ანუ ლიტერატურის ენაზე „ხალხო, ფრთხილად, ეშმაკს არ წამოვავლოთ ხელი!“
ყველაფერი ახალი რომ კარგად დავიწყებული ძველია, ამაზე დიდი ხანია, საზოგადოება შეთანხმებულია. თითქოს იცვლება სამყარო, კონსტანტინე გამსახურდიას თქმის არ იყოს, იცვლება ქვეყანა, მაგრამ ბევრი რამ უცვლელი რჩება, თითქოს წრეზე ტრიალებს ყველაფერი. უცვლელია, გრძნობები, უცვლელია ემოციები, უცვლელია „მრავალსაუკუნოვანი სისულელის … სურათები“, უცვლელია დამოკიდებულებები და მათ შორის უცვლელია ჩვენი შიშიც შეუცნობლის, უცნობისა და შესაცნობის მიმართ, ამის მიზეზი კი ხშირად არ გაგვაჩნია. ყველას გვახსოვს ილია ჭავჭავაძის მგზავრის ცნობილი სიტყვები:
„თერგდალეულები ჩვენს ქართველ კაცს როგორღაც არ ეჭაშნიკება და არ მოსწონს. ამაზედ ფრიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ: პირველი, იმიტომ არ მოსწონთ, რომ თერგდალეულები მართლა-და თერგდალეულები არიან, მეორე იმიტომ… იმიტომ, რომ მეორესაც თერგდალეულები არიან, მესამე იმიტომ… იმიტომ… იმიტომ, რომ მესამედაც თერგდალეულები არიან. მოდი და ამისთანა ჭკვიანური საბუთი სხვა საბუთით დაურღვიე ჩვენს დარღვეულს ქართველობას.“ (ილია ჭავჭავაძე, „მგზავრის წერილები“)
ეს დამოკიდებულება და შიში ჩვენი ცხოვრების ყველა მომენტში იჩენს თავს. სამყაროს დასაბამიდანვე ჩვენ გვეშინია ახალი ნივთების, რისკის გაწევის, უცნობი ცხოველის, უცნობი დაავადების, ბუნების მოვლენების და უამრავი რამის… ინსტინქტურად უკუვაგდებთ ყოველგვარ ახალს, და ეს ინსტინქტი კაცობრიობისთვის თვითგადარჩენის ერთგვარ გასაღებად იქცევა ხოლმე. ეს ინსტინქტი დღეს ცვლილების, ნორმიდან გადახრის შიშია. ჩვენ გვეშინია ახალი ტექნოლოგიების, ტექნოლოგიური პროგრესის, ახალი სოციალური გამოცდილების, კომფორტის ზონიდან გამოსვლის, ზოგადად, ნებისმიერი უცნობი რამის. რატომ? ამაზე პასუხი, თერგდალეულების შიშისა არ იყოს, ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ გვეშინია. გვეშინია და, შესაბამისად, არც გვინდა. შესაძლოა, წინასწარ გვეშინია მარცხის, წარუმატებლობის, შეცდომების დაშვების, იმის, რომ წინასწარ ვერ ვსაზღვრავთ შედეგებს, ან ადრე განცდილი მარცხის გამო გვეშინია გაბედვის, იმედგაცრუების…
ცვლილების შიში სიახლის მიღებით გამოწვეულ სიამოვნებას ყოველთვის თავიდან აგვარიდებს, შესაბამისად, პიროვნულ განვითარებასაც შეუშლის ხელს.
სამყაროში, რომელიც მუდმივად ვითარდება, ინოვაცია ხშირად განიხილება, როგორც პროგრესის გასაღები. ახალი ტექნოლოგიები, იდეები და წინსვლა აყალიბებს ინდუსტრიებს, საზოგადოებებს და ჩვენს ცხოვრებასაც კი. სიახლეების მიმართ შიში (ნეოფობია), ფესვგადგმულია ადამიანის ცნობიერებაში.
ეს ფესვგადგმული სიფრთხილე უცნობის მიმართ თანამედროვე სამყაროშიც გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები დღეს ძალიან განსხვავებულია – ძირითადად არამატერიალური, როგორიცაა სამუშაო ბაზრის დარღვევა ან სოციალური სტრუქტურების დაკარგვა – ფსიქოლოგიური რეაქცია მსგავსია. როგორც წესი, ღრმა უხერხულობას ვგრძნობთ, როდესაც ვაწყდებით ახალ იდეებს, ტექნოლოგიებს ან ცხოვრების წესს, რომლებიც ბოლომდე არ გვესმის ან ვერ ვაკონტროლებთ.
ადამიანები გაურბიან სიახლეებს, რადგან ბუნებრივად ერიდებიან გაურკვევლობას. ინოვაციებთან ან სიახლეებთან შეჯახებისას, ადამიანებმა შეიძლება ინსტინქტურად იგრძნონ, რომ რისკები აჭარბებს სარგებელს, მაშინაც კი, თუ ეს ობიექტურად სიმართლეს არ შეესაბამება. დანაკარგის შიში ამძაფრებს ამ ეფექტს. უფრო მეტიც, ინდივიდები კომფორტს პოულობენ ნაცნობ რუტინაში, რწმენასა და ტექნოლოგიებში.
ინოვაციის შიშზე ხშირად ღრმა გავლენას ახდენს სოციალური და კულტურული ფაქტორები -ნორმები, ღირებულებები და ტრადიციები.
