სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ჩვენი ცხოვრების ტონალობა

ბგერათა მრავალფეროვან სამყაროში ჩვენ ყოველდღიურად სხვადასხვა „ხასიათის” სიტყვები ჩაგვესმის. თუ დავაკვირდებით, ყოველ წარმოთქმულ სიტყვას ჟღერადობის საკუთარი შეფერილობა აქვს. ეს განსაზღვრული სიმაღლის ბგერა – ტონი გახლავთ.
მუსიკა მსოფლიო ფენომენია, ენა საზღვრების გარეშე. მუსიკა და ენა განუყოფელია. თავის ტვინში ისინი ერთნაირი სისტემით მუშაობენ. მუსიკა და ენა ტონალობებსა და ბგერებს განსაზღვრული წესებით უხამებენ ერთმანეთს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ენების მელოდიის იმიტაციას მუსიკა ახდენს. მსოფლიოში ენების უმეტესობა ტონალურია (ენები მუსიკალური მახვილით), განსაკუთრებით – აზიის (ჩინური, ტაილანდური, ვიეტნამური) აფრიკისა და ამერიკის ძირძველი ენები. ეს ეხება ინდოევროპულ ენებსაც (მაგალითად, დანიური ენა ვოკალური ტიპის ენებს განეკუთვნება). ამ ენებში გადამწყვეტი ტონის სიმაღლეა. სწორედ ის განსაზღვრავს სიტყვის ან მარცვლის მნიშვნელობას, ანუ აზრის გადმოცემისთვის განმსაზღვრელი ბგერის სიმაღლეა.

იმის მიხედვით, როგორ გარემოში გვიწევს ყოფნა, ტონი მუდმივად გვეცვლება. არსებობს საქმიანი, მბრძანებლური, ქედმაღლური, ალერსიანი ტონი. მედიცინაში გვხვდება გულის ყრუ და სუფთა ტონები, მხატვრობაში – ნათელი და მუქი ტონები… ფერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ხომ ტონია. ტონი ფერისა და სინათლის კავშირია და ეს ურთიერთდამოკიდებულება განსაზღვრავს ნატურის მთლიანობაში აღქმას. აი, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი კარგ ტონად ითვლება გარშემო მყოფთათვის უხერხული სიტუაციების  არიდება ანუ ეტიკეტის დაცვა. ქცევის კულტურა ჩვენს მანერებზეა დამოკიდებული. მაგალითად, როგორ მივმართავთ თანამოსაუბრეს, საუბრისას გამოყენებული გამოთქმები, ტონი, ინტონაცია, ჟესტიკულაცია, მიმიკა და სხვა. საზოგადოებაში კარგ მანერებად მიიჩნევა თავმდაბლობა, თავდაჭერილობა, ხმადაბლა საუბარი და ყურადღების გულწრფელი გამოვლენა.

როგორც აღვნიშნეთ, ურთიერთობებში ტონალობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საინტერესოა, რა არის ტონალობა და როგორ აიგება ის. მაგალითად, ხან თუ საზეიმო მანერით ვლაპარაკობთ, ხან – მაღალფარდოვნად, ხან – ოფიციალურად, ცივად, ხან კი მეგობრულად, ინტიმურად, განსაკუთრებით თბილად. და მაინც, ურთიერთობებს უმთავრესად სამგვარი ტონალობა განსაზღვრავს: ოფიციალური, ნეიტრალური და მეგობრული. ურთიერთობისას ტონალობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე – იმაზე, ოფიციალურია თუ არა გარემო, ნაცნობობის ხანგრძლივობაზე, სიახლოვეზე, მოსაუბრეთა განსაკუთრებულ ურთიერთდამოკიდებულებასა და პიროვნულ თვისებებზეც კი.

სხვათა შორის, ოფიციალურ-საქმიანი ურთიერთობისას მბრძანებლური ტონი უფრო და უფრო მოძველებულად და მიუღებლად მიიჩნევა, ის თანდათან უკან იხევს და ადგილს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს უთმობს, ამიტომ ოფიციალური ურთიერთობისას ძირითადი ტონი ხდება მშვიდი, გაწონასწორებული, თავშეკავებული და თბილიც კი. ყოველ კულტურულ ადამიანს უნდა შეეძლოს საჭირო ტონალობის შერჩევა ნებისმიერ სამეტყველო სიტუაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში კომუნიკაცია წარუმატებელი იქნება.

თანამოსაუბრესთან კეთილმოსურნე ურთიერთობის დასამყარებლად საჭიროა შეირჩეს ურთიერთობის ისეთი ტონალობა, რომელიც მოცემულ ვითარებასა თუ გარემოში ყველაზე მოხერხებული იქნება. ერთს შესაძლოა ასე მივმართოთ: „უკაცრავად”; მეორეს – „მაპატიეთ”; მესამეს – „გთხოვ, მაპატიო”. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოტივი მართავს ჩვენს სამეტყველო ეტიკეტს, ხოლო მიზანი კი არის მიმართვის არჩევანი.

