მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საგნობრივი ცოდნის გადაცემისას ინტეგრირებულად შეეხოს ისეთ ღირებულებებს, რომლებიც არ ცვდება და არასოდეს ბერდება. „ერთი საკუთარი ნაკლის გაცნობიერება უფრო სასარგებლოა, ვიდრე სხვისი ათასის შეცნობა“, – ამბობდა დალაი-ლამა.
თვითგაუმჯობესებისკენ სწრაფვა მაშინაც კი სასარგებლოა, როცა ვერ აღწევს სათნოების უმაღლეს მწვერვალს. სრულყოფილებისკენ მიმავალ გზას შეუძლია, მრავალი მარშრუტი გაიაროს და ამ გზით მოგზაურობა ღირს, თუნდაც დანიშნულების ადგილამდე ვერასოდეს მიხვიდეთ.
ბენჯამინ ფრანკლინი, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნება და სახელმწიფო მოღვაწე, პიროვნული თვითგაუმჯობესების მგზნებარე დამცველი იყო. თავის ავტობიოგრაფიაში ფრანკლინი წერს, რომ მისი წარმატება იმ 13 ჩვევის დამსახურებაა, რომლებზეც ის მთელი ცხოვრება მუშაობდა. ფრანკლინის 13 სათნოება ქმნის უნიკალურ საფუძველს მორალური და ეთიკური განვითარებისთვის. მაგრამ როგორ გაჩნდა ეს სათნოებები და როგორ შეუძლიათ მასწავლებლებს კლასში მათი ეფექტურად გამოყენება?
კაცობრიობის ისტორიაში იშვიათია ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უკითხავს საკუთარი თავისთვის, როგორ გამხდარიყო უკეთესი, ვისაც არ უფიქრია იმაზე, როგორ გაემარჯვა მანკიერ თვისებებზე.
თავის ავტობიოგრაფიაში ფრანკლინი ურჩევს მკითხველს, მიიღოს 13 სათნოების გამოწვევა, თუ ეძებს მორალურ სრულყოფილებას.
ფრანკლინის 13 სათნოება
ბენჯამინ ფრანკლინმა თავისი „13 სათნოების“ კონცეფცია ჩამოაყალიბა 1726 წელს, როდესაც მხოლოდ 20 წლის იყო. ფრანკლინმა ჰკითხა საკუთარ თავს, როგორ გაეუმჯობესებინა თავისი პიროვნება, რათა გამხდარიყო უკეთესი ადამიანი და მოქალაქე. ის მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საკუთარი თავის გაუმჯობესებას, არამედ გარემოზე პოზიტიური ცვლილების მოხდენასაც. ფრანკლინმა გამოყო 13 თვისება, რომლებშიც ხედავდა ზნეობრივი სრულყოფის გზას: მოთმინება, დუმილი, წესრიგი, მიზანდასახულობა, თავშეკავება, შრომისმოყვარეობა, გულწრფელობა, სამართლიანობა, ზომიერება, სისუფთავე, სიმშვიდე, სიწმინდე და თავმდაბლობა.
ფრანკლინის სქემა
ორშ. | სამშ. | ოთხშ. | ხუთშ. | პარ. | შაბ. | კვ. | |
თავშეკავება– არ ჭამო მოყირჭებამდე, არ სვა დათრობამდე. | |||||||
დუმილი – თქვი მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი არიდე ლაქლაქს. | |||||||
წესრიგი – ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს. | |||||||
გაბედულება – მტკიცედ გადაწყვიტე, აკეთო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულე ის, რაც გადაწყვიტილია. | |||||||
თავშეკავება – ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არ გაფლანგო. | |||||||
შრომისმოყვარეობა – ნუ დაკარგავ დროს. ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული. უარი თქვი უსარგებლო ქმედებებზე. | |||||||
გულწრფელობა– არ მიაყენო ადამიანს ზიანი მავნე ტყუილით. გქონდეს სამართლიანი და სუფთა აზრები. საუბრის დროსაც ამ წესით იხელმძღვანელე. | |||||||
სამართლიანობა – ზიანს ნურავის მიაყენებ და ნუდაივიწყებ სიკეთის კეთებას, რაც შენი მოვალეობაა. | |||||||
ზომიერება – ერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად ეცადე, იყო მიმტევებელი. | |||||||
სისუფთავე – შეინარჩუნე სისუფთავე. | |||||||
სიმშვიდე – არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმადა გარდაუვალმა ამბებმა. | |||||||
სიწმინდე – იყავი ზნეობრივად წმინდა. | |||||||
თავმდაბლობა – მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს. |
ფრანკლინი დარწმუნებული იყო, რომ ეს სათნოებები მხოლოდ პიროვნულ მომწიფებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ქმნის საზოგადოებაში ჰარმონიული თანაარსებობის საფუძველსაც.
