პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024
18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

ქალაქი, როგორც ტექსტი

 

2.წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის კათოლიკური ტაძარი

ადგილი ბევრნაირია: არის ბავშვობის ადგილები, სადაც გვითამაშია, გვირბენია და რომლებსაც ღიმილიანი სევდით ვიხსენებთ; არის ადგილები, რომლებიც, უბრალოდ, გვიყვარს – იქ თავს კარგად ვგრძნობთ; არის კიდევ მშობლიური ადგილები, რომლებიც სულ ჩვენი იქნება, რაც უნდა მოხდეს; და არის, აგრეთვე, ადგილები, რომლებთანაც რაღაც მისტიკური გვაკავშირებს. ერთი ეგეთი ადგილი მეც მეგულება, ოღონდ არ ვიცი, როგორ შევძლებ, იმის მოყოლას, რაც იქ გადამხდა – ეს ამბავი ხომ ჯოჯოხეთიდან ამოსვლის ამბავია, ასეთი რამ კი ყოველდღე როდი შეგემთხვევა ადამიანს.

მოდი, ჯერ ჯოჯოხეთისას გეტყვით.

იცით, რა არის რუმინაცია?

თუ არ იცით, გისურვებთ, არასდროს გაგეგოთ და გამოგეცადოთ. ესაა ცეცხლი შენში, რომელიც შიგნიდან გწვავს და გჭამს; ცეცხლი, რომელსაც არც სითბო აქვს და არც სინათლე. ეს ბნელი ცეცხლია.

თავიდან მეგონა, ვბრაზობ-მეთქი, ვბრაზობ და გამივლის. მაგრამ გავიდა ერთი თვე, ორი, მესამე დაიწყო და მე კი ისევ ბრაზში ვიხრჩობოდი.

შემეშინდა, მაგრამ შიში გაქრა, როგორც კი შევიტყვე, რომ რაც მემართება, თურმე სრულიად ნორმალურია. ეს კი ასე მოხდა:

აღარ მახსოვს, ნარცისებზე რატომ მოვიძიე ინფორმაცია ან როგორ მივხვდი, რომ ნარცისული ძალადობა (Narcissistic Abuse) გადამხდა. თქვენ, ალბათ, არც ის იცით, ეგ რა არის. ბუნებრივიცაა – ჩვენ ხომ ჯერ იმის მტკიცება გვიხდება, ქალების უმოწყალო ხოცვა რომ ძალადობაა და ძალადობის ასეთ ნატიფ ფორმებზე მსჯელობისაგან შორსა ვართ. კი, ძალადობა შეიძლება იყოს ნატიფი, ის გამაოგნებლად, საზარლად მშვენიერი შეიძლება იყოს, იმდენად მშვენიერი, რომ წლობით ჩარჩე მასში და უფრო და უფრო ღრმად ჩაეფლო. მე ღმერთმა გადამარჩინა – ჩემი ურთიერთობა ნარცისთან ერთ წელსაც არ გაგრძელებულა.

ჰოდა, ერთი სიტყვით, ძვირფას მეგობართან, რომელიც იმ ნარცისსაც იცნობს, ბევრი საუბრის, ბევრი ძიების შემდეგ გავაცნობიერე, რაც მოხდა ჩემს თავს. მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე ამ ბრაზის შემოტევებს, მთელ დღეს რომ მაწამებს, რუმინაცია ჰქვია. ამ დროს იხსენებ ძალადობის მომენტებს, ყველა მის მანიპულაციას, სულელურ ჩხუბებს, განზრახ რომ გაგიმართავდა ხოლმე და ბრაზობ. ბრაზობ და ნანობ, რომ გაუჩუმდი; ნანობ, რომ ცხვირ-პირი არ ამოუნაყე; ნანობ, რომ ერთი გემრიელად არ გალანძღე. და ლანძღავ და ბრაზობ და ლანძღავ და კიდევ უფრო ბრაზობ და ასე – დაუსრულებლად. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამას ვერაფერს უხერხებ – მხოლოდ მოთმენა შეგიძლია, რადგან რუმინაცია – ესაა სისხლდენა ღია ჭრილობიდან, ჭრილობის მოშუშებას კი დრო სჭირდება.

ნარცისთან ურთიერთობას კიდევ ერთი უბედურება ახლავს – გიმსგავსებს. მე კი არ მინდოდა, ბრაზს გავებოროტებინე. არადა, ამის საშიშროებას ნამდვილად ვგრძნობდი.

13 თებერვალი იყო. წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის კათოლიკურ ტაძარში კლასიკური მუსიკის კონცერტი იმართებოდა. არ მახსოვს, გზად რას ვფიქრობდი. ალბათ, ისევ ბრაზი მახრჩობდა. მახსოვს, რომ საღამოს ბინდიდან ყვითელმა ტაძარმა უცნაურად ამოანათა. და როგორც მაშინ, სულ პირველად რომ გადავაწყდი ამ ეკლესიას „ფაბრიკიდან“ მომავალი, ახლაც წავიკითხე კედელზე გაკრული წარწერა: „წმინდა წირვა“. მის ქვეშ განრიგი იყო წვრილი შრიფტით, ვეღარ გავარჩიე. მარჯვენა მხარეს მაცხოვრის გამოსახულებას შევხედე, თეთრ სამოსში რომ იდგა, ხელი კი გულთან მიეტანა, რომლიდანაც თეთრი და წითელი სინათლე იღვრებოდა.

