(რეი ბრედბერის „451 ფარენჰაიტით“)
„შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ; მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი, მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი.“ (ლუკა, 12:27)
დავიწყე ჩემი საყვარელი რეი ბრედბერის კითხვა, „451 ფარენჰაიტით“;
მწერალი მომავალზე წერდა, ხომ? წაუკითხავი, ყავლგასული, „მტრედებივით ფარფატა წიგნების“ დაწვაზე (რა, წარსულის ან აწმყოს ფანატიზს არ გახსენებთ ეს?!), პნევმატურ მატარებლებზე, რეაქტიულ ბომბდამშენებსა და მანქანებზე, ელექტრონულ კრაზანებზე, მექანიკურ, თან ცოცხალ, თან მკვდარ, რვაფეხა ძაღლებზე, გახშირებულ თვითმკვლელობებზე, რომელთა „აღსაკვეთად“ მიდიან არა ექიმები, არამედ მოდის ტექნიკური პერსონალი, გველი-შლანგებით, ბურღივით რომ შეჰყავთ ორგანიზმში სიცარიელის ამოსაწოვად, დამყაყებული წარსულის სიბნელის დასალევად, სისხლის პლაზმის სრულად შესაცვლელად ბედნიერების ნიღბებივით მატარებელ, სიცოცხლის ენერგიისა და აზრისგან დაცლილ ადამიანებთან, რომლებმაც აღარ იციან, რა არის ბალახი თუ ყვავილი; წლობით ატარებენ ყურის „რადიონიჟარებს“ და მარტო ტუჩის მოძრაობითღა ხვდებიან, რა ითქვა. ისინი ვეღარ შეიგრძნობენ სამყაროს, ერთმანეთს, წვიმის რომანტიკას…არაფერი გეცნობათ? განა, ეს უკვე აწმყო არ არის, მზარდი მომავლისკენ? გვესმის ერთმანეთისა? ლითონის „მგრძნობელობისა“ არაა ზოგჯერ ჩვენი გულები, როცა ერთმანეთს „ფეხს გადავაბიჯებთ“ და ვაგრძელებთ ცხოვრებას? როცა სატანასავით ყველასა და ყველაფერზე აღმატებული გვგონია თავები?
რაღატო გვნუსხავს ჯერ კიდევ ბუნების შეურყვნელობა? იმიტომ, რომ იქ პირველსაწყისთან სიახლოვეა, იმიტომ, რომ ჩვენ ისევ პირველყოფილი შეგრძნებებით აღვიქვამთ სამყაროს და ეს აღქმა სუნისა თუ ხილვისა, შეხებისა, ახალშობილისას ჰგავს, სისუფთავითა და სიმძაფრით, რომლებიც მაინც მოჟონავს ჩვენი ცივილიზაციისგან გაცვეთილ-გაუცხოებულ-გაუხეშებული სულებიდან, სხეულებიდან…
სანამ ჩვენ, საკუთარი თავით, ეგოთი, შეპყრობილი ადამიანები, არ ვინდობთ ერთმანეთს, წვიმა მაინც მოდის, ხე იფოთლება, მზეწვია გალობით გვნუსხავს, ჩვენდაუნებურად, მერცხალი გამოგვარკვევს ცნობიერებამოღლილობის შხამიანი ბანგიდან, სულ პაწაწინა, იისფერი, მისტიკური პეპელა მიგვანიშნებს რაღაცა უნივერსალურად სრულყოფილზე, დაკარგულზე, აკაკის „სულიკოსავით“, დასაბრუნებელზე, რადგან იდეასთან სწორების გარეშე ჩვენ ჩვეულებრივი რობოტები ან პირუტყვები ვიქნებით, სამყარო აღარ იქნება „უთვალავი ფერითა“, ის გავერცხლისფერდება, როგორც დიდი მწერლის რომანშია…
თითქოს, დღევანდელი რომელიმე მეგაშოუს წამყვანის (მშვენივრად ჩაანაცვლებდა რომელიმე კარგად დაპროგრამებული რობოტი) „დაყენებული“, აღტკინებული ხმა ჩამესმის, უადგილო ზეიმითა თუ მანქანური ზრიალით რომ გვამცნობს:
„– დიახ, ჩვენს საუკუნეში ყველაფერი გაუფასურდა. ადამიანსა და ქაღალდს ერთი ფასი აქვს…“
ქაღალდს გააჩნია: თუ ის ტკიცინა და მაღალი კუპიურაა, გადააჭარბებს ადამიან(ობა)საც, არა? ბიტკოინების ეპოქა მოდის, რა მოწყვლადობა თუ თანაგანცდა?! იყავით რაციონალურები, „მგელზე უფრო მგლები“, რომ გადარჩეთ…გულგრილობასაც ჰქონია ძალა ან თუნდაც თავდაცვა ზოგიერთი ადამიანადწოდებული „მავნე ტოქსინისგანო“ – გამიგონია ასეთი „ფსიქოთერაპიაც“ თანამედროვე პრაგმატიკოსებისგან.
