(პირველი ნაწილი)
წიგნის მკითხველამდე მისასვლელი გზა წინასწარ განსაზღვრულია. ამგვარი შთაბეჭდილება შემექმნა წაკითხული წიგნების აღმოჩენის თავგადასავლებზე დაკვირვებისას.
რვა წლის წინ, 2016 წლის ზამთრის შუადღეს, უწერის სკოლის რამდენიმე მოსწავლესთან ერთად, დირექტორის თხოვნით, გავემგზავრე ონში, სადაც ქალბატონი ელენეს ნამუშევრები უნდა დაგვეთვალიერებინა. ასე გავიცანი ძალიან საინტერესო და მშვენიერი ქალბატონი ელენე მაგრაქველიძე. ერთმანეთისთვის მოყოლილმა ამბებმა ნინო ზედელაშვილთან სატელეფონო საუბრამდე მიგვიყვანა. ქალბატონმა ნინომ ბავშვობა ჯუგაანში გაატარა, იმ სოფელში, სადაც დედაჩემი გაიზარდა, სადაც ჩემს დიდ ბებიას, მატრო ბაბოს, უღარიბესი, თუმცა ჩემთვის ზღაპრული სახლი ედგა და, ას წელს გადაცილებული, კუთვნილი სამართლის საპოვნელად „ხელმწიფესთან“ შეხვედრაზე ოცნებობდა.
რაჭაში, ქალაქ ონში ვიყავი და ვესაუბრებოდი ქალბატონ ნინოს, რომელმაც დიდი სიყვარულით გაიხსენა ჩემი ბებიები და დედაჩემი. სწორედ მაშინ შევიტყვე, რომ მას გოდერძი ჩოხელის შესახებ წიგნი გამოუცია. ნინო ზედელაშვილის წიგნი „ნაწილიანი – მოგონებები გოდერძი ჩოხელზე“ ქალბატონმა ელენემ მათხოვა. გავიდა დრო, მთელი რვა წელი. ძალიან მრცხვენოდა, ნათხოვარი წიგნის დაბრუნება რომ ვერ მოვახერხე, მაგრამ წაუკითხავად წიგნთან განშორებაც არ მსურდა.
ახლა კი სამაგისტრო თემაზე მუშაობისას აგერ უკვე მესამედ ვკითხულობ წიგნს, რომელიც, მინდა, ძალიან ბევრმა წაიკითხოს. 2016 წელს რომ წამეკითხა „ნაწილიანი“, მგონია, რომ ისე ვერ აღვიქვამდი, როგორც ახლა. ამასობაში დოკუმენტური თუ სამეცნიერო ლიტერატურისადმი სიყვარული გამიმძაფრდა და წიგნში ასახული ამბების სწორად აღსაქმელად ცხოვრებისეული გამოცდილებაც დამიგროვდა.
ჩემი წილი გოდერძი ჩოხელი
სანამ წიგნის შესახებ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ, გოდერძი ჩოხელთან შეხვედრა უნდა გავიხსენო. 2002 წელს ჩემი სკოლის ქართულის მასწავლებლებმა, ირინა ჩლაიძემ და ხათუნა მეტონიძემ, სკოლაში გოდერძი ჩოხელი და პაკო სვიმონიშვილი მოიწვიეს. 23 წლის შემდეგ უკვე ვიცი, რომ ის შეხვედრა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა იყო, მაშინ – ჩვეულებრივი, მერე კი ცხოვრების დინებაში უცნაურად გაელვებული, გამოცისკროვნებული და წინასწარგანზრახულობის მრავალი ნიშნის დამტევი.
იმ დღესთან დაკავშირებული ყველა დეტალი მიყვარს. ამბავი ხათუნა და ირინა მასწავლებლების ულამაზესი ღიმილით დაიწყო. მოვიდნენ და მოწიწებით მთხოვეს, მწერლისთვის ჩემი ჩანახატი წამეკითხა. ვიფიქრე, ახლა ვერაფერს დავწერ-მეთქი და ჩემი ზაფხულის არდადეგები გავიხსენე. იმ წელს გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ბახანში, ჩემი რძლის მამიდის ოჯახს ხშირად ვსტუმრობდი. დავადგებოდით მე და ჩემი მეგობრები ფასანაურიდან ბახანისკენ მიმავალ გზას და სულ სიცილ-კისკისით ავდიოდით ჩვენს უფროს მეგობართან, გელასთან. ისიც ხალისით დაგვატარებდა გუდამაყრის ხეობაში, თუმცა ჩვენ მალევე ვიღლებოდით და უკან ვბრუნდებოდით. ერთხელაც დიხჩოში ავედით. იქ მითხრეს, რომ დიხჩო გოდერძი ჩოხელის დედის სოფელი ყოფილა. „მგელი“ (შემდეგ უკვე „წითელი მგელი“) მქონდა წაკითხული და რომანის სიუცხოვით გაოცებულს, მახარებდა იმის გააზრება, რომ გუდამაყარში, შავი არაგვის ხეობაში, დავდიოდი. დიხჩოში ყოფნისას ჩანახატი დავწერე, შეხვედრისთვის კი განვავრცე. „ნეტავ როდის შევხვდები გოდერძი ჩოხელს და სიამაყით ვეტყვი: იცით, მე დიხჩოში ვიყავი, თითქმის დავლაშქრე თქვენი გადაშლილი წიგნი-მეთქი!“ – ასე იწყებოდა ჩანახატი.
