მეფის ძე, ვახუშტი და თამაში ქართული ტოპონიმიკით
ინტეგრირებული გაკვეთილები ჩვენც გვიყვარს და ჩვენს მოსწავლეებსაც შემოქმედებითი იდეებითა და ენერგიით ავსებს. ადამიანი თავისი არსით ცნობისმოყვარე, ინტერდისციპლინური, სხვადასხვა დარგსა და საკითხში მოკირკიტეა, და თუ სწავლების რუტინა სწორედ ამ, მრავალმხრივი ჭვრეტითა და კვლევით არ გავამრავალფეროვნეთ, ჩვენც მოგვბეზრდება და ჩვენს მოსწავლეებსაც.
ვინ შეიძლება იყოს ჩვენი ინტერდისციპლინური კვლევა-ძიების მთავარი პერსონაჟი, თუ არა მეფის ძე-ვახუშტი, კაცი სამეფო აღზრდითა და სრული განათლებით, ერთნაირად განსწავლული ასტრონომიასა და გეოგრაფიაში, ფილოსოფიასა და მათემატიკაში, ძველ ენებსა და ქართულ ლიტერატურაში, ისტორიასა და რელიგიაში… მეფის ძე ვახუშტი – კაცი ბრძენი და ყოვლისმცოდნე.
სხვა მნიშვნელოვან ტექსტებს შორის მისი ერთი, მთავარი მარგალიტი – „აღწერა სამეფოსა საქართველოსაა“ – ფურცელზე მისხალ-მისხალ შეგროვებული, ნაკუწ-ნაკუწ გაერთიანებული სამშობლოს ამბავი, რომელიც ჩრდილოეთში გადახვეწილმა მეფისწულმა ჯერ ისწავლა, მერე დაიმახსოვრა, თან ატარა და სრულიად წარმოუდგენელი სიზუსტითა და სიყვარულით აღწერა, რუკებშიც ჩახატ-ჩახაზა და შთამომავლებსაც დაუტოვა, როგორც ოცნება და ხსოვნა.
წარმოიდგინეთ სადღაც, მოსკოვთან მცხოვრები დაკარგული ქვეყნის უფლისწული, რომელსაც ერთი ჯადოსნური თვისება აქვს – მეხსიერებაში სამშობლოს გამოხმობა, გახსენება, ყველა კუთხე-კუნჭულის გახსენება შეუძლია. ჰოდა, გადაშლის ამ თავის ხელნაწერს და ორ ყდას შუა თავის ქვეყანას წერს და ხაზავს, ყველა დაკარგულ ციხესა თუ დანგრეულ კოშკს, ყველა ნასოფლარსა თუ ნაქალაქარს და ნაქვეყნარს ერთ მთლიან, დიდებულ ქვეყნად აქცევს, მერე რა, რომ მხოლოდ ფურცელზე. სიტყვებით აშენებს და აკოწიწებს თავის დაკარგულ სამშობლოს.
ვახუშტის წიგნში გეოგრაფიული აღწერა არა თვითმიზანი, არამედ ისტორიული თხრობის თანამდევი ნაწილია, ისტორიული ამბების განვითარების ადგილი, ერთგვარი ლიტერატურული ტოპოსი, სადაც ყველაფერი მნიშვნელოვანია – მდინარე თუ წყარო, სასახლე თუ ნასახლარი, სოფელი თუ ქალაქი…
მთავარი მაინც პატარა ქვეყნის მთელი სიმდიდრის აღწერაა: რელიეფი, ჰავა, წყლები, მცენარეული საფარი, ცხოველთა სამყარო, მოსახლეობა და მეურნეობა, ნავთობი, რკინა, ოქრო, ვერცხლი, მარმარილო, გზების, სარწყავი არხები… ენა, სამოსი, ჩვეულება, რელიგიური რიტუალები, ანთროპოლოგია და ჰერალდიკა.
სივრცის გარდა, არც დრო ავიწყდება – უზუსტესი ქრონოლოგიური ცხრილები, მეფეთა მეფობის და ქალაქთა შენების ამბები დეტალურად ჩაუნიშნავს.
ვახუშტის ამ შრომის კიდევ ერთი პლასტი ენათმეცნიერის ინტუიციური ხედვაა, რომელიც ხშირად ტოპონიმიკურ კვლევებად გადაითარგმნება.
დაჰკვირვებიხართ ადგილს, სადაც ცხოვრობთ, რატომ ჰქვია სწორედ ეს სახელი და არა სხვა? რა ჰქვია ქალაქს თუ სოფელს, როგორია ამ ტოპონიმის ეტიმოლოგია? როგორ არქმევს ადამიანი სახელს ადგილს, რომელსაც მოიშინაურებს? რის მიხედვით? რა არის მისთვის მნიშვნელოვანი? როგორ ირჩევს ერთგვარ საზღვარს თუ სახურავს თავისი ყოფიერების სახლისთვის?