უცნაურია, რომ ადამიანები თავიანთი საუბრის ტონს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ხან კი უბრალოდ არ იციან ან იქნებ ვერც ახერხებენ ხმის მოდულირებას ანუ ტონალობის ვარირებას. ყოველ ჩვენგანს ხომ საკუთარი ტონალობა აქვს; ხმის ტემბრი, საუბრის მანერა ინდივიდუალურია.

ალბათ ყველამ ვიცით, რომ სიმღერა აუმჯობესებს ჩვენი ხმის ტემბრს. სიმღერაში რეგულარული მეცადინეობით ხმას გამოუმუშავდება ისეთი თვისებები, როგორიცაა სიმსუბუქე, გამჭვირვალობა, ფრენა, სირბილე, მოქნილობა, სასიამოვნო ხავერდოვანი კეთილხმოვანება.

მუსიკასა და მეტყველებას შორის საკმაო მსგავსებაა. ორივე გააზრებული და ლოგიკურია. ისევე როგორც მეტყველება, მუსიკაც გადმოგვცემს აზრებსა და ემოციებს. როგორც მეტყველებაში, ასევე მუსიკაშიც ცალკეული ბგერები ან ბგერათა ნაკრები არაფრისმთქმელია, არაფრის გამომხატველი. ეს შემთხვევითი ბგერებია – ანბანის ასო-ბგერები (ელემენტები). აზრის გამოსახატავად ბგერები აუცილებლად ორგანიზებული უნდა იყოს განსაზღვრული სისტემის ჩარჩოებში. მაგალითად, ასო-ბგერები, რომლებსაც მეტყველებისას ვიყენებთ, ანბანის მიხედვით არის ორგანიზებული. ცხადია, ანბანის ცალკეული ასო-ბგერა ჯერ კიდევ არ არის მეტყველება, ეს მხოლოდ „სამშენებლო მასალაა” მეტყველებისთვის. ინფორმაციის გადასაცემად ჩვენ ასო-ბგერებს ერთმანეთთან სტრუქტურულად ვაკავშირებთ და ასე თანდათან ბგერებს ჯერ სიტყვებად, მერე კი წინადადებად ვაქცევთ. ბგერებს შორის ყოველთვის არსებობს განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებულება, კომბინაცია, კანონზომიერება. სწორედ ბგერათა მთელი ეს სისტემა და მათი ურთიერთშეხამება მეტყველებაში არის ენა. სხვაგვარად ორგანიზებული იგივე ბგერები უკვე სხვა ენას ქმნის. 

შინაარსობრივად მუსიკაშიც ასევეა – ოქტავაში შემავალი თორმეტივე ბგერა ანბანია (ოქტავების გამეორების ჩათვლით). უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკა თორმეტიდან ძირითადად 7 ბგერას  (საფეხურს) ეფუძნება. ეს 7 ბგერა ოქტავებში შესაძლოა სხვადასხვაგვარად განლაგდეს და მათ შორის ჩამოყალიბდეს განსხვავებული ურთიერთკავშირი, სისტემები, როგორც სხვადასხვა ენები მეტყველებაში. ამგვარი სისტემა მუსიკაში კილოს ნიშნავს.

კილო ბგერათა რიგია (ტონებისა და ნახევარტონების თანმიმდევრობა), უფრო ზუსტად კი ბგერათა რიგის სტრუქტურა, გამაში ნოტებს შორის ურთიერთკავშირი, დაფუძნებული არამყარი და მყარი საფეხურების მიზიდულობაზე. მეტ-ნაკლებად დასრულებული მუსიკალური აზრი, გამოხატული ერთ ან რამდენიმე ხმაში, ძირითადად მთავრდება მყარი ბგერით (ან აკორდით), უმეტესად – ტონიკით (I საფეხურით). 
 
მუსიკის ისტორიული განვითარების გზაზე გამომუშავდა ტონების სხვადასხვა რაოდენობის მქონე კილოებრივი სისტემები. ალბათ ვიცით, რომ მუსიკალური ხელოვნება მრავალი ათეული წლის განმავლობაში კილოს საფუძველზე ვითარდებოდა. მაგალითად, ზოგიერთი უძველესი კილო დღემდე გამოიყენება ხალხურ და პროფესიულ მუსიკაში. თუმცა ეს უძველესი და ასევე შუა საუკუნეების კილოები საგრძნობლად განსხვავდებოდა დღევანდელი კლასიკური მაჟორისა და მინორისგან იმით, რომ მათი მრავალფეროვნება მაჟორისა და მინორის მკაფიო ამოცნობის საშუალებას ვერ იძლეოდა. კილოს გააზრება და ბგერათა შორის ფუნქციური დამოკიდებულება თანდათან ვითარდებოდა.

ხანგრძლივი განვითარების შედეგად ფორმირებულმა ევროპულმა მუსიკის ბგერითმა სისტემამ საყოველთაო გავრცელება პოვა მსოფლიოში. შემდგომ სწორედ მათ ეწოდათ ყველასთვის კარგად ნაცნობი კილოები: მაჟორი (მხიარული) და მინორი (სევდიანი). 

