ორშაბათი, აპრილი 28, 2025
28 აპრილი, ორშაბათი, 2025

მოსაწავლეების უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში 

მოზარდების დაცვა ინტერნეტსივრცეში ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორც მათ ფიზიკურ უსაფრთხოებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რაც მეტ დროს ატარებენ ბავშვები ციფრულ სამყაროში, რაც მეტ პლატფორმასა და ქსელში რეგისტრირდებიან, მით უფრო მრავალფეროვანია ის საფრთხეები, რაც მათ შეიძლება ემუქრებოდეთ. მოზარდების დაცვას ონლაინ სივრცეში რამდენიმე გარემოება ართულებს, რომელთა შორის არის თავად მათი მოუმზადებლობა იმ საფრთხეების შესახებ, რაც ამ სამყაროში ემუქრებათ, ასევე უფროსების, მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან შედარებით ნაკლები ინფორმირებულობა იმ ეკოსისტემის შესახებ, რომელთა ნაწილებიც ისინი ხდებიან ციფრულ პლატფორმებზე.

 

ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მოზარდი ამბობს რომ ის ერთხელ მაინც გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი. როგორც ევროპის ქვეყნები, ისე ამერიკის შეერთებული შტატები კიბერდანაშაულების მზარდ სტატისტიკაზე საუბრობენ.

 

  • 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 13-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეების 55% ერთხელ მაინც გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი, 27%-სთვის კი ეს ბოლო 30 დღეში მიღებული გამოცდილება აღმოჩნდა. ამავე კვლევის მიხედვით, გოგოები უფრო ხშირად ხდებიან ონლაინ სივრცეში თავდასხმის სამიზნეები.
  • 2023 წელს კიბერბულინგის მსხვერპლი მოზარდების 2% ამბობდა რომ ამ ტრავმული გამოცდილების გამო სკოლაში სწავლა გაურთულდათ – ეს მაჩვენებელი 2016 წლის 10.3%-იან მაჩვენებელთან  შედარებით თითქმის გაორმაგებულია;
  • ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და Childlight Global Child Safety Institute-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც 2025 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა, მსოფლიოში ყოველი 12 ბავშვიდან ერთი (დაახლოებით 8%) გახდა ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციის ან შევიწროების მსხვერპლი; ონლაინ სექსუალური შევიწროებისა და ექსპლუატაციის სახეებია მოზარდთან არასასრუველი სექსუალური საუბარი, ბავშვისთვის სექსუალური სურათებისა და ვიდეოების გადაღება, გაზიარება ან გაგზავნა და სექსუალური გამოძალვა, ანუ მისთვის იმგვარი ქმედების იძულება, რაც არ სურს. როგორც წესი ყველა ამ დანაშაულს თან ახლავს დაშინება, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან უნდობლობის გაღვივება და მსხვერპლში დანაშაულის გრძნობის გაღვივება.
  • ასაკი, რომელშიც მოზარდები პირველად ხდებიან ონლაინ დანაშაულის მსხვერპლები, განსაკუთრებით მოწყვლადია თვითდაზიანებების და სუიციდის მცდელობების მხრივ;
  • ბავშვების 70% ინტერნეტში საშინაო დავალების შესასრულებლად საჭირო რესურსების მოძიებისას სექსუალური ან ძალადობრივი ხასიათის კონტენტს აწყდება
  • თინეიჯერების 50%-ზე მეტი ონლაინ ეკონტაქტება  უცხო ადამიანებს; მშობლებისგან დაფარულად;

 

მოზარდების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და შესაბამისი უნარების გამომუშავება მრავალმხრივი საკითხია, რომელიც ერთი მხრივ მოიცავს მათთვის სათანადო ინფორმაციით შეირაღების აუცილებლობას, მეორე მხრივ კი მოზარდების მხრივ სისტემებისა და უფროსებისადმი ნდობის შენარჩუნებას. მათ უნდა იცოდნენ, რომ უფროსებს შეუძლიათ მათი პრობლემების გაგება, მხარდაჭერა და დამნაშავეებთან ბრძოლაში დახმარება. უფრო კონკრეტულად კი, მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვაში ეს რჩევები დაგეხმარებათ:

 

