კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

წერის გაკვეთილები: ლექსის ფაზლი დამწყებთათვის

წერის გაკვეთილები: ლექსის ფაზლი დამწყებთათვის

ერთ დღეს მოსწავლეებს ლექსის დაწერა რომ დაავალოთ, მათგან აუცილებლად გაიგონებთ საყოველთაოდ გავრცელებულ შეგონებას, რომ ლექსის წერას სპეციფიკური უნარები სჭირდება, ყველას როდი შეუძლია „კარგად თქმა“, ანუ შემოქმედებითი წერა მხოლოდ „ზეგარდმო ნიჭით“ დაჯილდოებულთა ხვედრია.

მას შემდეგ, რაც სკოლაში ვასწავლი, ვცდილობ, წერის პროცესს თამაშის სახე მივცე და მიუწვდომელი ამ გზით მეტ-ნაკლებად მისაწვდომი გავხადო, რათა მოსწავლეებს ცოტათი მაინც შევუცვალო ზემოაღნიშნული შეხედულება და დავაჯერო, რომ სურვილის შემთხვევაში რიტმული ტექსტების შედგენა მათაც შეუძლიათ. ამ წერილში რამდენიმე ასეთ თამაშს და მათი მეშვეობით აგებულ ე.წ. ლექსის ფაზლებს წარმოგიდგენთ.

 

რითმობანა

როგორც ვიცით, ლექსს აქვს თავისებული რიტმი და რითმა, რომელიც მას პროზაული ტექსტისგან განასხვავებს. რითმა, სტრიქონებში მარცვლების შეთანხმებულ რაოდენობასთან ერთად, პოეტურ ტექსტებს კეთილხმოვანებას ანიჭებს. გარდა გრაფიკული ფორმისა, განსხვავებულია  ლექსის შინაარსიც. აქ მთავარი მწერლის ამა თუ იმ მოვლენით გამოწვეული ემოცია უფროა, ვიდრე თავად ეს მოვლენა. ემოციის სწორად გადმოცემას კი მნიშვნელოვნად გვიადვილებს ლექსის მუსიკა, რომელსაც რითმებით გაწყობილი რიტმული სტრიქონები ქმნიან.

ქართული რითმა საკმაოდ მრავალფეროვანია. მისი ნაირსახეობები ერთმანეთისგან განირჩევა შეთანხმებულ მარცვალთა რაოდენობისა (ერთ-, ორ-, სამ- და მეტმარცვლიანი) და ადგილმდებარეობის (პარალელური, ჯვარედინი, რკალური, გარე, შიდა და სხვ.), კეთილხმოვანებისა (ზუსტი/არაზუსტი, მდიდარი/ღარიბი, ღია/დახურული და ა.შ.) თუ შინაარსის (ომონიმური, ტავტოლოგიური, კალამბურული, ზმნური და სხვ.) მიხედვით.

რადგან წერილში დაწყებითი საფეხურისთვის შედგენილ „ლექსის ფაზლებს“ წარმოგიდგენთ, პოეტური ტექსტების აგებულების თავისებურებათა დეტალურ აღწერაზე აღარ შევჩერდები და რითმების აწყობის რამდენიმე მარტივ ხერხს შემოგთავაზებთ.

 

შეცვალე პირველი ასო-ბგერა

აღნიშნული მეთოდი I-II კლასებში მარტივი რითმების ასაგებად გამოგადგებათ. მაგალითისთვის, ავიღოთ სიტყვა „ხელი“ და მისი პირველი ასო შევცვალოთ სხვით (ც, ნ, ძ, წ, ვ, გვ, სა და ა.შ.). შედგენილი სიტყვები შეგვიძლია ტაეპების ბოლო სიტყვებად ჩამოვწეროთ (პარალელური რითმა) და შევავსოთ სასურველი შინაარსის ტექსტით. თავდაპირველად ვიყენებ ე.წ. სიტყვის ფაზლებს. სარითმო სიტყვებს მოსწავლეებს ვადგენინებ, სტრიქონების შესავსებად საჭირო სიტყვებს კი თავად ვთავაზობ (სასურველია, არეულად და მეტობით ჩამოვწეროთ რითმებთან მისასადაგებელი სიტყვები და ბავშვებმა თავად იპოვონ საჭირო ვარიანტები).

ვიწყებთ რითმებთან თითო სიტყვის მისადაგებით, მაგალითად:

მომეცი   ხელი,

გავიდა წელი,

აყვავდა ველი,

მე ისევ  გელი.

ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სტრიქონების შევსების მეთოდი: მოსწავლეებს ვაძლევთ ნაცნობ თემაზე შედგენილ, სასწავლო საფეხურის შესაბამისი სირთულის უცნობ ლექსს, რომელსაც აკლია სარითმო სიტყვები და ვთავაზობთ, ისინი თავად მიუსადაგონ. თავდაპირველად მოსწავლეებს ვაწვდით რითმების ჩამონათვალს რამდენიმე არასაჭირო სიტყვის ჩამატებით, რათა საჭირო სიტყვები იპოვონ და სწორად მიუსადაგონ ლექსის სტრიქონებს.

ასაკისა და გამოცდილების მატების შესაბამისად, შეგვიძლია, გავართულოთ დავალება და მოსწავლეებს სიტყვანაკლული სტრიქონების დამოუკიდებლად შევსება ვთხოვოთ. ბუნებრივია, ბავშვების მიერ შერჩეული რითმები ავტორისეულს იშვიათად ემთხვევა, თუმცა ლექსს შინაარსობრივად მიესადაგება, რაც ამ ერთგვარ ექსპერიმენტს მეტად სახალისოს და, რაც მთავარია, სასარგებლოს ხდის. საილუსტრაციოდ გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის ლექსის „გაზაფხული“ ერთ-ერთი მოსწავლის მიერ შევსებულ ვარიანტს:

ტყემ მოისხა ყვავილი,

აგერ მერცხალი გალობს,

ბაღში ვაზი გაზრდილი

მეტის ლხენითა ხარობს.

 

ახალი ლექსი ძველი რითმებით

შეგვიძლია, ეს თამაში V-VI კლასის მოსწავლეებს შევთავაზოთ. ამოვიწეროთ რომელიმე ლექსის რითმები და მოსწავლეებს მათი გამოყენებით ახალი რიტმული ტექსტის შეთხზვა ვთხოვოთ (უმჯობესია, მათთვის უცნობი ლექსის რითმები გამოვიყენოთ, რათა მოსწავლეებს განსხვავებული ვარიანტის შექმნა გაუადვილდეთ). მაგალითად ისევ ილია ჭავჭავაძის „გაზაფხულს“ გამოვიყენებ:

ტყეში ბევრია მწვანე ფოთოლი,

ტყეში ბუდეა, შიგ ბარტყი ჭყივის,

არ ჰყავს მშობელი, არის ობოლი

და ამიტომაც ხმამაღლა ტირის.

ზემოაღნიშნული აქტივობა საკმაოდ შრომატევად ლექსის ფაზლს წარმოადგენს. მას სჭირდება წინარე ცოდნა და გამოცდილება, ამასთან, თემის, სათქმელისა და ემოციის სწორად შერჩევა. თუ აღნიშნულ გარემოებებსაც თამაშის სახეს მივცემთ, მოსწავლეებს წერის პროცესს მნიშვნელოვნად გავუადვილებთ.

 

თემებისა და ემოციების ხურჯინი

ნაჭრის პატარა ტომსიკებში ვათავსებთ შერჩეული რითმებისთვის შესაფერის თემებსა და ემოციებს და მოსწავლეებს თითო ფურცლის ამოღებას ვთხოვთ. ამის შედეგად ისინი კონკრეტულ თემასა და ემოციაზე კონცენტრირდებიან და არჩევანზე დროს აღარ კარგავენ (დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა დიდ ნაწილს უძნელდება კონკრეტული საყრდენების/მინიშნებების გარეშე დავალებისთვის თავის გართმევა).

 

ითამაშე ლექსებით

I-III კლასებში, მოტივაციის ასამაღლებლად, ნაცნობი თამაშების ან საბავშვო გათვლების („წეროები“, „ენკი-ბენკი, სიკლისა“ და სხვ.) ტექსტებს ხშირად ვცვლი მოსწავლეთა მიერ ნასწავლი თუ შედგენილი ლექსებით. ვთამაშობთ „წეროებს“ შეცვლილი ტექსტით ან ვირჩევთ სალექსო რიტმის შესაბამის მუსიკალურ რიტმს/მელოდიას და ჩვენ მიერ შეთხზულ ტექსტებს ვრეპავთ/ვმღერით.

ზემოაღნიშნულ აქტივობებს ხშირად ვიყენებ დაწყებით საფეხურზე. ამის შედეგად მოსწავლეებს პოეზიისადმი დამოკიდებულებაც (წერას რომ თავი დავანებოთ, ლექსების წაკითხვა-გაგებაც ეძნელებათ) ეცვლებათ და შემოქმედებითი წერის ტექნიკაც ეხვეწებათ. რაც შეეხება მეთოდების მრავალფეროვნებას, მათ სიმწირეს ნამდვილად არ ვუჩივით. მთავარია, თითოეულმა ჩვენგანმა იპოვოს კონკრეტული კლასისთვის შესაფერისი/საინტერესო აქტივობა, რომელიც მოსწავლეებს პოეზიასთან დამეგობრებას გაუადვილებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“