ნუთუ, აღარავის ეხსომება მალე ისეთები, ატავისტურები, სხვისთვის შეწუხება, მსხვერპლობა, უდიდეს ადამიანურ მისიად რომ მიაჩნდათ?! ან დედატერეზასნაირი უანგარო მსახურები ღატაკი, წუთისოფლის მარგინალი, ტანჯულებისა?
რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაქცევდა ადამიანებად? ერთი…ერთი რომ გამოვყოთ მრავალთაგან.
მე სულიერ სისათუთეს ვიტყოდი, სიფაქიზეს, რადგან ყველაზე კარგად ეს შეგაგრძნობინებს ყოფიერებას…და მაინც ტკივილამდე მივდივართ, რომელიც ყველაზე დიდ სიღრმეებში ჩაგვახედებს. სწორედ სხვისი ტკივილის შეგრძნებაა მაღალი ადამიანობა. სულიერ სიცარიელეში არც წუხილია და არც აღტაცება, რომლებითაც იქმნება კულტურა, ხასიათი, ისტორია, ცივილიზაცია; ეს უკანასკნელი ტექნიკურამდე თუ დავა, კატასტროფა იქნება.
სულს წიგნი აფაქიზებს, ადამიანური განუმეორებლობით შესრულებული მუსიკის ჰარმონია და ღვთაებრივი გენიალური „სიმარტივით“ შექმნილი ბალახის სიჯიუტე თუ სიცოცხლისუნარიანობა.
ამიტომ ვერ ჩაანაცვლებს ადამიანს, სულს, ხელოვნური ინტელექტი, მანქანა.
გახსოვთ, ღმერთმა ერთი მართალი კაცის გამო ქალაქი რომ გადაარჩინა? ასე გადავრჩებით, სანამ ერთი მაინც იფიქრებს არა შავ, რაკეტისმჭვარტლიან, ანამედ იისფერ თოვლზე. გადავრჩებით, სანამ ციფრებამდე არ დავა და შეგვძრავს ადამიანური განსაცდელი, სანამ ანგარიშით, ანგარებით არ გაუბრალოვდება ჩვენი ოცნებები, ამაღლებული გრძნობები, ფიქრები…
ნაწარმოების მთავარი გმირი, გაი მონტეგი, რომელიც მეხანძრეა და ადრინდელი მეხანძრეებისგან განსხვავებით, კი არ აქრობს, აჩენს ცეცხლს – წვავს წიგნებს („წიგნები აცვიოდა მხრებზე, მკლავებზე, სახეზე. წიგნები უშიშრად, შინაური მტრედებივით ასხდებოდნენ ხელებზე და თან ფრთებს აფარფატებდნენ. აი, სუსტ, მოციმციმე სინათლეზე ქათქათა ფრთასავით აფარფატდა სიტყვებით მოქარგული ფურცელი…“), შეხვდება 17 წლის კლარისა მაკლელანს და ამის შემდეგ „ამოტრიალდება“ მისი ხელოვნურად „ჩაპროგრამებული“ წარმოდგენებიც ცხოვრებაზე და თავად ცხოვრებაც. აქამდე თუ გაიმ იცოდა, რომ არც მას და არც სხვას არ უნდა ჰქონოდა წიგნები („დაწვით დანტეს, სვიფტის და მარკუს ავრელიუსის წიგნები.“), ფიქრს იწყებს: „ეტყობა, ამ წიგნებში რაღაცა ისეთი რამ არის, რასაც ჩვენ ვერ ვხვდებით“. აი, რა შეძრავს გაის ყველაზე მეტად კლარისასთან საუბრიდან:
„– ბედნიერი ხართ?