ფრანკლინის თვითსრულყოფის გეგმა საკმაოდ მარტივი იყო: პირველ კვირას ერთ ჩვევაზე იმუშავებდა, მომდევნო კვირას – სხვაზე და ასე, სანამ 13-ვე ჩვევას არ აითვისებდა. ის ამას მთელი სიცოცხლის განმავლობაში აკეთებდა და აღრიცხავდა თავის პროგრესს.
მასწავლებლებისთვის ეს სათნოებები წარმოადგენს ღირებულ ინსტრუმენტს მოსწავლეების როგორც პიროვნული, ისე აკადემიური განვითარების ხელშეწყობისთვის. გთავაზობთ გზამკვლევს თითოეული მათგანის შემოქმედებითად და ეფექტიანად ინტეგრირებისთვის თქვენს კლასში.
- მოთმინება
ფრანკლინი მას განიხილავდა როგორც გადაჭარბების თავიდან აცილებისა და დაბალანსებული ცხოვრების გასაღებს.
გამართეთ დისკუსია სასკოლო დავალებების, თავისუფალი დროისა და სოციალური აქტივობების დაბალანსების შესახებ. ჩაატარეთ კვირეული, რომელშიც მოსწავლეები ჩაწერენ თავიანთ აქტივობებს და შეაფასებენ, როგორ იყენებენ დროს დაბალანსებულად. ერთად განიხილეთ, როგორ შეიძლება თავიდან იქნას აცილებული მედიის გადაჭარბებული გამოყენება ან არარეგულარული სწავლა.
- დუმილი
ფრანკლინი აფასებდა ნათქვამის მოსმენისა და რეფლექსიის მნიშვნელობას.
გამოიყენეთ დუმილის მოკლე პერიოდები, რათა დაეხმაროთ მოსწავლეებს, დაფიქრდნენ იმაზე, რაც ისწავლეს და ყურადღება გაამახვილონ გაკვეთილზე. გამოიყენეთ „მშვიდი რეფლექსიის დრო“ სადისკუსიო სესიების ან სასწავლო აქტივობების შემდეგ, რათა მოსწავლეებს საშუალება მისცეთ, ფოკუსირება მოახდინონ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
- წესრიგი
ასწავლეთ მოსწავლეებს სამუშაო ადგილებისა და მასალების ორგანიზების მნიშვნელობა. შეიტანეთ ამოცანები, რომლებიც ასწავლის მოსწავლეებს ეფექტურად ორგანიზებას. გამოიყენეთ ვიზუალური საშუალებები და საკონტროლო სიები წესრიგის გასაუმჯობესებლად.
- მიზანდასახულობა
ასწავლეთ მოსწავლეებს მიზნების დასახვის და მათი თანმიმდევრული მიღწევის მნიშვნელობა. დაგეგმეთ და განახორციელეთ პროექტი, რომელშიც მოსწავლეები აირჩევენ გრძელვადიან მიზანს, შეადგენენ მისი მიღწევის გეგმას და რეგულარულად განიხილავენ მას. წაახალისეთ პროგრესი და უწყვეტი გაუმჯობესება.
- თავშეკავება
იმსჯელეთ რესურსების დაზოგვისა და მასალების ეკონომიურად გამოყენების მნიშვნელობაზე. დაგეგმეთ პროექტები, რომლებიც ასწავლის მოსწავლეებს შეზღუდული რესურსების შემოქმედებით გამოყენებას. რესურსების გადამუშავების პროექტს შეუძლია, გააცნოს მოსწავლეებს ეკონომიურობის პრინციპები.
- შრომისმოყვარეობა
ფრანკლინისთვის შრომისმოყვარეობა იყო პირადი და პროფესიული წარმატების აუცილებელი კომპონენტი.
