ოთხშაბათი, აგვისტო 19, 2026
19 აგვისტო, ოთხშაბათი, 2026

საქართველოს ევროპეიზაციისთვის

ამბობენ, საუკუნეთა მიჯნა ყოველთვის დიდი კატაკლიზმებით გამოირჩევაო. ვფიქრობ, როგორი წყალგამყოფიც იყო მეოცე საუკუნის დასაწყისი კაცობრიობის განვითარების გზაზე, ისეთივეა ჩვენი საუკუნის პირველი მეოთხედიც. გასული საუკუნის დასაწყისი თუ მეცნიერებასა და ყოფაში რევოლუციური სიახლეების ეპოქა იყო, 21-ე საუკუნის დასაწყისმა თავისი „ციფრული ბუნებით“ მთლიანად გარდაქმნა ადამიანის ფსიქო და რაციო.

რა მთავარი გამოწვევა აქვს 21-ე საუკუნის საქართველოს, საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან ახლად თავდაღწეულს? გამოწვევები ალბათ მრავალშრიანია, მაგრამ მთავარი მაინც ევროინტეგრაციის პროცესი მგონია. 2018 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა. გარდამავალი დებულებებით დაემატა მეთერთმეტე თავი, რომლის 78-ე მუხლში გაკეთდა ჩანაწერი, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ამ ჩანაწერის საფუძველი კი გახლდათ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N1324 და საქართველოს 2018 წლის 23 მარტის N2071 კონსტიტუციური კანონები.

რამდენიმე გონიერი იურისტისგან მომისმენია, რომ კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი ეზედმეტებოდათ კიდეც – ევროპეიზაცია იყო საქართველოს სამსაუკუნოვანი პოლიტიკური სვლა-გეზი, რომლისკენაც შეუქცევადად და განუხრელად ვისწრაფვით და ამ პროცესის უახლოეს მომავალში წარმატებით დაგვირგვინება ჩვენი ეროვნული დღის წესრიგით გაწერილი გადაუდებელი ამოცანაა. ევროინტეგრაციას ემხრობა ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ჩემი უხეში სტატისტიკით, 85% და მეტი. ამ იდეას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც ძირითადად მარგინალურ საზოგადოებრივ ჯგუფებში ჩნდებიან ხოლმე. მათი უმრავლესობა ჰომოსოვიეტიკუსის კომპლექსებში ჩარჩენილი ხალხია, აკვიატებული ფსევდოკონსერვატიული იდეებით ოპერირებს, ამჯობინებს საქართველოს რუსულ ორბიტაზე ყოფნას, ეშინია ევროპული სიახლეების, მიაჩნია, რომ ევროპასთან დაახლოება გლობალიზაციის პროცესების ფორსირებას, ეროვნული იდენტობის მოშლას გამოიწვევს. საზოგადოების ეს ნაწილი ქვეყანაში ვერ ქმნის ამინდს, იმდენად მკვეთრად არის გაცხადებული საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრების სურვილი. 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად საქართველოში ჩატარდა პლებისციტი, რომელზეც კითხვა განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?“ პლებისციტში მონაწილეობა მიიღო 1 760 271-მა ამომრჩეველმა და კითხვას დადებითად უპასუხა 1 355 328 ადამიანმა (77%), ხოლო უარყოფითი პასუხი გასცა 404 943 ამომრჩეველმა (23%). უნდა აღინიშნოს, რომ ნატო ჩვენი ხალხისთვის უფრო შორეული პერსპექტივის, ამ ეტაპზე მიუწვდომელ მწვერვალად მოჩანს, ხოლო ევროკავშირში გაწევრება კარსაა მომდგარი. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა, ხოლო 2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ოფიციალურად დაუჭირა მხარი. ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას გულისხმობს.