- რა ხარო? –
ეს რაღა სისულელეა?“
გაის პიროვნული ბზარი, მოჯანყე მეორე „მე“ ადრე დაეწყო. ეს სინდისის, ღმერთის ხმაა, თუნდაც შინაგანი ცენზორი დავარქვათ ან თანდაყოლილი სულიერი წესრიგი…როგორც თანამოძმეები, „ბედნიერებას ნიღაბივით ატარებს“ და გოგონა მოსტაცებს ამ ნიღაბს. მიდის სახლში და ცოლს, მილდრედს, ეკითხება: „აბა, მითხარი, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ნამდვილად გაწუხებდა რაღაც?…რაიმე მნიშვნელოვანი, რაიმე არსებითი?“ რეი ბრედბერის მომავალში „გადასროლილი“ მკითხველისთვის საგანგებოდ შექმნილი წარმოსახვითი ფატნასმაგორიის მთავარი მახასიათებელი ხომ ისაა, რომ უნდა მოისპოს ყველაფერი, რაც გაწუხებს და ასე იქნები ბედნიერი…მე კი, ბრედბერისა არ იყოს, ყურში ჩამესმის: „მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული“…როცა სწავლების ვადა შეკვეცილია და განათლება ინფორმაციის ფლობასთან, ფაქტების ცოდნასთან ასოცირდება, ეს ფაქტებიც ერთმანეთს არ უნდა დაუკავშირო, დასკვნები არ უნდა გამოიტანო, რომ მელანქოლიამ არ წაგიღოს; როცა მუსიკა თუნუქის, სპილენძის, ვერცხლისა და თითბირის ჟღარუნისა და გრუხუნის ნარევია; როცა ფილოსოფია, ისტორია, უცხო ენები გააუქმეს და ისმება კითხვა: „რა საჭიროა რაიმეს სწავლა, თუ ღილაკზე თითის დაჭერა, ამომრთველის გადმოწევა და ხრახნებისა და ჭანჭიკების მოჭერა იცით?“(78); ღილი ელშესაკრავს შეუცვლია, დროს ჟამმზომის დუდუნი ავიწყებთ და იმასაც, რომ ის საფიქრებლადაც სჭირდება ადამიანს თუნდაც განთიადისას, ფილოსოფიურსა და მელანქოლიურ ჟამს…თეტრებში მხოლოდ კლოუნებიღა არიან, ოთახებში კი მინის კედელი-რობოტებია მოწყობილი; მეტი სპორტი და გართობა, რომ ადამიანმა აღარ იფიქროს! არ იყოს ინტეელქტუალური; „კი არ უნდა დავიბადოთ თანასწორნი, როგორც კონსტიტუციაში წერია, არამედ მერე უნდა გავხდეთ, ყოველი ადამიანი მეორის ასლი უნდა იყოს და მაშინ ყველა ბედნიერი იქნება, რადგან პირველი ვეღარ დაჩრდილავს მეორეს“(81); ასეთ „ინკუბატორის ბედნიერებაში“ კი „წიგნი გატენილი თოფია…დაწვით იგი და თოფი უტყვიოდ დარჩება“, წიგნის კითხვა კი ისჯება ციხით; აღარც გარდაცვლილების გლოვითაა თავის ატკივება საჭირო: კრემატორიუმებში უნდა დაწვა ისინი და დაივიწყო, ცეცხლი ხომ ყველაფერს „აცისკროვნებს და ასპეტაკებს“; როცა კულტურა განადგურებულია და ცივილიზაცია უფსკრულისკენ მიექნება…მოკლედ, როცა ყოველივე ზემოთქმული დამდგარია, რა გასაკვირია, რომ როგორც უამრავი ადამიანი, გაის ცოლი მილდრედიც თვითმკვლელობას გადაწყვეტს. მას ყველაფერი აქვს, თითქოს, იმისთვის, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი, მაგრამ შინაგან სიცარიელეს ვერ დაძლევს…გაი კი, ამ კონდიციამდე რომ არ მივიდეს, მიხვდება, რომ საჭიროა იმისი შენახვა, რისი დავიწყებაც საშიშია; მიხვდება, რომ კაცობრიობის შექმნის უდიდეს განძში – წიგნებშია ხსნა: „იცით თუ არა, რომ წიგნებს მუსკატისა და შორეული ქვეყნის სხვა რომელიღაც სუნელების სუნი უდის? ბავშვი რომ ვიყო, წიგნებს ვყნოსავდი“.