ეს ცნებები მოიაზრებს ოქტავაში შემავალი ქრომატული ბგერათა რიგის 12 სხვადასხვა სიმაღლის ბგერას, რომელთა შორის მხოლოდ 7-ია ძირითადი (დიატონური) და აქვს საკუთარი სახელი (დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი). ყოველი კილო შეიძლება აიგოს ნებისმიერი საფეხურიდან. შედეგად ერთი და იგივე კილო შესაძლოა შეგვხვდეს ნებისმიერ სიმაღლეზე იმის მიხედვით, სად მდებარეობს მისი პირველი საფეხური ანუ ტონიკა. 
ჩვენ არაერთხელ გვსმენია ტერმინები: გამა დო მაჟორი, გამა ლა მინორი და ა.შ. მაგრამ მათი მნიშვნელობა ბევრმა შესაძლოა არც იცოდეს. ერთი მხრივ, გამა ტექნიკური სავარჯიშოა თითების სისწრაფის განსავითარებლად, მეორე მხრივ კი ტონალობას განსაზღვრავს (გამის დასახელება დამოკიდებულია კილოზე, რომელშიც ის აგებულია და ტონიკაზე, საიდანაც იწყება). ტონიკა პირველი და ყველაზე მთავარი ბგერაა ტონალობაში. უნდა ვიცოდეთ, რომ ის ტონალობის გვირგვინია.
მოდი, ამჯერად, გავარკვიოთ, რა ადგილი უკავია ტონალობას მუსიკაში. 
ტონალობა არის მუსიკალური კილოს მდებარეობის დამკვიდრება (ფიქსირება) განსაზღვრული სიმაღლის ბგერათა რიგის კონკრეტულ მონაკვეთზე. ის არის ტონიკისა (I საფეხური) და კილოს ურთიერთკავშირი. ტონალობა კილოს სიმაღლეა. კილოს აგება შესაძლებელია ნებისმიერი ნოტიდან. მაგალითად, თუ ავაგებთ მაჟორულ კილოს ნოტიდან „დო”, მას დაერქმევა დო მაჟორი; მინორულ კილოს ნოტიდან „ლა” – ლა მინორი. ე.ი. თუ გვსურს, მივიღოთ ტონალობა დო (ან 7 ნოტიდან ნებისმიერი) მაჟორი, მაშინ ტონიკად უნდა მივიჩნიოთ ნოტი „დო”, ხოლო კილოდ (მიხრილობა) – მაჟორი (ან მინორი). ტონიკა არის – დო. მაჟორი არის კილო და არა ტონალობა, ხოლო დო მაჟორი არის ტონალობა. ვინაიდან თანაბრად ტემპერირებულ წყობაში, ოქტავაში, არის 12 სხვადასხვა დასახელების ბგერა, გვაქვს 12 მაჟორული და 12 მინორული ტონალობა (აქვე აღვნიშნავ, რომ ალტერაციის ნიშნებს მომავალში აუცილებლად შევხვდებით).

ამრიგად, ყველა ტონალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორ უმთავრეს კომპონენტს – ტონიკასა და კილოს, ანუ: 
(ამიტომაც გვხვდება მუსიკალურ ლიტერატურაში ორივე ტერმინი – „კილო-ტონალობა”).
მარტივად თუ ავხსნით, ტონალობა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სახელმწიფოდ, რომელსაც აქვს გარკვეული საზღვრები, რომელთა დარღვევა (დამწყებთათვის სწავლის პროცესში) სასურველი არ არის. თუმცა მოგვიანებით ერთი ნაწარმოების ფარგლებში სხვადასხვა ტონალობაში გადახრა ისედაც ისწავლება. „საზღვრების” ამ „დარღვევას” კომპოზიტორები ხშირად მივმართავთ ხოლმე.
ტონალობის უფრო უკეთ გაგებისთვის ავიღოთ თვითმფრინავის კონსტრუქტორი. ყველა დეტალის გამოყენებით შეგვიძლია ავაწყოთ თვითმფრინავი. ფანტაზიას გასაქანს თუ მივცემთ, სხვა რამის აწყობასაც შევძლებთ. მაგრამ თუ გამოვიყენებთ დეტალს, რომელიც ნაკრებში არ შედის, უცნაური ფორმის კონსტრუქცია გამოგვივა, შესაძლოა, ულამაზოც. ასევეა მუსიკაშიც: ტონალობა ხომ „ნოტების ნაკრებია”, რომლის გამოყენებით შესაძლებელია კეთილხმოვანი მელოდიის შექმნა ან პირიქით. 
მელოდია ან ნებისმიერი აკორდი, როგორც წესი, რომელიმე ტონალობაშია აგებული. მაგალითად, ფაილი, რომელიც ჩვენს კომპიუტერშია, საქაღალდეში ინახება, საქაღალდე – კომპიუტერის ერთ-ერთ მყარ დისკზე. სწორედ მყარი დისკია კილო, საქაღალდე – ტონალობა, ხოლო კონკრეტული ფაილი – აკორდი.

წერილს ვასრულებ მაჟორულ ტონალობაში (C-dur), თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრის სურვილით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“