პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024
18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

„მას გახელილი დარჩა თვალები“

(სიორენ კირკეგორის „ან-ან“ და ჯეკ ლონდონის „თამაში“)

გენიოსის ქმნილებები ცალკე სიმაღლეა, ხელშეუხებელი მოცემულობა და მოდად გადაქცევა მხოლოდ ვნებს, აკნინებს მათ. სალონური ცნობიერების იმპოზანტურობა შემოსაზღვრულია და გამაღარიბებელ/გამაფერმკრთალებელი მაღალი იდეებისა. მოდა მაღალ გრძნობებსა და აზრებს, თითქოს, აკარგვინებს სიმძაფრეს, ტრაგიზმს, სერიოზულობას. ასეთ მავნე შემოტევას ვერც დანიელი ფილოსოფოსის, სიორენ კირკეგორის ნააზრევი ასცდა. მოდით, შევეცადოთ, ამ დიდი მოაზროვნის ნაწერების სწორად, სიღრმისეულად, თუმცა მოკლე ფორმატში, შეძლებისდაგვარად, გააზრებას.

ეს ის შემთხვევაა, როცა ბიოგრაფია არანაკლებ საინტერესოა ავტორზე. კირკეგორი დაიბადა 1818 წელს კოპენჰაგენში. 1840 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი. მისი სამაგისტრო დისერტაცია ირონიის ცნებას ეხებოდა. გარკვეული დროის განმავლობაში ბერლინში ისმენდა შელინგის ლექციებს. 1842 წელს დაბრუნდა კოპენჰაგენში და გარდაცვალებამდე, 1855 წლამდე, განდეგილად იცხოვრა.

კირკეგორის „ან-ან“ ცნობილი თხზულებაა, რომელიც 1843 წელს გამოქვეყნდა კოპენჰაგენში, ხოლო მისი ნაწილია „ესთეტიკურისა და ეთიკურის წონასწორობა პიროვნულობის განვითარების გზაზე“. წიგნში მითითებული იყო მხოლოდ გამომცემელი – ვიქტორ ერემიტა. კირკეგორს უყვარდა ეს ფსევდონიმი, რაც „განდეგილობაში გამარჯვებულს“ უნდა ნიშნავდეს.
წიგნის „ან-ან“ მთავარი პრობლემა არჩევანია, ანუ ის, რომ, ადრე თუ გვიან, ადამიანი ირჩევს იმას, რაც მისთვის მეტად ღირებულია. „ესთეტიკური“ გრძნობადობით განსაზღვრული წესია ცხოვრებისა, „ეთიკური“ კი მოვალეობის შეგნებით განპირობებული. ეს ორი მსოფლგაგებაცაა, რომლებზეც საუბარია თხზულებაში. აქ ცხოვრების უმაღლეს წესზე, რელიგიურზე – რ წ მ ე ნ ა ზ ე ც ა ა საუბარი.

დანიელი ფილოსოფოსის ყურადღების ცენტრში დგას ცალკეული ინდივიდის, ერთეული პიროვნების ბედი, გადაწყვეტილებები, განცდები, მისი ფიქრები სიკვდილსა თუ უკვდავებაზე, ცოდვასა თუ მონანიებაზე, წამსა და უსასრულობაზე, შიშსა და არარაობაზე, არაფრობაზე. კირკეგორის ეს თხზულება ჩვენი დროის ეგსისტენციალური ფილოსოფიის ერთ-ერთ წყაროდაა მიჩნეული.

ა რ ჩ ე ვ ა ნ ზ ე

არჩევანის წინაშე ყოველთვის როდია ადამიანი და, ცხადია, არსებობს ისეთი ცხოვრებისეული ვითარებები, რომლებთან მიმართ „ან-ან-ის“ გამოყენება სასაცილო ან თავისებურად, უგუნურებაცაა. ესააო „ჯადო სიტყვები“, გვეუბნება დიდი ფილოსოფოსი, რომელთა წარმოთქმა ასერიოზულებს და აძრწუნებს კიდეც კაცს. აი, რატომ: ეს ეხება იმას, რაც არა მარტო სერიოზული, საშიშიცაა – „არსებობს მხოლოდ ე რ თ ი მიმართება – ესაა მაშინ, როცა ერთ მხარეზეა ჭეშმარიტება, სიმართლე და სიწმინდე, მეორეზე კი – სიამოვნება და მიდრეკილებები, ბნელი ვნებები და მანკიერებანი. და მაინც სწორი არჩევანი, ამით კი საკუთარი თავის გამოცდა, დიდი მნიშვნელობის მქონეა ისეთ ვითარებებშიც კი, რომლებშიც არჩევანი უვნებელ რაიმეს ეხება“ (9).

ფილოსოფოსი ამ თხზულებაში ეშმას მიმართავს; ეს უკანასკნელი კი ისეთი „მეგობრული, უბრალო და მაცდურია“, როგორც „ძმები კარამაზოვების“ ივანთან საუბრისას.