წელიწადი და 9 თვე დასჭირდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადის შეტანიდან მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ბრიუსელის დროით 18:30 საათზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ტვიტის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებმა შეიტყვეს, რომ „#EUCO granted candidate Status to Georgia“. პრეზიდენტის ჩანაწერის დასკვნით ნაწილში ეწერა: „A clear hope for their people and for our continent“ („იმედის მომცემი როგორც ქართველი ხალხის, ისე სრულიად ევროპის კონტინენტისთვის“). საქართველოს მოქალაქეები სოციალურ ქსელებში აზიარებდნენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს და ერთმანეთს ულოცავდნენ. 15 დეკემბერს დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, ამ ისტორიულ მოვლენას მრავალრიცხოვანი აქცია მიეძღვნა.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ისტორია რამდენიმე საკვანძო ეტაპს ითვლის. ეს პროცესი დაიწყო 1996 წელს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, 1999 წელს კი ევროპის საბჭოში გაწევრებით. ეს დღე ასოცირდება საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სიტყვებთან: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი!“

2004 წელს საქართველო ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას შეუერთდა, ხოლო 2009 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობაში ჩაერთო. 2014 წელს ასოცირების შეთანხმებამ საქართველოს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გაუხსნა, ხოლო 2017 წელს შენგენის სივრცეში ვიზალიბერალიზაციამ თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა აჩუქა საქართველოს მოქალაქეებს, რაც უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ჩვენთვის.

და მაინც: როგორ წარმოგვიდგენია ქართველებს ევროპელობა? რას ველით ევროპისგან? ილიას „მგზავრის წერილების“ პერიფრაზი რომ მოვიშველიოთ, რას მივცემთ ჩვენ ევროპას და რას მოგვცემს ის ჩვენ? განწყობა და მოლოდინები პროევროპულია, მაგრამ მრავალნაირი შიში და ფობიაც არსებობს და ისინი უნდა დავძლიოთ. როგორც ევროკავშირის მესვეურები ამბობენ, კავშირის გაფართოების მომდევნო ტალღა 2030 წლისთვის იგეგმება. მანამდე საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ყველა სტანდარტი, ყველა რეკომენდაცია, დაუახლოვდეს წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ მახასიათებლებს.

ევროკავშირი 1957 წელს ექვსმა სახელმწიფომ შექმნა (ბელგია, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი). მომდევნო გაფართოება 16 წლის შემდეგ, 1973 წელს შედგა. კავშირს შეუერთდნენ დანია, ირლანდია და გაერთიანებული სამეფო, თუმცა ამ უკანასკნელმა 2020 წელს ევროკავშირი დატოვა. 1981 წელს ევროკავშირს საბრძნეთი შეუერთდა, 1985-1986 წლებში – გრენლანდია, პორტუგალია და ესპანეთი.

და აი, მივადექი ქვეყანას, რომლის შვილმაც შთამაგონა ამ წერილის დაწერა. 1906 წელს დიდმა ესპანელმა მწერალმა მიგელ დე უნამუნომ გამოაქვეყნა მოზრდილი ესე – „ევროპეიზაციისთვის“, რომელშიც კულტურულ ჭრილში განიხილა ესპანეთის ევროინტეგრაციის კონტურები. ეს თემა თურმე მეოცე საუკუნის დასაწყისიდანვე აქტუალური იყო ესპანურ საზოგადოებაში. მთელი 80 წელი დასჭირდა ესპანეთს, რომ ამ წერილიდან ევროკავშირის წევრობამდე მისულიყო. იყო სკეფსისი, შიშები, მაგრამ დღეს ესპანეთი ძლიერი სახელმწიფოა და ევროკავშირისგან იღებს ყველა იმ სიკეთეს, რასაც ჩვენც ველით ამ გაერთიანებიდან. ესპანეთის მოსახლეობა, ბოლო აღწერით, 48 მილიონს აჭარბებს. მშპ 1.425 ტრილიონი დოლარია, რითაც ესპანეთი მსოფლიოში მე-14 ადგილს იკავებს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ 30 432 დოლარს უტოლდება (28-ე ადგილი). შედარებისთვის: საქართველოს მშპ 39.70 მილიარდი დოლარია, რაც მას მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგში 116-ე ადგილს ანიჭებს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ შეადგენს 10 747 დოლარს.