მოხუცი ფაბერის, ერთ დროს ინგლისური ენის პროფესორის, დახმარებით გაი მონტეგი გადაწყვეტს, საკუთარ თავს დაუბრუნდეს და ისევე დაინტერესდეს არა ნივთებით, არამედ მათი მნიშვნელობით, როგორც ფაბერი. მას წინ დიდი განსაცდელი ელის ყველაფრის წამლეკავ „მანქანურ-მექანიკურ“ ცინიზმთან: „არა, ნუთუ მართლა გაგასულელეთ იმ პატარა ჯიუტმა შეშლილმა? ყვავილები, პეპლები, ფოთლები, მზის ჩასვლა და რა ვიცი, ათასნაირი ოხრობა…ბალახის ღეროები, ნამგალა მთვარე…რა სისულელეებია!“
„ყოველმა ადამიანმა რაიმე უნდა დატოვოს ამქვეყნად, – …ბავშვი, წიგნი, ნახატი, საკუთარი ხელით აშენებული კედელი, საკუთარი ხელით შეკერილი ფეხსაცმელი, საკუთარი ხელით გაშენებული ბაღი. რაიმე, რასაც შენი ხელი შეხებია და რაშიც შენი სული ჩასახლდება სხეულის სიკვდილის შემდეგ. ხალხი შეხედავს შენ მიერ დარგულ ხეს ან ყვავილს და გაცოცხლდები.“ – ეს რეი ბრედბერის სიცოცხლის მარადიული წრებრუნვის ფორმულაა, მატრიცა, გინდაც თეორია და ამას ვწერ დღეს, როცა კიდევ ერთხელ აღსდგა მაცხოვარი, დაამტკიცა ეს კანონიც უწყვეტობისა, გაგრძელების პარადიგმაც თუ ღვთაებრივი განზრახულება, ხუთი ტალანტის იგავისა არ იყოს…მართლაც, რომ „სიყვარულის ტრიალია ყველაფერი“, როგორც ახლა უკვე მარადისობის მკვიდრი ჩემი მეგობარი ინგა მილორავა ამბობს; გინდა მეორედ მოსვლა დავარქვათ ამას, გინდაც ხელახლა დაბადება ყოველი ჩვენგანისა თუ წუთისფლის ხელში „ჩაცრილი“ საათის დამარცხება მარადისობის „უისრო“ დროით.
„ყველა თაობა იძლევა ხალხს, რომელთაც ახსოვთ ძველი შეცდომები და ჩვენ სწორედ ისინი უნდა შევარჩიოთ“; – განა, კლასიკოსი რისი კლასიკოსია, მისი სიტყვები დღევანდელობასაც რომ არ მოერგოს, ვითარცა „სამოსელი პირველი“…
მრავალ ბედნიერ აღდგომას, სამყაროვ!
მაია იანტბელიძე (ციტატები წიგნიდან რეი ბრედბერი
„451 ფარენჰაიტით“, გამომცემლობა პალიტრა L, 2024 წელი)