სკოლის სააქტო დარბაზი სავსეა ხალხით. დედასთან ერთად ვზივარ და ვუსმენ ბავშვებს, რომლებიც ჩანახატებს კითხულობენ. ვიცი, სად ზის გოდერძი ჩოხელი, მაგრამ ხალხი მეფარება და ვერ ვხედავ. ძალიან ვნერვიულობ. მაკვირვებს სხვა ბავშვების გახსნილობა, აუდიტორიის წინაშე თამამად საუბარი. ჩემი ჯერი მოდის. გავდივარ და გოდერძი ჩოხელის წინ, მოშორებით ვდგები. სცენაზე არ ავდივარ. მაცვია ჩემი კლასელის, ლევანის, დედის, უსაყვარლესი მაგული დეიდას, შეკერილი გრძელი შავი კაბა, ვარ ძალიან გამხდარი და ვამბობ: გამარჯობა, ბატონო გოდერძი, მე კოტორაანთ ქალი, ლელა ვარ-მეთქი. ვშლი ჩემს ყავისფერყდიან დღიურს და ვიწყებ კითხვას. ჩანახატის მოსმენის შემდეგ გოდერძი ჩოხელი დგება, მოდის ჩემთან და გულში მიხუტებს. არ ვიცი, რამ მომაფიქრებინა მისასალმებელი სიტყვები. შეიძლება ითქვას, რომ მანამდე მხოლოდ ერთ კონფერენციაზე გამოვედი აუდიტორიის წინაშე და ისე ვღელავდი, საკუთარი გულისცემა ისე მკვეთრად და ხმაურიანად მას შემდეგ აღარასდროს გამიგონია. საჯაროდ გამოსვლის მღელვარებისგან თავის დასაღწევად ძალიან ბევრი დრო დამჭირდა. სწორედ ამიტომ მიკვირს იმ შეხვედრისას მოფიქრებული და გაჟღერებული სიტყვა. „ნაწილიანის“ წაკითხვის შემდეგ კი მივხვდი, რომ თავად გოდერძი ჩოხელს ჰქონდა უხილავი ძალა, რომელიც ყველას გულსა და სულს სწვდებოდა და მასთან სიახლოვისას ადამიანებზეც მოქმედებდა.
შემდეგ მწერალს ბავშვები ავტოგრაფებისთვის გარს შემოეხვივნენ. მე წრის მიღმა ვიდექი და ჩემს რიგს ველოდებოდი. ძალიან მერიდებოდა – ეს იყო პირველი ავტოგრაფი, რომელიც მწერლისთვის უნდა მეთხოვა. გოდერძი ჩოხელმა დამინახა, თავისთან მიმიხმო და დღიური გამომართვა. წერდა დიდი გულისხმიერებითა და მოწიწებით. ასე დარჩა მისი ულამაზესი ხელნაწერი ჩემს დღიურში: „ჩემო ლამაზო ლელა, ძალიან მიხარია, რომ არსებობ ასეთი კარგი გოგო და დედაჩემის სახელი გქვია. ვთხოვ ჩოხის წმინდა გიორგის, ყველგან და ყველაფერში შეგეწიოს“.
ახლაც თვალწინ მიდგას შეხვედრის ყველა დეტალი. ახლა ვხვდები, რომ ჩემი წილი გოდერძი ჩოხელი დამიტოვა ამ წარწერით, ეს რამდენიმე წინადადება ჩემი პირადი ამულეტია, ჩემი თილისმა, დალოცვა, ჩოხის წმინდა გიორგისთან შუამავლობა.
