ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

მოსწავლეებში მოტივაციის დაქვეითების პრობლემა და მოტივაციის ამაღლების ეფექტური საშუალებები

მასწავლებელს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. მისი მთავარი საზრუნავია, აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოსწავლე. იმისთვის, რომ მოსწავლე ეზიაროს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეს, აუცილებელია, მას ჰქონდეს მოტივაცია. მოტივაცია არის იმპულსი, სურვილი, შინაგანი პროცესი, რომელიც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს გარკვეული მიზნის მისაღწევად. მაგალითად, მოსწავლე, რომელიც ბევრს მეცადინეობს, კეთილსინდისიერად ეკიდება სასწავლო პროცესს და ორიენტირებულია სიახლეებზე, შეიძლება დავახასიათოთ როგორც მაღალმოტივირებული. მოტივაცია განაპირობებს მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების რეალიზებას. მოსწავლის მოტივირების თვალსაზრისით მასწავლებლის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, სასკოლო მოტივაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სასკოლო სწავლების საშუალო საფეხურზე გადასვლისას. თუ გავითვალისწინებთ სასწავლო მოტივაციის ასაკობრივ დაქვეითებას გარდამავალ პერიოდში, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება იმის განსაზღვრა, რით შეიძლება მოსწავლის მოტივირება, მასზე ზემოქმედება, როგორ უნდა ააგოს მასწავლებელმა სწავლების პროგრამა, რომ გადალახოს აკადემიური მოსწრების ტრადიციული დაქვეითება. მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება მრავალ სკოლაში (განურჩევლად ქვეყნისა) აქტუალური თემაა. არაერთი კვლევა ჩატარებულა და ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ, როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის მოტივაციის ამაღლება. ეს საკმაოდ ფართო, კომპლექსური საკითხია და მრავალ თეორიას მოიცავს. ლიტერატურა მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია. მოსწავლეთა მოტივაციის დაქვეითებას ხშირად იწვევს წასაკითხი მასალის მოცულობა, ერთფეროვნება. მოსწავლეებს რუტინა ბეზრდებათ. ზოგ მათგანს ექსკურსიები, კონცერტები, ვიქტორინები უყვარს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები, ინტერესები,სურვილები და განწყობა.

საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ცოდნა არის წინაპირობა იმისა, რომ მოსწავლე პატრიოტად და პოლიტიკურად განათლებულ მოქალაქედ ჩამოყალიბდება. ისტორიის სწავლებამ მოსწავლეს ასევე უნდა განუვითაროს პრობლემის გადაჭრის უნარი.

ამ ამოცანების შესრულება მოითხოვს, რომ მოსწავლეს ჰქონდეს ისტორიული აზროვნება: მას უნდა შეეძლოს ისტორიული ეპოქის აღქმა (ისტორიული ეპოქის აღწერისას მოვლენების დანახვა იმ პერიოდში მცხოვრები ადამიანების თვალით; წარსულში მომხდარი მოვლენების შეფასება არა მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან, არამედ იმ ეპოქის ფასეულობებისა და შეხედულებების გათვალისწინებით), ისტორიულ მოვლენებს შორის რთული მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა და ანალიზი; ისტორიული მოვლენის მიზეზებისა და შედეგების განსხვავებულ შეფასებათა შედარება და ანალიზი, კანონზომიერებების შესახებ საკუთარი მოსაზრების დასაბუთება, დამოუკიდებელი ისტორიული კვლევა (ისტორიული კვლევა-ძიების მიზნის განსაზღვრა და დაგეგმვა; წერილობითი, ვიზუალური, ლიტერატურული წყაროების მოძიება; ისტორიული დოკუმენტის ანალიზი; ისტორიკოსთა განსხვავებული შეხედულებების შედარება; ჩატარებული კვლევის საფუძველზე ისტორიულ თემაზე ნაშრომის დაწერა). მაგრამ როგორ უნდა შეძლოს მასწავლებელმა ამ ამოცანების შესრულება, თუ მოსწავლეთა უმრავლესობას არ აქვს მოტივაცია? საჭიროა საკუთარი პრაქტიკის შესწავლა, რომელიც ემსახურება სასწავლო ატმოსფეროს გაჯანსაღებას, პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაჭრის გზების პოვნას და პრაქტიკაში დანერგვას.

მოტივაციაზე საუბრისას, პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ ოთხი თეორიული მიდგომა: ბიჰევიორისტული, ჰუმანისტური, კოგნიტური და სოციოკულტურული. საინტერესოა თითოეულის მიგნებები.

ბიჰევიორისტული მიდგომა ხაზს უსვამს სწავლა–სწავლებაში გარეგან მოტივებს: წახალისებას, ჯილდოს. მთავარია, მიიღო სიამოვნება და აიცილო უსიამოვნება. უნდა ითქვას, რომ ყველაზე ჰუმანური მასწავლებლებიც კი მიმართავენ წახალისებასთან ერთად დასჯას: აქებენ და საყვედურობენ მოსწავლეებს, წერენ მაღალ და დაბალ ნიშნებს. ქება და დასჯა აძლევს მოსწავლეს მნიშვნელოვან ინფორმაციას მისი კომპეტენტურობის შესახებ. საზოგადოდ, დასჯა უეფექტოა. აუცილებლობის შემთხვევაში ის უკიდურესად დიდი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული. სასჯელი უნდა იყოს ხანმოკლე, ინტენსივობა – ლიმიტირებული. ეს უნდა იყოს პასუხი ქცევაზე და არა პიროვნულ თვისებებზე.