კიბეზე ავედი და შევედი ტაძარში, მაგრამ არა როგორც ტაძარში – მე იქ ბეცი მართლმადიდებლის ქედმაღლობით შევედი, რწმენით, რომ ეს არაა ჩემი ტაძარი, შესაბამისად, არც ღვთის ტაძარია (ჩემი-მეთქი, ვამბობ და სიმწრით მეცინება ჩემს მაშინდელ დამოკიდებულებაზე – არასდროს ყოფილა მართლმადიდებლური ეკლესია „ჩემი“, მე არასდროს ვყოფილვარ მისი ნამდვილი წევრი, აღმსარებელი და მაზიარებელი, მარხვის შემნახავი და მოძღვრისგან კურთხევის ამღები მრევლის ნაწილი).

ისე შევედი, პირჯვარიც კი არ გადავიწერე.

ისე შევედი, როგორც მთვრალი კაცი – უბნის მაღაზიაში ლუდის საყიდლად, ქვეყანა რომ თავისი ჰგონია და გამყიდველ გოგოს შენობით ელაპარაკება.

შევედი და პირველ რიგში დავჯექი. დავჯექი და ეგრევე ვიგრძენი, რომ სახლში ვარ – ორგანისტი ვანო სარაჯიშვილი კლავესინს აწყობდა. პატარა კლავესინი იყო, ილიაუნიში რომ მინახავს და თანხლება გაუწევია ჩემთვის, ისეთი. ინსტრუმენტების აწყობის ხმაზე უფრო კი არაფერი მემშობლიურება. საორკესტრო კონცერტების დროსაც ყველაზე მეტად ეგ ნაწილი მიყვარს, კონცერტის წინა, აწყობის. ყველა ნოტი ვიცი, რომელიც ამ დროს უნებურად ჟღერს, ყველა გადაცდომას ვგრძნობ ყურით, ყველა მეოთხედ- თუ მერვედტონიან ცდომილებას სწორი, სუფთა ნოტიდან.

ციოდა ტაძარში, ძველი შენობის სიცივე იდგა, მაგრამ კლავესინის წკრიალა ხმა მათბობდა. ასეთი საკრავია კლავესინი, ადამიანივითაა – ყოველი დაკვრის წინ უნდა აწყობა, როგორც ვიოლინოს და ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებაზე თავადაც იცვლება – იშლება და წარამარა უნდა აწყო და აწყო.

ვიჯექი, ვუსმენდი და ტაძარს ვათვალიერებდი.

გინახავთ ეს ტაძარი? საბჭოთა პერიოდში ერთადერთი კათოლიკური ტაძარი იყო, რომელიც არ დახურულა, ისე კი მეცხრამეტე საუკუნეშია აგებული. სიმწვანეა. ასე გგონია, კედლებიდან ბალახი აბიბინდება, გაიზრდება, მრავალ ყლორტს გამოიღებს, აკვირტდება და აყვავდება. ასე გგონია, მწვანე კედლებიდან გამოსული ყვავილები გაზაფხულის სურნელს გააფრქვევენ, თებერვლის სიცივეს გატეხენ.

ქვის თეთრი ტრაპეზიც მწვანით შემოსილა. მუქი მწვანეა საკურთხევლის გუმბათიც. გუმბათის ცენტრში მაცხოვრის თავია, მწუხარედ მარჯვნივ გადახრილი, წარწერით: „Ecce Homo“. ვუყურებ და თვალწინ ხატი მიდგება, სოფელში, ბებიასთან რომ გვაქვს. პატარა ხატია, ზუსტად ასეთი: ქრისტეს თავი მარჯვნივ დაუხრია, ეკლის გვირგვინი ადგას და თვალები კი დახუჭული აქვს, თითქოს ამდენ ბოროტებას ვეღარ უყურებსო…

კონცერტი ბახის საორგანო ტოკატითა და ფუგით (რე მინორი) დაიწყო.

პირველად მოვისმინე ტაძრისთვის დაწერილი მუსიკა ტაძარში. ორგანის მძლავრი ხმა, მისი ძველი კლავიშების ოდნავი ქშენა ბგერებს შორის – თავი იმ ხალხის ადგილას წარმოვიდგინე, ბახის ეპოქაში რომ ცხოვრობდნენ. ყოველკვირა ამ მუსიკას ისმენდნენ, წარმოგიდგენიათ? ამას!

იცით, რომელია ტოკატა და ფუგა რე მინორი? რა თქმა უნდა, იცით. უცნობილესი ნაწარმოებია.

მეც მეგონა, რომ ვიცოდი. მეგონა, ყურში მიტრიალებს სულ და რაღამ უნდა გამაკვირვოს-მეთქი.