ევროკავშირის მორიგი გაფართოება 1990 წელს მოხდა – მის შემადგენლობაში შევიდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც დასავლეთ გერმანიას შეუერთდა. 1995 წელს ავსტრია, ფინეთი და შვედეთი შევიდნენ ევროკავშირში. 2004 წლის დიდი გაფართოების შედეგად კავშირმა მიიღო უნგრეთი, კვიპროსი, მალტა, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი, 2007 წელს – ბულგარეთი და რუმინეთი, 2013 წელს – ხორვატია.

11 წელიწადია, ევროკავშირის კარი ახალი წევრებისთვის არ გაღებულა, თუმცა არიან კანდიდატი ქვეყნები: ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი, თურქეთი; პოტენციური კანდიდატები – ბოსნია და ჰერცეგოვინა და კოსოვო. 2023 წელს ევროკავშირმა კანდიდატებად მიიღო უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.

საინტერესოა თურქეთის ისტორია: თურქეთმა ჯერ კიდევ 1959 წელს დაიწყო ევროინტეგრაციაში ჩართვა, 1963 წელს ასოცირების ხელშეკრულება დადო, 1987 წელს განაცხადი შეიტანა გაწევრების შესახებ, 2005 წელს დაიწყო მოლაპარაკებები. ის მიიჩნევა ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორად მიგრაციის, უსაფრთხოების, ანტიტერორიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით, თუმცა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების სფეროში უკუსვლები აქვს. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა თავისი მძლავრი ეკონომიკითა და სამხედრო ძალებით.

1993 წელს კოპენჰაგენში ჩამოყალიბდა ევროკავშირში გაწევრების პირობები, რომლებიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  1. წევრობისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ მიაღწიოს ინსტიტუციების სტაბილურობას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების დაცვას.
  2. წევრობისთვის საჭიროა, ქვეყანაში ფუნქციონირებდეს საბაზრო ეკონომიკა. იმავდროულად, ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაუმკლავდეს ევროკავშირში კონკურენტულ საბაზრო ძალებს.
  3. წევრობა გულისხმობს კანდიდატი სახელმწიფოს შესაძლებლობას, აიღოს პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული კავშირის ვალდებულებები.

დავუბრუნდეთ უნამუნოს ფობიებს, რომლებიც ამ დიდ მწერალს მეოცე საუკუნის დასაწყისში აწუხებდა. ამ ადამიანის ბიოგრაფია და მსოფლმხედველობაც მისი საყვარელი გონგორიზმის იდეებივით ღვლარჭნილი იყო. უნამუნო ორჯერ გახლდათ სალამანკის უნივერსიტეტის რექტორი 1900-1936 წლებში. 1924 წელს ხელისუფლებამ მას პოსტი დაატოვებინა ინტელიგენციასთან დაპირისპირების გამო. მწერალი დევნილობაში ცხოვრობდა კანარის კუნძულებზე, საიდანაც საფრანგეთს შეაფარა თავი. ის კარგად იცნობდა ფრანგულ კულტურას, თუმცა – ამ ესეშიც კი – საუბრობდა ესპანურ და ფრანგულ კულტურებს შორის დიდ უფსკრულსა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც თვითმყოფად ესპანურ კულტურას ელოდა ევროპეიზაციის გზაზე. მწერალი სამშობლოში გენერალ რივერას დიქტატორობის დასასრულს დაბრუნდა და რექტორის თანამდებობაც დაიბრუნა. რამდენიმეწლიანი დევნილობის შემდეგ, უნივერსიტეტში დაბრუნების დღეს, ლექცია უნამუნოს ამ სიტყვებით დაუწყია: „როგორც გუშინ ვამბობდით…“

