შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
26 ოქტომბერი, შაბათი, 2024

როგორ ვასწავლოთ ბავშვს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება

ვფიქრობ, ნებისმიერი ჩვენგანი ერთხელ მაინც გამხდარა მოწმე, როგორ წუხს მშობელი იმის გამო, რომ მის საკმაოდ წამოზრდილ შვილს უჭირს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, დამოუკიდებლად მოქმედება. რა გასაკვირია –გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი ხომ წარმატებული და რეალიზებული პიროვნების აუცილებელ თვისებად მოიაზრება.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და რა ასაკიდან დავიწყოთ ამაზე მუშაობა?

გთავაზობთ რეკომენდაციებს:

* უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და დამოუკიდებლად მოქმედების უნარი თავისთავად არ აღმოცენდება. მას ისევე სჭირდება სწავლება, როგორც სიარულს, ლაპარაკს, კითხვას… უმჯობესია, ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედება, რადგან დროთა განმავლობაში სწავლება უფრო და უფრო გართულდება.

გარკვეულ საზღვრებში დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება პატარას სამი წლიდან უნდა მივცეთ. სწორედ ამ ასაკში იწყებს ბავშვი მეტყველების დროს ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა: „მე თვითონ!“ ,“არ მინდა!“ – და  ამით ერთგვარად საკუთარი პიროვნების დემონსტრირებას ცდილობს. ეს ნუ შეგვაშინებს. აღვიჭურვოთ მოთმინებით. ნუ გაგვაღიზიანებს გამოცდილების ნაკლებობის გამო ბავშვის ნელი მოქმედება, ამის გამო ნუ ვეჩხუბებით და მის დაწყებულ საქმეს ჩვენ ნუ დავასრულებთ, თორემ ბავშვი დროთა განმავლობაში  საერთოდ დაკარგავს გადაწყვეტილების მიღებისა და დამოუკიდებლად მოქმედების სურვილს.

* მივცეთ ბავშვს არჩევანის თავისუფლება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები დავუწესოთ. ნუ ვეტყვით: „აკეთე, რაც გინდა!“ – ამ სიტყვებს ბავშვი უფროსის გულგრილობის გამოხატვად აღიქვამს, თუმცა არც ის იქნება მართებული, ვეჩხუბოთ და ძალით ჩავაცვათ ის, რაც ჩვენ შევურჩიეთ, თუ თავად წინააღმდეგია. ნაცვლად ამისა, შეიძლება შევთავაზოთ სამი-ოთხი ჩასაცმელი და ვკითხოთ, მათგან რომელი ურჩევნია. აღზრდის დემოკრატიული სტილი მრავალ პრობლემას აგვაცილებს თავიდან. ნაცვლად იმისა, რომ ავტორიტარულად ვმართოთ ბავშვის ცხოვრება, მკაცრად მოვთხოვოთ, აკეთოს მხოლოდ ის, რაც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ, – ვესაუბროთ და გავითვალისწინოთ მისი სურვილებიც. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს დამოუკიდებლად მოქმედების, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარის განვითარებას.

* ნუ გავაკეთებთ ბავშვის მაგივრად იმას, რისი გაკეთებაც მას თავადაც შეუძლია. უფროსები ხშირად მივისწრაფვით, თავიდან ავაცილოთ ბავშვს ზედმეტი დატვირთვა, ზედმეტი შრომა, მის ნაცვლად ვაკეთებთ იმას, რასაც ბავშვი ასე თუ ისე დამოუკიდებლადაც გაართმევდა თავს (ტანსაცმლის ჩაცმა-გახდა, სათამაშოებისა თუ სასწავლო ნივთების დალაგება, მოწესრიგება). ჩარევას იმით ვხსნით, რომ ჩვენ ყველაფერს უფრო სწრაფად ვაკეთებთ და ამით დროს ვიგებთ. ბუნებრივია ბავშვის მოძრაობები არ არის ისეთი დახვეწილი, როგორიც ზრდასრული ადამიანისა, ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად მას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, მაგრამ თუ დამოუკიდებლად მოქმედების პირობები არ შევუქმენით, ცალკეული უნარ-ჩვევების გამომუშავება დიდი ხნით გადაიწევს.

* ნუ დაგვავიწყდება ბავშვის შექება, როცა ის დამოუკიდებლად გააკეთებს რამეს. საქებარი სიტყვები დაანახებს ბავშვს, რომ ჩვენ ვაფასებთ მის ძალისხმევას, ეს კი, თავის მხრივ, სტიმულს მისცემს და სურვილს გაუჩენს, მეტი გააკეთოს, მეტი იშრომოს. ბავშვისთვის ქება საუკეთესო ნიშანია იმისა, რომ სწორ გზაზე დგას. ბავშვი, რომელსაც აქებენ, დიდი ალბათობით, შეეცდება, ისევ და ისევ ასიამოვნოს მშობლებს.