როდესაც ინოვაციები მოდის გარე წყაროებიდან – უცხო ქვეყნები, უცნობი ინდუსტრიები ან ტექნოლოგიური გიგანტები – შეიძლება იყოს ბუნებრივი ეჭვი ან შიში „უცხოობის“. ამან შეიძლება შექმნას დაუცველობის განცდა.
სიახლეებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე საგრძნობი შიში არის სამუშაო ადგილების და ეკონომიკური სტაბილურობის საფრთხე. ბევრს ეშინია, რომ ინოვაციები მათ უნარებს გამოუსადეგარად აქცევს, ეს კი საბედისწერო გავლენას ახდენს განვითარებაზე. თუნდაც დღეს ბევრი ეჭვობს, რომ ხელოვნური ინტელექტი მის საქმიანობას ჩაანაცვლებს და თავად ფუნქციას დაკარგავს ბუნებრივი გონი, თუმცა ამაზე საუბარი სხვა დროს განვაგრძოთ.
ვთანხმდებით, რომ ლიტერატურა ერთგვარი სარკეა, ასახვაა ჩვენი ცხოვრებისა თუ ქვეცნობიერისა. ჰოდა, ლიტერატურაში უამრავი მაგალითია იმისა, რა დამოკიდებულება აქვთ სიახლეების მიმართ საზოგადოებაში. ასეა ქართულ ლიტერატურაშიც და ასეა ყველგან. სულ რამდენიმე მაგალითი გავიხსენოთ: რეი ბრედბერის წიგნში „451ფარენჰეიტით“ სწორედ იმიტომ წვავენ წიგნებს, რომ ადამიანებს ფიქრის, განვითარების შესაძლებლობა არ მისცენ, გააქრონ ინდივიდუალური აზროვნება და პიროვნება ბრბოს ნაწილად აქციონ. ახალი იდეები, მათი აზრით, დამღუპველია კაცობრიობისთვის. ოლდოს ჰაქსლის ტექსტშიც „მამაცი ახალი სამყარო“ საზოგადოებას სწორედ ქაოსისა და დისკომფორტის მოლოდინის გამო ეშინია სიახლის.
თემაზე საუბარს ორუელის უკვდავი „1984-ის“ გარეშე ვერ განვაგრძობთ: პარტია ხელს უწყობს სიახლის, ცვლილების შიშის დანერგვას, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს რომანი თვალნათლივ გვიჩვენებს, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას საზოგადოებაში არსებული შიში სიახლეების მიმართ.
მსგავს თემებს ეხება კაფკას არაერთი ტექსტი („პროცესი“, „მეტამორფოზი“…) და სხვა მწერალთა უკვდავი ნაწარმოებები.
დროის ცვლილება და განათლების მიმართ ახლებური დამოკიდებულება აწუხებს „კაცია-ადამიანის“ ლუარსაბს. რატომ? იმიტომ, რომ ესეც მისი კომფორტის ზონაში დარჩენას ეწინააღმდეგება. „რაც ეს რაღაც ეშმაკური სკოლები შემოიღეს, ბატონო, ქართველ კაცის ხეირი მაშინ წავიდა… რა კაცები არიან?! წიგნი იციან? მე თუ წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ ვარ, ქუდი არა მხურავს, განა! ხორცი მე არ მაკლია და ფერი. წიგნი რა ვაჟკაცის ხელობაა, – ეგ ხომ ქალის საქმეა. ვენაცვალე უწინდელ დროს! ყველაფერი მაშინ თავის დონეზედ იყო მოყვანილი.“
თუმცა, ცვლილების, სიახლისკენ ლტოლვის გარეშე განვითარება სად გაგონილა?!
ისევ ილიას დავესესხოთ: „ნუ დააგდებ ძველსა გზასაო“ – ეს ჩინეთიდამ შემოგვეპარა“… ესეც არ ყოფილა ქართული და ტრადიციული.
გიორგი ლეონიძის ციციკორე გავიხსენოთ, როგორ ებრძვის რკინიგზის შემოყვანას: „-აგიჟინიათ მატარებელი, მატარებელიო! აქებთ რკინიგზას და იმას კი არა ფიქრობთ, რა უნდა ჰქნას ხარ-კამეჩმა, ცხენმა? მაშ, ურემი უნდა გადავყაროთ? მერედა უურმოთ ქართველი კაცი გაგონილა? ან ღვინის ქირაზე რით წავიდეთ, ან ცხენს რა ვუყოთ? ამას რატომ არ უფიქრდებით?.. ჰაერი გაფუჭდება, პური და მტევანი მოიწამლება, ხალხი იავადმყოფებს, უნამუსობა ჩამოვარდება! განა გოგოები ეგრე თავისუფლადღა გაივლიან?.. ხალხო, ფრთხილად, ეშმაკს არ წამოვავლოთ ხელი!“
ჰო, სიახლეს და განსხვავებულობას საზოგადოება ხშირად (თუ ყოველთვის არა) ხვდება სკეპტიკურად, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ ეს სიახლე აუცილებელია განვითარებისთვის. „ვეფხისტყაოსნის“ მთელი ტირაჟი გაანადგურეს თავის დროზე, როგორც ბილწების მასწავლებელი წიგნი, ჯორდანო ბრუნო კოცონზე დაწვეს…
საზოგადოებას არ უყვარს სიახლე, არ უყვარს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მაგრამ ამის გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი. მასწავლებლებიც სწორედ ამას ვასწავლით ჩვენს მოსწავლეებს.