პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024
18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

„უფალო, ნუ დამივიწყებ, როცა ისევ მოხვალ…“

(თეა თოფურიას „იაკობის ჭასთან“)

 ნაწარმოების დასაწყისშივე იშლება მითოსური პლანი („გოლიათის ღამე, იოათამის ნაამბობი“) და ჩვენ თვალწინ ცოცხლდება პრეისტორიული, ზღაპრული, ბავშვური წარმოდგენებით აღქმულ-ნაქსოვი სამყარო: ერთხელ ერთ-ერთი გოლიათი თავის ქვეყანაში მიწაზე ჯდება და სამყაროს ზურგს აქცევს, ხოლო მისი ვეებერთელა ზურგი ყველაფერს დაჩრდილავს და ასე დაღამდება პირველად. ეს გოლიათი შეყვარებულია. მოდით, დასაწყისშივე დავსვათ კითხვა, რომელსაც წერილის ბოლოს გავცემთ პასუხს:

  • გოლიათებმაც იციან სიყვარული?!

…ძალიან საინტერესოა სინკრეტულობა, წარმართულში ქარიატიანულის ჩართვა (თუ, პირიქით), როგორც თუნდაც ჩვენს მთის სალოცავებშია: „შეყვარებული გოლიათის ამბავი იმ ორი ამბიდან ერთ-ერთია, რომელიც იოაბმა ქრისტეს გაუცვალა, ამიტომ ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს ჰყვება“(3). ჩვენ წინაშეა ყოფიერების არქაული ზღაპარამბავი, რომელსაც არც დასაწყისი აქვსო, ავტორმა და არც დასასრული („ვინც წაიკითხავთ, თქვენს ჭკუაზე დაიწყეთ და დაამთავრეთ“). მოკლედ, „შუას“ ჰყვება მწერალი, როგორც მოუხერხდება, ისე. წარსული „დასაწყისია“ და აღარ არის, მომავალი „დასასრულია“ და ჯერ არ არის. „შუა“ აწმყოა – „შეჩერდი წამო“, ყველაზე ნაღდი და საგრძნობი, აწმყო, რომელშიც აქტიურად ვცხოვრობთ. აწმყო, რომელშიც წარსულიცაა, როგორც გამოძახილი, კვალი და მომავალიც, როგორც ხნულში მარცვალი, ნაყოფი რომ უნდა გამოიღოს…

იდიომებით მეტყველებაც თვალშისაცემია, მაგრამ არანაირადაა დამძიმებული, ისეა, როგორც იგავში, ანდაზაში – რთულის „მარტივად“ გადმოცემა. მაგალითად, არიან მოხუცები, რომლებიც თითქოს უდარდელობით სვამენ კითხვას ისეთი სიმსუბუქით, მათს ჭარმაგ ასაკს რომ ახასიათებს („მაგრამ საკმაოდ მოხუცი იყო, რომ იმაზე ედარდა, რასაც არაფერი ეშველებოდა“ ან „რატომ უყვარს ადამიანს ფანჯარაში ყურება? – გაიფიქრა მანასემ, – თან მაშინაც კი, როცა ზუსტად იცის, რასაც დაინახავს და მაშინაც, როცა უკვე ვერაფერს ხედავს.“) და არიან ბავშვებიც, რომლებიც ონავრულად სვამენ უკვე თავიანთ კითხვებს:

„– ეშმაკს მართლა არ სძინავს, ბაბუ?

  • რამ გაგახსენა ეშმაკი?
  • აი, ზაქარია რომ არ იძინებს ხოლმე, ისიც ეშმაკია?“

ჰო, პასუხებია საქმე ამ მარტივი/რთული კითხვებისა, თორემ კითხვები რიტორიკულია: მოხუცებმა იციან პასუხები, ბავშვებმა კი „იციან“.

მოვლენები ნაწარმოებში გასულიერებულია, როგორც უხსოვარ დროში, თუმცა არ გვტოვებს შეგრძნება, რომ რასაც ვკითხულობთ, ზედროულია – „წვიმაზე ძაღლისხევში ისე ლაპარაკობდნენ, როგორც ადამიანზე“; ისიც ხან ანგრევს, ხანაც ინახავს ხალხს: საშეშე ხე ჩამოქვს, ნადირსაც ჩამორეკავს ხოლმე ზემო ტყეებიდან.

