სამშაბათი, მარტი 18, 2025
18 მარტი, სამშაბათი, 2025

იდეიდან ტექსტამდე

 

  1. წერა და სნეულება

„აკუმის“ წერა გამომფიტავი იყო, ყველანაირად: ემოციურადაც, ფიზიკურადაც. ამიტომ, როცა ნაცნობს შევჩივლე, ბოლო დროს სულ ვავადმყოფობ და ვერაფრით მოვიკეთე-მეთქი, მან ჩემი მდგომარეობა ერთი მოხდენილი ფრაზით შეაფასა: „რომანმა წაიღო ჯანი“.

მაშინ გამეცინა. მერე დავფიქრდი. მერე იყო მეორე წიგნი და კვლავ ავადმყოფობები. ახლაც რომანზე ვმუშაობ და ახლაც, აი, ამწამს, როცა ამ ტექსტს ვკრეფ, ავად ვარ.

ერთი სიტყვით, თუ ვწერ, ვავადმყოფობ – ეს გარდაუვალია. ავადმყოფობა კი მრავალგვარია: შეიძლება, ჩემი ქრონიკული დაავადებებიდან (რომლებიც სწორედ „აკუმის“ დაწერის შემდეგ აღმომაჩნდა) გამწვავდეს რომელიმე ან ვირუსი შემეყაროს. „ახალი აღქმის“ მეორე ნახევარი ლოგინში მწოლიარემ გავასწორე. დაგეგმილი ასე იყო: ლვივში უნდა გამესწორებინა, სადაც სარეზიდენციო პროგრამით მივდიოდი, მაგრამ ავადმყოფობამ ხელი შემიშალა და ვერ წავედი.

თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა და, საერთოდ, რას ვროშავ – იმუნიტეტი მექნება დაქვეითებული, რის შველაც ვიტამინების მიღებით შეიძლება. ქრონიკული დაავადებები კი ისედაც მწვავდება დროდადრო – წერასთან ამას რა კავშირი უნდა ჰქონდეს?

ამ კითხვაზე მხოლოდ ნაწილობრივ შემიძლია, გიპასუხოთ. არც მგონია, რომ მასზე სრულყოფილი პასუხი არსებობს – შემოქმედების ამბავი მაინც იდუმალებით მოცული ამბავია, სულერთია, ვაღიარებთ თუ არა ამას ჩვენს ტექნოლოგიურ და მატერიალისტურ ხანაში.

დავიწყებ იმით, რომ მხოლოდ ჩემს გამოცდილებას არ აღვწერ: მილორად პავიჩი ერთ-ერთი ინტერვიუში (აქ წაიკითხავთ: https://www.dalkeyarchive.com/2013/08/02/a-conversation-with-milorad-pavic-by-thanassis-lallas/) საუბრობს იმ ორი ცდუნების შესახებ, რომლებიც მწერალმა რომანის წერისას უნდა გადალახოს. ამ ცდუნებებზე მსჯელობა ახლა ჩვენი სტატიის თემა არაა, ამიტომ გამოვტოვებ. საინტერესო ჩვენთვის ისაა, რასაც დასასრულ ამბობს: „თუ ამ ორ მომენტს გადალახავ, შედეგსაც კარგს მიიღებ. ჯანმრთელ რომანს დაწერ და მომდევნო ორ წელიწადს იავადმყოფებ. ხაზარული სიტყვისკონა რომ დავწერე, მერე მთელი ორი წლის განმავლობაში ძალიან მძიმედ ვიყავი ავად“.

ამრიგად, არაფერი მელანდება – ესაა ფასი, რომელსაც ვიხდით, რადგან რომანს ჩვენი სიცოცხლის რაღაც ნაწილი მიაქვს.

მეორე მხრივ, ჩემი ფსიქო-ემოციური მდგომარეობაც მკვეთრად უარესდება ხოლმე ვრცელ მხატვრულ ტექსტზე მუშაობისას. დეპრესიული განწყობები მეძალება, ღამით ცუდად მძინავს, გონება თითქოს დაბინდული მაქვს, ადეკვატურად განსჯა, რეალობის აღქმა მიჭირს. ამიტომ ვცდილობ, ასეთ დროს ორმაგად ფრთხილად ვიყო, თუკი რამე მაქვს გადასაწყვეტი, კარგად ავწონ-დავწონო, დინჯად და ისე ვთქვა „ჰო“ ან „არა“.

ეს ბუნებრივიცაა – რომანის წერა მუდმივად სხვა სამყაროში ყოფნას მოითხოვს, მხატვრულ სამყაროში. ამიტომ ამ დროს გავურბივარ ადამიანებს და ურთიერთობებსაც; ურთიერთობებს პირისპირ, ესე იგი, ძალიან ახლო ადამიანებთან, რადგან არაფრის გაზიარება და მოყოლა არ მინდა. სიჩუმეში მინდა ყოფნა, მდუმარებაში. საჯარო ღონისძიებებზე დავდივარ, მაგრამ ისე, რომ არც იქ ვილაპარაკო. არის ხოლმე ზოგჯერ, მომენატრება ლაპარაკი. ასეთ შემთხვევაში, თუ სადმე მიწვევენ, უარს არ ვეუბნები და პირიქით, სიამოვნებით ვხვდები მკითხველებს, თუმცა ეს ხშირად არ ხდება. კიდევ ერთი: კონსტანტინე გამსახურდია წერილში „როგორ ვწერ“ დასძენს, როცა ვწერ, ქალების სიახლოვეს გავურბივარო. უნდა გამოვტყდე, რომ წერისას რომანტიკულ თავგადასავლებს მეც ვერიდები – მაგისი არც თავი მაქვს, არც ხალისი და არც იმ სითბოს გამცემი ვარ, რომელსაც, ზოგადად, გავცემ ხოლმე. ჰოდა, გული რომ არავის ეტკინოს, ასე ჯობს. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ წერის გადამწყვეტი ფაზა არ გადაივლის. ეგ კი ყველა ტექსტს თავისი აქვს.

