პარასკევი, სექტემბერი 27, 2024
27 სექტემბერი, პარასკევი, 2024

საკლასო ოთახის დეკორი – მადლიერების ხე

შემოდგომის სეზონი სამყაროს თბილი ფერებით ხატავს.

ხვავით, ბარაქითა და მოსავლით გამორჩეულ მადლიან დროს თითქოს მადლიერების გრძნობაც მოაქვს, როცა ,,მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარულითა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს’’ და მადლობას სწირავს უფალს.

ცოტა ხნის წინ  ერთ-ერთი ბლოგერის გვერდზე საოცარი საშემოდგომო ჩანაწერი ვნახე:

,,მადლიერი ვარ შენი, დედაბუნებავ, ლაღი და თბილი ზაფხულისათვის.

მადლიერი ვარ შემოდგომის პირველი ბედნიერი დღისათვის.

დაე, ამ შემოდგომამ, დღეიდან შემმატოს სიკეთე, სიყვარული, ჰარმონია, ბედნიერება, შრომის ენერგია და ძალა.

შემმატოს ხვავი, ბარაქა, მატერიალური სიძლიერე და კეთილდღეობა.

შეისმინე, დედაბუნებავ, ჩემი სიტყვები და მადლიერება შენდამი…’’

 

თუმცა, მადლიერების გამოხატვას სეზონი და დრო არ სჭირდება,  ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ უფალს.

,,მადლიერების განცდა უზარმაზარ სასიკეთო ენერგიას მოიცავს. ეს უნარია, მას ვსწავლობთ და ამით ჩვენს ცხოვრებას პოზიტივისა და სიკეთისაკენ ვუხსნით გზას.’’

ფსიქოლოგებმა, დოქტორ რობერტ ემონსმა და მაიკლ მაკქულოუმ, გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები. აღმოჩნდა, რომ მადლიერების გამომხატველი ადამიანების მენტალური ჯანმრთელობა ბევრად მდგრადია,  ისინი ფიზიკურად უფრო აქტიურები, პოზიტიურები და ჯანმრთელები არიან.

ნაფიქრით გასიტყვებული სათქმელი გამიგრძელდა, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს მომავალთან, უსაყვარლეს ბავშვებთან არის დაკავშირებული. სკოლაში ხდება ყველა მნიშვნელოვანი უნარის ჩამოყალიბება და მადლიერების გრძნობას გავარჯიშება სჭირდება.

გთავაზობთ მარტივ აქტივობას.

რესურსი საკლასო ოთახის დეკორი მადლიერების ხე

როგორ გამოვიყენოთ  რესურსი:

  1. საკლასო ოთახის კედელზე, დიდი ფორმატის ქაღალზე დავხატოთ ხე. შეგვიძლია, გამოვიყენოთ დაბეჭდილი ხის შაბლონი ან მუყაოთი დავამზადოთ ,,ნამდვილი’’ ხე.
  2. მივცეთ მოსწავლეებს გასაფერადებელი ფოთლები, გააფერადონ და  დაწერონ ის, რისთვისაც მადლიერნი არიან.
  3. მივამაგროთ ფოთლები ,,მადლიერების ხის” კედელზე, ან ძაფებით დავკიდოთ  მუყაოს ხის  ტოტებზე.
  4. ზამთრის სეზონზე შეგვიძლია, ნაძვის ხის ტოტებზე დავკიდოთ ქაღალდის ფიფქებსა და სათამაშოებზე დაწერილი მადლიერების სიტყვები.

ეს გულწრფელი სიტყვები არა მხოლოდ ბევრ კარგ რამეს გაგვახსენებს, რისთვისაც მადლობელი ვართ, არამედ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ბედნიერებისა და მოტივირების შთაგონების წყარო იქნება.

რესურსი შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ჩვენი კლასის ყოველდღიური მადლიერების ამსახველ საშუალებად, ასევე ცალკეული აქტივობის შესასრულებლად, რათა გავზარდოთ მოსწავლეთა პოზიტიურობისა და  დადებითი სტიმულების სიხშირე.

 

გამოყენებული რესურსები:

https://www.teachstarter.com/us/hub/

https://www.facebook.com/Edutopia.ge

https://www.ninichachia.ge/post/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“