სკოლის სააქტო დარბაზიდან გამოსვლისას პაკო სვიმონიშვილი გამომეცნაურა. სკოლის მეორე ფლიგელთან დამაკავშირებელი ხიდი ერთად გადავიარეთ. პაკომ თავისი ლექსებისა და თარგმანების წიგნი მაჩუქა წარწერით: „ლელას და მის მშვენიერ ქართულს“. უცნაური შეხვედრა რომ იყო, ამას შემდეგი ამბავიც მოწმობს: იმ შეხვედრიდან 14 წლის შემდეგ, 2016 წელს, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი უწერის სკოლიდან ფასანაურის სკოლაში წამოვიღეთ. ამ იდეის ავტორი ონის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი შუქურა ჯაფარიძე იყო. მისი ინიციატივით, ტრანსპორტირება ონის მუნიციპალიტეტმა დაგვიფინანსა. დილის 6 საათზე უწერიდან ფასანაურისკენ დავიძარით. თან მიგვქონდა უწერის ტყეში მეცხრეკლასელი პაატას მიერ მომწვადული (ფესვიანად ამოღებული) პაწია ნაძვი. მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში, რაჭველი მოსწავლეები გოდერძი ჩოხელის საფლავის სანახავად შევიყვანე. იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩოხელის საფლავთან ახლოს ყოფილა პაკო სვიმონიშვილის საფლავიც. გული დამწყდა. არაფერი ვიცოდი მისი გარდაცვალების შესახებ. ეს იყო მეორე შეხვედრა პაკოსთან და ისევ გოდერძი ჩოხელთან ერთად.
სპექტაკლი სახელად „უფლისჩიტა“ ფასანაურის სკოლაში უნდა დაგვედგა. გოდერძიმ ზედა საფეხურის რამდენიმე კლასი ისწავლა ფასანაურის სკოლაში. მანამდე ეს სკოლა იმიტომ მიყვარდა, რომ იქ მამაჩემი სწავლობდა. იმ დღეს მეგონა, სკოლის კედლები ჩემთვის საუბრობდნენ და მიყვებოდნენ მოზარდი მთიული ბიჭების შესახებ. ვფიქრობდი მათ გულისცემაზე – ვინ იცის, რამდენჯერ სწყენიათ, გახარებიათ, იქნებ ვინ მოსწონდათ… წიგნს დართული აქვს ფოტოებიც, რომელთაგან რამდენიმე ფასანაურშია გადაღებული. გოდერძი ჩოხელის ფასანაურის ფოტოებმა გამახსენა მამაჩემის ბავშვობის ფოტო, რომელზეც 14-15 წლის მამა თავის ორ მეგობართან ერთად დგას, დიდი ზომის პალტო აცვია, კაშნე შემოუხვევია და იღიმის. ვარცხნილობა, დგომის მანერა – ფოტოზე აღბეჭდილი ყველა დეტალი მიყვარს. მამას ზურგს უკან დგას ზურა ნათლია, რომლის სახელი შემდეგ მამამ თავის პირველ შვილს დაარქვა. ამ სტატიის წერისას ზურა ნათლიამ ახალი წლის მოსალოცად დამირეკა, მოკითხვის შემდეგ ვკითხე, თქვენ და მამა გოდერძი ჩოხელს თუ იცნობდით-მეთქი. ნათლიაჩემმა მიპასუხა, გოდერძი ჩვენზე რამდენიმე წლით პატარა იყო, ახლო ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ ვიცნობდითო.
ნინო ზედელაშვილის მიერ შეკრებილი მოგონებების კითხვისას კიდევ უფრო გამოიკვეთა კავშირი ჩემს წილ გოდერძი ჩოხელთან.
წიგნში აღწერილია, როგორი საოცარი, იშვიათი სიყვარული ჰქონდა დედა-შვილს. როდესაც მწერლის დედის, ლელას, შესახებ მსახიობების, რეჟისორების მონათხრობს ვკითხულობდი, მივხვდი, რატომ წამოდგა გოდერძი ჩოხელი ჩემთან ჩასახუტებლად. მე მას გავახსენე დედა, რომელსაც მუდამ შავი ტანისამოსი სცმია, ძალიან გამხდარი ყოფილა და ვფიქრობ, ჩემი მოსმენისას გარდაცვლილი დედის მონატრება გაუმძაფრდა. მათი საოცარი დედაშვილობის შესახებ ყველაზე უკეთ „ანგელოზთღამეობა“ ჰყვება. ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ მთელი არსებით გავიაზრე ჩემს დღიურში მწერლის ხელით ჩაწერილი სიტყვების სევდანარევი სიხარული: „დედაჩემის სახელი გქვია“. გოდერძი ჩოხელის მხატვრული სამყარო დედისადმი სიყვარულით არის სავსე. ლელას ესმოდა ფრინველების, ცხოველების, მცენარეების ენა, ნახულობდა წინასწარმეტყველურ სიზმრებს, ესაუბრებოდა ქვებს, ანგელოზებს, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა გოდერძისთან.
