დიფერენცირებული სწავლება მიზნად ისახავს, თითოეული მოსწავლის უნიკალური საჭიროებების დაკმაყოფილებას. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სასწავლო მენიუ, რომელიც ბავშვებს აძლევს არჩევანის თავისუფლებას და მასწავლებელს აძლევს საშუალებას უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს მისი მოსწავლეების შესაძლებლობების და ცოდნის შესახებ.
მინდა გაგიზიაროთ მარტივი სასწავლო მენიუ, რომელიც პირველ კლასში მათემატიკის გაკვეთილის ფარგლებში მოვამზადე. თემა გეომეტრიული ფიგურები. ამ ინსტრუმენტმა საშუალება მისცა ჩემს მოსწავლეებს, რომ სწავლების პროცესში აეღოთ პასუხისმგებლობა და თავიანთი ინტერესების და ცოდნის შესაბამისად და ასე შეასრულეს დავალება.
სასწავლო მენიუ სამი ბლოკისაგან შედგება:
სავალდებულო დავალებები – ყველა მოსწავლისთვის ერთნაირია. ეს დავალებები მოიცავს გეომეტრიულ ფიგურებთან დაკავშირებულ აქტივობებს, სადაც მოსწავლეებს ევალებათ ფიგურების გაფერადება და მათი რაოდენობის დათვლა. ასეთი აქტივობები აოსტატებს მოსწავლეს ფიგურების ამოცნობაში და ხელს უწყობს საბაზისო მათემატიკური უნარების განვითარებას.
არჩევითი დავალებები – ამ ბლოკიდან მოსწავლემ ერთ-ერთი მაინც უნდა შეასრულოს. ეს ბლოკი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მათი: ინტერესების, შესაძლებლობების, ცოდნის შესაბამისად გააკეთონ არჩევანი. მაგალითად, რობოტის აპლიკაციის შექმნა ფერადი ფურცლებით ხელს უწყობს ბავშვის ვიზუალურ-კონსტრუქტივისტული უნარების განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარების ამ ეტაპზე.
არასავალდებულო დავალებები: ამ კატეგორიის დავალებებიდან მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ რამდენიც უნდათ ან არცერთი. არასავალდებულო დავალებები, როგორიცაა ფიგურების მიმდევრობის გაგრძელება და კანონზომიერების დაცვით მათი გაგრძლება, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს განავითარონ ლოგიკური აზროვნება და კრეატიულობა.
სასწავლო მენიუ თითოეულ მოსწავლეს საშუალებას აძლევს იმუშაოს: მისი ინტერესების, სწავლის სტილის, სწავლის ტემპის შესაბამისად და ჩაერთოს მასში იმ დავალებებით, რომლებიც მათთვის საინტერესო და ადაპტირებულია. ეს მეთოდი ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებაში, რაც საბოლოოდ აუმჯობესებს მოსწავლეთა სწავლის პროცესს და მოტივაციას.
დიფერენცირებული სწავლების ასეთ ფორმატს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ კლასში, რადგან იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაძლიერებას და მრავალმხრივი უნარების განვითარებას, რაც საფუძველს უყრის მათ შემდგომ წარმატებას.
მარტივი, სასწავლო მენიუს ნიმუში
მოსწავლის სახელი, გვარი __________________________________
საგანი: მათემატიკა
კლასი I
თემა: გეომეტრიული ფიგურები
სავალდებულო დავალებები (უნდა შეასრულოთ ყველა დავალება).
I.გააფერადე: სამკუთხედები წითლად, კვადრატები – ცისფრად, წრეები – მწვანედ.
