კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

როგორ გავხდი ავტორიტეტი

ისე მოხდა, რომ ზოგ-ზოგიერთებისთვის ისეთ ადამიანად ჩამოვყალიბდი, როგორიც არასოდეს მინდოდა ვყოფილიყავი – ავტორიტეტად. რახან ამ ხელობაში (მელნის ხელობას და, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად პოეზიას ვგულისხმობ) სხვაზე მეტი გამეგება (ყოველ შემთხვევაში, ის ზოგ-ზოგიერთები ასე მიიჩნევენ), ხშირად მწერენ ხოლმე ავტორები, მაკითხებენ ტექსტებს, აინტერესებთ ჩემი აზრი მათ ლექსებზე თუ ზოგად ლიტერატურულ საკითხებზე. ვერ ვიტყვი, რომ ეს უსიამოვნო ამბავია, უბრალოდ, ასეთ ადამიანად ქცევა არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი. თითქმის ყველა თაობის პოეტი მწერს, მაგრამ მე ახლა ახალგაზრდა ავტორებთან ონლაინინტერაქციისას დაგროვილი გამოცდილებიდან სამ პუნქტს გამოვყოფ და ამ სამ პუნქტზე ავაგებ ჩემს ოპუსს:

1. „- შენ ჩემთვის ავტორიტეტი ხარ“.

ამ საქმეში არ არსებობს ავტორიტეტი, მთავარი ავტორიტეტი საკუთარი თავია მაშინაც კი, როცა ცდები, მაგრამ ჯერ ამას ვერ ხვდები. ეს სპორტი არ არის, რომ ვეტერანმა სპორტსმენმა გამოცდილება გაგიზიაროს. ეს ის ხელობაა, რომელშიც სწავლება არა – რჩევის, არამედ მაგალითის მიცემით ხდება. საყვარელი ავტორის ერთი ძლიერი ლექსის დაკვირვებული წაკითხვა უფრო მეტს გასწავლის, ვიდრე – ამავე ავტორის რჩევა, რადგან რჩევას, თუნდაც სწორს, აზრი არ აქვს, თუ ის საკითხი, რომელსაც რჩევა მიემართება, გააზრებული არ გაქვს, ანუ აღნიშნული შეცდომის პრევენციამდე შინაგანი აუცილებლობით და გააზრებულად თუ არ მიხვედი, ისევ იმავე შეცდომას დაუშვებ. ამიტომ სჯობს, ინტუიციას (თუნდაც – მცდარს) მიჰყვე, შეცდომები დაუშვა (ეს არაა ხანმოკლე და უმტკივნეულო პროცესი), და თუ ბევრს იმუშავებ, აუცილებლად ისწავლი, როგორ არ უნდა დაუშვა შეცდომა. თუ პოეზია შენი ბედისწერაა, ამ სირთულეებს გაუმკლავდები, თუ არადა, თავს დაანებებ და სხვა, უფრო ხელსაყრელ საქმეს მოკიდებ ხელს. ჩემს თაობაში მე მახსოვს არაერთი ნიჭიერი დამწყები პოეტი, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ ნებისყოფა, ნიჭი განევითარებინათ და წერას თავი დაანებეს. ბევრი მათგანი არც ვიცი, სადაა ახლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ ცხოვრობენ.

2. „– გავლენებზე რას იტყვი?”

ნებისმიერ პოეტს ნებისმიერ ასაკში აქვს ვიღაცის გავლენა, თუ ის ამას უარყოფს, ჩათვალე, რომ იტყუება. ოღონდ მე გავლენაში ვგულისხმობ ინსპირაციას და არა – ეპიგონიზმს (ზოგიერთი ტვინნაღრძობი ამას არასწორად იგებს). ჩემი გამოცდილება ასეთია: არის ეტაპები, როცა, უბრალოდ, ვიფიტები, ვეღარ ვწერ, დაცლილი ვარ ენერგიისგან. ამ დროს ვკითხულობ საყვარელ ავტორებს (ძირითადად – კლასიკოსებს), ვიმუხტები ენერგიით, მიჩნდება წერის სურვილი და ვუბრუნდები მონიშნულ თემებს (ლექსის თემები, როგორც წესი, ყოველთვის მონიშნული მაქვს). ჩემს შემთხვევაში ესაა გავლენა – როცა სხვისი ტექსტებისგან მიღებული ემოციის უტილიზაციას ვახდენ საიმისოდ, რომ ჩემს გეგმას მივყვე. ბავშვობას თუ არ ჩავთვლით, სულ ასე ვიყავი, მაგრამ საქმე მარტო ის არაა, რომ შენსას წერ (ხელოვნებაში ხომ არსებობს ბინარული კითხვითი დებულება: „რა? როგორ?“), არანაკლებ მთავარია, როგორ წერ იმ შენსას. სანამ იმ ეტაპამდე არ მივედი, როცა ჩემს სათქმელს ტექნიკურად გამართულად და უფრო მაღალი ხარისხის ინტონაციურ-სინტაქსური ინდივიდუალიზმით ვაყალიბებდი, მანამდე პირველი კრებული არ გამომიცია, ეს კი ოცდაათი წლის ასაკში მოხდა (უფრო სწორად, პირველი კრებულის წერა ოცდაშვიდი წლის ასაკში დავიწყე, მანამდე დაწერილი თითქმის ყველა ლექსი გადავყარე. მართალია, ჩემს პირველ კრებულში ბევრ რამეს ახლა უკეთ დავწერდი, მაგრამ სირცხვილით ნამდვილად არ მრცხვენია). ეს ჩემი ემპირიული გამოცდილებაა, თუმცა არსებობს კონცეპტუალური ინსპირაციები, მაგალითად: ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი, დიდი შედევრი, გალაკტიონის – „მზეო, თიბათვისა“, ლერმონტოვის ცნობილი შედევრის – „ლოცვის“ გავლენით არის დაწერილი. როგორც ჩანს, გალაკტიონს ისე უყვარდა ეს ლექსი, ქართული ეკვივალენტის დაწერა გადაწყვიტა და ინტერტექსტთან (ლერმონტოვის ლექსთან) არამარტო – კონცეპტუალურად, მეტრულადაც (თორმეტმარცვლედის 2/4/2/4 ვარიაციით – რამდენადაც ლინგვისტური და სალექსო სისტემის სხვადასხვაგვარობა აძლევდა საშუალებას) მაქსიმალურად მიახლოებული ლექსი – ახალი შედევრი დაწერა (გალაკტიონის ლექსის პრეპოემიც, ანუ პირვანდელი ვარიანტი, არა – თიბათვის მზისადმი, არამედ ღვთისმშობლისადმი მიმართვაა, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, ინტერტექსტთან მაქსიმალურად დასაშორებლად შეცვალა). ლერმონტოვის ლექსი ასეთია:

МОЛИТВА

Я, матерь божия, ныне с молитвою
Пред твоим образом, ярким сиянием,
Не о спасении, не перед битвою,
Не с благодарностью иль покаянием,

Не за свою молю душу пустынную,
За душу странника в свете безродного, —
Но я вручить хочу деву невинную
Теплой заступнице мира холодного.

Окружи счастием душу достойную,
Дай ей сопутников, полных внимания,
Молодость светлую, старость покойную,
Сердцу незлобному мир упования.

Срок ли приблизится часу прощальному
В утро ли шумное, в ночь ли безгласную —
Ты восприять пошли к ложу печальному
Лучшего ангела душу прекрасную.

Февраль 1837

გალაკტიონის ლექსი კი ყველამ ვიცით. სხვათა შორის, მერე შოთა ნიშნიანიძემ ეს ლექსი ისე თარგმნა, რომ გალაკტიონის ლექსს მიჰყვება კვალდაკვალ. ასე ჟღერს:

ლოცვა

დედა ღვთისაო, მუხლზე დაცემული,
შენი ხატების წინ ვიჩენ მოკრძალებას.
შველას როდი შეგთხოვ ომში მიმავალი,
ანდა როდი ვითხოვ ღვთიურ მოწყალებას.

დედავ, როდი მინდა, ვიყო კადნიერი,
ჩემი შეგავედრო სული ცარიელი.
დედავ, უსათნოეს ქალწულს შეგავედრებ.
მისი მწყალობელი იყავ ამიერით.

სული ღირსეული ჰყავი ბედნიერი,
მიეც ცხოვრებაში სათნო თანამგზავრი,
კალთით დაიფარე სული ლმობიერი
და მის მოხუცობას, ღმერთო, მომასწარი.

და თუ განსვენების ჟამი მოახლოვდა,
დილა იქნება თუ ღამე სავსე ლოცვით,
დედავ მწყალობელო, სულთა უმანკოთა,
მის სულს მიუვლინე სათნო ანგელოსი.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერი სახის გავლენაზე მითითება თანამედროვე ქართველი ავტორებისთვისაა დედის გინების ტოლფასი, თორემ სინამდვილეში სრულიად ჩვეულებრივი და არქეტიპული ამბავია. მეტსაც ვიტყვი: სტილი და ხელწერა გავლენების ოსტატურად შეფუთვის ევფემიზმია.

3. „- როგორ ვწერო კარგი ლექსები?“

კარგი ლექსების საწერად საჭიროა არა – ბევრი კარგი პოეზიის, არამედ ბევრი კარგი პროზის კითხვა, უფრო სწორად – ბევრ კარგ პოეზიასთან ერთად ბევრი კარგი პროზის კითხვა. პოეზიის კითხვა სიამოვნებაა, პროზის კითხვა კი, სიამოვნებასთან ერთად, ვალდებულებად უნდა იქცეს, რადგან კოგნიტიურ-ინტელექტუალური და იმაგინაციური უნარების განსავითარებლად პროზას ალტერნატივა არ აქვს. ასევე უნდა დაეუფლო ხელობას, წერის ტექნიკას, ეს კი ბევრი მუშაობით მიიღწევა. ნუ დაელოდები რაღაც პროვიდენციალურ-ზეციურ სიგნალებს და კარნახებს, უბრალოდ, დაჯექი და ივარჯიშე, სხვადასხვა ფორმები გამოცადე. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ყოველდღე ვვარჯიშობდი ლექსის წერაში – ზოგჯერ დღეში რამდენიმე ლექსსაც კი ვწერდი. ცხადია, ზოგჯერ, როცა სათქმელის, ემოციის და ფორმის თანხვედრა ხდებოდა, კარგი, ცოცხალი ლექსიც გამოდიოდა, მაგრამ ის ნაწერები, ძირითადად, პოეტური სავარჯიშოები იყო და ასეც ვუყურებდი, არსად გამომიქვეყნებია. მთავარი ისაა, რომ ვეუფლებოდი სხვადასხვა პოეტურ ფორმებსა და საზომებს, რაღაც სიახლეს ვეძებდი. მაშინ ლექსის თეორიაში სიღრმისეულად ვერ ვერკვეოდი და ის მცდელობები მხოლოდ ინტუიციით ნაკარნახევი მცდელობები იყო, რომლებიც ძველი, მიძინებული ფორმების გაცოცხლებას გულისხმობდა და არა – რეალურ სიახლეს, მაგრამ მე ვცდილობდი მაინც. ახალგაზრდა პოეტი აუცილებლად უნდა იყო მაძიებელი, ერთგვარი დევიანტი, რომელიც ვერ ჰგუობს დაკანონებულ ფორმობრივ-კონცეპტუალურ კონიუნქტურასა და სტანდარტებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“