ჰუმანისტური მიდგომა: მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მომხრეები, მათ შორის კარლ როჯერსი, ამბობდნენ, რომ ფსიქოლოგიის ვერცერთი დომინანტური სკოლა ადეკვატურად ვერ ხსნიდა ადამიანის ქცევას. მოტივაციის ჰუმანისტური ინტერპრეტაცია ხაზს უსვამს ისეთ შინაგან წყაროებს, როგორიცაა პიროვნების თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება, თანდაყოლილი აქტუალიზაციის ტენდენცია ან თვითგანსაზღვრის მოთხოვნილება. ასე რომ, ჰუმანისტურ ჭრილში, მოტივირება ნიშნავს ადამიანის შინაგანი რესურსების – კომპეტენტურობის, თვითშეფასების, ავტონომიისა და თვითაქტუალიზაციის წაქეზებას.

კოგნიტური და სოციალურკოგნიტური მიდგომა: კოგნიტიურ თეორიებში ადამიანი განხილულია როგორც ცნობისმოყვარე, აქტიური, ინფორმაციის მაძიებელი არსება, რომელიც ცდილობს გადაჭრას პიროვნული პრობლემები. ამდენად, კოგნიტიური თეორეტიკოსები აქცენტს შინაგან მოტივაციაზე სვამენ. მოტივაციის კოგნიტიური თეორიები, შეიძლება ითქვას, ბიჰევიორისტული შეხედულებების საპასუხოდ განვითარდა. კოგნიტივისტებს სჯერათ, რომ ჩვენი ქცევა აზროვნებით არის განპირობებული და არა უბრალოდ იმით, რომ წარსულში ასეთივე ქცევის გამო დაგვაჯილდოეს ან დაგვსაჯეს. ქცევა წამოწყებულია და რეგულირდება გეგმების, მიზნების, სქემების, მოლოდინებისა და ატრიბუციების მიერ.

მოტივაციის სოციოკულტურული კონცეფციები: მოტივაციისადმი სოციოკულტურული მიდგომა ხაზს უსვამს ერთობის წევრობას. ადამიანები ერთვებიან აქტივობაში, რათა განამტკიცონ თავიანთი იდენტობა და ინტერპერსონალური ურთიერთობები ამ ჯგუფის შიგნით. ამდენად, მოსწავლეები მოტივირებულნი არიან ისწავლონ, თუ ისინი არიან წევრები იმ საკლასო ან სასკოლო ჯგუფისა, რომლისთვისაც სწავლას დიდი ღირებულება აქვს. როგორც სოციალიზაციის პროცესში ჩვენი კულტურის უფრო გამოცდილი წევრებისგან ვსწავლობთ ლაპარაკს, ჩაცმას, სუფრასთან მოქცევას, ასევე იმათზე დაკვირვებით, ვინც ჩვენი სასკოლო ჯგუფის წევრია, ვსწავლობთ, როგორი მოსწავლეები უნდა ვიყოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვსწავლობთ იმ ჯგუფისგან, რომლის წევრებიც ვართ (მანანა მელიქიშვილი. „მოტივაცია“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი).

აღნიშნულ თემაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით დ. უზნაძის განწყობის თეორიას, ისევე როგორც მარია მონტესორის პედაგოგიურ იდეებს. XX საუკუნის იტალიელი პედაგოგისა და მეცნიერის მარია მონტესორის პედაგოგიკა არის პედაგოგიურ მეცნიერებაში ჰუმანური პრინციპებისა და თავისუფალი აღზრდის ეფექტური, პრაქტიკული რეალიზაციის მაგალითი.

მოცემული ლიტერატურის განხილვამ ნათელი გახადა, თუ რატომ კარგავენ მოსწავლეები საშუალო საფეხურზე მოტივაციას, რატომ აშინებთ დიდი მოცულობის ტექსტები, რატომ აღარ უნდათ კითხვა.

განხილულ თეორიებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საგაკვეთილო პროცესში გათვალისწინებულ იქნეს მრავალმხრივი ინტელექტი, მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები და ინტერესები, მოსწავლეებს ჰქონდეთ არჩევანის, შეცდომების დაშვებისა და გამოსწორების უფლება, მასწავლებელი იყოს ფასილიტატორი, მოსწავლეებს ჰქონდეთ სასურველი როლი. იმისთვის, რომ კვლევის შედეგები არ იყოს ერთჯერადი, რომ წინსვლა გაგრძელდეს და მიღწეული დაინერგოს პრაქტიკაში, ძირითადი დასკვნების ჩამოყალიბების შემდეგ მნიშვნელოვანია არსებითი რეკომენდაციების შემუშავება.

საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო ღონისძიებების დროს გამოყენებულმა აქტივობებმა თუ სტრატეგიებმა შესაძლებელი გახადა მოსწავლეთა ძირითადი ნაწილის მოტივირება და სასკოლო ცხოვრებით მათი დაინტერესება.

კვლევის შედეგმა ცხადყო, რომ მოსწავლეები მაშინ აქტიურობენ, როდესაც თავად წარმართავენ სასწავლო პროცესს,           არიან მასწავლებლის როლში, თავად ქმნიან პრეზენტაციებს, სვამენ კითხვებს და აყალიბებენ სადისკუსიო თემებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მელიქიშვილი მანანა, „ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2013
  2. მელიქიშვილი მანანა, „მოტივაცია“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2013
  3. https://mastsavlebeli.ge/?tag=მანანა-ბოჭორიშვილი -23 აპრილი, 2012)
  4. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი, მე-2 ნაწილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“