აღიარეთ მოსწავლის სიბეჯითე განსაკუთრებით შრომისმოყვარე მოსწავლეებისთვის დაჯილდოების სისტემის დანერგვით. დააწესეთ დღეები, როდესაც მოსწავლეებს შეეძლებათ წარმოადგინონ თავიანთი პროგრესი და ისაუბრონ წარმატებებზე.
- გულწრფელობა
განიხილეთ ეთიკური საკითხები და წაახალისეთ ღია კომუნიკაცია. სთხოვეთ მოსწავლეებს, გულწრფელად დაფიქრდნენ თავიანთ გამოცდილებაზე და წაახალისეთ, გულახდილად ისაუბრონ შეცდომებსა და გამოწვევებზე. ამის მხარდაჭერა შესაძლებელია როლური თამაშების ან შემთხვევების, ე.წ. ქეისების შესწავლით, რომლებშიც ასახულია პიროვნული და აკადემიური პატიოსნების მაგალითები.
- სამართლიანობა
წაახალისეთ სამართლიანობის ილუსტრირება სოციალურ საკითხებზე დისკუსიებითა და პროექტებით. დაგეგმეთ დებატები და როლური თამაშები, რომლებშიც მოსწავლეები იპოვიან გზებს სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად. დანერგეთ კლასში სამართლიანი ჯილდოების სისტემა.
- ზომიერება
განიხილეთ ზომიერებისა და წონასწორობის მნიშვნელობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. შეასრულეთ სავარჯიშოები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს, თავიდან აიცილონ ექსტრემალური ქცევები და იპოვონ ჯანსაღი ბალანსი სხვადასხვა აქტივობას შორის.
- სისუფთავე
დანერგეთ სისუფთავე კლასის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხელი შეუწყვეთ საკლასო ოთახში სისუფთავის შენარჩუნებას მოსწავლეების ჩართულობით. აუხსენით მათ, როგორ უწყობს ხელს სუფთა გარემო პროდუქტიულობასა და კონცენტრაციას და სთხოვეთ, აიღონ პასუხისმგებლობა საკლასო ოთახის მოწესრიგების ცალკეულ მხარეებზე.
- სიმშვიდე
დანერგეთ სტრესის მართვის ტექნიკა, მაგალითად, მოკლე შესვენებები გაკვეთილებზე. იმსჯელეთ მოსწავლეებთან ერთად, როგორ შეინარჩუნონ სიმშვიდე და მშვიდად უპასუხონ გამოწვევებს. შეიძლება ამ თვისების განმტკიცება რეგულარული ვარჯიშით.
- სიწმინდე
ეთიკის გაკვეთილებზე განიხილეთ ისეთი თემები, როგორიცაა პირადი საზღვრები და ერთმანეთის პატივისცემა. გამართეთ დისკუსიები, რათა ასწავლოთ მოსწავლეებს თვითკონტროლისა და პასუხისმგებლობიანი ქცევის მნიშვნელობა.
- თავმდაბლობა
ჩაატარეთ აქტივობები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს თავმდაბლობის არსის გაგებაში. წაახალისეთ ისინი, დაფიქრდნენ თავიანთ წარმატებებზე და აღიარონ სხვების წვლილი და დამსახურება. დაგეგმეთ რეფლექსიის სესიები, რომლებზეც მოსწავლეები გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ცოდნას და ისწავლიან მიღებული დახმარებისთვის მადლიერების გამოხატვას.
ამრიგად, ბენჯამინ ფრანკლინის 13 სათნოება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ზნეობრივი პრინციპები; ეს არის პიროვნული ზრდისა და ეთიკური ქცევის მარადიული სახელმძღვანელო. კლასში ამ სათნოებათა ინტეგრაციით მასწავლებლებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ თავიანთი მოსწავლეების პიროვნულ და მორალურ განვითარებას. მოზარდებს ჩამოუყალიბდებათ პატივისცემისა და რეფლექსიური სწავლის კულტურა, უფრო ადვილად მიაღწევენ აკადემიურ მიზნებს და საზოგადოების პასუხისმგებლობიან წევრებად ჩამოყალიბდებიან.
დამხმარე ლიტერატურა:
http://www.benjamin-franklin-history.org/short-biography/
https://denkbrocken.com/2018/09/16/benjamin-franklin-selbstpruefung/