ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ვაჟა-ფშაველას „კაი ყმის“ სწავლებისათვის

ქართული ლიტერატურის სასკოლო პროგრამაში ყველა საფეხურზე ვასწავლით ვაჟა-ფშაველას ლექსებსა და მოთხრობებს, საშუალო საფეხურზე კი – პოემებს. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა იმ ავტორთა შორისაა, რომელთა შემოქმედება ყველაზე მშობლიურია ქართველი მკითხველისთვის, მისი ტექსტების სწავლება სკოლაში მაინც საგანგებო მომზადებას საჭიროებს, რადგან სპეციფიკურია მისი ფშავ-ხევსურული დიალექტური ენა, სამყარო, სადაც ხდება მოქმედება მის ნაწარმოებებში; წინა ეპოქების მთიელი ხალხი, მათი ხასიათები, ხედვა, გემოვნება, წეს-ჩვეულებები დაკვირვებასა და ღრმად გააზრებას ითხოვს.

„კაი ყმა“ ვაჟას საპროგრამო ლექსია. მწერალი თავის ცნობილ ესეში “გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით” წერდა: “გმირი ფშაურს ლექსებში „ვაჟკაცად”, „კაი ყმად” იხსენიება; იგი თემიდამ გამოდის, თემს ემსახურება, იმის გულისათვის იბრძვის. გმირის მაღალი ზენობა და საგმირო საქმენი თემს ემსახურება. გმირის მაღალი ზნეობა და საგმირო საქმენი თემს დატრიალებს თავზედ”. კაი ყმა – ეს ფშაური სინტაგმა იმდენად იპყრობს ქართველთა გულსა და გონებას, რომ მას ყველგან ვხვდებით, როგორც ადამიანური იდეალის გამომხატველ სიმბოლოს. ვაჟამ ეს ტერმინი ფართოდ დაამკვიდრა საერთო ქართულ ცნობიერებაში.  მისი პოემების გმირებსაც კაი ყმებს ვეძახით. ლექსი მეცხრე კლასში ისწავლება, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბავშვები არ იცნობენ ვაჟას პოემების სამყაროს, ნაცნობია მხოლოდ მისი საბავშვო მოთხრობები, მინიატურები და ლექსები.

“კაი ყმის” ტექსტზე მუშაობას, რასაკვირველია, ვიწყებთ ტექსტის აღქმა-გააზრებით და ვქმნით ლექსის სიტყვა-ფრაზების სტილიზებულ ლექსიკონს. ლექსიკონი შეგვიძლია გაკვეთილზევე ერთობლივად, ურთიერთთანამშრომლობით შევადგინოთ, ან მასწავლებელმა წინასწარ მოამზადოს, როგორც რესურსი, ან დავავალოთ ენის საკითხებით დაინტერესებულ რომელიმე მოსწავლეს, ან საშინაო დავალებად მივცეთ კლასს და მომდევნო გაკვეთილზე წარმოვადგინოთ, განვიხილოთ, შევაჯეროთ, შევაფასოთ. მსგავსი ლექსიკონის შექმნა სასარგებლო აქტივობაა მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად. აქ ჩვენ გვიწევს განმარტებითი ლექსიკონის შედგენა, რაც ითხოვს სინონიმების მოძიებას და ლინგვისტურ კომპეტენციებს ავითარებს. გთავაზობთ ერთ-ერთ ნიმუშს:

მსმენლის გულს აბორგოვებდეს –  მსმენელს აღელვებდეს, აღუძრავდეს მძაფრ ემოციებს;

ფარების დადგეს ჯღრდეები – დახოცილ მეომართა საომარი ფარები გროვებად ეყაროს;

თვალები თვალებს სწველავდეს – მტრები ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ, თვალებით სიძულვილს გამოხატავდნენ;

ჭიაფრად მუზარადებსა სისხლის წვიმაი ჰფერავდეს – მუზარადებზე სისხლის წვიმა წითლად დიოდეს;

დაგელაობდეს სიკვდილი – დაქროდეს, დათარეშობდეს სიკვდილი;

სუდარაებსა ჰკერავდეს – სუდარა მიცვალებულის გასაპატიოსნებელი ქსოვილია. სიკვდილი რომ სუდარებს კერავს, მეტაფორული გაპიროვნებაა;

ქორებულად ფრინავდეს – ქორის მსგავსად… სიკვდილი უძლეველი ძალაა და შედარებულია ძლიერ მონადირე ფრინველთან;

ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს – ბრძოლის ველს ბოლომდე არ ტოვებს;

მიძღვნილსა საუფროსოსა ამხანაგებსვე სწირავდეს –   ომში თავის გამოჩენისთვის რჩეულ მეომრებს მიართმევდნენ საუფროსო ძღვენს, რომელსაც კაი ყმა მოძმეებს უბრუნებს თავისი უანგარობის გამო;