* მივცეთ ბავშვს შეცდომის დაშვების უფლება. ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ის ყოველთვის სწორ არჩევანს გააკეთებს. გავითვალისწინოთ: ბავშვი ჯერ მეტისმეტად პატარაა იმისთვის, რომ შეცდომა არ დაუშვას, მით უმეტეს, შეცდომებისგან არც ჩვენ, უფროსები ვართ დაზღვეული. უკეთესია, ავუხსნათ, რომ შეცდომა არ არის კატასტროფა, ის ყველას მოსდის. ერთად ვიმსჯელოთ, რატომ მოუვიდა ეს, ვაპოვნინოთ პრობლემის გადაჭრის სხვა გზა, ვკითხოთ, რამ უბიძგა ასეთი არჩევანისკენ და რისი გაკეთება შეუძლია შეცდომის გამოსასწორებლად. განსაკუთრებით ხშირად უნდა ველოდეთ  შეცდომებს მოზარდებისგან – ისინი ჯერ მხოლოდ სწავლობენ დამოუკიდებლობას, მაგრამ უკვე გადაჭრით უარყოფენ უფროსების ავტორიტეტს. მიუხედავად ამისა, ვეცადოთ, თავს არ მოვახვიოთ ჩვენი გადაწყვეტილებები.  შეცდომები დაეხმარება, საკუთარ გამოცდილებაზე ისწავლოს.

* გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. სხვადასხვა ასაკი მოითხოვს პასუხისმგებლობის სხვადასხვა ხარისხს. მაგალითად, თუ ბავშვი ჯერ მხოლოდ ექვსი წლისაა, ის შეიძლება დაგვეხმაროს მტვრის გადაწმენდაში, ნივთების დალაგებაში. უფრო მოზრდილ ბავშვს შეიძლება დავავალოთ, მაგალითად, ახლომდებარე მაღაზიიდან პურის მოტანა, მოზარდს – უმცროსი და-ძმის საბავშვო ბაღიდან გამოყვანა.

ნუ ვიქნებით ზედმეტად მკაცრი. გადაჭარბებული კონტროლი ბავშვს საკუთარი თავის რწმენას დააკარგვინებს. დაუფიქრებელი, გაუაზრებელი აკრძალვები კლავს ინიციატივას და ავითარებს ინფანტილურობას. მივცეთ ბავშვს შეცდომებზე სწავლის საშუალება, ავუკრძალოთ მხოლოდ ის, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მივცეთ მიმართულება, მაგრამ მის ნაცვლად არ ვაკეთოთ ის, რისი კეთების უნარიც მას თავად შესწევს.

* ნუ შეგვეშინდება იმის, რომ ჩვენი ავტორიტეტი ბავშვის თვალში დაიწევს, თუ მან ჩვენს დაუხმარებლად გააკეთა რამე. თუ ბავშვი თავად აირჩევს ტანსაცმლის ფერს, ჩვენს ავტორიტეტზე ეს გავლენას არ მოახდენს. პირიქით, თუ ერთად განვიხილავთ მასთან დაკავშირებულ გეგმებს, ჩვენ შორის დამყარდება ნდობით სავსე ურთიერთობა, ეს კი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის, რომ ბავშვს ეშინოდეს მშობლების, რადგან მათ შეუძლიათ, ნებისმიერი რამისთვის დასაჯონ.

* დავეხმაროთ ბავშვს საკუთარი არჩევანის გააზრებაში. ამისთვის ერთად განვიხილოთ მიღებული გადაწყვეტილებები. მივაპყროთ მისი ყურადღება შედეგს, რომელიც მის გადაწყვეტილებას მოჰყვა. მაგალითად, თუ ბავშვი გვთხოვს, ძაღლი მოვუყვანოთ, შევახსენოთ, რომ მას თავად მოუწევს ძაღლის გამოკვება და გასეირნება.

* მუდმივად ვესაუბროთ, ვკითხოთ აზრი და რჩევა, დავუსვათ კითხვები, მივცეთ საშუალება, ისწავლოს ფიქრი და საკუთარი აზრის გამოხატვა. მაგალითად: „გარეთ ცხელა, როგორ ფიქრობ, რისი ჩაცმა ჯობია?“ ან: „შენი რჩევა მჭირდება – რომელი ხილის ყიდვა ჯობია?“ ასეთი კითხვები ბავშვს უღვივებს საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობას და ასწავლის პასუხისმგებლობას. მოზარდები, რომელთა მოსაზრებებს ადრეული ბავშვობიდანვე ითვალისწინებდნენ, მეტი სიამოვნებით ასრულებენ უფროსების თხოვნას, დავალებებს და მითითებებს.

 

ამრიგად, თუ ჩვენი მიზანია მოაზროვნე პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს სწორი არჩევანის გაკეთებას, მივცეთ ბავშვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება. რაც უფრო ადრე დავრთავთ ნებას, დამოუკიდებლად გააკეთოს არჩევანი, მით უფრო ნაკლებად გაუჭირდება მომავალში გადაწყვეტილებების მიღება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“