  • ციფრული წიგნიერების გაძლიერება
    • მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ონლაინ ქცევის წესები და პირადი ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობა – ისევე იფრთხილონ უცხოებთან, როგორც ფიზიკურ სივრცეში და დაიცვან მათი პერსონალური მონაცემები, იქნება ეს მისამართი, დღის განრიგი, ფოტოები თუ სხვა სენსიტიური ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებაც შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს მათთვის.
    • შეეძლოთ ფიშინგის, კიბერბულინგის და სხვა საფრთხეების ამოცნობა;
    • იცოდნენ ძლიერი პაროლების გამოყენება და ორფაქტორიანი ავთენტიფიკატორის გამოყენება.
  • კრიტიკული აზროვნების განვითარება
    • მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ დეზინფორმაციის ამოცნობა და საეჭვო წყაროების იდენტიფიცირება.
    • უნდა იცოდნენ სოციალური ქსელების ალგორითმების ფუნქციონირების მექანიზმები და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად შესაბამისად მოიწყონ სიახლეების ფიდი, რათა თავიდან აირიდიონ ჭარბი რეკლამები და მომხმარებლის ქცევასა და შეხედულებების შეცვლაზე ორიენტირებული კონტენტი.
  • კიბერბულინგისა და კიბერშევიწროების პრევენცია
    • სასურველია სკოლებს ჰქონდეთ ანონიმური მხარდაჭერის არხები, სადაც მოზარდებს შეეძლებათ პრობლემების შესახებ ღიად საუბარი, უფროსებს კი მათთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა.
    • საჭიროა ბავშვებმა იცოდნენ, როგორ დაარეპორტონ არასასურველი ანგარიშები და როგორ შეაგროვონ დანაშაულის ამსახველი მტკიცებულებები;
    • მშობლებს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ იმ საფრთხეების შესახებ, რაც თან ახლავს მოზარდებისთვის ანგარიშების გახსნას სოციალურ ქსელებში და იცოდნენ, ვის უნდა მიმართონ დანაშაულის შემთხვევაში – მნიშვნელოვანია ისინი ემპათიურები იყვნენ ბავშვების მხარდაჭერისას;
    • 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებში ანგარიშების გახსნა გაუმართლებელია;
  • მშობლების ჩართულობა
    • მშობლებმა უნდა იცოდნენ რას აკეთებენ მათი შვილები ინტერნეტში, რომელ თამაშებს თამაშობენ, რა სოციალურ ქსელებში აქვთ ანგარიშები და რა პლატფორმებს იყენებენ – სასურველია უზრუნველყონ ბრაუზერები ასაკის შესაბამისი ფილტრების დაყენებით, ინტერნეტსერფინგის დინამიკას კი თვალი ადევნონ ბრაუზერის ისტორიიდან.
    • მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს კონკრეტული დრო განსაზღვრული ონლიან აქტივობებისთვის და იცავდეს მას.
    • მშობელმა უნდა იცოდეს, რა აპლიკაციებს იყენებენ მათი შვილები კომუნიკაციისთვის და რამდენად დაცულები არიან ისინი ამ გზების გამოყენებისთვის.
    • რეგულარულად უნდა შემოწმდეს, რომ მოსწავლეები არ იყენებენ ისეთ პლატფორმებს, რომლებიც ზრდასრულ კონტენტს ან სარისკო კონტაქტებს შეიცავს.
  • მოსწავლეების მიერ შექმნილი კონტენტის მართვა – ეს კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ვნების ფონზე, როცა ბავშვებს სურთ თავისი არხების შექმნა იუტუბზე, ტიკტოკსა თუ ინსტაგრამზე, სადაც მათ მიერ წარმოებულ კონტენტს გამოაქვეყნებენ.
    • მნიშვნელოვანია აქაც დავიცვათ პრინციპი, რომ მკაცრად ვიცავთ ასაკობრივ ზღვარს, რომელიც სხვადასხვა პლატფორმა აქვს და მხოლოდ დასაშვები ასაკის მოზარდებს ვაძლევთ იუტუბზე არხის გაკეთების თუ ტიკტოკზე ანგარიშის გახსნის უფლებას. მნიშვნელოვანია იცის, რომ ბავშვები ინფორმირებული იყვნენ იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ამ სივრცეებში აქვთ და შეეძლოთ არასურველი კომენტარების დარეპორტება და ყალბი ანგარიშებისგან თავდაცვა.
    • ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერი ფოტო, ვიდეო ან პირადი ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში ატვირთეს, შეიძლება სამუდამოდ დარჩეს იქ და შესაძლოა ეს კონტენტი მათი კონტროლს მიღმაც აღმოჩნდნენ, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდნენ და სასურველია უფროსების ფილტრიც გაატარონ, სანამ რაიმეს გამოაქვეყნებენ.
  • ფინანსური რისკების დაზღვევა
    • ბევრი თამაშის დამატებითი სერვისების გასახსნელად გარკვეული თანხის გადახდაა საჭირო, ინტერნეტი სავსეა ონლაინ მაღაზიებით, რომლებიც რეკლამაც მოზარდებს შეიძლება დახვდეთ ნებისმიერ იმ საიტზე, რომელსაც თუნდაც საგანმანათლებლო მიზნებით იყენებენ. მოზარდები მოწყვლადები არიან ონლაინ კაზინოების მიმართაც – მნიშვნელოვანია რომ ყველა ფინანსური ტრანზაქცია, რასაც ბავშვები ონლაინ სივრცეში განახორციელებენ, მშობელთან იყოს შეთანხმებული, ბავშვმა იცოდე ბარათის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რაღა დაცულები იყვნენ არაავტორიზებული ტრანზაქციებისგან, ბარათის მონაცემების გაჟონვისა და გადახდების ავტომატური გაგრძელებისგან.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“