ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ფოტოგრაფია – ბინდბუნდის ხელოვნება   

ფოტოგრაფიის ბუნებაზე მანამდეც დავფიქრებულვარ, მაგრამ სიუზენ ზონტაგის ესეების წაკითხვის შემდეგ მეტი სიფრთხილით ვარჩევ გადასაღებ ობიექტს და ჩემს საქმიანობასაც მეტი ირონიით ვუყურებ. არა, ფოტოგრაფიით გატაცებული არ ვარ. უბრალოდ, ხანდახან მეც მიჩნდება სურვილი, სინამდვილის პაწაწინა ნაწილი მოვიხელთო, „დროის თხელი ანათალების“ დაგროვებით თავი უფრო მშვიდად ვიგრძნო: დავიწყებასთან ბრძოლა შესაძლებელია, ნანახს, განცდილს ასე უფრო მარტივად გავაცოცხლებ.

სიუზენ ზონტაგი ამ ესეებს გასული საუკუნის 70-იან წლებში წერდა, ფოტოგრაფიასა და ფოტოგრაფებს მრავალი მხრიდან აკვირდებოდა და აფასებდა. მისი მოსაზრებების დიდი ნაწილი შემაშფოთებლად ზუსტია, წინასწარმეტყველური. „სამყაროს მისხალ-მისხალ შეკოწიწებით“, „სინამდვილის ნამცეცების შეგროვებით“ ახლა ყველა თითქმის ერთნაირად შეპყრობილია და ის აგრესიაც მნიშვნელოვნად გაზრდილია, რომელიც გარდაუვლად ახლავს ამგვარი გამოსახულებების შექმნას. „ფოტოსურათის გადაღებაში არის რაღაც მტაცებლური, – წერს ავტორი. – ვინმესთვის ფოტოს გადაღება მასზე ერთგვარი ძალადობის გამოვლინებაა, რადგან მას ისე აღვიქვამთ, როგორც საკუთარი თავი არასდროს აღუქვამს, რაღაც ისეთს ვიგებთ მის შესახებ, რაც თვითონ არასდროს სცოდნია“.  კიდევ უფრო საყურადღებო, სახიფათოც კი, მითვისების, დასაკუთრების ვნებაა: გაქვს და მეტი გინდა, გაქვს და მაინც ნატრობ, კიდევ ერთხელ მისწვდე, თითებში მოიქციო.

რა თქმა უნდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ „ფოტოკამერას უფრო მეტის მიჩქმალვა ახასიათებს, ვიდრე გამომზეურება“. სიუზენ ზონტაგი იმასაც კი აცხადებს, ადამიანი ვერასდროს ვერაფერს იგებს ფოტოსურათიდანო. სინამდვილის მოხელთების მცდელობები დიდწილად განწირულია, ქარის უსასოოდ დევნაა. სურათების დამთვალიერებელს ეს უნდა ახსოვდეს და ილუზიების ბადეშიც ნებაყოფლობით, უპირატესად თავშექცევის მიზნით უნდა ეხვეოდეს.

„სიურრეალიზმი ფოტოგრაფიული საქმიანობის გულისგულშივე დევს, – ვკითხულობთ ერთ ესეში, – იმთავითვე იგულისხმება, როცა იქმნება დუბლირებული სამყარო, ასე ვთქვათ, მეორე საფეხურის სინამდვილე, შედარებით დავიწროებული, თან უფრო მეტად დრამატული, ვიდრე ამას ადამიანის შეუიარაღებელი თვალი აღიქვამს“. ამ მოცემულობის მიუხედავად, ცხადია, ფოტოგრაფთა ამოცანები განსხვავდება ეპოქიდან ეპოქამდე. თუ კარტიე-ბრესონი სამყაროს სტრუქტურის პოვნას ელტვოდა და ფორმით ტკბობას უდიდეს სიამოვნებად სახავდა, დღევანდელი ფოტოგრაფების ჩანაფიქრი ხშირ შემთხვევაში უფრო მოკრძალებულად გამოიყურება, რაც, ბუნებრივია, მათი მცდელობების ნაყოფზეც აისახება. თუ ერთ დროს სწამდათ, რომ ფოტოსურათი „რაც მეტს გეუბნება, მით ნაკლები იცი“, ახლა მანუგეშებელი სიმარტივე მოგვწონს: რაც არ გადაგვიღია, არც ყოფილა.

და მაინც, რა არის ფოტოგრაფია? შეიძლება თუ არა ხელოვნების ნიმუშები ვუწოდოთ „სინამდვილის გამომწყვდევის“ თუნდაც ყველაზე შთამბეჭდავ, ყველაზე წარმატებულ მცდელობებს? სინამდვილეს ხომ, როგორც ამ ესეების ავტორი გვარწმუნებს, „შეკუმშვისკენ, გამოცარიელებისკენ, გაქრობისკენ, დასხლტომისკენ მიდრეკილება ახასიათებს“. ეს ის არის, რასაც ვერაფრით დაისაკუთრებ. სიუზენ ზონტაგი ახსენებს ფოტოგრაფიული ნამუშევრებისთვის დამახასიათებელ სუბიექტურობას, „სიცრუის უნარსა და ესთეტიკური სიამოვნების მონიჭების ძალას“, თუმცა ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მიდის, რომ ფოტოგრაფია რაღაც სხვაა და არა ხელოვნების დარგი, ტრადიციული გაგებით. არადა, ჰენრი რობინსონს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს უთქვამს: ფოტოგრაფია ნამდვილად ხელოვნებაა, რაკი შეუძლია იცრუოსო.

სიუზენ ზონტაგი სხვა ესეში თავადვე უწოდებს ფოტოგრაფიას ელეგიურ ხელოვნებას, ბინდბუნდისას. ასეა – არის და არც არის. რაც ჩანს, მუდამ რაღაც სხვად ჩანს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“