კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

ზღვისა და ხმელეთისა

ზღვის უნახავმა ყმაწვილმა მეზღვაურობა აიჩემა და ახლობლებს დიდი თავსატეხი გაუჩინა – რა გზით უნდა მოეხერხებინათ მისი გადარწმუნება, ვისაც გული შორეული მიწებისკენ მიუწევდა და ცხოვრების გატარებასაც ყველასგან მივიწყებულ მხარეებში აპირებდა? იმედის თვალი მასწავლებელს მიაპყრეს – ახალგაზრდა კაცს, ჯერაც კრაკოვის უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელსაც მოსწავლე პატივს სცემდა, ყურადღებით უსმენდა, უჯერებდა. მთასა და ბარში სახეტიალოდ გააყოლეს და მათი ხანგრძლივი საუბრების კეთილისმყოფელ გავლენას დაელოდნენ.

1873 წელი იდგა. ჯოზეფ კონრადს, რომელიც მაშინ მხოლოდ თხუთმეტი წლისა იყო, გადაწყვეტილებას ვერა ძალა ვერ შეაცვლევინებდა, ზღვებისა და ოკეანეების სულის შემძვრელ ძახილს ვერ დაავიწყებდა. მასწავლებელმაც მრავალი სიტყვა დახარჯა, მაგრამ ამაოდ – გაჯიუტებულს, ქვად და რკინად გადაქცეულს რას შეასმენდა… ბოლოს ხელი ჩაიქნია, ყმაწვილს კი უთხრა: „გამოუსწორებელი, უიმედო დონ კიხოტი ხარ! აი, ვინ ხარ!“

„გაოცებული დავრჩი, – შენიშნავს ჯოზეფ კონრადი „პირად ჩანაწერებში“, – ჯერ მხოლოდ თხუთმეტისა ვიყავი და ზუსტად ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. მაგრამ რაღაც გაურკვეველი სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რომ ამ უკვდავი რაინდის სახელი ჩემს უგუნურებასთან (როგორც ბევრი პირშიც მეუბნებოდა) მიმართებით ახსენეს. ვაი, რომ საამაყო აქ არაფერი იყო. ჩემი ხვედრი არ ყოფილა უბედური ქალიშვილების დაცვა ან ამ ქვეყნის უსამართლობათა გამოსწორება; და ჩემმა მასწავლებელმა ეს ყველაზე უკეთ იცოდა“.

„პირადი ჩანაწერების“ ქართული თარგმანი სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა – სიყმაწვილეშივე მწუხარე სახის რაინდად შერაცხილის წიგნი, ცხოვრების ნარჩევი ამბები, მოგონებები. ვკითხულობ და გული მწყდება, რომ ბევრად მეტს არ მოჰყვა, ზღვასა თუ ხმელეთზე გატარებული წლების დიდი ნაწილი სქელი, მტვრიანი საბურველის ქვეშ დატოვა.

პირველი რომანის გახსენებისას მწერალი გულახდილად ამბობს, წერა უსაქმურობამ დამაწყებინაო. გამოცდილებადაც მხოლოდ წერილების თხზვა ჰქონდა. საქმეს ისე შეუდგა, როგორც მავანი ყარიბი გაუყვებოდა საშიშ შარას – მკაფიოდ დასახული მიზნის, საბოლოოდ დასანახი სურათის წარმოდგენის გარეშე. „იმ წუთიდან, რაც ჩემი გულის უბრალოებისა და გონების გასაოცარი უმეცრების წყალობით, ის პირველი გვერდი დავწერე, ზვავი დაიძრა და ვეღარაფერი შეაჩერებდა, – აღნიშნავს ავტორი. – რუბიკონი ასე ბრმად არავის გადაულახავს, ღმერთების სახელის მოხმობის, ადამიანთა წინაშე შიშის გარეშე“.

იგივე სიმამაცეა, თხუთმეტი წლისას შორეულ ნაოსნობაში წასვლა რომ მოანდომა, მოკეთე-გულშემატკივართა რჩევები რომ არად ჩაადგებინა.

ორი ცხოვრების ამბები ერთმანეთს ერევა, წამს გაშლილი ზღვაა და წამს – სოფლის სახლი, ღია კარით და ფანჯრებით, სადაც ჯოზეფ კონრადი „ნოსტრომოს“ ბოლო თავს წერს, ეზოში კი სტივენ კრეინის ნაჩუქარი ძაღლი დარბის. ბიჭს ძაღლი უნდა ჰყავდესო, უთქვამს და მოუყვანია კიდეც მეგობრის შვილისთვის მას, ვის შესახებაც ვკითხულობთ: „თითქოს იმ ადამიანთაგანი იყო, რომლებსაც ბედისწერა იშვიათად არგუნებს ხოლმე ხმელეთამდე უსაფრთხოდ მიღწევას ნიჩაბთან ხანგრძლივი ჯაფისა და მწარე გამოცდის გამოვლის მერეც კი“. ისევ მეზღვაურის ხილვა. მეზღვაურის წარმოსახვაში სახელდახელოდ გაჩენილი შედარება.

უდავოდ გამოსარჩევია ჩანაწერების ის ნაწილი, სადაც მწერალი ერთგულების იდეასა თუ სიფხიზლის სიყვარულზე საუბრობს. ერთი მხრივ, მორალისტთა სწორხაზოვნება აღიზიანებს, მეორე მხრივ კი, კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ზღვასა თუ ხმელეთზე პასუხისმგებლობის გრძნობა არასდროს დაუკარგავს, არ დავიწყებია „შინაგანი სიფხიზლე, გრძნობის ის ასკეტიზმი“, რომლის წყალობითაც „სიმართლის შიშველი ფორმის“ მოხელთება შეიძლება. ჰო, სიმართლეს დაუღლელად ეძებს და ამ ძებნისას რაღაც ისეთს პოულობს, რაც თითქოს მანამდე არავის დაუნახავს, ყოველ შემთხვევაში, ასეთი სრული სახით, თავზარდამცემი სიცხადით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“