ვახუშტი ბატონიშვილის შრომები მდიდარ ტოპონიმიკურ მასალას მოიცავს, განსაკუთრებით საინტერესოა ტოპონიმთა ეტიმოლოგიის ამოხსნის ცდა, ზოგჯერ ე.წ. ხალხური ეტიმოლოგიის ვერსიები, ზოგჯერ კი საკმაოდ დამაჯერებელი და ლოგიკური სახელდებაც. რა რა და, მათემატიკოსსა და ასტრონომ უფლისწულს სიზუსტესა და ლოგიკას ვერ დაუწუნებ.
„ხოლო მუხრანმან მოიგო სახელი ესე მუხათაგან, სადაცა არს ადგილთა ამათ შინა ტყე უმეტეს მუხანი“;
არამედ იორი გაორებისათჳს, წადგან აქუთ სახელი ერთი – „იორა ამ მდინარემ“.
„არამედ სახელი ესე ეწოდა: ოდეს ვერღარა იტევდა ძურძუკეთი კაცთა, ბ მეფემან საურმაგ აჰყარა მუნიდამ და მისცა აქა საპანე და დასხნა სულნი დიდძალნი. ამის გამო იწოდა სავანეთი“.
სახელდება – ჭეშმარიტად ყველაზე სახალისო გართობაა, მხოლოდ სახელების ამოცნობა და ამოხსნა – საუკეთესო ინტელექტუალური თამაში.
ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიისა და ისტორიის დისციპლინათა მიჯნაზე მოსწავლეებთან ერთად საინტერესო კვლევითი პროექტების მომზადება ჩვენი ქვეყნის ტოპონიმიკის შესახებ ახალ შტრიხს შესძენს შემეცნების პროცესს.
კვლევის გეოგრაფიული ნაწილი ამა თუ იმ გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობასა და თავისებურებას მოიცავს. ისტორიული ნაწილი მნიშვნელოვან მოვლენებზე მოგვითხრობს, მაგალითად, საქართველოს რომელი რეგიონის ნაწილია ესა თუ ის გეოგრაფიული ობიექტი, როგორია დემოგრაფია, რომელი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა უკავშირდება მას. ხოლო ლინგვისტური კვლევა ტოპონიმის წარმოშობაზე, ეტიმოლოგიაზე, ფონეტიკურ თუ მორფოლოგიურ შედგენილობაზე, ცვლილებებზე გაამახვილებს ყურადღებას, ასევე, ამა თუ იმ ტოპონიმთან დაკავშირებულ ხალხურ ეტიმოლოგიასა თუ გადმოცემებს გაგვაცნობს. რასაკვირველია, ამ პროექტის მთავარი კონცეპტუალური ქოლგა ვახუშტის შრომა იქნება – რა შეიცვალა მას მერე, რაც ვახუშტიმ აღწერა ესა თუ ის გეოგრაფიული ობიექტი? როგორი იქნებოდა დღევანდელი, 21-ე საუკუნის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“?
კიდევ ერთი, ამ კვლევების პროცესში აუცილებლად წააწყდებით დეტალებს სხვა, ახალი პროექტებისთვის, მაგალითად, იცოდით, როგორ აღწერს ვახუშტი უფლისციხეს?
„აშურიანს ზეით არს უფლის-ციხე, კვერნაქის გამოკიდებულის კლდის გორასა ზედა. მტკვრის კიდესა, რომელი აღაშენა პირველად უფლოს, ძემან ქართლოსისამან, და იყო ქალაქი ჩინგისამდე; აწ არს შემუსვრილი. არამედ შენობა უცხო, კლდისაგან გამოკვეთილი; პალატნი დიდ-დიდნი ქანდაკებული კლდისაგანვე; გვირაბი ჩახვრეტით ჩაკაფული მტკვრამდ[ე], დიდი. დასავლით აქუს ქარაფი მაღალი, და მას შინა გამოკვეთილნი ქვაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუალ არს.
აქა არს ბუზნი. გამოსული იხილვების სპა-ლაშკარნი შუბოსანმშვილდოსანნი, ცხენოსანნი, გალაშკრებულნი, ნიშვნენ მისნობად და უწოდებენ უფლის-ციხეს“.
წარმოიდგინეთ, ბუზთა სიმრავლე ადამიანის თვალს ატყუებს და მხედართა ლაშქარს წარმოადგენინებსო, ეს ისტორიკოსისა და გეოგრაფის კი არა, დიდოსტატი მწერლის ხედვაა. ამიტომაც, შემოქმედებითი წერის აქტივობები და ამ მცირე ეპიზოდების საინტერესო ლიტერატურულ ტექსტებად გარდაქმნა უკვე სხვა ფორმატით, ვთქვათ, კლასის ლიტერატურულ კლუბში შეგიძლიათ.