გაბეჩავებულს სიმართლეს უსამართლობა სძალავდეს – დაუძლურებულ, დამცირებულ სიმართლეს უსამართლობა ერეოდეს/ჯაბნიდეს;

უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს – ზეციურ ნათელს მიწაზე ეზიდებოდეს (მეტაფორაა და გულისხმობს ღვთაებრივი სიკეთის თანამოძმეებისთვის გადაცემას)

საკაცე – თავის ლურჯადა – ფშაველ-ხევსურები საკაცეს ეძახდნენ კუბოს, მიცვალებულის ჩასასვენებელს. გმირს საკაცე თავის ლურჯა ცხენად ეჩვენება საიქიოში ანუ მას სიკვდილის შიში დაძლეული აქვს, მამაცია.

დენა ცრემლისა – ხორხოშა, ღრუბელთა გადმონაყარი – ხორხოშა ფშაურ დიალექტზე არის ხშირი სეტყვა, ხოშკაკალა. მეტაფორაა. კაი ყმას სიკვდილის შემდეგ თავისი სიმამაცის წყალობით დამტირებელთა ცრემლები ხოშკაკალად ეჩვენება.

სულეთს შავიდეს ხმლიანი – საქართველოს მთიელების მითოსურ წარმოდგენებში საიქიო სასუფეველს, მიცვალებულთა საუფლოს ერქვა სულეთი, შავეთი, ქვესკნელი. კაი ყმა სულეთში ომახიანად, მხნედ, ხმალშემართული შედის.

ხმით მოყაშყაშე – ვაჟა ფშაურ დიალქტზე ყაშყაშს ეძახის მყივარი, მყეფარი ფრინველების: ორბის, არწივის ხმას. კაი ყმას საიქიოში არწივი (გამარჯვებისა და სიძლიერის სიმბოლო, ფრინველთა მეფე) მიუძღვის ყაშყაშით, რაც ალეგორიულად კაი ყმის ძლევამოსილების გამოხატულებაა.

ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა – ლეშში ავტორი გულისხმობს ხორციელების მოყვარე სადიაცეთა უმაქნის, მცონარა სხეულს, მძორს, რომლის გამოკვება-გალაღება (ნაყროვანება) ამ ადამიანების ერთადერთი საზრუნავია.

უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს – უქმად დალევთ, დაასრულებთ სიცოცხლეს… იგულისხმება სადიაცეთა სიზარმაცე და უმოქმედობა.

არ იცით, დასჩნდით რისადა – არ იცით, რისთვის გაჩნდით… სადიაცეებს (ლაჩრებს) არ გააჩნიათ ცხოვრების მიზანი, მათთვის ცხოვრების წესია მცონარობა/სიზარმაცე/უაზრო ყოფა.

ტექსტის აღქმა-გაგების საფეხურის შემდგომ იწყება იდეურ-სახეობრივი და სტილური ანალიზი. სახეობრივი ანალიზისთვის საუკეთესო მასალაა კაი ყმისა და სადიაცეთა ლირიკული პორტრეტები. მათ შთამბეჭდავად და მკვეთრი ხაზებით ხატავს ვაჟა-ფშაველა. აქ სასურველი აქტივობაა მოქნილი კოგნიტური სქემა T დიაგრამა, რომლის სვეტებშიც მოსწავლეები ლირიკული გმირების ხასიათის თვისებების მარკირებაზე მუშაობენ. გთავაზობთ ერთ-ერთი მოსწავლის მიერ შესრულებულ ვერსიას:

  კაი ყმის მახასიათებლები სადიაცეთა თვისებები
1 ლიდერი, წინამძღოლი ნაყროვანები
2 ამტანი, მომთმენი ეგოისტები
3 მამაცი, უდრეკი ხორციელებას დამონებულნი
4 სანდო, საიმედო, დასაყრდენი შურიანები, ბოროტები
5 მტკიცე ნებისყოფის,

მაღალი პასუხისმგებლობის

მცონარები, ზარმაცები
6 უანგარო უმიზნო, უიდეო, უაზრო ადამიანები
7 გონიერი  
8 სამართლიანობისთვის მებრძოლი,

ჩაგრულთა დამცველი

 
9 თავმდაბალი  
10 იდეური და შთამაგონებელი  
11 ლაღი და თავდაჯერებული  

 

“კაი ყმის” იდეურ ანალიზზე მუშაობისას საუკეთესო რესურსია ვაჟას პუბლიცისტური წერილი “გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით”. ვაჟა გვიხსნის, რომ ფშაურ ფოლკლორში კაი ყმა და სადიაცენი იხსენიებიან, როგორც სვილისფერა  და ქალისპირა კაცები. სვილისფერა შავგრემანი, მამაცი, ზნეობრივად ამაღლებული გმირია, ხოლო ქალისპირა – მხდალი და უნებისყოფო.

