შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
26 ოქტომბერი, შაბათი, 2024

როგორც დაფაზე ცარცის ნაკვალევი

ბევრისთვის მირჩევია სილვია პლათის წაკითხვა – როგორც ლექსების, ისე მისი ერთადერთი რომანის, თავზარდამცემი გულწრფელობით დასამახსოვრებელი „ზარხუფის“. სიმართლე რომ ვთქვა, ეს ბოლო წიგნი უფრო ახალგაზრდების, მთავარი გმირის ასაკს მიახლოებულების საკითხავად წარმომედგინა – გზის დასაწყისში რომ დგანან, სურვილებისა და შესაძლებლობის სიმრავლისგან თავბრუ რომ ეხვევათ, გაორების, დაბნეულობის, ზოგჯერ კი ყველასგან, ყველაფრისგან გაუცხოების განცდები მოსვენებას რომ არ აძლევთ. მერე რა, თუ ნელ-ნელა მძიმდება იმ გოგოს მდგომარეობა, რომლის თვალებით გამოხედვაც მკითხველს არ უნდა გაუძნელდეს.

ესთერ გრინვუდს, რომელსაც სამყარო თავზე ენგრევა, სასიცოცხლოდ აუცილებელი ჰაერიც, ნანგრევებიდან ამოძრომის ძალაც საპოვნელი აქვს. „გაყუჩებული და ცარიელი ვიყავი, როგორც ტორნადოს თვალი, აურზაურით გარშემორტყმული, წინ ბრმად, მძიმედ რომ მიიწევს“, – ვკითხულობთ დასაწყისშივე. არადა, ისეთი გოგოა, წესით, ყველაფერი მარტივად რომ უნდა გამოუვიდეს, აუხდენელის ახდენა რომ უნდა მოახერხოს. მაგრამ დგება წუთები, როცა სიბნელეში ვეღარაფერს არჩევს, როცა სასოწარკვეთილს ასეთი სიტყვები დასცდება: „თავს მიწაში ამოთხრილ ორმოდ ვგრძნობდი“.

ექიმები ერთმანეთს ენაცვლებიან, მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს სცდიან, მათ შორის ასე საზარელ შოკურ თერაპიასაც. შეშინებული, საყრდენგამოცლილი ესთერი, ერთი მხრივ, ბევრად უფრო გამახვილებული თვალით ხედავს ყველაფერს, მეორე მხრივ კი, მეტისმეტ სიფრთხილეს იჩენს – ვიღას უნდა ენდოს, რაღას უნდა ენდოს უცაბედად სახეცვლილ, სახიფათოდ ამოყირავებულ ამ სამყაროში? „სიტყვებს დაეჭვებით ვარჩევდი, როგორც მრგვალ, ზღვით მოპირკეთებულ კენჭებს, რომლებმაც შეიძლება უცაბედად ბრჭყალი გამოყონ და რაღაც სხვად იქცნენ“, – ამბობს ავტორის ერთგვარი ალტერ-ეგო, რომლის მეტყველებაც პოეტისაა, რომლის მეტაფორებიც თვალის მომჭრელად ბრწყინავს.

ბავშვობის ტრავმაც უდავოდ სახსენებელია – მაშინ უნდა გაჩენილიყო პირველი ბზარები – წვრილი, ზოგჯერ შეუმჩნეველიც – სილვია პლათისა თუ ესთერ გრინვუდის ფსიქიკაში. თუმცა ისტორიის ასე დანახვა ბევრ კითხვას დატოვებს პასუხგაუცემლად. უფრო საყურადღებოდ ის მეჩვენება, როგორ აგნებს სიბნელეში ხელის ცეცებით მოსიარულე იმ გამომსახველობით ფორმებს, რომლებითაც მისი მდგომარეობა შესანიშნავად აღიწერება; როგორ ხდება ენა ერთადერთი საიმედო საყრდენი. „გავიფიქრე, რომ სამყაროში უმშვენიერესი რამ ჩრდილია, ჩრდილის მილიონობით მოძრავი სილუეტი და ლაბირინთი. ჩრდილი – კარადის უჯრებში და სათავსოებში და ყუთებში და ჩრდილი სახლების და ხეების და ქვების ქვეშ და ჩრდილი ადამიანების თვალების და ღიმილის უკან, და ჩრდილი, კილომეტრებად და კილომეტრებად გადაწოლილი, დედამიწის ღამეში მოხვედრილ მთელ ნახევარსფეროზე“, – ამ სიტყვების მთქმელი ყველაზე მთავარს ხედავს, მკაფიოდ ხედავს.

სხვათა შორის, ესთერი ერთ-ერთ ექიმს ეუბნება, მინდა, პოეტი ვიყოო. მისი აუტანელი ტკივილის წყარო ისიც არის, რომ ვერ გადაუწყვეტია, საბოლოოდ რა გზას დაადგეს, საზოგადოების მიერ შემოთავაზებული როლებიდან რომელი აირჩიოს, მაშინ, როცა მათივე უშინაარსობას, გამომფიტველ ბუნებას კარგად ამჩნევს. გზაგასყარზე დაყოვნება კი უფრო და უფრო სახიფათო ხდება. „უცებ სიბნელემ წამშალა, როგორც ცარცის ნაკვალევი იშლება დაფაზე“, – ასე იხსენებს შოკური თერაპიის დასაწყისს, ამ წამის მოხელთებას, სიტყვებში გამომწყვდევასაც ახერხებს.

რა თქმა უნდა, სილვია პლათის ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანში ბევრი რამ არის სახეშეცვლილი, სულაც გამოგონილი, მაგრამ კითხვისას სულ უფრო მიმყარდებოდა რწმენა, რომ ამბების მოყოლით მათგან სამუდამოდ გათავისუფლებას ცდილობდა, რომ წარმოსახვითი ზარხუფის ახდა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მხოლოდ მთავარ გმირს კი არა, მასაც უნდოდა და საამისო გზად წერა დაესახა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“