„ძაღლისხევი“ ცხოვრების მეტაფორაა – ცხოვრობს ხალხი, როგორც „ათადან და ბაბადან“, მოჰყავთ მოსავალი, ვაჭრობენ, წიგნებს წერენ, ქორწინდებიან, ხოლო ახალშობილებს ქრისტეს წინაპრების სახელებს არქმევენ და იმედიც აქვთ, რომ ქრისტე ისევ დაიბადება. შემდეგ შემოდის ომის სიმბოლიკა, პარადიგმულობა: ლტოლვილები, მოხუცებითა და ატირებული ბავშვებით, დაჭრილებით სავსე ურმებით, დაუმარხავი მიცვალებულების დამარხვას რომ სთხოვენ და არ ყოვნდებიან, აგრძელებენ გზას. ურდო მოდის და ხალხიც იძულებულია, აიყაროს და სხვაგან, შორს, მთებში გადაიხვეწოს.

პერსონაჟთა სახელები ბიბლიურს მიმსგავსებულია, რაც მიგვანიშნებს, რომ ეს ამბავი რომელიღაც კონკრეტულ დროის ლოკალშიც ხდება და მის ჩარჩოებსაც არღვევს, მითის კანონიკით. განცდათა „მშვიდი“ სიმძაფრეც მითოსურია („ფარეზმა იმდენი იფიქრა, რომ თვალების ფერი შეეცვალა“).

მომხვდური ყველა კაცს ამოხოცავს, რჩებიან მხოლოდ ქალები და ბავშვები; კიდევ ცალხელა ზარა, ფარეზის ძმა. მითოსის თხრობის „გრილ სინოტივეს“ გრძნობ, როცა წლების შემდეგ ელიაკიმი იმ ბავშვის უხრწნელ სხეულს პოულობს ხევთან, დავითისა, რომელიც ხევის შესასვლელში ჩააყენეს ქალებმა და მასზე შემდგომ აღარაფერი გაუგიათ. სხეული ხავსითა და კლდის ყვავილებითაა დაფარული და მას უზარმაზარი ფრინველი იცავს, ახლოს არავის უშვებს….ასე არსდება ძაღლისხევი – ურდოდან გამოყოლილი, დარჩენილი ათი კაცი დიდი ველიდან გამოყოლილმა ნაგაზმა დაგლიჯა და შემდეგ ჩვეულებრივი ძაღლური ცხოვრებით მოკვდა. ბავშვები ხანდახან იცინიან ამ დაუჯერებელ ამბებზე, თუმცა არ უკვირთ („ძაღლის ამბავი მხოლოდ მაშინ დაიჯერეს, როდესაც აქაზის მომაკვდავი შვილი ეზეკია საიქიოდან დაბრუნდა“). თითქოს ყოფიერების, ათასჯერ აღსრულებულ-აღიარებულ-ტრაგიკულ ჭეშმარიტებას ღაღადებსო წუთისოფლისა ეს სიტყვები: „პურის თეთრი ტილო დაბერტყა, მიცვალებული შიგ გაახვია და ცოტა ხანს დასასვენებლად ჩამოჯდა. თითქოს უზარმაზარი შოთი გამოუცხვიათო, ისე იდო ცხედარი იატაკზე“(38); – აქ არ შეიძლება, არ გაგვახსენდეს „პური ჩვენი არსობისა“ – ფქვილი და „პური მიწისა“ – ადამიანი; წარმავალობისა და ამაოების ასე შემზარავი და ასე ახლობელი, შეჩვეული, გაუხსნელი და ადამიანობის ურთულესი, ბოლომდე  მაინც და ყოველთვის შეუცნობელი საიდუმლოები: „მიწიან ხელებს რომ იბანდა, გაიფიქრა, მამას ვეღარ შეხვდებოდა, ალბათ საიქიოშიც ვერა, იმდენად უცხოები იყვნენ ერთმანეთისთვის“(39).

ნაწარმოების ენა იგავურია, თითქოს ზღაპარს, მითს ან სახარებისეულ იგავს კითხულობ. სახელები გამოგონილია, უხსოვარდროინდელს, ბიბლიურს მიმსგავსებული. სიმბოლოებით აზროვნებაც სახარებისეულ-პარადიგმულია. მითოსური ზმანებები, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე, არქაულის სუნთქვა და ზედროულობა, ზოგადობა. კონკრეტიკა აქ, უბრალოდ, ფორმაა, რომელშიც ეს ზედროულია დროებით ჩასმული.

