კვირა, თებერვალი 23, 2025
23 თებერვალი, კვირა, 2025

ქიმიური იარაღი

 (გაგრძელება)

14 ოქტომბრის ორშაბათი საღამოა და საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო შეხვედრა იწყება. ახლა მე თუ თქვენი დარწმუნება დავიწყე, რომ ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, კითხვას თავი დაანებეთ და სხვა გვერდზე გადადით, რადგან გატყუებთ… მე და ფეხბურთი განსაცვიფრებლად შორს ვართ ერთმანეთისგან. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ბოლოს ფეხბურთს სადღაც 8 წლისამ ვუყურე. ისიც იმიტომ, რომ მამა გულშემატკივრობდა და მეც დავინტერესდი, რატომ უკრავდა ტელევიზორს ტაშს და რატომ გაჰყვიროდა:

 

  • მიდი, ბიჭოოო, მიდი, ეგრე, მასე, გენაცვალე მე შენ!

 

ჰოდა, მეც ჩავაცქერდი ეკრანს და რა ვიცი, ვიღაც კაცები ბურთს დასდევდნენ. ჩავიქნიე ხელი და უკან, ჩემს ოთახში შევტრიალდი „სამი მუშკეტერის“ კითხვა რომ გამეგრძელებინა.

 

ახლა კი, 2024 წლის 14 ოქტომბერს, ალბანეთში, ტირანაში ვარ და მინდა, რომ ჩვენ მოვიგოთ. აქვე ისიც უნდა დავწერო, რომ მართალია ფეხბურთს არ ვუყურებ, მაგრამ ჩვენების მოგება და წარმატება ყოველთვის მიხარია, აბა, სხვანაირად როგორ იქნება? უბრალოდ, თამაშის შემდეგ ვიგებ ხოლმე შედეგს.

 

ტირანაში NATO-ს პროექტის საწყის შეხვედრაზე ვარ. ჩემთან ერთად პროექტის პარტნიორი პოლიციის ქიმიკოსი გენერალი გახლავთ და უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომელიც პროექტის ადმინისტრაციულ ნაწილზეა პასუხისმგებელი. ჰოდა, სამივენი დიდ კაფეტერიაში მივდივართ, სადაც უზარმაზარი ეკრანი, ბევრი ლუდი და კიდევ უფრო ბევრი „მტრულად“ განწყობილი ალბანელია.

 

სამწუხაროდ, წავაგეთ… იმ კაფეტერიიდანაც ფეხაკრეფით გამოვიპარეთ… თუმცა, მეორე დღეს უკვე ალბანეთის გაცნობის ახალი გეგმა დავსახეთ და ბუნკერ მუზეუმში ჩავედით.

 

დიახ, ჩავედით, რადგან მუზეუმი მიწისქვეშაა.

https://bunkart.al/2/virtual_tour

 

ბუნკერი ბირთვული, რადიაციული და ქიმიური იარაღისგან დასაცავად აიგო, თუმცა მისი ისტორია ენვერ ჰოჯას დიქტატორულ და შემდგომ პოლიციურ რეჟიმებსაც მოიცავს. რას აღარ ნახავთ გამოფენილს, მათ შორის აირწინაღებსაც და ვფიქრობ, ის დროა ქიმიურ იარაღზე თხრობა გავაგრძელო. პირველი ნაწილი წინა თვეს დაიბეჭდა.

 

მოყოლას 1899 წელს გამართული ჰააგის პირველი კონფერენციიდან განვაგრძობ. მიიღეს დეკლარაცია, რომ ასაფეთქებლებს მომწამლავი ქიმიური ნივთიერებებით აღარ გამოიყენებდნენ.

 

თუმცა, მანამდე, 1879 წელს ჟიულ ვერნიმ დაწერა რომანი „ბეგუმის 500 მილიონი მილი“ (Les Cinq Cents Millions de la Begum), სადაც აღწერა გერმანელი პროფესორის მიერ შექმნილი ზარბაზანი, რომელსაც მომწამლავი გაზებით სავსე ბომბი შორ მანძილებზე შეეძლო ესროლა.

ვერნი ფანტასტიკურ ჟანრში წერდა, თუმცა მომწამლავი გაზები ფანტასტიკა სულაც არ ყოფილა.

 

აი, მაგალითად, 1774 წელს შვედმა ქიმიკოსმა კარლ შეელემ აღწერა პიროლუზიტისგან და მარილმჟავასგან ქლორის მიღების მეთოდი:

4HCl+MnO2=MnCl2+2H2O+Cl2.

 

1812 წელს ინგლისელმა მეცნიერმა ჰამფრი დევიმ ქლორის და ნახშირჟანგის ურთიერთქმედებით პირველად მიიღო ფოსგენი:

Cl2+CO=COCl2.

 

1822 წელს ბელგიელმა სეზარ მანსუეტ-დეპრესმა ეთილენისგან და გოგირდის ქლორიდისგან სინთეზით მიიღო ნივთიერება, რომელსაც მოგვიანებით იპრიტი უწოდეს:

CH2=CH2+SCl2=(CH2Cl-CH2)2S

 

1848 წელს შოტლანდიელმა ქიმიკოსმა ჯონ სტენჰაუსმა პიკრინმჟავასა და ნატრიუმის ჰიპოქლორიდისგან ქლორპიკრინი მიიღო.

 

ასევე მიღებული იყო უამრავი სხვა ქიმიური ნივთიერება, რომელთა გამოყენება ქიმიურ იარაღად თავისუფლად შეიძლებოდა. დაიხვეწა უკვე არსებული მეთოდებიც. ევროპაშიც გაქანებული სამრეწველო რევოლუცია მიმდინარეობდა და ჟიულ ვერნისაც სწორედ ეს ამბები აქვს აღწერილი და ის აზრი აქვს გატარებული, რომ შეუძლებელი არაფერი იყო.

 

დაახლოებით ამ პერიოდში ბალკანები (ალბანეთიც მათ შორის) თურქეთის ბატონობისგან განთავისუფლდნენ. გერმანიამ, ავსტრია-უნგრეთმა და იტალიამ რუსეთის საწინააღმდეგო კავშირი დადეს. საპასუხოდ რუსეთი საფრანგეთს დაუკავშირდა და კავშირი გააფორმა. ასევე, ეს ორნი ინგლისის წინააღმდეგ იდგნენ, რომ ახლო სამხრეთში მისი გავლენა არ დაეშვათ. ჰოდა, მთელმა ამ აბლაბუდამ იარაღის წარმოება გაზარდა, მათ შორის ქიმიური იარაღისაც. ქიმიური მრეწველობა ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ ქიმიურ იარაღად „ბერძნული ცეცხლი“, დარიშხანი ან ბელადონას წვეთები აღარავის სჭირდებოდა. სწორედ ქიმიური მრეწველობა გთავაზობდა უამრავ ნივთიერებას, მხოლოდ ისღა რჩებოდა, რომ ამ ნივთიერებებით დატვირთული ბომბი ჟიულ ვერნისა არ იყოს, უამრავ კილომეტრზე გაგეტყორცნა.

 

ამასობაში პირველი მსოფლიო ომი დაიწყო… 4 წელი და 4 თვე გაგრძელდა. 38 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. სწორედ აქ გამოიკვეთა ქიმიური იარაღის ქონის აუცილებლობა. თუ გინდა გაიმარჯვო, შექმენი ქიმიური იარაღი. დიახ, პირველ მსოფლიო ომში იპრიტი იქნა გამოყენებული და ამის შესახებ დეტალური სტატია წინა წლებში გამოვაქვეყნე.

 

თუმცა, მანამდე, პირველივე შემოდგომაზე საფრანგეთის ჯარმა ჰააგის დეკლარაცია დაარღვია და პირველმა გამოიყენა ქიმიური იარაღი. დიახ, სწორედ ფრანგები იყვნენ პირველები და არა გერმანელები. ეს იყო ხელყუმბარა, რომელიც ეთილბრომ აცეტატს შეიცავდა. როდესაც ეს გაზი თვალებში გვხვდება, სამწვერა ნერვის გაღიზიანებას იწვევს. შემდეგ კი მამოძრავებელი კუნთები ღიზიანდება. ადამიანს ეხუჭება თვალები და იწყება დიდი რაოდენობით ცრემლის გამოყოფა. ჰოდა, ასეთი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე ხომ წარმოგიდგენიათ, რა უსუსურია. ასევე გამოიყენეს პერქლორმეთილ მერკაპტანი, რომელიც ორგანიზმში ბევრი ნივთიერების ფუნქციურ ჯგუფს ბლოკავს, მაგ. ჰიდროქსილის ჯგუფს, სულფჰიდრულ ჯგუფებს, ამინო და კარბოქსილის ჯგუფებს. ეს კი ფერმენტების დათრგუნვას იწვევს. გარდა ამისა, მას შეუძლია შევიდეს რეაქციაში წყალთან და წარმოქმნას მარილმჟავა. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რასაც მარილმჟავა უჯრედებში იზამს. მთელ ცილებს და ფერმენტებს დაშლის. თუმცა, ფრანგების ეს მცდელობა წარმატებული ვერ აღმოჩნდა. რატომ? ნივთიერებებს თხევადი სახით იყენებდნენ. ჰოდა, ყუმბარის აფეთქების შემდეგ, მტრებამდე მხოლოდ მცირე რაოდენობით წვეთები აღწევდა. დანარჩენი უბრალოდ მიწაზე იღვრებოდა. შემდეგ ქიმიური იარაღი გერმანელებმა მოიშველიეს, მაგრამ ეფექტი კვლავ არ იყო. ამჯერად, გამოიყენეს ბრომქსილილი და ბრომ ქსილილენი. საქმე ზამთრის პერიოდში მოხდა და დაბალი ტემპერატურის გამო ნივთიერებების აქროლადობა დაითრგუნა, საჭირო სიდიდის ღრუბელი ვერ წარმოიქმნა. ეფექტი კი იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ელოდნენ. მარტში ჰააგის დეკლარაციას ინგლისიც არღვევს და იყენებს ეთილიოდაცეტატს. ამათ ყუმბარაში იყო მოწყობილობა, რომელსაც აღნიშნული ნივთიერება, აფეთქებისას აეროზოლში გადაჰყავდა და უფრო დიდ მანძილზე ავრცელებდა. აი, უკვე ამის შემდეგ გამოიყენეს გერმანელებმა იპრიტი.

 

აქვე უნდა აღინიშნოს თეთრი ფოსფორიც, რომლის გამოყენება ასევე პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყეს. თეთრი ფოსფორი იდებოდა ყუმბარაში ან სხვა ასაფეთქებელში და აფეთქების დროს შორ მანძილზე იფანტებოდა. ფოსფორი ძალიან კარგად ურთიერთქმედებს ჰაერის ჟანგბადთან და წარმოქმნის ოქსიდს:

4P+5O2=2P2O5.

 

შედეგად, ჩნდება ხანძრები, რადგან გამოიყოფა სითბო, ფოსფორი კი კარგად იწვის და ჩაქრობა წყლითაც შეუძლებელია. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიღებული ოქსიდი მჟავა ტიპისაა და წყალთან იოლად შედის რეაქციაში. თუმცა, იმხანად თეთრ ფოსფორს მხოლოდ ცეცხლის გასაჩაღებლად იყენებდნენ და კარგად არ ჰქონდათ შესწავლილი მისი მომწამლავი თვისებები.

 

მთლიანად პირველი მსოფლიო ომის დროს ქიმიური იარაღის მსხვერპლი მილიონ სამას ოცდაათი ადამიანი გახდა.

 

ბავშვობაში ძალიან ბევრი თოჯინა მქონდა. მერე ზოგი სად გაჩუქდა და ზოგი სად. თუმცა, მაინც ბევრი დარჩა და ზოგიერთის სკეპტიკურ შეკითხვაზე:

  • რაღად გინდა?

ვპასუხობ:

  • მინდა ბატონო! ჩემი ბავშვობის ნაწილია და კიდევ დედის მუდმივი მოგონება, თითოეული თოჯინა დიდი სიყვარულით რომ მომიძღვნა და მომიტანა.

ერთი თოჯინა-გოგო ალბანელია. ეროვნული სამოსი აცვია და კედლიდან ოდნავ გაოცებული მიმზერს.

ჰოდა, გახსენებაც კი მზარავს, რამდენი ამ თოჯინას მსგავსი ბავშვი შეეწირა ქიმიურ თუ არაქიმიურ ომს!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“