ვაჟა ხაზგასმით აღნიშნავს: “გმირმა ისეთი საქმისათვის უნდა მოიკლას თავი, რომ ჰღირდეს სიკვდილად და სახელად. ეს საგმირო, ღირსი თავის განწირვისა რაღაა, რა საგანია?.. გმირი იმდენად თავის თავისთვის არ ცოცხლობს და იმდენს არ აკეთებს, რამდენსაც თემისთვის, მაგრამ ამ სამსახურისათვის სახელის მეტი არაფერი ჰრჩება. მხოლოდ ხატობის დროს ხევისბერი განსაკუთრებულ დიდის თასით გმირს საკარგყმოს (კაი ყმა) ასმევს. გმირი ხდება საგნად ქება-დიდებისა ლექსებში. სიკვდილს შემდეგ მთელი თემი ჰგლოვობს, ხატობის დროს ოფიციალურად ისმის გმირის შესანდობარი. დიაღ, გმირი მსხვერპლია სოფლისა: სხვას აძღობს, თითონ მშიერია, სხვის სიცოცხლისათვის მებრძოლი თითონ სიკვდილს ეძლევა პირში”.

ამ წერილის პათოსი იდეურად ზუსტად ეხმიანება ჩვენს საანალიზო ლექსს. სვილისფერა გმირი კაი ყმაა, ის “მშიერა მგელია”, სხვებისთვის, თემისთვის იღვწის და საკუთარ სურვილებს არაფრად აგდებს. “მინდას” კაცი კი არ არის, “უნდას” კაცია. ავთანდილის დარიგებას მისდევს: “რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა”. სიტყვამ მოიტანა და აქვე გავავლოთ პარალელი ავთანდილთან. ჩვენი ლექსის ანალიზის გზაზე ბოლო აკორდია სინთეზირება, ტექსტების, იდეების, სახეების შედარება, პარალელების გავლება. ავთანდილი (რასაკვირველია, ტარიელი და ფრიდონიც) კაი ყმის საუკეთესო მაგალითია. ის უკან პლანზე სწევს საკუთარ სურვილებს და მოყვასის დასახმარებლად ურთულეს გზებს ირჩევს.

მოსწავლეებს ასევე შეგვიძლია პარალელების სახით შევთავაზოთ რჩეული ლიტერატურული და ისტორიული გმირების სახეები, როგორებიც არიან: მეფე დიმიტრი თავდადებული (როგორც ისტორიული წყაროებიდან, ასევე ილია ჭავჭავაძის პოემიდან) , ცოტნე დადიანი, თევდორე მღვდელი, სოლომონ ლეონიძე, თორნიკე ერისთავი, ალუდა ქეთელაური, ჯოყოლა ალხასტაისძე, კვირია, ლუხუმი, ზეზვა, გოგოთური, გველისმჭამელი მინდია, ხევისბერი გოჩა, ხორასნელი ჭაბუკი (რევაზ ინანიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის გმირი), მუნჯი ახმედი (გურამ რჩეულიშვილის მოთხრობიდან “მუნჯი ახმედი და სიცოცხლე”), ასევე გურამ რჩეულიშვილის “ალავერდობის” გმირი გურამი, კონსტანტინე არსაკიძე კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენიდან” და მრავალი სხვა…

დამატებით საკითხავად სარეკომენდაციოდ შევთავაზოთ ბავშვებს გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა “აჩხოტელების ბატონი. შიოლა ღუდუშაური და მთრეხელი აქ  ანტიგმირების/სადიაცეთა პორტრეტებს განასახიერებენ, ხოლო იაგორა – კაი ყმის საკმაოდ შთამბეჭდავი სახეა. ასევე მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გაავლონ ლიტერატურული პარალელები. საამოსოდ მასალა ამოუწურავია მსოფლიო ლიტერატურაში. კაი ყმაც და სადიაცენიც განზოგადებული, უნივერსალური მხატვრული სახეები არიან.

ლექსი მდიდარია ტროპული ხერხებით. ტექსტზე მუშაობის დასასრულს კლასი მუშაობს მხატვრული ხერხების მარკირებასა და დეკოდირებაზე. ვინაიდან ლექსში კონტრასტის ხერხით იხატებიან ურთიერთსაპირისპირო სახეები, მთავარ მხატვრულ ხერხებად გამოყენებულია ჰიპერბოლა და ლიტოტესი, ასევე მდიდარია ლექსი მეტაფორებით. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოხდენილი მხატვრული ხერხებით ვაჟა თავის სათქმელს საოცარი გამომსახველობით გვიზიარებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“