უნამუნოზე დიდი გავლენა მოახდინა მარქსიზმმა. მისი ინტერნაციონალისტური იდეები თანდათან ვიწრო ნაციონალიზმად იქცა, რადგან მიაჩნდა, რომ საგარეო ფაქტორები ესპანეთის თვითმყოფადობას დააზიანებდა. ჰუმანისტი მწერალი მიესალმებოდა კიდეც ფრანკოს დიქტატურას, როგორც აუცილებელს ესპანეთის საგარეო საფრთხეებისგან თავდაცვის გზაზე. უნამუნო ცნობილია თავისი გაუცხოებითა და ტრადიციული რელიგიისადმი ეჭვებით, რამაც ე.წ. კიხოტიზმის, ანუ არარსებული იდეალისთვის ბრძოლის გზით წაიყვანა. მისი ფილოსოფია პიროვნული ინდივიდუალიზმისა და ეთნოიდენტობის საკითხებს დასტრიალებდა. მწერალი საოცრად სენსიტიური იყო ამ თემებისადმი. ის გულისტკივილით წერდა: „იტყვიან ხოლმე, თითქოს ჩვენ, ესპანელები, ერთი თაღლითი, უქმად მოლაყბე ხალხი ვიყოთ და ლოგიკის სიცარიელეს რიტორიკით ვავსებდეთ, მახვილსიტყვაობით ვკაზმავდეთ და მაინც უქმად ვირჯებოდეთ, რადგან ამ სქოლასტიკური და კაზუისტური სულით დასკვნების გამოტანის უნარი არ შეგვწევს“. უნამუნო აქცენტს სვამდა ესპანურ სულიერებაზე, ინტუიტივისტურ ხედვაზე, თვითჩაღრმავებისა და ძიების გამოცდილებაზე, რომელიც სრულ კონტრასტში იყო ევროპულ მეცნიერებასა და ლოგიკასთან. მწერალი სვამდა კითხვას: „უპირისპირდება კი სიბრძნე მეცნიერებას?.. დიახ, უპირისპირდება! მეცნიერება ადამიანს განძარცვავს სიბრძნისაგან და გადააქცევს ცოდნით დამძიმებულ ლანდად“.

უნამუნო ეჭვქვეშ აყენებდა ადამიანის პიროვნული თავისუფლების ევროპულ იდეალს: „ალბათ მართებული იქნებოდა, ჯერ გაგვერკვია, რას ნიშნავს თავისუფალი ადამიანი, ადამიანი თავისუფალი უკიდურესი სევდისაგან, თავისუფალი გამუდმებული ძრწოლისაგან,თანამედროვე ევროპის იდეალი რომ გახლავთ“. უნამუნო მიიჩნევდა, რომ „არ არსებობს სიკვდილზე უფრო ჭეშმარიტი თავისუფლება“ და რომ ის ესპანური ბოჰემური სული, სევდა და ძრწოლა უფრო საინტერესო ფსიქოტიპებს ქმნიდა, ვიდრე ევროპული მოდელი ბედნიერი, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისა. მწერალი შეუფარავად აცხადებდა: „თანამედროვე ევროპელი იმისთვისაა მოწოდებული, რომ ეძიოს ბედნიერება თავისთვისაც და სხვებისთვისაც. მეც ასევე ვფიქრობ: ადამიანი მუდმივად უნდა ილტვოდეს ბედნიერებისკენ, თუმცა თავად მე ეს არ ძალმიძს“. ის თვით ბედნიერებასა და სიყვარულს შორისაც კი ანტაგონიზმს ხედავდა. მისი პასუხი დილემაზე: ბედნიერება თუ სიყვარული? – ასეთია: „თუ გსურთ ერთი, მაშინ უარი უნდა თქვათ მეორეზე. სიყვარული კლავს ბედნიერებას, ხოლო ბედნიერება კლავს სიყვარულს“.

უნამუნოს ესპანური ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების თაობაზე სკეპტიციზმი აწამებდა. მისი თეზისები მკვეთრია: „მაინც იქით გვიჭირავს თვალი, ეგებ ევროპელები და თანამედროვეები გავხდეთ, მაგრამ არც ესპანელობაზე ავიღოთ ხელი. ეს კი არ ეგების!“

