარგონ თითოეული სტუდენტის შესაძლებლობებს. ხმოვანი ასისტენტები და აუდიოწიგნების გენერატორები არაჩვეულებრივი დამხმარე ინსტრუმენტებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. ტექსტური რედაქტორები უკეთ წერაში გვეხმარება, ავტომატური მთარგმნელები გვიადვილებს უცხო ენებზე ინფორმაციის მიღებას.
ხელოვნური ინტელექტი აადვილებს დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზს, შესაბამისად, მისი დახმარებით უფრო ადვილად შეიძლება იმ საკითხების გამოკვეთა, რომელთა დაძლევაც უჭირთ მოსწავლეებს და სადაც მასწავლებლებს დამატებითი ძალისხმევის გაწევა სჭირდებათ.
მომავალში მოსალოდნელია, რომ არსებული ხელოვნური ინტელექტის სისტემები “მეტად ემოციურები” და “უფრო გულისხმიერები” იქნებიან და უფრო უკეთესად შეძლებენ ცალკეული მოსწავლისა და მასწავლებლის საჭიროებების, ხასიათის, ინტერესებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას, რაც სწავლა-სწავლების პროცესს უფრო პერსონალიზებულს, შესაბამისად, უფრო ეფექტურს და სასიამოვნოს გახდის.
2) მეტი აქცენტი უნარებსა და პასუხისმგებლობაზე
ტექნიკური და აკადემიური ცოდნა საკმარისი აღარ არის – ამგვარ ინფორმაციას რობოტები ჩვენზე სწრაფად და უხარვეზოდ იმახსოვრებენ. ადამიანობის ხიბლი მის ადამიანურ თვისებებში, კრიტიკულ აზროვნებაში, კარგად განვითარებულ ემოციურ ინტელექტში, გუნდური მუშაობის უნარებსა და უნიკალურ ხედვებშია. როგორ ჭრი პრობლემებს, როგორ თანამშრომლობ სხვებთან, რამდენად შეგიძლია ახალ გამოწვევებთან, გარემოსთან, ადამიანებთან ადაპტირება, ხედავ თუ არა ფართო სურათს და გრძნობ კონტექსტს, გაქვს თუ არა საკმარისი მოთმინება წვრილმან დეტალებზე კონცენტრაციისთვის, აღიქვამ თუ არა სამყაროს მრავალფეროვნებას და სხვადასხვა სოციუმის, ვითარებისა თუ ამბის სპეციფიკურ მახასიათებლებს, გამოწვევებს, ხიბლს, შეგიძლია თუ არა სათქმელის მკაფიოდ და ეთიკურად ჩამოყალიბება და მიზნის მისაღწევად ეთიკურად და პრინციპულად სვლა, ემოციების კონტროლი და სხვისი გრძნობების, შეხედულებების, თავისუფლების პატივისცემა – ამ კითხვებზე პასუხი დიდწილად განსაზღვრავს იმას, როგორ ადამიანთან გვაქვს საქმე, როგორი იქნება მისი შანსი შრომით ბაზარზე.
სკოლებში უნარების განსავითარებლად და დასახვეწად დილემებით სწავლება, დებატების პრაქტიკა, როლური თამაშები, გუნდურ პროექტებზე მუშაობა გამოიყენება – სასწავლო პროგრამებსა და პროცესში უნარების განვითარებისთვის მეტი დრო, ხელსაწყო და აქცენტია საჭირო, რადგან კლასიკურ სისტემებში მოსწავლეების შეფასების მთავარი კრიტერიუმი კვლავ აკადემიური მოსწრებაა.
3) უწყვეტი განათლება და ე.წ. მეორე შანსი პროფესიული ცვლილებებისთვის
ოდესღაც აღებული დიპლომი ერთ დისციპლინაში, დიდი ხანია, საკმარისი აღარ არის – ცვალებად სამყაროში განათლების უწყვეტობის პრინციპი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ტექნოლოგიური განვითარება გვეხმარება, ხანმოკლე კურსების საშუალებით ახალ სფეროებში მოვსინჯოთ ჩვენი თავი, ონლაინსწავლების პლატფორმებზე ჩვენზე მორგებული გრაფიკით, გეოგრაფიული ფაქტორის მიუხედავად, მივიღოთ ახალი ცოდნა და მუდმივად განვავითაროთ უნარები შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად.
რაც მეტად იცვლება დასაქმების სივრცე და რაც უფრო მეტი ახალი პროფესია თუ ვიწრო სპეციალიზაცია ჩნდება, მით მეტ ადამიანს ეძლევა შანსი, შეიცვალოს უკვე მობეზრებული პროფესია ან საკუთარი თავი ახალ სფეროში მოსინჯოს. მომავალში, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მეტი აქცენტი დაისმება ზრდასრულებისთვის განკუთვნილ სასწავლო პროგრამებსა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებაზე.
4) თვითსწავლება
ტექნოლოგიებითა და რესურსებით შეირაღებული ბავშვები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად ავტონომიურები იყვნენ და სასწავლო პროცესი საკუთარ ინტერესებს მოარგონ და არა ყველასთვის შედგენილ სტანდარტებს. ეს გზა გამოწვევაა ზოგადი განათლების სისტემისთვის: ერთი მხრივ, უნდა არსებობდეს საყოველთაოდ აღიარებული წესები, რომლებსაც ყველა ემორჩილება, მეორე მხრივ კი გასათვალისწინებელია ინდივიდუალური საჭიროებები და მისწრაფებები.
მომავლის განათლებაში მასწავლებელს უფრო მეტად უნარების აღმომჩენის, ცნობისმოყვარეობის გამღვიძებლის, სწორი მიმართულების მიმცემი მენტორის როლი ექნება, ვიდრე მანდატორის. ის უნდა დაეხმაროს მოსწავლეების, დამოუკიდებლად გაიკვალონ გზა ინფორმაციის უსასრულო ნაკადში და მუდმივად ტურბულენტურ გარემოში მარტივად ორიენტირება შეძლონ.
5) გლობალური თანამშრომლობა
ონლაინსწავლების პლატფორმები, გაცვლითი პროგრამები და განათლების სისტემების ინტერნაციონალიზაცია უკვე იძლევა საშუალებას, ჩვენი ცოდნა და მისი გამდიდრების გზები კონკრეტული გეოგრაფიული არეალით ან ფორმატით არ შემოვსაზღვროთ. საზღვრების გახსნა და ტექნოლოგიური ინტეგრაცია სულ უფრო მეტ ახალგაზრდას აძლევს საშუალებას, ჩაერთოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში, მზად იყოს სამუშაო გამოცდილებისა და ახალი კულტურული გამოცდილების მისაღებად, მოიპოვოს სტიპენდია უცხოეთში სწავლისთვის ან ჩაერთოს ვირტუალურ გაცვლით პროგრამებში.
მომავლის განათლების სისტემებს უნდა შეეძლოთ, აღზარდონ ადამიანები არა კონკრეტულ დროსა და სივრცეში საჭირო ცოდნით, არამედ ღია და გახსნილი საზოგადოების წევრებად, რომლებიც მზად იქნებიან, მიიღონ საერთაშორისო პროგრამების სიკეთეები.
ამ წერილის ბონუსად სწორედ რამდენიმე ისეთ ორგანიზაციას გაგაცნობთ, რომლებიც ახალგაზრდებს საერთაშორისო პროგრამებში ჩართვას, მოხალისეობას და სასწავლო კურსებს სთავაზობენ: