გადატვირთული წლის შემდეგ, როგორც იქნა ბარგი შევკარი და არდადეგებზე გავემგზავრე. გეზი თურქეთისკენ მქონდა. აქ ორი მიზანი იყო განსახორციელებელი.
პირველი, ქალაქ ესქიშეჰირში ჩემი მეგობარი ოჯახის შვილის ქორწილზე დასწრება და ამ ულამაზესი და უთბილესი ქალაქის კიდევ ერთხელ მონახულება.
მეორე, ზღვაზე წასვლა და ბევრი იოდის ჩასუნთქვა.
ზღვის მიმართ ნეიტრალურად ვარ განწყობილი. არ ვირუჯები და არ ვცურავ. დიდი დიდი ნაპირზე წყალში ვიტყაპუნო. ესეც მალევე მბეზრდება და კიდევ რა ვაკეთო არ ვიცი. ამიტომ, ქალაქის ათვისებას ვიწყებ ხოლმე. თუმცა, ამაზე სხვა დროს მოვყვები, ახლა მთავარს დავუბრუნდეთ.
თბილისიდან მანქანით ღამის სამ საათზე გამოვედით. ეს ისეთი კომფორტული ყოფილა. სრულიად ცარიელ ტრასაზე მარტო მისრიალებ, არც საცობი და არც „მართვის უცოდინარი“ მძღოლები. აი, ისეთები, თავადაც, რომ არ უწყიან რას ჩადიან გზებზე.
გვარიანი გზა გავიარეთ და ღამე ჩორუმში დავრჩით. ჩორუმი ეძახე შენ და რამხელა და როგორი უნივერსიტეტი აქვთ, იცით? არა, შიგნით არ ვყოფილვარ, მაგრამ რაც გარედან ვნახე, წარმომიდგენია შიგნით რა ინფრასტრუქტურა ექნებათ.
ერთი უნდა ვთქვა, თურქეთის ყველაზე პატარა ქალაქსაც კი თავისი უნივერსიტეტი აქვს. ახალგზრდებიც სულ უფრო მეტად ილტვიან ცოდნისკენ, მაგრამ უმრავლესობა შემდეგ სპეციალობით ვერ საქმდება.
აი, მაგალითად ემრე, ვის ქორწილშიც ვიყავი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, მაგრამ მაკდონალდში მენეჯერად მუშაობს. ეძება საქმე სპეციალობით და რომ ვერ იპოვა, რაც ხელთ მოხვდა, იმას აკეთებს.
ერთი პირობა, ესქიშეჰირის გულში განლაგებულ მუზეუმებშიც უმუშავია, მაგრამ იქ ხელფასი მცირე ყოფილა.
სხვათა შორის, ქალაქს მართლაც საინტერესო მუზეუმები აქვს და აქ ჩამოსული (თან, თუ პირველად ხარ) აუცილებლად უნდა ესტუმრო. ერთი დარბაზი არქეოლოგებისაა.
ყველაზე ძველი არქეოლოგიური აღმოჩენა ტყვიისგან დამზადებული მძივებია. ბევრ მუზეუმში და აქაც მოიძებნება ტყვიისგან დამზადებული ფიგურები, რასაც ძველი ეგვიპტელები ამზადებდნენ. ჩვ. ერამდე მეორე საუკუნეში კი რომაელებმა მისგან საკანალიზაციო სისტემა შრქმნეს. თავად ტყვიას კი წელიწადში 82 000 ტონას მოიპოვებდნენ. ლათინურად მეტალს პლუმბუმი უწოდეს, ხოლო წყალგაყვანილობას იმავე ენაზე პლუმნარუსი ერქვა.
ტყვია ბუნებაში ბევრ მინერალს წარმოქმნის. მაგ. ტყვიის კარბონატი (ცერუსიტი). ტყვიის სულფატი (ანგლეზიტი), სულფიდი (ინგლერიტი). ამ უკანასკნელის დაწვის შედეგად მიიღება ტყვიის ოქსიდი, რომლიდანაც ტყვიის აღდგენაა საჭირო.
2PbS+3O2=2PbO+2SO2
აღდგენისთვის კარგია ნახშირი, თუმცა წყალბადის გატარებაც შეიძლება.