- დათვალე რამდენი იყო თითოეული ფიგურა წინა დავალებაში:
II.არჩევითი დავალებები (უნდა შეასრულოთ ჩამოთვლილთაგან ერთი დავალება მაინც):
- გააკეთე რობოტის აპლიკაცია ფერადი ფურცლებით:
- შეასრულე ნიმუშის მიხედვით:
III.არასავალდებულო დავალებები (მოცემული დავალებებიდან შეგიძლიათ შეასრულოთ, რამდენიც გინდათ ან არცერთი):
- ჩახატე მომდევნო ორი ფიგურა და გააფერადე შესაბამისად:
2.განაგრძე მიმდევრობა და გააფერადე კანონზომიერად შენ მიერ შერჩეული ფერებით:
სასწავლო მენიუს შესრულების შემდეგ მასწავლებელს მოუწევს სხვადასხვა ტიპის უკუკავშირის გაკეთება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინდივიდუალური განვითარების მონიტორინგსა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებას. უკუკავშირი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
შექება და პოზიტიური უკუკავშირი – მასწავლებელს უნდა შეაქოს მოსწავლეები შესრულებული დავალებების ხარისხისთვის, განსაკუთრებით სავალდებულო დავალებების შესრულებისას. შექება უნდა იყოს კონკრეტული და აღწეროს რა არის კარგად გაკეთებული (მაგ., „ გააფერადე სამკუთხედები, ზუსტად მიყევი მითითებებს“). ეს აძლიერებს მოტივაციას და დადებით განწყობას.
დავალებების ხარისხის შეფასება – მასწავლებელი ყურადღებას უნდა მიაქციოს თითოეულ დავალებას და განსაზღვროს, რამდენად სწორად და ეფექტურად განახორციელა მოსწავლემ მისი შესრულება. სავალდებულო დავალებებში უნდა შეფასდეს ზუსტი შესრულება, მაგალითად, ფიგურების სწორად გაფერადება და მათი რაოდენობის განსაზღვრა.
გამაძლიერებელი რჩევები – თუ მოსწავლეს შეექმნა სირთულეები არჩევით ან არასავალდებულო დავალებებში, მასწავლებელმა უნდა მისცეს რჩევები და მიმართულებები, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს შედეგი (მაგ., „შეგიძლია ფიგურების ჩახატვისას ყურადღება გაამახვილო უფრო ზუსტ ფორმებზე, რადგან ეს გააუმჯობესებს შენს შედეგებს“).
პერსონალიზებული უკუკავშირი – დიფერენცირებული სწავლების პროცესში უკუკავშირი ინდივიდუალურად უნდა მოერგოს თითოეულ მოსწავლეს. მასწავლებელი უნდა შეაფასოს თითოეული მოსწავლის უნარები და პროგრესი მათი უნიკალური საჭიროებების მიხედვით. მაგალითად, თუ მოსწავლეს უჭირდა რობოტის აპლიკაციის შექმნა, მასწავლებელმა შეიძლება შესთავაზოს ალტერნატიული ტექნიკა ან გამარტივებული დავალება, რომ გაუადვილოს მისი შესრულება.
სამომავლო განვითარების გზების ჩვენება – მასწავლებელი უნდა მიუთითოს მოსწავლეს, რა შეიძლება გააუმჯობესოს მომდევნო აქტივობებში, რათა გააძლიეროს თავისი უნარები. ეს შეიძლება იყოს როგორც აკადემიური, ასევე კრეატიული მიმართულებები (მაგ., „შენი ნიმუში შესანიშნავი იყო, მომდევნო დავალებაში შეგიძლია მეტი ფერები გამოიყენო, რათა რობოტი უფრო მრავალფეროვანი გახდეს“).
დაინტერესების გაზრდა – მასწავლებელმა უნდა მოიძიოს გზები, რათა თითოეულ მოსწავლეს დაეხმაროს ინტერესის გაღრმავებაში იმ დავალებების მიმართ, რომლებიც მისთვის რთულად გამოიყურება. მაგალითად, არასავალდებულო დავალებების დროს, თუ მოსწავლე ვერ ართმევს თავს კანონზომიერებების დადგენას, მასწავლებელმა შეიძლება შესთავაზოს დახმარება ან სასწავლო რესურსი, რომელიც ამ პროცესს გაამარტივებს.
მთავარია, რომ უკუკავშირი იყოს პოზიტიური, ხელშემწყობი და მოსწავლისთვის გასაგები, რაც გააძლიერებს მის სწავლის პროცესს და გაზრდის მოტივაციას.