საქართველოში საგზაო შემთხვევების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. სამწუხაროდ, მზარდია გარდაცვლილთა რიცხვიც. 2024 წელს ქვემო ქართლის რეგიონში 501 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა, რომელთა შედეგადაც გარდაიცვალა 56 და დაშავდა 715 ადამიანი.
2022 წლის 23 ნოემბერს მარნეულში, კოსტავას ქუჩაზე, მე-12 კლასის მოსწავლეს სიჩქარის გადაჭარბებით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. 2024 წლის 30 დეკემბერს მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მარნეულში ბოლო ხანს განსაკუთრებით დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. მოუწესრიგებელია საავტომობილო გზები, ტროტუარები და საფეხმავლო ბილიკები, გადატვირთულია მოძრაობა.
ზემოთ მოყვანილი მონაცემები და აღწერილი პრობლემები კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების სწავლება, სკოლის გარეთ არსებულ საფრთხეებზე ინფორმაციის მიწოდება. მიზნის მისაღწევად საჭიროა ისეთი დავალებების მოფიქრება, რომელთა შესრულებისას მოსწავლეებს მოუწევთ დაფიქრება საფრთხის წყაროებზე, მათი აღმოფხვრის გზებზე.
VII კლასში საგან „მოქალაქეობაში“ უსაფრთხოების სწავლებას რამდენიმე პარაგრაფი ეთმობა.
დავალების პირობა:
ორი კვირის განმავლობაში დააკვირდი თემში/სოფელში/ქუჩაზე საგზაო მოძრაობისა და ინფრასტრუქტურის კუთხით არსებულ პრობლემებს და აღრიცხე:
- დაზიანებული გზები, საფეხმავლო ტროტუარები;
- მონაკვეთები, სადაც, შენი აზრით, საჭიროა დამატებითი ნიშნების განთავსება;
- მონაკვეთები, სადაც წაშლილია ზებრა გადასასვლელები;
- საგზაო ნიშნები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ცუდად ჩანს.
გააკეთე ჩანაწერები, მოამზადე პრეზენტაცია და დაასაბუთე, როგორ ახდენს გავლენას ყოველივე ეს საგზაო მოძრაობაზე.
დავალებაზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცანი მარი მიხელიძის მინი-კვლევა საგზაო უსაფრთხოება ბოლნისის მუნიციპალიტეტში. კვლევაში წარმოჩენილი პრობლემები მოსწავლეებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ამასთან ერთად, ერთობლივად დავაკვირდით მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიას, შევისწავლეთ და გავაანალიზეთ არსებული პრობლემები.
მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებმა დამოუკიდებლად დაიწყეს საცხოვრებელ ქუჩებზე დაკვირვება. საბოლოოდ თავი მოიყარა სასარგებლო რესურსებმა. მეშვიდეკლასელებმა დავალებების შესასრულებლად პლატფორმა Canva შეარჩიეს. აპლიკაციის გადმოწერა ჭკვიან მოწყობილობებშიც შესაძლებელია. რაც მთავარია, საკმაოდ ადვილია პრეზენტაციების მომზადება მზა შაბლონების მიხედვით და მასწავლებელთან გაგზავნა. პედაგოგს, თავის მხრივ, შეუძლია, ნაშრომს დაურთოს განმავითარებელი კომენტარები.
ასეთი დავალებები მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებს, ითვალისწინებს მათ მიერ თემში ან ქალაქში საგზაო მოძრაობისა და ინფრასტრუქტურის პრობლემების დოკუმენტირებას. მოზარდები ორი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ დაზიანებულ გზებს, გაუმართავ ტროტუარებს, მოუწესრიგებელ ზებრა გადასასვლელებსა და მოუხერხებლად განთავსებულ საგზაო ნიშნებს. ფოტომასალისა და ჩანაწერების საფუძველზე მომზადებული პრეზენტაციები მათ არა მხოლოდ კვლევითი უნარების განვითარებაში დაეხმარა, არამედ რეალური პრობლემების ანალიზის შესაძლებლობაც მისცა.
ამგვარი მიდგომა მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და კრიტიკული აზროვნების უნარს. სწავლებაში ასეთი პრაქტიკული მიდგომის დანერგვა ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობასა და ცნობიერების ამაღლებას. ისინი სწავლობენ, როგორ უნდა დაიცვან თავი გზებზე, როგორ უნდა იპოვონ პრობლემები, როგორ შეიძლება მათი მოგვარება და ვისთან ითანამშრომლონ ამისთვის.
ამიტომ სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სწავლება არ უნდა დარჩეს თეორიულ ჩარჩოებში. საჭიროა უფრო პრაქტიკული, კვლევაზე დაფუძნებული მეთოდების დანერგვა, რათა ბავშვებმა არა მხოლოდ მიიღონ ცოდნა, არამედ პრაქტიკაშიც გამოიყენონ ის. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ მომავალში უფრო უსაფრთხო საგზაო გარემოს შექმნას და ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილებას.