შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
26 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ოქტომბრისთვის ჩანაწერები

 

 

სოფელში, ეზოს შესასვლელ ჭიშკართან ახლოს თუ ჭა არის, ჭის გვერდით ჯერ კიდევ დგას ქალი, ასე 60 – 63 წლის. დგას სახელოებდაკაპიწებული და ხელებზე ძარღვები უცნაურად ლურჯი აქვს, თითქოს კანს გაადაკრესო ზერელად და სადაცაა ქარი აყრის. დგას და ცივი წყლით ქმრის და შვილების ტანსაცმელს რეცხავს. გვერდით სარეცხის ფხვნილის კოლოფი უდგას და ისე ფრთხილად ყრის ფხვნილს, იფიქრებ, რამე სასიცოცხლოდ ძვირფასია – თუმცა, ეს სიფრთხილე უკვე ჩვევა უფროა მგონი – ფხვნილი შეიძლება აღარც უჭირს. თვალები ისეთი შორს გამქცევი აქვთ ამ ქალებს, ძნელად მოიხელთებ, ფიქრითაც რომ სდიო. როცა მათ ვხედავ, კიდევ ვხედავ მოლურჯო ალბომს, გარეკანზე ორ ვარდ მიხატულ ალბომს და ალბომში ქორწილის კიდეებგაფერმკრთალებულ სურათებს – უკან ხალიჩა. ლარნაკში მიხაკები. შამპანურის ბოთლი. ტორტი. სხვა ლარნაკი შოკოლადებით. გვერდით გაღიმებული მეჯვარეები. ნეფე-პატარძალიც გაღიმებული. ზოგჯერ უნებლიე ნათესავი ბავშვი კადრში. ზოგჯერ კიდევ უფრო უნებლიე კლასელი. უკვე მთვრალი კლასელი, რომელიც ხუთი წლის შემდეგ ავარიაში მოკვდა. მგონი სამტრედიამდე არმისული.

ცოტა რამ არის ამ ალბომებზე უფრო სევდიანი. მე რომ ცხოვრების დარდზე რამე სურათოვანი სანახავის შექმნა მთოხოვონ, სწორედ მოლურჯო ალბომებს გადმოვიღებდი წიგნების კარადის მეორე თაროდან, სადაც ოდესღაც შემოდეს და მხოლოდ სტუმრები ათვალიერებდნენ ხოლმე. შემოდეს და ცხოვრება გაგრძელდა ჭის გვერდით, სახელოებაწეული და გაქცეული მზერით.

 

////

 

ოქტომბრის მიწურულს იწყებოდა ხერხვა. ხერხვა მოხურულაში. ხერხვა სასიამოვნო რამ არის. ოღონდ, ასე 12-13 წუთი. მერე იღლები, ცალკე – ხელის გაწევით, ცალკე – ერთფეროვნებით. მაგრამ დაღლაზე ბლომად უარესია, თუ მეზობელთან მისი ნათესავი და შენი იმდროინდელი სიზმარი მოვიდა სტუმრად. მაგალითად – ფატიმა ბერიძე.

– ,,პაწა, მევიცადოთ, წავა იი გოგო და გავაგძელოთ მერე!”

– ,,რეიზა?”

– ,,იმიზა, რომე მცხვენია ასე ხერხით ხელში!”

– ,,რაია, კი მარა ხერხვაში და მუშავში სამარცხვინო? თან არ გქონდეს შენც ახლა ცხრაი მაშინა შეშა დასაპობი! ხერხვა კაია პირიქით!”

– ,,რაფერაა კაი? სა წერია რომ ხერხვა კაია?”

,,ლომონოსოვი! – თქვა მამაჩემმა მტკიცედ და ხერხი მიიზიდა – ლომონოსოვი სკოლაში ჩვიდმეტი წლის შევიდა, მანამდე მუშაობდა ხან თევზის ბაზარში მწონავად და ხან შეშის მჭრელად და მერე რაი? გიჟდებოდნენ ქალები ლომონოსოვიზა!”

მე წარმოვიდგინე რუსულის კაბინეტში ,,ნეზნაკომკას” და ,,აპიატ დვოიკას” შუაში დაკიდებული ნახატი ,,ლომონოსოვი მიდის სკოლაში” – შესაბამისად ვერ წარმოვიდგინე, რატომ გიჟდებოდნენ ქალები ლომონოსოვიზა და ამ დროს ისევ მამაჩემის ხმა მომესმა:

,,აგერ, შაქროიას კითხე, ჩემი თუ არ გჯერა!”

,,კი, ლომონოსოვი მაგარი იყო!” – თქვა ცოტა გულსგარეთ შაქროიამ, აქეთა მეზობელმა, რომელიც ჩეჩმას ხურავდა – ,,მაგარი იყო, გეუბნებით; ერთ დღეში დაწერა მაგან მენდელევის ტაბულა…მარა, ამბობენ, დეესიზმრაო და რა ვიცი, მარა ნაღდია, რომ მაგარი იყო – მენდელეევის ტაბულას რომ კაცი დაწერ!”

ის გოგო ძაღლს ეთამაშებოდა და ვიცი მხედავდა. ვიცი ისიც, რომ ხვდებოდა, შემრცხვებოდა და ამიტომაც ის გოგო ძაღლს ისე ეთამაშებოდა, თითქოს ოზურგეთი უდაბნოდ ქცეულიყო და მხოლოდ ის და ძაღლი შემორჩენილიყვნენ უკაცრიელ ნაქალაქარს.

ეგეთია სიყვარული. ხან ისეთ ჩიხში მიგიმწყვდევს, დანებდები – შენ აქ ძველი ბუშლატით და თავზე გერმანიის რომელიღაც ქარხნის სახელიანი ქუდით ხერხავ, ვიღაც კიდევ… ეგ ვიღაც ან არსებობს ან არა, მაგრამ წარმოიდგენ და ასე, წამში, ხერხის ოთხ გასმა-გამოსმაში კარგავ ფატიმას. ძნელია. კაცმა რომ თქვას, ვერც გადარჩებოდი, მაგრამ კიდევ კარგი, სიზმრები იცვლებიან. თან თავისით. კიდევ კარგი, ადამიანი ასეთად გაჩნდა.

 

///

 

– მეიცა, საცხაიდან მეცნობი! – მეუბნება ბათუმელი ტაქსის მძღოლი.

– ეგ არაფერი. – ვეუბნები მე.

– მეიცა, შენ იიი არ ხარ? იმასრომშობი?

– კი! – დარწმუნებით ვპასუხობ მე.

ვიღიმით და ერთმანეთს ხელს ვართმევთ.

გურულს და აჭარელს შორის ყველაფერი გასაგებია. აფერი არაა გუუგებარი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“