კოტორიანთ ქალები გოდერძი ჩოხელის რომანებისა და მოთხრობების პერსონაჟები არიან. ისინი გამოირჩევიან სიმამაცით, უსამართლობის მხილების უნარით. „ნაწილიანს“ ბოლოს დართული აქვს ოჯახის წევრების მოგონებები. გოდერძი ჩოხელის მამა, ნიკო ჩოხელი, იხსენებს:
„კოტორიანთ ქალი სოფიო კინოშიც გადაიღო და წიგნშიც დაწერა. კოტორიანთ ქალს დიდი ამაგი აქვს ჩვენს ოჯახზე, ძალიან კეთილი იყო. გოდერძი გამორჩეულად უყვარდა, მისთვის არაფერი ენანებოდა“.
წიგნში ამოვიკითხე, რომ გოდერძი ჩოხელს აუსრულებელ ოცნებად დარჩა „ვარდისფერი კაცის“ ფილმად გადაღება. ისევ უწერის სკოლის მოსწავლეებთან ერთად დადგმული სპექტაკლი გამახსენდა. სცენარზე მუშაობისას ბევრი მოთხრობა წავიკითხე და სულ ხუთი შევარჩიე, მათ შორის ერთი „ვარდისფერი კაცი“ იყო. მთავარი პერსონაჟის, ამბროსუკუნას, როლს მიშო ასრულებდა. რეპეტიციაზე ბავშვებს ფოტო გადავუღე – მიშო-ამბროსუკუნა ზის, ტომრიდან ფერად-ფერად ძაფებს იღებს, გარს გუდამაყრელი ქალებივით ჩაცმული რაჭველი გოგოები შემოხვევიან. ეს წამი, ჩვენი ერთად ყოფნის, სილაღის, ლიტერატურითა და მოძრაობით ტკბობის ამსახველია. რეპეტიციის დროს ძალიან ბევრს ვიცინოდით იმ მომენტზე, ამბროსუკუნა გუდამაყრელ ქალებთან რომ მიდის. „ნაწილიანის“ კითხვისას ვფიქრობდი, რაღა მაინცდამაინც „ვარდისფერი კაცი“ შევარჩიე… თურმე მე და ჩემს მოსწავლეებს ავტორის იმქვეყნად გაყოლილი ოცნება რეალობად გვიქცევია უწერის სკოლაში, სადაც გოდერძი ჩოხელის საუკეთესო მეგობარი, ზურაბ ქაფიანიძე სწავლობდა. წიგნიდან შევიტყვე გოდერძი ჩოხელის არაჩვეულებრივი, ულამაზესი, კეთილშობილი მეუღლის, ნინო მელაშვილის, შესახებ და ისიც ამოვიკითხე, რომ სწორედ ზურაბ ქაფიანიძე ყოფილა მათი მეჯვარე.
სამაგისტრო თემაზე მუშაობისას გოდერძი ჩოხელის მეუღლეს მივწერე. ქალბატონმა ნინომ დამირეკა და დიდხანს ვისაუბრეთ. გვიანი საღამო იყო. შინ ვბრუნდებოდი. ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი და ხელახლა დავიწყე „ნაწილიანის“ კითხვა. ქუჩის ლამპიონების შუქზე მალე ჩემმა საყვარელმა ჩანართმა, გოდერძი ჩოხელის ბარათმა გამოანათა: „ნინკა მიყვარხარ… ნინკა მიყვარხარ… ნინკა მიყვარხარ… ნინკა მიყვარხარ… ნინკა ნინკა! არავის არ დაუწერია ასეთი კარგი რომანი“, – წერია მთელ გვერდზე. რომ არა ეს წიგნი, ვერ გავიცნობდი მწერალს, მის ოჯახს, მისი ცხოვრების შესახებ ფრაგმენტული წარმოდგენა მექნებოდა. არადა, თუნდაც ეს პატარა ბარათი, რომელიც „ნაწილიანის“ ავტორს ნინო ზედელაშვილსა და გოდერძი ჩოხელის მეუღლეს მწერლის გარდაცვალების შემდეგ შემთხვევით უპოვიათ მისი ნაწერების მოწესრიგებისას, როგორი მრავლისმთქმელია გოდერძი ჩოხელის შინაგანი სამყაროს შესახებ.
