შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

„ვიზუალური ისტორია“ სააზროვნო უნარების განვითარებისთვის

ისტორიის შესწავლა წარსულის შესწავლის მნიშვნელოვანი გზაა. თუმცა, ისტორიული მონაცემები ხშირად აბსტრაქტულია და ყოველთვის არ არის ადვილად გასაგები. აქ გვეხმარება რუკა, როგორც დედამიწის ზედაპირის კონკრეტული არეალის გრაფიკული გამოსახულება, რომელიც აღნიშნავს: სხვადასხვა მოვლენისა და ობიექტის გეოგრაფიულ მდებარეობას, ქალაქებისა და ქვეყნების საზღვრებს, სამხედრო შენაერთების გადაადგილებას, მოგზაურობისა და მიგრაციების მარშრუტებს, საზღვრების ცვლილებებს, პოლიტიკურ მოვლენებსა და ბუნებრივ კატასტროფებს. ის როგორც „ვიზუალური ისტორია“ საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ განვლილი ეპოქების მოვლენებისა და სურათების „სივრცითი მოწყობა“, მოვახდინოთ მოვლენათა ქრონოლოგიის რეკონსტრუქცია, წარმოვიდგინოთ და გავიგოთ ჩვენი ადგილი მსოფლიოში, საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ მსგავსება და განსხვავებები სხვადასხვა რეგიონის გეოგრაფიულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში.

რუკა ერთგვარი ისტორიული შეჯამებაა, რომელიც გვეხმარება საკუთარი თვალით „დავინახოთ“ ისტორია, კავშირები ადგილებსა და მოვლენებს შორის, განვიცადოთ წარსული და ისტორიული ფაქტები და პროცესებიც უფრო ღრმად და სრულყოფილად გავიაზროთ. ამიტომ კარტოგრაფია ისტორიული კვლევის განუყოფელი ნაწილია.

სხვადასხვა კონტინენტზე ნაპოვნი გამოქვაბულის ნახატების როგორც პირველი „რუკების“ (რომელიც იყო მარტივი და აბსტრაქტული და ასახავდნენ ბუნებისა და ცხოველების ელემენტებს, მათი შესაძლო მდებარეობისა და ნადირობის მითითების მიზნით) შემდეგ რუკები ძალიან დაიხვეწა. სტრუქტურირებულ და დეტალურ რუკებს სოფლის მეურნეობისთვის უკვე იყენებდნენ ძველ ეგვიპტესა და მესოპოტამიაში. ამის თვალსაჩინო ნიმუშია პირველი ძველეგვიპტური გეოგრაფიული რუკა, რომელიც მიუთითებს ეგვიპტის უძველეს მაღაროებზე და თარიღდება რამზეს IV-ის პერიოდით (ძვ.წ. XVI-XV სს) (იხ. რუკა 1).

რუკა 1. ეგვიპტური გეოგრაფიული რუკა (პაპირუსი. ეგვიპტის მუზეუმი. ტურინი, იტალია). ყველაზე ძველი ქაღალდის (პაპირუსი) რუკა

ასევე უძველესია ბაბილონური რუკაც (ძვ.წ. VIIIს), რომელიც ასახავს ბაბილონელებისთვის ცნობილ მსოფლიოს და შეიცავს როგორც რეალურ გეოგრაფიულ მახასიათებლებს, ასევე მითოლოგიურ ელემენტებს, მაგრამ მთავარია, რომ მიუთითებს მისწრაფებაზე – გამოსახონ და „დაინახონ“ მსოფლიო (იხ. რუკა 2).

რუკა 2. ბაბილონური რუკა (ძვ.წ. VIII. თიხა. ბრიტანეთის მუზეუმი)

დროთა განმავლობაში ახალმა ტექნოლოგიებმა და მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესებულმა მეთოდებმა განაპირობა უფრო ზუსტი რუკების შექმნა.