უნამუნო იმოწმებს თავისი მეგობრის, პიო ბაროხას სტატიას „სევდიანი ქვეყანა“, რომელშიც ავტორი ამტკიცებს, რომ ესპანეთი იმდენადვეა სევდიანი, რამდენადაც საფრანგეთი – მშვენიერი. აქ მწერალი იხსენებს საკუთარ განცდებს პარიზის გაჩახჩახებულ ბულვარში 16 წლის წინ ნანახის გამო. ფრანგ ახალგაზრდებში, რომლებიც იქ ხალისს, ბედნიერებასა და ბოჰემურ ტკბობას ეძლეოდნენ, მან იხილა არა თავისუფალი ადამიანები, არამედ მარიონეტები, ყალბი არსებები, უგრძნობი თოჯინები, რომელთა შორისაც თავი მარტოსულად და უბედურად იგრძნო. მას მოსწონდა, რომ ესპანელები არ იყვნენ მსუბუქები და ლაღები – წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავდნენ ესპანელობას და ვერც ევროპელებად ივარგებდნენ. მათ გამოათაყვანებდა მეცნიერების ზუთხვა და დაშორდებოდნენ ჭეშმარიტ სიბრძნეს.

უნამუნოს ესპანური სევდა კი არ მიაჩნდა პრობლემად; „უბედურები ისინი არიან, ევროპის ის ქვეყნები, – წერდა ის, – სადაც მთელი ცხოვრება ისე ცხოვრობენ, რომ სიცოცხლის მეტი საფიქრალი არა აქვთ რა, უბედურები არიან ის ხალხები, რომელთაც მუდმივად არ ახსოვთ სიკვდილი, და განა არის კი სხვა რამ ისეთი, რაც წარმართავს ჩვენს ფიქრსა და ცხოვრებას, თუ არა აზრი, რომ ერთ დღესაც ყველანი დავიხოცებით?!“

ჭეშმარიტი ევროპეიზაციის პროცესი უნამუნოს წარმოედგინა არა როგორც ესპანეთის დაახლოება ევროპულ მოდელებთან, არამედ პირიქით, ევროპის გაესპანურება, ესპანური სულის შენარჩუნებით ახალი ფერების შეტანა ევროპაში. „გამუდმებით გვიჩიჩინებენ: „თუ გნებავთ, ჩვენნაირები გახდეთ და გადარჩეთ, მაშინ ჩვენიც უნდა მიიღოთო“. ეგებ ჩვენ თვითონ ვცადოთ და გავაესპანუროთ ევროპა? ეს ერთადერთი გზაღა დაგვრჩენია, რომ გავევროპულდეთ. ერთი დავფიქრდეთ, რა გვაქვს მათგან მისაღები, რას მიიღებს ჩვენი სული ევროპული სულისგან?“

უნამუნოს მიაჩნდა, რომ ესპანეთისა ესმის მხოლოდ იმ ხელოვანს, რომელსაც ესმის არა ესპანელებისა, არამედ თავისი სამშობლოსი. მას სწამდა, რომ ადამიანის სული მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ერწყმის სამშობლოს. სუვერენულმა ქვეყანამ არ უნდა იცხოვროს სხვისი ბაძვით, რადგან ბაძვით ვერც ბაძვის ობიექტს დაემსგავსები, ვერც საკუთარ სახეს შეინარჩუნებ და „იბადება შემზარავი სულის ნაჯვარი, თითქმის უნაყოფო ჰიბრიდი“. უნამუნო წუხდა გადაფრანგებულ ესპანელ მწერლებზე. ფრანგული ლიტერატურის უპირველეს ნაკლად ის მიიჩნევდა შემაძრწუნებელ ლოგიკურობას და სასოწარმკვეთ გეომეტრიულობას, რასაც ხშირად ბაძავდნენ ესპანელი მწერლები და კარგავდნენ სახეს, ეროვნულ შინაარსს. მწერალი თანამემამულეებს ურჩევდა, ეროვნული ცნობიერებისა და სულიერების შენარჩუნებით შეერგოთ ევროპის სული. მას მიაჩნდა, რომ რაც არის ღრმა, ის თვითნებურია, ესპანეთის ჭეშმარიტი ევროპეიზაცია კი მას წარმოედგინა როგორც ევროპისთვის ყოველივე უღრმესად ესპანურის გემოს გაგებინება. მას ეშინოდა, რომ ესპანური მწერლობა ფრანგულ თარგმანებში ხიბლს დაკარგავდა. მწერალი დაჟინებით იმეორებდა, რომ როცა რომელიმე ევროპელი უპირისპირდებოდა მის არგუმენტებს, ის ეყრდნობოდა მხოლოდ გონებას, ხოლო უნამუნოს მიაჩნდა, რომ ინტუიცია, წარმოსახვა, ძიებები, სკეფსისი, ნგრევა, ტანჯვა, ტკივილი შობდა ამაღლებულის ესთეტიკურ იდეალებს.