გოდერძი ჩოხელის დედა, ლელა, გარდაცვალებამდე ოშპიტალში, საავადმყოფოში, დაუწვენიათ. ჩემს ბავშვობაში ოშპიტალში საავადმყოფო იყო. მახსოვს, ერთხელ პაპაჩემი შიო ავად გახდა და რამდენიმე ხანს იქ იწვა. მის მოსანახულებლად მამას დავყვებოდი. 5-6 წლის ბავშვისთვის ეს იყო დიდი თავგადასავალი. გოდერძი ჩოხელის მოგონებებმა გამახსენა ჩემი ბავშვობის ის დღეები, რომლებიც ბუნდოვნად მახსოვდა.
განსაკუთრებით შემიყვარდა გოდერძი ჩოხელის ინგლისურის მასწავლებლის, იამზე ბექაურის, მოგონება:
„გოდერძი სკოლას რომ ამთავრებდა, გამოსაშვებ გამოცდაზე არაჩვეულებრივი თემა დაწერა, მგონი სამამულო ომზე. მაშინ გამოჩნდა მისი საოცარი ნიჭი, აზროვნება.
უკვე ცნობილი მწერალი და რეჟისორი იყო, როდესაც 147-ე სკოლაში შეხვედრა მოვუწყვეთ. ბავშვებმა ბევრი იშრომეს, მოემზადნენ. ძალიან ლამაზი საღამო იყო, სცენაზე გოდერძის პერსონაჟები ერთმანეთს ცვლიდნენ, წითელი გველეშაპიც გვყავდა, ბავშვებმა ბერული და ჯღუნურიც იცეკვეს. გოდერძი გახარებული და გაოცებული იყო. სპექტაკლის შემდეგ მითხრა, ისე ცოცხლად იყო ყველაფერი, თავი გუდამაყარში მეგონა და იმ ბავშვებში ჩემს თავს ვეძებდიო“.
გოდერძი ჩოხელთან შეხვედრის შემდეგ 23 წელი გავიდა და ახლა, როცა მეც მასწავლებელი ვარ, განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა მწერლის მასწავლებლის მოგონების წაკითხვა. დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას გამუდმებით ვფიქრობ ჩემს მოსწავლეებზე, რომლებიც სკოლაში ჩემს დაბრუნებას მოუთმენლად ელიან. დანახვისთანავე მეკითხებიან: „როდის დაბრუნდებით?“ დაბრუნებამდე კი ბევრი რამ მომაფიქრდა, მათ შორის – გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით ახალი სპექტაკლის დადგმა. განსაკუთრებით გამიხარდა, იამზე მასწავლებელი წითელ გველეშაპს რომ ახსენებს. ჩემი სამაგისტრო ნაშრომი გოდერძი ჩოხელის რომანებში მაგიური რეალიზმის გამოსახველობითი ფორმების კვლევას ეხება. რომანში „წითელი მგელი“ დაუვიწყარი მხატვრული სახეა ქვესკნელიდან ამოსული, კუპრივით შავ წყალს შემზარავი წივილით ჩამოყოლილი წითელი გველეშაპი და მასზე ამხედრებული უშიშარი გარსია, რომელიც ზღვამდე ჩაჰყვება მითიურ არსებას.
იამზე მასწავლებლის მოგონება ზურგის ქარივით იქცა და დამაფიქრა, როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველი შეხვედრა, ზოგი ერთადერთი და სხვა დროსა და სივრცეში, სხვა ფორმით განმეორებული; როგორი მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში არაფორმალური აქტივობების ჩართვა; რომ არა ირინა და ხათუნა მასწავლებლების მიერ გოდერძი ჩოხელისა და პაკო სვიმონიშვილის სკოლაში სტუმრად მოწვევის იდეა, რომ არა მათი ძალისხმევა, შეხვედრაში მეც მიმეღო მონაწილეობა, ამდენი ლამაზი, მნიშვნელოვანი, საინტერესო ამბავი ხომ ვერ გადაებმებოდა ერთმანეთს?!
სტატიის მეორე ნაწილში წიგნიდან ამოკრეფილი მოგონებების ფონზე გოდერძი ჩოხელის პორტრეტს გაგაცნობთ.
გამოყენებული ლიტერატურა:
ნინო ზედელაშვილი, ნაწილიანი. რედ. კატო ჯავახიშვ