რუკების როლი განსაკუთრებულია უძველესი ცივილიზაციების შესწავლაში. ისინი გვეხმარებიან, შევისწავლოთ გეოგრაფიული პირობები, რომლებშიც განვითარდა უძველესი ცივილიზაციები და გავიგოთ, როგორ იმოქმედა ამ პირობებმა მათ განვითარებაზე, რა იწვევდა სხვადასხვა იმპერიების ჩამოყალიბებას თუ სწრაფვას ტერიტორიული გაფართოებისკენ; ვივარაუდოთ მოსალოდნელი შედეგები, შევქმნათ მოდელები და ჰიპოთეზები, თვალ-ყური ვადევნოთ ისტორიულ ცვლილებებს და დავინახოთ ისტორიის უფრო დიდი სურათი, გამოვიკვლიოთ ისინი და გამოვცადოთ პრაქტიკაში.

შესაბამისად, საკლასო ოთახში ისტორიული რუკების გამოყენებას ფართო საგანმანათლებლო მიზანი აქვს და მნიშვნელოვანია მოსწავლის კრიტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარებისთვის, როგორც ვიზუალური ინსტრუმენტი, ძალიან საინტერესო საშუალებაა მოსწავლეთა აზროვნების სტიმულირებისთვის, მათი ცოდნის გაღრმავებისათვის.

რა ტიპის რუკებს ვიყენებთ ისტორიის სწავლებაში?

  1. კონცეპტუალური რუკებ (Mind maps): ისინი განსაკუთრებით ეფექტურია იდეების ვიზუალურად ორგანიზებისათვის. მოსწავლეები ხედავენ, როგორაა დაკავშირებული ერთმანეთთან სხვადასხვა ცნება და თემები, და როგორ შეიძლება ერთი იდეიდან სხვა დასკვნებამდე მივიდნენ. ამ დროს მოსწავლე კრიტიკულად ფიქრობს, როგორ და რა ურთიერთკავშირებია ცნებებს შორის, რა არის მთავარი და რა – მეორეხარისხოვანი, რაც მნიშვნელოვანია კრიტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარებისთვის;
  2. გეოგრაფიულ რუკებ(Geographic maps) და ისტორიულ რუკებ: ისინი ეხმარება მოსწავლეებს სივრცულ აზროვნებაში, კონკრეტული მოვლენების ან ფაქტების სივრცულ კონტექსტში დანახვაში, რომ უფრო კარგად გაიგონ მათი გავლენა ადამიანთა საზოგადოებაზე. ცდილობენ რა ამ დროს შეამოწმონ, როგორ განსხვავდება ორი რეგიონი ამა თუ იმ პარამეტრით (მაგალითად, მოსახლეობა, კლიმატი, რესურსები და სხვა), მოსწავლეებს უვითარდებათ ანალიტიკური უნარებიც;
  3. ინტერაქიურრუკებ(Interactive maps): ისინი ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი რუკებია, რომლის საშუალებით მოსწავლეები ზუსტად ხედავენ, თუ როგორ იცვლება მონაცემები (მაგალითად, კლიმატური მონაცემები და შესაბამისი ადამიანური საქმიანობა, რომელი კონკრეტული რეგიონები ვითარდება ამის შედეგად და სხვ.). ეს მეტ ხალისს სძენს სასწავლო პროცესს, პარალელურად კი აქტიურდება კრიტიკული აზროვნება. მაგალითად, როდესაც მოსწავლეებს სთხოვენ გაანალიზონ, როგორ იცვლება გლობალური ტემპერატურა ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე, თუ მას რამდენიმე წელიწადში გაადევნებენ თვალს და ა.შ. ის იწყებს კრიტიკულ ანალიზს და საინტერესო შედეგებამდე მიდის.

რა ტიპის აქტივობები შეიძლება დაგეგმოს მასწავლებელმა რუკებთან მუშაობისას და რა მიზნით?