იაკობის ჭა რაღაა? – „ძლიერი წვიმებისას მუდამ დიდებოდა ჭები, გარდა იაკობის ჭისა, რომელსაც მთელი სიცოცხლე თხრიდა იაკობი და წყლის ძარღვამდე მაინც ვერ ჩააღწია. იმასაც კი ამბობენ, იაკობის ჭა იმდენად ღრმაა, საიქიომდე აღწევსო“(50). ეს ჭა, რომელშიც წყალი არასდროს ჩადგება, ჩემი აზრით, ბედისწერისა და ადამიანი შერკინების მარადიული მისტერიაა, მეტაფორა, სიმბოლო; და როგორია ბედისწერა თეა თოფურიას სამყაროში? – მაგალითად, ძაღლისხეველებს სჯერათ, რომ გოლიათის გახვრეტილ ბეჭში გავლით კაცი დროის საზომებით სავსე ოთახში ხვდებოდა; „ადამიანი რომ დაიბადებოდა, ანგელოზი მისი სიკვდილის დროს მონიშნავდა და ისიც იქამდე იცოცხლებდა, სანამ დროის ისარი ამ ნიშნულამდე არ მიაღწევდა“ (56) – ანუ დაბადება და სიკვდილი უცვლელი კანონზომიერებებიაო, რასაც თუნდაც „ვეფხისტყაოსანში“ განგება, უფლის ნება ჰქვია. ეს უკვე ჩვენი ქმედებებით დაურეგულიერებელი მოცემულობაა, ბედისწერისგან განსხვავებით.

ეზოთერულთან, სიბრძნესთან ზიარების შეგრძნებები საკმაოდაა წიგნში. თუნდაც ეზეკიას ნაამბობი რაღაცა აპოკრიფული მონათხრობივითაა „ძაღლების სამოთხეზე“ – როდესაც ძეღლისხეველი კვდება, მის შესახვედრად მფარველი ანგელოზის მაგივრად ის ძაღლი მოდის, რომელმაც ხევი ურდოსგან დაიცვა და საიქიოშიც ის მიაცილებთო: „– დიდი, თეთრი ძაღლი, შავლაქებიანი, სანამ ავად ვიყავი, მოშორებით იჯდა და მიყურებდა. ზოგჯერ ახლოს მოდიოდა, მყნოსავდა“ (56), – ეს უკვე აქაზის შვილის, ეზეკიას, ნათქვამია, რომელსაც მამამ მეგობრის სახელი დაარქვა.

მწერლის წერის ოსტატობა მინიმალიზმებით მიღწული სიღრმეა, დრო და ღვთაებრიობაც, რომელთა სიმბოლო მოხუცი ეზეკიაა ერთ-ერთ მისტიკურ ეპიზოდში: „შორიდან ისე ჩანდა, თითქოს სულ თეთრები ეცვა, სინამდვილეში ტანსაცმელი გახუნებოდა მუდმივად მზეზე ჯდომისგან“. მოხუცი ეზეკია უკვე დიდი ასაკისაა, იმდენად დიდი, რომ უკვდავი ჰგონიათ; მზისგან გამთბარ მიწის ნაგლეჯზე ჯდება („მზეც“ და „მიწაც“ შეიძლება მეტაფორებად მოვიაზროთ, პრინციპში) ხოლმე წესისამებრ და აგრილებამდე იქ ზის. იგი დროის საზომია ან, თუ გნებავთ, თავად დრო – წუთისფლის საზომი. „ძნელი ყოფილა კაცის ცხოვრებაო“ და ანგელოზი ეზეკიას დროის საზომიდან აძრობს ტოტს. იმ წუთასვე კვდება მზეს მიფიქცებული მზესავით ბებერი ეზეკია; როგორც ყველა გარდასული წუთი და წამი…

უამრავი სიბრძნეა ნაწარმოებში, მოკლედ და ლაკონიურად, „მარტივად“ თქმული, როგორც საკრალურ ტექსტებში: „თამარს არ უტირია. ბოლოს მაშინ იტირა, როცა დედა მოუკვდა და იმავე დღეს შეეგუა, რომ ამის შემდეგ მისი ტირილი სხვებს მხოლოდ გააღიზიანებდა და სხვა არაფერი“(65). პერსონაჟებიც, ახლაც მცხოვრებნიც და წინარეისტორიულნიც, უამრავი წლისანი ბიბლიური მათუსალასავით, ბევრ დროში ნაცხოვრებნი, მარად ძველნი და მარად თანამედროვენი…ჰო, აქვე სიბრძნე-ოქსიმორონებზეც, თუნდაც ამაზე: „თითქოს სიყვარულისთვის ვიბადებით, თუმცა ცხოვრება სიყვარულს არ გაპატიებს“.

კიდევ ინფანტილური, მითოსურ-პირველყოფილი წარმოდგენები ქვეყნიერებაზე: ოქროს მთვარე, რომელიც მძიმეა და შეიძლება რომელიმე მთის უკან ჩამოვარდეს და იოაბიც,  დაკარგული მთვარის საძებნელად რომ მიდის; ადამიანური ტყუილები და სიმართლეები, გამოგონილი თუ წარმოსახვითი სინამდვილე, მათი „აიწონა-დაიწონა“; დრო, რომელიც ადამიანებმა გამოიგონეს ამაოების დასამარცხებლად:

„– უფალო, სადაც წახვალ, წაიღე კიდევ ერთი ტყუილი თამარზე, რომელიც არასდროს დამიტოვებია. ათი წლის წინანდელ ზამთარში ცოლად შევირთე, აგერ იმ სახლში ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ. ახლა გვძინავს, ნუ გაგვაღვიძებ, ისე გაბრუნდი, ხალხმა არ დაგინახოს.

  • მე არსაიდან მოვსულვარ, სულ აქ ვიყავი.“

ყოველივე ზემოჩამოთვლილია გაერთიანებული ამ ეპიზოდში. ასევე „ძილ-ღვიძილის“ ამსოფლიური დაუდგენლობა და „ო, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილიც…“, ილიასეული.

იოაბი სვამს მარად კითხვას: „რა არის ადამიანში საყვარელი?…რატომ უყვარს ღმერთს ადამიანი? არაფერი კარგი ადამიანს არა აქვს, არც სილამაზე, არც ბუნება, არც გონი, წყალს არ მოგაწვდის, სათავისო თუ არაფერი ეგულება. კატაც საყვარელია, ძაღლიც. ადამიანში რა არის საყვარელი? ამდენი ხანია ვფიქრობ და ვერ მომიფიქრებია“). ამის პასუხად, ათასჯერ ნაფიქრ ადამიანურ დანიშნულებად, ჩემი გარდაცვლილი მეგობრის ლექსი შემომხვდა, ზუსტად თეა თოფურიას წიგნის კითხვისას და სრულად შემოგთავაზებთ:

„როცა ზამთარში გუგუნებს ცეცხლი და ეფერება პატარა ბიჭი

დამჭკნარ ხელებზე ბეღურისხელა უძლურ ბაბუას,

მაშინ მიხვდები, ალბათ ამისთვის გაჩენილა ადამიანი…

როცა ჭაობში გზააბნეულს, ყელამდე ჩაფლულს,

დროზე მიუსწრებს მძალვრი ხელი, ჩაეჭიდება,

მაშინ მიხვდები, ალბათ ამისთვის გაჩენილა ადამიანი…

როცა სიცხისგან გათანგული შვილის ცხელ შუბლზე,

იმედს და შვებას დაეძებენ დედის ტუჩები,

მაშინ მიხვდები, ალბათ ამისთვის გაჩენილა ადამიანი.

როცა ცოდვილი, დაცემული იპოვის ძალას

და მიფორთხდება სინანულის შეჭედილ კართან,

მაშინ მიხვდები, ალბათ ამისთვის გაჩენილა ადამიანი.

როცა სიმართლის წვრილ-წვრილ ნამცეცებს

ეკალბარდებში დაეძებენ მკრთალი თითები

და ლურჯ თავშალში აგროვებენ გათენებამდე,

მაშინ მიხვდები, ალბათ ამისთვის გაჩენილა ადამიანი.

როცა სიკვდილი ჩაამსხვრევს სარკეს

და განშორებით დაჭრილი სული,

ადგება ფეხზე და გზას განაგრძობს,

მაშინ მიხვდები, ალბათ ამისთვის გაჩენილა ადამიანი.

როცა ხანძარში მიტოვებულ უმწეო ლეკვებს,

მოძებნის ვინმე, ჩაიხუტებს და გადაარჩენს,

მაშინ მიხვდები, ალბათ ამისთვის გაჩენილა ადამიანი.

როცა სიყვარულს ვეღარ იტევს ვერაფრით გული

და სხვას დაეძებს, რომ უშურველად გაუზიაროს,

მაშინ მიხვდები, ალბათ ამისთვის გაჩენილა ადამიანი.

ცხოვრების ბნელი, უსულგულო ცივი წყლებიდან

ყოველწუთს ცდილობს ამოყვინთვას და მზესთან ასვლას.

ამისთვის მოდის ტანჯვის გზებით ადამიანი.

აბა, ტყუილად ხომ არ გაჩნდა ამქვეყნად მართლა?…“

(ინგა მილორავა „მიხვედრა“)

თემა წიგნისა „იაკობის ჭასთან“ მაგიური რეალიზმია, ფანტასმაგორია, მითოსი; ხოლო იდეა შემდეგია – კაციც, ერიც, იმისთვის იტანჯება, რომ ბოლოს ისევ საკუთარ თავს დაუბრუნდეს. ანუ დიდი მიზნისკენ სწრაფვა და მიღწევაა ადამიანში საყვარელი!

დაბოლოს, პასუხი წერილის დასაწყისში დასმულ კითხვაზე:

  • გოლიათებმა იციან სიყვარული, აბა, ჩვენ, ადამიანებმა, რა ვიცით?!

ჰოდა, უნდა ვისწავლოთ კიდეც „გოლიათებისგან“……

 

ციტატები წიგნიდან – თეა თოფურია, „იაკობის ჭასთან“, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2023 წელი

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ზღვის ბალახი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“