არ მცოდნია. სულ სხვა მუსიკა ყოფილა.

მერე იყო კიდევ ერთი ქორალური პრელუდია, ჩემი საყვარელი – „Zion hört die Wächter singen“, მხოლოდ ორგანზე შესრულებული. ტექსტის პატარა ნაწყვეტს გაჩვენებთ:

„Zion hört die Wächter singen

Das Herz tut ihr vor Freuden springen,

Sie wachet und steht eilend auf.“[1]

რა ვიცი, მე მგონი, მაშინ მოხდა, მაშინ დამემართა ეს – გ ა მ ო ვ ი ღ ვ ი ძ ე. მერე კი იყო ჰენდელის კონცერტი რე მინორი და ბახის სონატა სოლ მინორი, რომლებიც ვანო სარაჯიშვილმა ფლეიტისტ ანდრეას ბუნინთან, მევიოლინე ვასკო კანასტრასა და ჩელისტ ალექსეი სოლონოვიჩთან ერთად შეასრულა, მაგრამ, მგონი, ამ ნაწარმოებების მოსმენისას უკვე სხვა ვიყავი.

კონცერტის დასასრულ გუნდმა იმღერა. ბოლოს მღვდელი გამოვიდა და თქვა, ჩვენ უბრალოდ ასე კი არ მოგვიწყვია ეს კონცერტი, საერთოდ, სულ ვცდილობთ, რაიმე მნიშვნელოვან ლიტურგიკულ პერიოდს დავამთხვიოთო. და აი, ხვალ დიდმარხვა იწყებაო.

დაამატა:

  • იმედი მაქვს, ეს მუსიკა დაგეხმარებათ, რომ გაიზარდოთ სულიერად, გაიზარდოთ სიყვარულში.

გამოვედი.

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ღვთისმსახურებაზე ვიყავი – დიდი სიმშვიდე. უცებ იმასაც მივხვდი, რა უნდა მექნა, ამ ჩემი ტანჯვის დასასრულებლად.

ჰოდა, გადავწყვიტე. მე კი, თუ რამეს გადავწყვეტ, აუცილებლად ვასრულებ – ხასიათი მაქვს ეგეთი.

შინ მივედი და პაპის სადიდმარხვო ქადაგებას გადავაწყდი. წერდა, იმარხულეთ სიძულვილისაგან და შეიყვარეთო. იმარხულეთ ბოროტებისაგან და სიკეთე ქმენითო.

მერე როგორ მოვიქეცი, იცით? ეჰ, სიცილადაც არ გეყოფათ – ფეისბუქზე ბლოკი ავხსენი. ვიცოდი, რომ მისი სახელისა და კომენტარის ყოველი დანახვა საშინელ შიშში ჩამაგდებდა (ფსიქოლოგები რომ შფოთვას ეძახიან, აი, იმაში) და ცუდად გამხდიდა, მაგრამ მე გადავწყვიტე.

პირველად ვიმარხულე ჩემს სიცოცხლეში.

ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი ს ა გ ა ნ.

როგორც ბახის მუსიკის მთელი სირთულე ვიგრძენი პირველად, ისე ვიგრძენი, რა რთული რამე ყოფილა პატიება; მაგრამ ყველაზე დიდი თავისუფლებაც სწორედ იმას მოაქვს, რაც რთული შესასრულებელია.

***

წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში ახლა, ზაფხულშიც, იყო კონცერტი. გამოსვლისას მე და ერთი ბიჭი დავდექით გასასვლელთან, ორივემ პირჯვარი გადავიწერეთ. მერე მე ქედი მოვიდრიკე, როგორც ბიზანტიური წესია, მან კი დასავლური წესისამებრ მარჯვენა მუხლი მოიყარა. ორივემ პატივი მივაგეთ აბსოლუტურ სიყვარულს, რომელიც ჩვენ წინ, ტაბერნაკულუმში, ერთ პაწია პურის ნაჭერში მოქცეულიყო…[2]

 

 

[1] „სიონს მოესმის მცველების სიმღერა,

გული სიხარულით შეუხტება,

იღვიძებს და საჩქაროდ დგება“.

[2] ტაბერნაკულუმი – ასე ჰქვია სანაწილეს, რომელშიც ინახება ქრისტეს სისხლი და ხორცი. კათოლიკურ ტაძარში შესვლისას სწორედ ქრისტეს მყოფობის ამ ხილული ნიშნის წინ იდრეკენ მუხლს. მუხლის მოყრა შუა საუკუნეების რაინდული ჩვეულებაა და მოწიწებას, სიყვარულსა და მუდამ უფლის სამსახურში ყოფნას განასახიერებს. ამისგან განსხვავებით, მუხლდრეკა ყოველთვის სინანულის გამომხატველია ბიზანტიურ ტრადიციაში (თავად მუხლდრეკის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა „მეტანია“ „სინანულს“ ნიშნავს). ამიტომ ტაძარში შესვლილსას მიღებულია ქედის მოხრა მოწიწების ნიშნად, მაგრამ არა – მუხლმოყრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ზღვის ბალახი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“