  • კონცეპტუალურან ისტორიულ-გეოგრაფიულრუკების შექმნა – ასეთი რუკებზე მუშაობისას მოსწავლე აანალიზებს სიტუაციას და გააკეთებს არჩევანს, რა ინფორმაცია დაიტანოს ზედ და როგორ. მაგალითად, შეუძლია დაახარისხოს მასალა და თავად დაადგინოს, რომელი ცნებები ან ფაქტებია მნიშვნელოვანი. დავალების პერსონალიზაცია მათ ინდივიდუალური შესაძლებლობების წინ წამოწევის საშუალებას აძლევს.
  • თავისუფალ არჩევანის“ პრინციპით მუშაობა – ეს გაცილებით კრეატიულია, რადგან მოსწავლე თავად გადაწყვეტს, რა ასახოს რუკაზე. ეს ზრდის ინტერაქიულობის დონეს – მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, თვითონ ამოარჩიოს თემები და სათქმელი. მაგალითად, თუ მოსწავლეს ვთხოვთ, აიღოს რომელიმე ისტორიული პერიოდი და წარმოაჩინოს მნიშვნელოვანი მოვლენა რუკაზე, ის თავად გადაწყვეტს, როგორ გააშუქოს ეს მოვლენა. ეს ჰგავს „ღია“ტიპის დავალებაზე მუშაობასაც;
  • ფაქტობრივი ინფორმაციის ასახვა რუკაზე – როდესაც მოსწავლეს ვთხოვთ, დაიტანოს რუკაზე სხვადასხვა მახასიათებელი, მაგალითად, სხვადასხვა მდინარეები, მთები, ქვეყნის საზღვრები, დედაქალაქი ან მნიშვნელოვანი ნაგებობები, ფაქტობრივად ვუბიძგებთ იმუშაოს „დახურული ტიპის“ დავალებაზე. ამ დროს მათ გონებრივ ანალიზზე ნაკლები ზეწოლა ხდება და მოტივაციაც იზრდება;
  • რუკების შედარებითი ანალიზი: თუ მოსწავლე ერთმანეთს შეადარებს სხვადასხვა რეგიონს (მაგალითად, ეკონომიკური განვითარების, ან კულტურული ნიშნით), მას განუვითარდება კრიტიკული და ანალიტიკური უნარები;
  • მომავლის პროგნოზირება რუკაზე – ისტორიული ან გეოგრაფიული რუკა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, გამოიკვლიოს, როგორ ცვლიდა ერთ-ერთი ისტორიული მოვლენა გარემოს, მოსახლეობას ან ეკონომიკას. ამიტომ ვთხოვოთ, გააანალიზოს, როგორ შეიძლება განვითარდეს გარკვეული მოვლენები ან საზოგადოების საქმიანობა და როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მომდევნო პერიოდის რუკა. ამით მოსწავლეს გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებაში ვეხმარებით.

ფაქტია, რომ რუკებზე მუშაობა იდეალური ინსტრუმენტია არა მხოლოდ ინფორმაციაზე ორიენტირებული სწავლისთვის, არამედ მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების და ანალიტიკური უნარების განვითარებისათვის.

რაც შეეხება კონკრეტულად ისტორიული ხასიათის რუკების გამოყენებას:

  • ამ დროს აქტიურდება სივრცულ და დროით კონტექსტში ინფორმაციის გააზრების პროცესი, რაც ხელს უწყობს ისტორიული მოვლენების უფრო სრულყოფილად აღქმას. მოსწავლე ვიზუალურად ხედავს, როგორ იყო განლაგებული ქვეყნები, კულტურები ან ისტორიული მოვლენები. ამისთვის აუცილებელია მოსწავლეებს ვასწავლოთ ვიზუალური კონტექსტის წაკითხვა;
  • ისტორიული რუკები ასახავს მოქმედებებს და ცვლილებებს დროში, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს გაიაზროს, რა გავლენა ჰქონდა სხვადასხვა ფაქტორებს (გეოპოლიტიკას, ეკონომიკას, კულტურას) ისტორიის მიმდინარეობაზე;
  • ისტორიული რუკები აჩვენებს, როგორ მიმდინარეობდა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცვლილებები, მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ იმპერიების წარმოშობაზე ან დაშლაზე, ისტორიული რუკა გვიჩვენებს ძალაუფლების გადანაწილებას, გეოგრაფიული საზღვრების ცვლილებებს, კულტურისა და ტექნოლოგიების გავრცელებას, რითაც მოსწავლეს უყალიბდება ისტორიული ხედვის უნარი;
  • ისტორიული რუკები სთავაზობს მოსწავლეს არა მარტო ისტორიულ ფაქტებს, არამედ უბიძგებს უპასუხოს კითხვებს: რა იწვევს ამ ცვლილებებს? რა იყო ერთი ქვეყნის პოლიტიკური სტრატეგია და როგორ ახდენდა ეს გავლენას სხვა ქვეყნებზე? და ა.შ. რითაც ვითარდება ანალიტიკური უნარები;
  • ისტორიული რუკების გამოყენების მოსწავლე იაზრებს მოცემულ მომენტში მიმდინარე ისტორიულ მოვლენას, ანუ შეუძლია ვიზუალური პრობლემის დანახვა (მაგალითად, თუ საუბარია ძველი რომის იმპერიაზე, რუკაზე პოულობს, რომელ სივრცეზე იყო გადაჭიმული იმპერია თავისი ძლიერების მომენტში); მოსწავლე ერთმანეთს ადარებს რუკებს და შეისწავლის ისტორიული ცვლილებების მიზეზებს (მაგალითად, როგორ შეიცვალა ტერიტორიული გავლენა ომების, გარიგებების ან რევოლუციების შედეგად), აკეთებს ინტერპრეტირებას დროსა და სივრცესთან მიმართებაში (მაგალითად, მსჯელობს, როგორ გაიზარდა მსოფლიო იმპერიები XIX საუკუნეში);
  • ქმნის ახალ კონცეპტუალურ რუკებს (რადგან ფიქრობს ისტორიულ კონტექსტებზე, ფაქტებზე, მიზეზ-შედეგობრიობაზე) და შეუძლია მომავალი შესაძლო მოვლენების პროგნოზირება. მაგალითად, ისტორიული მოვლენების ანალიზისას გამოთქვამს ვარაუდს მომავლის შესახებ;
  • უყალიბდება დამოკიდებულებები: რუკაზე დატანილ გეოგრაფიულ ცოდნას აკავშირებს სხვა მონაცემებთან (მაგალითად, ეკონომიკური სისტემა, კულტურული გავლენა) და გაითავისებს ინფორმაციას (მაგალითად, როგორ აისახა ავსტრალიის კოლონიზაცია ინგლისზე კულტურულად და სოციალურ-ეკონომიკურად? და ა.შ.).

ისტორიულ რუკებზე მუშაობისას ყველაზე ხშირად და ეფექტურად გამოიყენება შეკითხვების დასმა. შეკითხვები ძირითადად მიმართულია ისტორიული პროცესების შესწავლაზე, გაგებაზე, გააზრებაზე, ანალიზსა და ისტორიული პროცესების მიმართ დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე. განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევები.

რესურსი: მოსწავლის ისტორიის სახელმძღვანელო, გრიფირებული, X კლასი, ავტორები: გ. უგულავა და სხვ. გამომცემლობა „სულაკაური“

დავალება: მუშაობა რუკებზე ღია და დახურული კითხვებით

აქტივობა N1 – რუკა „შუმერული ქალაქ-სახელმწიფოები“:

ღია კითხვები:

  • აღწერეთ, როგორ არის განლაგებული რუკაზე შუმერული ქალაქები და რას გვაუწყებს ეს იმ პერიოდის გეოგრაფიული გარემოს შესახებ?
  • განმარტეთ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს შუმერული ქალაქ-სახელმწიფოების განლაგებამ იმდროინდელ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე.
  • რუკაზე დატანილი კონკრეტული მდინარეები რატომაა მნიშვნელოვანი მოცემული პერიოდისთვის? მიუთითეთ მათი როლი საზოგადოებრივ თუ სავაჭრო საქმიანობებში.
  • როგორია შავი წერტილებითა და წითელი წრეებით მონიშნული ადგილების ურთიერთკავშირი? რას გვამცნობენ ისინი იმდროინდელ ისტორიულ პროცესებზე?
  • იმსჯელეთ, რატომ იყო შუმერული ქალაქები განლაგებული მდინარეთა ნაპირებზე.

დახურული კითხვები:

  • რომელი ფიგურით აღინიშნება რუკაზე შუმერული ქალაქ-სახელმწიფოები?
    • შავი წერტილი;
    • წითელი წრე;
    • მწვანე ხაზები;
    • ლურჯი ტალღები.
  • რომელ მდინარეებს შორის მდებარეობს რუკაზე წარმოდგენილი ტერიტორია?
    • მდინარე ნილოსი და ევფრატის;
    • მდინარე ტიგროსი და ევფრატის;
    • მდინარე დუნაი და ტიგროსი;
    • მდინარე იორდანესა და ევფრატის.
  • რა მნიშვნელობა აქვს რუკაზე აღნიშნულ წითელ წრეებს?
    • აღნიშნავენ საზღვრებს;
    • აღნიშნავენ შუმერულ ქალაქ-სახელმწიფოებს;
    • აღნიშნავენ ძველი ტაძრების ადგილმდებარეობას;
    • აღნიშნავენ მხოლოდ სავაჭრო გზებს.

აქტივობა N2 – მუშაობა რუკაზე „აქადელთა იმპერია“

ღია კითხვები:

  1. აღწერე აქადელთა იმპერიის საზღვრები. რას გვეუბნება რუკა აქადის გავლენის სფეროებზე?
  2. როგორი უნდა იყოს მდინარე ტიგროსისა და ევფრატის სამხედრო-ეკონომიკური როლი აქადის ცხოვრებაში.
  3. რა გავლენა უნდა მოეხდინა აქადის მიერ შუამდინარეთის დაპყრობას იმპერიის კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებაზე?
  4. რა სახის რეგიონული კონფლიქტები ჩანს რუკაზე?
  5. როგორია რუკაზე ნაჩვენები ქალაქების განლაგება და რა როლი ჰქონდა მათ იმპერიის გაფართოების პროცესში?

დახურული კითხვები:

  1. რა ფერით აღინიშნება რუკაზე აქადის იმპერიის გაფართოება?
    • ყვითელი;
    • ვარდისფერი;
    • ლურჯი;
    • მწვანე.
  2. რომელ მდინარეებს შორის მდებარეობს აქადის ტერიტორია?
    • მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის;
    • მდინარე ნილოსსა და ევფრატს შორის;
    • მდინარე იორდანესა და ტიგროსს შორის;
    • მდინარე განგსა და ევფრატს შორის.
  3. რომელი პერიოდს მოიცავს აქადის იმპერიის არსებობა?
    • ძვ.წ. II ათასწლეულს;
    • ძვ.წ. I ათასწლეულს;
    • ძვ.წ. III ათასწლეულს;
    • ძვ.წ. IV ათასწლეულს.
  4. რუკის მიხედვით, რომელია აქადის იმპერიის ცენტრალური ქალაქი?
    •  აქადი;
    •  აშური;
    • ბაბილონი;
    • ერიდუ.

აქტივობა N3 – რუკა „ბაბილონის იმპერია ხამურაბის ეპოქაში“

ღია კითხვები:

  • როგორია ბაბილონის იმპერიის და შუმერული ქალაქების ურთიერთმიმართება აღნიშნული რუკის მიხედვით?
  • განმარტეთ, რა მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ბაბილონს იმ დროს და როგორ უნდა წარემართა იმპერიის ცენტრის ფუნქცია?
  • რა კავშირშია რუკაზე ნაჩვენები სხვადასხვა ტერიტორია ბაბილონის დაპყრობის პროცესებთან? მიუთითეთ ძირითადი მოვლენები და მათი შედეგები;
  • ივარაუდეთ, როგორი უნდა ყოფილიყო მდინარე ტიგროსისა და ევფრატის როლი ბაბილონის იმპერიის აღზევებაში, რა ეკონომიკური თუ სამხედრო მნიშვნელობა უნდა ჰქონდათ მათ.
  • როგორი უნდა ყოფილიყო ბაბილონის გავლენა მეზობელ რეგიონებზე.

დახურული კითხვები:

  1. რა ფერით არის აღბეჭდილი რუკაზე ბაბილონის იმპერიის გავლენის ზონა?
    • ყვითელი;
    • ყავისფერი;
    • მწვანე;
    • ლურჯი.
  2. რომელ მდინარეებს შორის მდებარეობს ბაბილონის იმპერია?
    • მდინარე ნილოსსა და იორდანეს შორის;
    • მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის;
    • მდინარე დუნაისა და რაინს შორის;
    • მდინარე განგსა და ტიგროსს შორის.
  3. რაზე მიუთითებს რუკაზე დატანილი 1750 და 1792 წლები?
    • მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებზე;
    • ბაბილონის იმპერიის გაძლიერების პერიოდზე;
    • შუმერული ქალაქების წარმოშობაზე;
    • სავაჭრო გზების შექმნაზე.
  4. რომელ ქალაქია ბაბილონის იმპერიის ცენტრი?
    • ურუკი;
    • ლაგაში;
    • ბაბილონი;
    • ური.

აქტივობა N4: დავაჯგუფოთ შეკითხვები შემდეგი პრინციპის მიხედვით: ცოდნაზე, გააზრებაზე, ანალიზსა და შეფასება/დამოკიდებულებაზე ორიენტირებული შეკითხვები.

  1. ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვები:
  • რომელ ფიგურით აღინიშნება რუკაზე უმერული ქალაქსახელმწიფოები?
    • შავი წერტილით;
    • წითელი წრით;
    • მწვანე ხაზებით;
    • ლურჯი ტალღებით.
  • რა ფერით არის აღნიშნული ბაბილონის იმპერიის გაფართოება რუკაზე?
    • ყვითლით;
    • ყავისფრით;
  • ნარინჯისფრით;
  • მწვანით.
  • რომელ მდინარეებს შორის მდებარეობს ბაბილონის ტერიტორია?
  • მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის;
  • მდინარე ნილოსსა და ევფრატს შორის;
  • მდინარე იორდანესა და ტიგროსს შორის;
  • მდინარე განგსა და ევფრატს შორის.
  • როდის გაფართოვდა ბაბილონის ტერიტორია რუკის მიხედვით?
    • 1750 წელს;
    • 1800 წელს;
    • 1792 წელს;
    • 1700 წელს.
  1. გააზრებაზე ორიენტირებული შეკითხვები:
  • როგორია მდინარე ტიგროსისა და ევფრატის სტრატეგიული, ეკონომიკური თუ სავაჭრო მნიშვნელობა?
  • რა გავლენა შეიძლება მოეხდინა ბაბილონის მიერ დაპყრობილ და კონტროლირებად ტერიტორიებს იმპერიის კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებაზე?
  • როგორია რუკაზე ნაჩვენები ქალაქების განლაგება და რა როლი უნდა შეესრულებინათ მათ იმპერიის გაფართოებაში?
  1. ანალიზზე ორიენტირებული შეკითხვები:
  • როგორ უკავშირდება რუკაზე ნაჩვენები სხვადასხვა ტერიტორია ბაბილონის /აქადის დაპყრობის პროცესებს? მიუთითეთ ძირითადი მოვლენები და მათი შედეგები;
  • აღწერეთ, როგორ ფართოვდება ბაბილონისა და აქადის იმპერიის საზღვრები;
  • ივარაუდეთ, რა როლი უნდა ჰქონოდა ქალაქ ბაბილონს/აქადს იმპერიისთვის? განიხილეთ მათი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა.
  1. შეფასებაზე/დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული შეკითხვები:
  • განიხილეთ, როგორ იმოქმედებდა მეზობლებთან ურთიერთობაზე და, ზოგადად, რეგიონულ პოლიტიკაზე აქადი და ბაბილონი ?
  • იმსჯელეთ ბაბილონისა და აქადის გავლენების შესახებ, როგორ შეუწყობდნენ ისინი ხელს რეგიონის კულტურულ თუ პოლიტიკურ განვითარებას?
  • რატომ იყო მნიშვნელოვანი აქადისა და ბაბილონის მიერ კონტროლირებული ტერიტორიების სიახლოვე მდინარეებთან?

რა სახის რუკებიც არ უნდა გამოვიყენოთ გაკვეთილზე და რა მიზნითაც, მთავარია გვახსოვდეს, რომ თანამედროვე ისტორიული რუკები რეალობასთან მიახლოებულია და ის სრულად ვერ გადმოსცემს ისტორიული ვითარების ყველა ნიუანსს და თავისებურებას. ისინი უნდა განვიხილოთ როგორც საფუძველი შემდგომი ანალიზისა და უფრო დეტალური და ზუსტი ინფორმირებისთვის, რაც დაგვეხმარება წარსულის უკეთ გაგებასა და აწმყოს გააზრებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“