პარასკევი, მარტი 14, 2025
14 მარტი, პარასკევი, 2025

სწავლა-სწავლების პროცესის გამოწვევები

სწავლა-სწავლება საკმაოდ საინტერესო, გამოწვევებითა და აღმოჩენებით სავსე პროცესია, რომელსაც სწორად მართვა სჭირდება, რაც ცხადია, გულისხმობს მასწავლებლის, ტუტორის მიერ სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპების ცოდნასა და პრაქტიკაში მის ადეკვატურად დანერგვას. დღესდღეობით, ამ კომპლექსურ საკითხს განათლების ექსპერტები ფსიქოლოგიურ ჭრილში განიხილავენ და მიიჩნევენ, რომ მოსწავლის სწორად განვითარებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელებისთვის და საგნის ათვისება-გააზრების პროცესისთვის უმნიშვნელოვანესია, მასწავლებელს შეეძლოს მოსწავლესთან ადეკვატური კომუნიკაციის დამყარება, რომელიც განხორციელდება საბაზისო ფსიქო-ემოციური ფაქტორების გაცნობისა და ანალიზის საფუძველზე. ამრიგად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფსიქოლოგთა გარკვეული ნაწილი დაინტერესდა სწავლა-სწავლების პროცესით და ერთობლივად, სხვადასხვა მოსწავლეზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად შეიმუშავა ოცი პრინციპი, რომლებიც მასწავლებელს დაეხმარება თვითრეფლექსიაში, მოსწავლესთან კომუნიკაციის დამყარების ნაწილში, დიალოგის სწორად წარმართვის ასპექტში. წინამდებარე სტატიაში გვსურს, რამდენიმე მათგანზე ვისაუბროთ, გამოვყოთ მნიშვნელოვანი პრინციპები და გავუზიაროთ ის ფართო აუდიტორიას, რათა წარმოდგენილი მასალა განათლების სპეციალისტებმა დანერგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ.

როგორ ფიქრობს და სწავლობს მოსწავლე? – ეს ერთ-ერთი იმ მრავალ კითხვათაგანია, რომელზეც უნდა დაფიქრდეს მასწავლებელი, სანამ მოსწავლეთათვის საგნის, საკითხის გაცნობას დაიწყებს. აღნიშნული კი ეფუძნება მოსწავლის ფსიქო-ემოციურ-სოციალური ფაქტორების ცოდნას კონკრეტულ ასაკში. პირველი პრინციპის თანახმად, მოსწავლეთა ზოგადი რწმენა-წარმოდგენები ცოდნასა და განათლებაზე დიდწილად განსაზღვრავს მისი შემეცნების, სწავლის, მოტივაციის ხარისხს. თუ მოსწავლე ფიქრობს, რომ მისი გონება სწრაფად ვერ ჭრის რთულ პრობლემას ან მას რაიმე დაბრკოლების გადალახვა არ შეუძლია, ბუნებრივია, მუდმივად უჭირს გამოწვევების მიღება, მარცხში კი ახალ ცოდნის მიღების შესაძლებლობას ვერ ხედავს. ფსიქოლოგთა რეკომენდაციით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლესთან შექებისა და უკუკავშირის სწორად გამოყენება, რათა მას თავიდან ავარიდოთ აღნიშნულისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება. უკუკავშირი უნდა იყოს საქმიანი, არგუმენტებზე დაფუძნებული, აუცილებელია ნაშრომის დადებითი და უარყოფითი ნაწილის სწორად ჩვენება. არასასურველია ე.წ. შეფასებითი ლექსიკური ერთეულების ჩართვა, როგორიცაა: „მშვენიერია“, „იდეალურია“. უკუკავშირი მაშინაა ეფექტური, როდესაც მოსწავლე ხვდება, რა დაწერა სწორად და რა ნაწილში დაუშვა შეცდომა. ამის შემდეგ კი უნდა დაიწყოს მომდევნო ეტაპი.

როდესაც მოსწავლე თავს ვერ ართმევს რაიმე დავალებას, მნიშვნელოვანია მასწავლებელმა ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ მოსწავლემ ახალი სტრატეგიების გამოყენებით, საკითხზე ინფორმაციის გაღრმავებით, ძალისხმევის გაორმაგებით უნდა შეძლოს დავალების შესრულება, ახალ გამოწვევად უნდა დასახოს მოცემული პრობლემა. აღნიშნული საკითხი გულისხმობს, რომ მასწავლებელმა შესაძლოა, იგი სოკრატესეული კითხვების პრინციპით მიიყვანოს პასუხთან ან დამატებითი მასალაზე მიუთითოს, რათა მან საკუთარ თავზე მუშაობით, თვითშემეცნებით შეძლოს შეცდომის იდენტიფიკაცია და მისი გამოსწორების გზების ძიება.