ეგაა, რომ ცუდად ყოფნისას გონების მოკრება მიჭირს. შესაბამისად, წერაც უფრო რთულია. მომსვლია ასეც: სიცხე მქონია, მიმუშავია და უარესად გავმხდარვარ, მაგრამ დღე თუ ჩავაგდე, სინდისი ისე მქენჯნის, მაგას ყველაფერი მირჩევნია.

მეორე მხრივ, თვითონ ავადმყოფობაც შეიძლება, შთაგონების წყაროდ იქცეს – მაგ დროს სხვანაირად ფიქრობ, შენს არსებობას სხვანაირად აცნობიერებ. სიუზენ ზონტაგს სიმსივნე რომ არ დამართოდა, ვინ იცის, შეიძლება, არც არასდროს დაფიქრებულიყო სნეულების მნიშვნელობაზე და „Illness and Its Metaphors“ არც არასდროს დაეწერა. პარადოქსულია, მაგრამ სნეულება შემოქმედებითად მეტად ნაყოფიერსაც გვხდის და ეს მთელ ხელოვნებაზე შეგვიძლია განვაზოგადოთ: ვივალდიმ დიდწილად იმის ხარჯზე მოახერხა, შეექმნა ამდენი მუსიკალური ნაწარმოები, რომ ასთმა სჭირდა, ღამით არ ეძინა და ამიტომ ბევრსაც თხზავდა. ფლენერი ო’კონორს თითქმის მთელი ცხოვრება შინ გამოკეტილს აქვს გატარებული – მისი დიაგნოზი იყო სისტემური წითელი მგლურა, საკმაოდ მძიმე, ავტოიმუნური დაავადება. იქნებ ამითაც აიხსნება მისი მოთხრობების ფსიქოლოგიური სიღრმე – როცა გარეთ ვერ გადიხარ, მზერას შიგნით მიმართავ. დეგას რქოვანის პათოლოგია დაუდგინეს, რამაც მისი მხედველობა საგრძნობლად გააუარესა. იგივე ითქმის მონეზეც, რომელსაც კატარაქტა სჭირდა. ამის გამოა, სიცოცხლის ბოლო წლებში შესრულებულ ნამუშევრებში, დეგასთანაც და მონესთანაც, მონასმები ძალზე უხეში, გამოსახულება კი უფრო და უფრო აბსტრაქტული რომ ხდება. აქ კი შეუძლებელია, არ ვახსენოთ ბორხესი და მისი არაჩვეულებრივი ესეი „სიბრმავე“, რომელშიც იგი აღწერს, როგორ თანდათან დაკარგა მხედველობა ბადურას ჩამოშლის გამო და ახსენებს ისეთ დიდ სახელებს, როგორიც ჰომეროსია, მსჯელობს, ზოგადად, ბრმა პოეტის ხატზე. თავად ბორხესი მხოლოდ სილუეტებსღა არჩევდა, როცა გადაწყვიტა, ანგლოსაქსურის შესწავლა დაეწყო და დაიწყო კიდეც თავის სტუდენტებთან ერთად.

„ყველაფერი, რაც შეგემთხვევა, იარაღად უნდა აქციო“, – წერს ამ ესეიში. ეს იყო, როგორც ჩანს, მისი მრწამსიც.

ხელოვნებაზე მჭრელი იარაღი კი სხვა რა გეგულებათ?

და ფსიქიკური აშლილობები? ვირჯინია ვულფი, სილვია პლათი, ინგებორგ ბახმანი… ჩამონათვალი უსაშველოდ გრძელია. ფსიქიკური აშლილობები აზიანებს ინტელექტუალურ უნარებს – ეს ზუსტად ვიცით. როგორ ახერხებდნენ, როგორ ქმნიდნენ? როგორ შეძლეს, რომ დაავადებამ მათი ნიჭი ვერ ამოჭამა? იმით ხომ არა, რომ სიცოცხლე გაიღეს ნიჭის სანაცვლოდ? თავად ავადმყოფობაც ხომ სიკვდილის ერთგვარი შეხსენებაა – სხეულის წარმავალობის, მისი ხრწნადობის; ან იქნებ პირიქით: უბრალოდ, ცვალებადობის ნიშანია? გარდაქმნის, განახლების.

ხელოვანი ადამიანისთვის, ალბათ, ასეა.

„ყველაფერი, რაც შეგემთხვევა, იარაღად უნდა აქციო“, ალბათ…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“