მდიდარი ლექსიკური მარაგი კითხვასა და სწავლებაში წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გააზრებული კითხვა მეტწილად ლექსიკურ მარაგზეა დამოკიდებული. მწირი ლექსიკური მარაგი ხელს უშლის მოსწავლეებს ტექსტის გაგება გააზრებასა და წაკითხულის ირგვლივ საკუთარი აზრის გამოთქმაში. ლექსიკურ მარაგთან ერთად წაკითხულის უკეთ გააზრებისთვის მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ანდაზები, გამონათქვამები, იდიომები და ფრაზეოლოგიზმები ( ცხადია ასაკთან შესაბამისი)
გადავწყვიტე შემემოწმებინა რამდენად ფლობდნენ ლექსიკურ მარაგს ჩემი მოსწავლეები. ამიტომ სკრინინგის მიზნით მოსწავლეებთან შევიტანე ლექსიკური მარაგის შესამოწმებელი ტესტი kargiskola.ge-დან, რომლის ანალიზმა დამარწმუნა, რომ მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, რადგან არ იცოდნენ ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობა. ლექსიკური მარაგის გასამდიდრებელ ერთ-ერთ აქტივობად მივიჩნიე ანდაზების დასწავლა და გააზრება, მათი შესაბამება მოთხრობებისათვის და იგავებისათვის.
მოსწავლეებს წავუკითხე ი.გოგებაშვილის მოთხრობა „კეთილი სანდალა“, შემდეგ შევთავაზე სამი ანდაზა და ვთხოვე ამოეცნოთ თუ რომელი ანდაზა შეესაბამებოდა აღნიშნულ მოთხრობას. მოსწავლეთა ნაწილს გაუჭირდა მოთხრობისთვის ანდაზის შესაბამება. შემდეგ მოსწავლეებს დაფაზე დავუწერე ანდაზა „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“ და ვთხოვე გაეხსენებინათ რომელი მოთხრობა შეეფერებოდა ამ ანდაზას. მოსწავლეთა ნაწილმა გაიხსენა „მეფე და მხატვარი“, „ნაცარქექია“, მაგრამ აღმოჩნდნენ მოსწავლეები, რომლებმაც ვერ გაიხსენეს ვერც ერთი მოთხრობა. ამიტომ გადავწყვიტე მოსწავლეები კიდევ უფრო დამემეგობრებინა ანდაზებთან და დავიწყეთ პროექტი „ქვეყანა, სახელად ანდაზეთი“. საკლასო სივრცეში გამოკრული მქონდა ანდაზები, რომლებსაც მოსწავლეები კითხულობდნდნ ყოველთვის და მსჯელობდნენ თუ რას ნიშნავდა ესა თუ ის ანდაზა. პროექტის ფარგლებში წავიკითხეთ სულხან საბა ორბელიანის იგავები, ი.გოგებაშვილის მოთხრობები. წაკითხვის შემდეგ ვმსჯელობდით რომელი ანდაზა იქნებოდა შესაფერისი ამა თუ იმ მოთხრობისთვის. შემდეგ დავამზადეთ სანიშნეები, რომლებზეც სხვადასხვა ანდაზა იყო დატანილი. მოსწავლეებს რომელი სანიშნე-ანდაზაც შეხვდათ, უნდა მოეძიებინათ მისი შესაბამისი მოთხრობა ან იგავი, კლასში ყვებოდნენ მოძიებულ მოთხრობებს და დანარჩენებს უნდა გამოეცნოთ თუ რომელი ანდაზა ჰქონდა მას. მოსწავლეები ნელ-ნელა გაიწაფნენ ანდაზის მოთხრობასთან დაკავშირებაში. ასე დაგვიგროვდა უამრავი მოთხრობა, რომელიც ავკინძე წიგნად და ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლო მისით სარგებლობა.
პროექტის დროს გათვითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები, ამიტომ თუ რომელიმე მოსწავლეს არ შეეძლო მოთხრობის მოძიება, ან ანდაზებთან დაკავშირება მათ ვთხოვდი კლასში წაკითხული მოთხრობიდან დაეხატა ეპიზოდი, რომელიც საინტერესოდ მოეჩვენა, ან დაეხატა მოთხრობის პერსონაჟი, რომელიც დამახსოვრდა ამა თუ იმ თვისებების გამო.
ჩვენი სურვილი იყო ანდაზები გაგვეზიარებინა სხვა კლასის მოსწავლეებისთვისაც (გამეორება ცოდნის დედაა!) ამ მიზნით ანდაზები დავწერეთ ფერად ფურცლებზე და გამოვაკარით სკოლის დერეფნებში. ჩვენმა ჩანაფიქრმა გაამართლა, მოსწავლეები მიდიოდნენ და კითხულობდნენ.
როდესაც მოსწავლეებმა დაიმახსოვრეს უამრავი ანდაზა და შეეძლოთ მათი დაკავშირება მოთხრობებთან, მოსწავლეებს შევთავაზე ანდაზები დაეკავშირებინათ ჩვენს ყოველდღიურობასთან, საკუთარ ქცევებთან. ასე დააკავშირეს საკუთარ ქცევასთან ანდაზა „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“ (ორნი სპორტის გაკვეთილზე ბურთის გამო კინკლაობდნენ და ბურთი სხვამ წაართვა ). „მადლი ჰქენი ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდება“ ( თავისი შოკოლადი მეგობარს მისცა და ქუჩაში ორლარიანი იპოვა).
როდესაც ეს აქტივობები გადაეზარდათ ყოველდღიურ რუტინაში, მოსწავლეებმა თვითონაც დაიწყეს ანდაზებისა და გამონათქვამების გამოგონება:
- ნამდვილი მეგობარი ერთგულიაო.
- შენ თავს თუ რამეს მოუწევ, შენივე თავს დააბრალეო.
- ნასწავლი არასოდეს დაივიწყო.
- ნამდვილი მეგობარი არასდროს მიგატოვებს.
- ბოროტი ადამიანი მარტო სიბოროტეს იმახსოვრებს, სიკეთეს კი არაო.
- კეთილი ადამიანი ლამაზიაო.
პროექტის პარალელურად ვესწრებოდი ტრენინგს „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“. ტრენინგის პერიოდში დავგეგმე და განვახორციელე პროექტი: „ქაღალდის მეორე სიცოცხლე“. მოსწავლეების მიერ დამზადებული მეორადი ქაღალდი დავჭერით მომცრო ზომებად და დავაწერეთ ანდაზები, ასე შევქმენით მრავალჯერადად გამოსაყენებელი სასწავლო რესურსი.
პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა საკუთარ თავში აღმოაჩინეს ბევრი კარგი თვისება, განივითარეს სხარტი და კრიტიკული აზროვნება, გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი, შეძლეს ნასწავლის ტრანსფერი ყოველდღიურობასთან, ისწავლეს ინფორმაციის მოძიება და დახარისხება, შეიძინეს მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება, რაც მომავალში გამოადგებათ წარმატების მისაღწევად.