ადამიანი არ უნდა დაშორდეს საკუთარ იდეალურ „მეს“, ანუ ღვთის ჩანაფიქრს მასზე. „სამოსელი პირველი“ მთლად არ უნდა განიძარცვოს და „გააძევოს“ საკუთარი თავიდან, დაჩაგროს, დათრგუნოს ღვთაებრივი ბუნება. აი, ერთ-ერთი მიმართვა ეშმასადმი: „ცხოვრება მასკარადიაო, ამბობ შენ და ეს აზრი ამოუწურავი მასალაა შენი სიამოვნებისა. შენი შეცნობა ვერავინ შეძლო, რადგან შენი გულალალობა მუდამ მოჩვენებითია… შენი მოქმედების მიზანი შენი დაფარულობის შენარჩუნებაა. ამ მიზანს აღწევ, რადგან შენი ნიღაბი ყველა სხვაზე საიდუმლოა. შენ, თავისთავად, ხარ არარა… შენ ხომ დაწყევლილი კაცის მდგომარეობაში ხარ, – შეწყვიტე ეს ველური რბოლა, ამოიკვეთე აბობოქრებული სურვილი განადგურებისა. – შენ ხომ გსურს, მოსპო ყველაფერი, გსურს შენი გაჩენილი შიმშილი ეჭვისა რაიმეთი დაიკმაყოფილო. ამისთვის ამზადებ შენს თავს, ამძვინვარებ საკუთარ სულს. შენ სიამოვნებით იტყვი, რომ არაფერი ძალგიძს და მხოლოდ ერთი რამ მოგანიჭებს სიამოვნებას – შვიდგზის შემოუარო ყოველივე არსებულს, ბუკს ჩაბერო და სამყაროს აღსასრულს დაელოდო. ამით შენი სული შვებას იგრძნობს, სევდაც კი დაისადგურებს მასში, შენში გაისმის ექოს ხმა: ექო ხომ მხოლოდ სიცარიელეში ისმის!“ (13).

რაც ხორცისაა, ყველა ვნებაა, ხოლო სულიერზე აქცენტირება, ხორციელზე ამაღლებით, ყველაზე დიდი მისია თუ დანიშნულებაა ადამიანური არსებობისა. არის ადამიანთა კატეგორია, რომლებიც არასდროს შემოდებს „სასწორის პინაზე“ მაღალ ღირებულებებს, რადგან მათთვის არც კითხვა „ან-ან“ დაისმება არასდროს. თუმცა კაცთა სამყაროში ასე განსაზღვრულ-გამოკვეთილი როდია ყველაფერი და ვნება სიამოვნებასთან ისეა ჩაზრდილი, რომ მისგან გათავისუფლება ჭირს, მაგალითად, თამაშის ვნება, რომელზეც ასეთი ოსტატობით მოგვითხრობს ჯეკ ლონდონი თავის მოთხრობაში „თამაში“.

„თ ა მ ა შ ი“

აი, როგორ აღწერს თავისი ცხოვრების „უდიადეს“ წუთებს ჯო ფლემინგი, რომელიც ცნობილი მოკრივეა, როცა მას თვალწინ უდგება საკუთარი დარტყმების სიძლიერით დამარცხებული მოწინააღმდეგე, გაჩახჩახებული რინგი და აღტყინებულ-ეგზალტირებული მაყურებლის ხმაური: „დროს იხელთებ და ისეთს უთავაზებ, რომ თავბრუს დაახვევ, მთელი სხეულით ჩაგეჭიდება და აღარ გაგიშვებს, ვიდრე მსაჯი ძალად არ მოგაცილებს, მაშინ კი ბოლოს მოუღებ. მთელი დარბაზი თავდავიწყებით ღრიალებს და გრძნობ, რომ შენ უკეთესი ხარ, რომ წესიერად ებრძოდი და გაიმარჯვე კიდეც, იმიტომ გაიმარჯვე, რომ მასზე ძლიერი ხარ და რომ…“ (5).

ესაა ძალის კულტი, ესაა ძლიერი და საშიში დინება, რომელიც ნიადაგს აცლის ჯოს ჟენევიევასთან, შეყვარებულთან, ცხოვრებას. ესაა წამლეკავი ვნება, რომელიც თავის ნებაზე ათამაშებს ჯოს, მკაცრსახიან, საცოლისთვის უცნობ კაცად აქცევს, მათ სიყვარულზე ძლიერია. კრივი უდიადესია ჯოსთვის, თუმცა ჟენევიევას გამოჩენის შემდეგ ამჩნევს კონფლიქტს ქალსა და კარიერას შორის, ანუ მის წინაშე ხშირად ისმება კირკეგორისეული „ან-ან“ დილემა, – „ერთიც მოუხმობდა, მეორეც და მაინც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, ასე იხლიჩებოდა ჯო მათ შორის და უმწეოდ მიჰყვებოდა ცხოვრების დინებას“ (9). ჟენევიევა ამჩნევდა ჯოს მოსაზრებათა სისწორეს, მაგრამ, როგორც ამბობს მწერალი, მათში სახარბიელოს ვერაფერს ხედავდა, ამიტომ ინსტინქტურად (იქნებ ეს მისი წინასწარმეტყველური წინათგრძნობაა?!) უმხედრდება თამაშს, რომელიც უბოდიშოდ, უცნაურ მეტოქესავით აშორებს ჯოს. ქალიშვილიც ებრძვის ამ უცნაურ „მტერს“, რომლისაც არა გაეგება რა, ამიტომ შიშის ზარს სცემს კრივი. ჯო კი ნატრობს, ჟენევიევამ ერთხელ მაინც ნახოს მისი რინგზე გამოსვლა. ქალიც ჯერ ზიზღით იბრუნებს სახეს, თუმცა ბოლოს თანხმდება, რადგან ჯო შეჰპირდება, რომ ეს მისი ბოლო თამაში იქნება.