ესეს დასასრულს დიდმა ესპანელმა ჯიუტად გაიმეორა: „მეც აქ დავასრულებ და მოვემზადები საფიქრებლად, თუ როგორ შეიძლება გავაესპანუროთ ევროპა და რომ ღირსსაყოფს არც მტკიცება და არც უარყოფა არ ჰფერობს!“

ჩემთვის ძალზე საინტერესო და შთამბეჭდავია უნამუნოს შეხედულებები ესპანეთის ევროპეიზაციის შესახებ, თუმცა ვფიქრობ, რომ ის დიდი და ძლიერი ქვეყნის თამამი შვილია, ქართველებს კი ასე მედიდურად ევროპაში ყოველივე ქართულის შეტანაზე საუბარი გაგვიჭირდება. მახსენდება აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის ბუხმესეზე. ალბათ ჯერჯერობით ეს იყო ევროპული აუდიტორიის წინაშე ქართველი მწერლის ყველაზე გულწრფელი და შთამბეჭდავი მიმართვა: „ჩვენ თქვენს წიგნებს პირველად ვკითხულობთ, ხოლო თქვენ საერთოდ ვერ კითხულობთ ჩვენსას. ეს უპირატესობაა. საუკუნეები ჩვენ ვთარგმნიდით ძალიან ბევრი ენიდან, განსაკუთრებით – აღმოსავლეთდან, ხოლო ჩვენ არავინ გვთარგმნიდა. ახლა წარმოიდგინეთ ეს უპირატესობა… ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ არ კითხულობდით არაფერს ჩვენსას. ამიტომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი რამ…“

ვფიქრობ, ხელოვნების წიაღში ყველაზე ღრმა პოლიტიკური ქვეტექსტებია მიმალული. აკა მორჩილაძემ თავის გამოსვლაში ქართული მწერლობა დაატოლა ევროპულს და ქართული თავმდაბლობანარევი სიმაყით გააცხადა მთავარი მესიჯი: „საქართველოს გაცნობა, რა თქმა უნდა, შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობია, ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, ტკივილი და სითბო, იუმორი და ტრაგედია ისევეა ჩვენი ცხოვრების ნაწილი, როგორც თქვენი და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე. ამის მრავალსაუკუნოვანი, სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს. ქართული ლიტერატურა ჩვენი აღსარებაც არის ხოლმე, ოცნებაც და ა.შ.“

ეს – რაც შეეხება ლიტერატურას. ჩვენ ასევე უნდა შევძლოთ, ყველა სხვა სფეროში გვეთქმოდეს ჩვენი სიტყვა ევროპულ ოჯახში დაბრუნებისას. ამით უპირველესად იმ დიდი კაცის სულს გავახარებთ, ვინც პირველად დააკაკუნა ევროპის კარზე. რაოდენ სიმბოლურია, რომ ეს კაცი მწერალი, მეცნიერი, ფილოსოფოსი და თეოლოგი გახლდათ. ასე მგონია, საქართველოში ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რომ ევროპულ ოჯახში შესასვლელად გაკეთდეს ყველაფერი და პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს.

ფაქტია, უნამუნოს შიშები დაძლია ესპანეთმა, თვითმყოფადობაც შეინარჩუნა და ევროკავშირის წევრობით თავისი სახელმწიფოებრიობა განამტკიცა, ხოლო რაც შეეხება კულტურას, განათლებასა და სულიერებას, აქსიომაა, რომ ამ ყველაფერს აძლიერებს და ავითარებს მძლავრი პოლიტიკურ-ეკონომიკური საყრდენები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“