საყურადღებოა, მასწავლებელმა არ შეაქოს მოსწავლე მარტივი დავალების შესრულების შემდეგ, ეს მის თვითშეფასებას აქვეითებს. აუცილებელია, დავალების შესრულების დროს ყველამ დამოუკიდებლად იმუშაოს. ეს ზრდის მოსწავლის თვითრეალიზაციის ხარისხს. შეცდომის დაშვება დადებითი კუთხით უნდა იყოს დანახული – როგორც ახალი „მწვერვალი“, რომლის „დალაშქვრაც“ გაორმაგებული ვარჯიშითა და ძალისხმევითაა შესაძლებელი.

 

შემდეგი პრინციპი გულისხმობს იმას, რომ მოსწავლის მიერ მიღებული გამოცდილება, სხვადასხვა საკითხზე ცოდნის დაგროვება განსაზღვრავს მისი სწავლის ხარისხს. ფსიქოლოგები გამოყოფენ ორ ცნებას: კონცეპტუალური ზრდა და კონცეპტუალური ცვლილება. პირველ ცნებაში გაერთიანებულია მოსწავლის ცოდნა გარკვეულ საკითხზე, მეორეში კი მის მიერ არასწორად აღქმული და დამახსოვრებული ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელს ევალება საკითხის შესახებ დამაჯერებელი, სანდო ინფორმაციის, მონაცემების წარდგენა. მან მოსწავლეს არგუმენტირებულად უნდა დაუმტკიცოს საკითხის მცდარობა. მეორე შემთხვევაში კი სწორედ მას უნდა მისცეს ე.წ. მთავარი როლი და თავადვე უნდა მიიყვანოს სწორ დასკვნამდე.

მოსწავლეს აქვს გარკვეული ცოდნა, რომელზეც ახალი უნდა დააშენოს. საყურადღებოა, მასწავლებელმა გამოარკვიოს, თუ რა ტიპის ინფორმაციას იცნობს მოსწავლე და მისთვის საინტერესო რაკურსით დაანახვოს ახალი საკითხი, რათა მას გაუჩნდეს ინტერესი და მისი ჩართულობის ხარისხი გაიზარდოს. ამისთვის კი საჭიროა ისეთი ინსტრუმენტის გამოყენება, რომელიც მათ საბაზისო ცოდნას შეამოწმებს.

 

მომდევნო პრინციპის კვალდაკვალ, გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი დავალების შესრულება, რომელიც სახელმძღვანელოშია წარმოდგენილი, არ მოიცავს გრძელვადიან მიზანს. იმისთვის, რომ მოსწავლემ ხანგრძლივ მეხსიერებაში „გადაიტანოს“ შესწავლილი საკითხი, მან პრაქტიკულად უნდა განახორციელოს იგი, სოციო-კულტურულ კონტექსტს უნდა დაუკავშიროს და თავად უნდა იყოს პროცესის აქტიური წევრი. დავალების შესრულება საშუალებაა, ხოლო პირადი გამოცდილების შეძენა უკვე მიზნის განხორციელება. შესაბამისად, გარდა პროექტებისა, საგულისხმოა მოსწავლემ იმუშაოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებულ ღია კითხვაზე, სადაც აუცილებელი იქნება პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და დასაბუთება. ამ მიზნის მისაღწევად, გარდა ფორმალური განათლებისა, საგულისხმოა არაფორმალური განათლების კომპონენტის გათვალისწინებაც, რომელიც კლასგარეშე აქტივობებს მოიცავს. ერთი საკითხის ორგვარი ფორმით მიწოდება გრძელვადიანი მიზნის მიღწევის გასაღებია.

მოსწავლემ უნდა გამოიმუშაოს საკუთარ თავთან მუშაობის უნარი, რომელიც ყურადღების, კონცენტრაციის, თვითკონტროლის, დაგეგმვის ასპექტებს მოიცავს. აღნიშნულის განსახორციელებლად კი საჭიროა კლასის სწორად ორგანიზება, სწორი ინსტრუქციების გაცემა, მოსწავლეთა მხარდაჭერა, მკაფიო და ნათელი მიზნების დასახვა, მოსწავლემ უნდა შეძლოს მოკლე და გრძელვადიანი შედეგების განსაზღვრა.

ამერიკელი ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ შემოქმედებითი აზროვნება დასწავლადია და აუცილებელია მასწავლებელმა სწორად იმოქმედოს მოსწავლეში მის გასავითარებლად. მან აუცილებლად უნდა ცვალოს აქტივობები, დავალებები ორიენტირებული უნდა იყოს შექმნაზე, გამოგონებაზე, წარმოდგენასა და ვარაუდების დაშვებაზე. უნდა განისაზღვროს, რომ მან ჯგუფში, სხვა სოციუმთან ერთად უნდა იმსჯელოს პრობლემაზე. მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იყოს ნებისმიერი მოსწავლის აზრი და შეხედულება.

სწავლა-სწავლების პროცესში საყურადღებოა გარეგანი და შინაგანი მოტივაციის როლი. გარეგანი მოტივაცია ცალსახად მნიშვნელოვანია, იგი გულისხმობს სხვადასხვა აქტივობის შესრულების შემდეგ მოსწავლის დაჯილდოებას კარგი ნიშნით, შექებით… ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლესთან სწორ უკუკავშირზე დაყრდნობით განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება. მიღწეული შედეგით კმაყოფილება, რომელიც ემყარება შრომასა და გარჯას, ასოცირდება დადებით ემოციასთან. თავისთავად მნიშვნელოვანია შინაგანი მოტივაციის განვითარებაც, იგი გულისხმობს თვითდისციპლინითა და თვითშემეცნებით მიღებულ სიამოვნებას. მას აღარ სჭირდება გარეგანი ფაქტორი მოტივაციისთვის, მისი მიზანია შეიმეცნოს და ამით გაბედნიერდეს. აღნიშნულ დონემდე მისასვლელად მოსწავლემ უნდა გაიაროს გარეგანი მოტივაციის ფაზა. შინაგანი მოტივაციის განვითარებისთვის საკმაოდ აქტუალური ინსტრუმენტია სამოტივაციო საუბრები. მოსწავლეს ვუხსნით აქტივობის საჭიროებას, ფუნქციას და ყურადღებას მახვილებთ იმაზე, თუ რა შედეგს მოუტანს ის მა. მაგალითისთვის, თუ მოსწავლეს კითხვის კომპონენტი აქვს განსავითარებელი, ამისთვის შემოგვაქვს განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტი, კითხვის შეფასების კრიტერიუმები, და ის თავად ხსნის თავის შეცდომებს და ისახავს მიზანს, თუ რა უნდა გააუმჯობესოს, როგორ და როდის უნდა მიაღწიოს აღნიშნულ მიზანს. მთავარი კითხვის პასუხამდე კი მოსწავლე მასწავლებლის მცირედი დახმარებით თავისით მიდის: თუ რატომ სჭირდება კითხვის უკეთ ცოდნა.

ამრიგად, ინსტრუმენტები მრავალგვარია, აუცილებელია მასწავლებელმა იკვლიოს, როგორ მიაღწიოს დასახულ მიზანს და რომელი ფსიქოლოგიური მახასიათებლები უნდა იყოს გათვალისწინებული აქტივობის განხორციელების დროს. უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლე ზრდასრულობის ასაკამდე ურთულეს ფსიქო-ემოციურ პროცესს გადის. სწორედ ამ მნიშვნელოვან წლებში ყალიბდება მისი თავდაჯერებულობისა და თვითაქტუალიზაციისკენ მიმავალი გზის უმნიშვნელოვანესი საფეხურები. მასწავლებლის როლი კი ცალსახად მნიშვნელოვანია, რადგან მისი თითოეული სიტყვა ღრმა კვალს ტოვებს მოსწავლის არაცნობიერზე, რომელიც ზრდასრულობის ასაკში ათასგვარი „მახინჯი“ ფორმით შეიძლება გამოვლინდეს.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Lucariello, S. Graham…. ,,Top 20 principles from psychology for prek-12 teaching and learning’’, American psychology assosiation, 2015;
  2. სწავლების მეთოდები და სწავლების სტრატეგიები: https://mastsavlebeli.ge/?p=2536

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“