ეს ორი ადამიანი, შეყვარებულები, „მუშათა კლასის წრიდან გამოსული არისტოკრატები“, საკუთარი ღირსების შეგრძნებით არიან, გარშემო გამეფებულ უწმინდურობასა და სიდუხჭირეშიც კი მშვენიერისა და დახვეწილისკენ ისწრაფვიან. გარემოსთან, რეალობასთან ერთგვარი აცდენა ამ გულღია ადამიანებს განმარტოებით, კარჩაკეტილი ცხოვრებისკენ უბიძგებს. მათი ზნეობრივი წესრიგი ღირებულებების პრიორიტეტს მოიაზრებს უთუოდ…

ჯო არაა სხვისთვის ტკივილის მიყენების მოსურნე ოდნავადაც კი, თუმცა თამაშის ვნებას აუტანია. მისი გარეგნობა, პორტრეტი ამაზე მეტყველებს: „ჯო თავის კუთხეს დაუბრუნდა. ახლა ის მოკრივეს სრულებით არ ჰგავდა. რა უწყინარი თვალები ჰქონდა! არც მასში და არც მის სახეში მხეცური არაფერი გამოკრთოდა, არცერთი ნაპერწკალი. სხეულიც ნაზი ჰქონდა, მშვენებასა და სინატიფეს ხომ ნუ იტყვით! ბავშვური, ჭკვიანური და კეთილი სახე. ჟენევიევა გამოუცდელი იყო; ვერ ხვდებოდა, რა იმალებოდა ჯოს გულის სიღრმეში, ფართო ნესტოებში, ხავერდოვანი კანით დაფარულ კუნთებში, ჯანსაღ ფილტვებში, ვერ ხედავდა ენერგიის, ნგრევისთვის შექმნილი ენერგიის სამალავებს! ჟენევიევასთვის ჯო დრეზდენულ ფაიფურს მიაგავდა, რომელიც ფრთხილად უნდა გადადიოდეს ხელიდან ხელში, რათა პირველი უხეში შეხებისთანავე ნამსხვრევებად არ იქცეს“ (42-43). ჯოს თამაშის ვნება თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს სისხლის წყურვილში, აი, ისეთში, ესპანურ კორიდაზე რომ აქვს ეგზალტირებულ, ბრბოდ ნაქცევ ადამიანთა სიმრავლეს. ჯეკ ლონდონთანაც არის ეს „დაბნელების“ მომენტი აღწერილი: „სისხლმოწყურებული ხალხი თავგამეტებით ყვიროდა, ჟენევიევამ წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა მგლების ყმუილი“ (65).

დიახ, ჯოს თამაშის ვნება საბედისწეროა. იგი რინგზე სასიკვდილოდ ზიანდება და გარდაიცვლება იმ დღეს, როცა ქორწინება აქვს დაგეგმილი. „ასე მოეღო ბოლოს ყველაფერს: ხალიჩებს, ავეჯეულობას, პატარა დაქირავებულ ბინას, პაემანსა და მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ სეირნობას, თავდავიწყებით მომხიბლაობას, მათ სიყვარულს. ყველაფერი გაანადგურა საზარელმა თამაშმა, რომელსაც ვერაფერი გაუგო ჟენევიევამ“ (71) – აქ თამაშის ის გაგებაა, ზოგადად, ქრისტიანობა რომ ცოდვად თვლის. ასეთი თამაში თუ ვნება, რომელიც შენს ცხოვრებაში ყველაზე ღირებულს ემუქრება „გადაწონით“, ეშმაკის ფსონებითაა, ანუ მასთან, ბედისწერასთან თამაშია, რაც, ხშირ შემთხვევაში, სასიკვდილოა და არა მარტო ფიზიკურად…

ფართოდ გახელილ თვალებში როცა „ცა“ არ ირეკლება, ისინი მკვდარია, სამწუხაროდ.
ცხოვრებაც იმიტომ გვეძლევა, რომ მასში ყველაზე მნიშვნელოვანი გვაპოვნინოს, რომელთან „ან-ან“ არჩევანი დამღუპველია…

მაია იანტბელიძე

ციტატები წიგნებიდან: ფილოსოფიური კრებული „ლარი“, გამომცემლობა „ხელოვნება“,1991 წელი; ჯეკ ლონდონი „თამაში“, გამომცემლობა „თბილისი“, 2020

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ზღვის ბალახი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“