პარასკევი, სექტემბერი 27, 2024
27 სექტემბერი, პარასკევი, 2024

ავტორიტარიზმი სკოლაში

ბოლო წლებია რუსეთის საჯარო სკოლებში მთელი მსოფლიოსთვის თვალშისაცემი სასწაულები ხდება. 2022 წლის სექტემბრიდან, ყოველ ორშაბათს, ეროვნული დროშის აღმართვის ცერემონიის დასრულებისთანავე მოსწავლეები ვალდებულნი არიან დაესწრონ სპეციალურ გაკვეთილს, რომელსაც „საუბრები მნიშვნელოვან საკითხებზე“ (Разговоры о важном) ჰქვია. ზოგიერთი ფედერალური ტელევიზია საგანგებოდ სტუმრობს სხვადასხვა სკოლებს და ცნობილი ადამიანების მიერ ჩატარებულ საუბრებს ფირზე იწერს, რათა შემდეგ დილის გადაცემით აჩვენონ ასორმოცდაათმილიონიან აუდიტორიას.

ერთი შეხედვით, გაკვეთილებს კეთილშობილური მიზანები აქვთ. ბავშვები თავიანთი ქვეყნის ღირსშესანიშნეობებს ეცნობიან, ათვალიერებენ ბუნების უნიკალურ ძეგლთა ფოტოებს, იხსენებენ საკაცობრიო მნიშვნელობის ისტორიულ ფიგურებს, მეფეებსა თუ მეცნიერებს, პოეტებსა თუ ხელოვანებს. მოსწავლეები ეცნობიან კონსტიტუციას, სამოქალაქო ვალდებულებებს, რომლებიც მომავალში ძირითადი კანონის ძალით დაეკისრებათ. ალბათ, ყველა ქვეყანა უნდა ზრუნავდეს ადამიანებს შორის პატრიოტიზმის, სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივებაზე და ამ საქმეს სკოლის დაბალი საფეხურიდან უნდა იწყებდეს.

თუმცა, ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ეს უბრალო დაკვირვებით ჩანს.

მშობლების ნაწილი საიდუმლო ცნობებს აწვდის დამოუკიდებელ რუსულ მედიას. ისინი შეძრწუნებულნი არიან გაკვეთილების შინაარსიით. არაერთ სკოლაში „საუბრები მნიშვნელოვან საკითხებზე“ უმალვე გადაიქცა იაფფასიანი პროპაგანდის ასპარეზად. მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ორშაბათის დილას მთლიანად უთმობენ უკრაინასთან ომის თემატიკას. ცხადია, სიტყვა „ომს“ არც ახსენებენ და სასაკლაოს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებენ. თუმრე, ძალიან ბევრი დრო იხარჯება იმ კრიტერიუმებზე მსჯელობისთვის, რომელთა ძალითაც უკრაინელთა უდიდესი უმრავლესობის „ნაცისტურ წარმონაქმნად“ განთესვა შეიძლება. მეხუთეკლასელებს განსაკუთრებული ენთუზიაზმით შეასწავლიან სამხედრო ოპერაციის სახელგანთქმულ „გმირთა“, მეზობელი ქვეყნის ამაოხრებელთა ბიოგრაფიებს.

არაფორმალური სილაბუსის მიხედვით მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად უნდა ეძიონ პასუხები კითხვებზე: რატომ არ უნდა არსებობდეს უკრაინის სახელმწიფო? როგორ უნდა გამოვიყენოთ ყირიმის შემოერთების გამოცდილება სხვა ტერიტორიების ანექსიის დროს? როგორ დავშალოთ ევროპის კავშირის? და ა.შ.

საუბედუროდ, პროპაგანდისტული სწავლების იდეოლოგები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ თეორიული და კონცეპტუალური საკითხების განსჯით. ისინი მოსწავლეთა ყურადღებას პრაქტიკულ გარემოებებზეც ამახვილებენ. მაგალითად, ზოგიერთი ცნობის მიხედვით, პედაგოგები „სამშობლოს დაცვის“ თემაზეც გაუთავებლად ქადაგებენ. თანამედროვე რუსეთში „სამშობლოს დაცვა“ იარაღის ხელში აღებას ნიშნავს, თანაც საკუთარი საზღვრების დაცვის მიზნით კი არა, არამედ მომიჯნავე სახელმწიფოთა გაქრობა-შემოერთების განზრახვით.

საქართველოში ყველა რუსი ერთნაირი ჰგონიათ, ფიქრობენ, რომ ხალხი ბედნიერია ოცდახუთწლიანი ავტოკრატიის საქმიანობით და წინააღმდეგობის გარეშე ემორჩილება თავსმოხვეულ წესრიგს. საქმე გაცილებით სერიოზულადაა. დემოკრატიული პრესა თითქმის ყოველთვიურად აქვეყნებს ცნობებს სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა პროტესტის თაობაზე. ჩვენს ოკუპანტ სახელმწიფოში ჯერ კიდევ შემორჩნენ მასწავლებლები, რომლებიც ჰუმანიზმის, მშვიდობისა და სამშობლოს ცნებებს ერთმანეთისგან არ აცალკევებენ. ისინი „საუბრებისთვის“ გამოყოფილ დროს მათემატიკის ოლიმპიადისთვის შედგენილი დამატებითი ამოცანების ამოსახსნელად იყენებენ, პროპაგანდისტული რიტორის ნაცვლად ნოვგორიდის რესპუბლიკის გამოცდილებას მიმოიხილავენ, ომს ომად მოიხსენიებენ, მშვიდობას ნორმალური რუსეთის შექმნის წინაპირობად მიიჩნევენ და ა.შ.

ხელისუფლება ამგვარ შემთხვევებს ნაკლებად ახმაურებს, ოფიციალური პირები ცდილობენ ლოკალური რეპრესიების საშუალებით შეავიწროვონ „საუბრების“ მიმართ გულგრილად განწყობილი პედაგოგები. პატრიოტიზმის გაკვეთილების ხელშესაწყობად და ურჩი კადრების გასაკონტროლებლად დიდი ქალაქების სკოლებში მეთვალყურეობის რეჟიმი უკვე დაწესდა. ორშაბათს დილას გასამართ ღონისძიებებს სასწავლებლის ადმინისტრაციის წევრები, ქალაქის საბჭოს წარმომადგენლები და „დამსმენებიც“ ესწრებიან, მასწავლებელთა ყველა სიტყვა იწონება, მოვლენილი პირები სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებულ მოსაზრებას ადგილზევე ახშობენ.

რუსული მაგალითი საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს, თუ რა არის ელემენტარული, უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მეცნიერებების საჯარო სკოლებში სწავლების დროს:

  1. გაკვეთილის შინაარსზე გავლენას არ უნდა ახდენდეს პარტიული კონიუნქტურა და დღის წესრიგი;
  2. მასალა არ უნდა იყოს პროპაგანდისტული, ტექსტები მოსწავლეებს აბოლუტური, უცილობელი ჭეშმარიტების შესახებ არ უნდა მოუთხრობდნენ.
  3. მასწავლებელსა და მოსწავლეებს თემატიკაზე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის საშუალება უნდა ჰქონდეთ.
  4. გაკვეთილზე აკადემიური თავისუფლების სულისკვეთება უნდა სუფევდეს, პროცესის მონაწილეებს არ უნდა ჰქონდეთ დასმენის, შევიწროვების შიში.
  5. სამშობლოს ინტერესები და ზოგადჰუმანური ღირებულებები არ შეიძლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდნენ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“