PbO+H2=Pb+H2O
ტყვიის ლღობის ტემპერატურა 327 ცელსიუს გრადუსია, ოდნავ მეტია კალას ლღობის ტემპერატურაზე. თუმცა, ჯარისკაცის ჩამოსხმა მისგანაც შეიძლება (https://mastsavlebeli.ge/?p=32776). უნდა გვახსოვდეს, რომ ტყვია ტოქსიკურია და ორგანიზმს წამლავს. იწვევს გონებასუსტობას, დაუძლურებას, უნაყოფობას. ასე რომ, მისგან სათამაშოების კეთებას ჯობს შევეშვათ.
თუმცა, თანამედროვე სათამაშოების უმრავლესობა ტყვიას შეიცავს. განსაკუთრებით ეს ფერად, იაფფასიან სათამაშოებს შეეხება. საშიშია ასაწყობი ინსტრუქტორები, თოჯინები და მანქანები, რომელთა შემადგენლობაშიც პოლივინილქლორიდია. შეხედავ და პლასტმასაა, მაგრამ ეს უკვე ნიშნავს, რომ იქვე სხვადასხვა სახის ფტალატიც, ალდეჰიდიც არის და მათთან დაკავშირებული მძიმე მეტალი, ანუ ტყვია. ბავშვი ბავშვია, გემოს გაუსინჯავს, ჩაიხუტებს (კანთან მჭიდრო კონტაქტი ექნება) და შესაბამისად მათ სისხლში ტყვიის კონცენტრაცია მოიმატებს, კანზე კი ალერგიული რეაქციები.
ნებისმიერი სხვადასხვა კაშკაშა საღებავით (განსაკუთრებით, ყვითელი, სტაფილოსფერი) მიხატულ-მოხატული ჭურჭელი, მათ შორის, ძველი წლების ანტიკვარიატიც, შესაძლოა საღებავში ტყვიას და კადმიუმს შეიცავდეს. ამიტომ, უბრალოდ უნდა შევძლოთ ასეთ ჭურჭელთან სწორი მოქცევა. გამოვიყენოთ ხილის, ტკბილეულის, თხილეულის დასალაგებლად და სუფრის გასალამაზებლად, რადგან ასეთი ჭურჭლიდან მძიმე მეტალები შესაძლოა ორგანიზმში გადმოვიდნენ, თუ:
– მათზე ცხელ საჭმელს მივირთმევთ და ან სუფრაზე დავდებთ სტუმრებისთვის გადასაღებად. მაღალი ტემპერატურა მეტალთა იონების საკვებში მიგრაციის პროვოცირებას იწვევს.
ასევე არ ივარგებს მჟავა pH-ის მქონე საკვების შემოლაგება, მაგ. დაჭრილი, კანგაცლილი ციტრუსები, პომიდვრის სალათა ან საწებელი, კომბოსტოს მწნილი ან სხვა მწნილეულობა, ძმრიანი სალათის საკმაზი და ა.შ.
ტყვია ორგანიზმიდან იოლად გამოდის. მის გამოსადევნად იყენებენ მედიკამენტებს, რომელთა შემადგენლობაშიც ჰელატები შედიან. ჰელატები შიდაკომპლექსური ან ციკლო კომპლექსური ნაერთებია. წარმოიქმნებიან პოლიდენტატურ ლიგანდებთან ლითონის იონების ურთიერთქმედებით. ჰელატები შეიცავენ ცენტრალურ იონს და მის გარშემო კოორდინირებულ ლიგანდებს. ჰელატური ნაერთი მედიცინაში ბიოდანამატად პირველად 1960 წელს გამოიყენეს. დღეს ჰელატო-თერაპია მძიმე მეტალთა გამოსადევნად გამოიყენება ორგანიზმიდან. ჰელატები მეტალის იონებს ქიმიურად და ბიოქიმიურად ინერტულ ფორმაში გადაჰყავთ, რომელიც იოლად ტოვებს ორგანიზმს.
დღეს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნის მეთოდიკა ცნობილია. რომის იმპერიაში კი არ იცოდნენ და ტოტალურად მოწამლულები იყვნენ. ამას მოწმობს გათხრების შედეგად ნაპოვნი ნეშთების ანალიზიც. აქ უფრო ღვინო იყო დამნაშავე, ვიდრე კანალიზაცია (ზემოთ დავწერე, ტყვიის მილებს იყენებდნენ საკანალიზაციო სისტემებში თქო), რადგან მილების შიდა ნაწილი კარბონატის ფენით იყო დაფარული და ტყვია ვეღარ გადავიდოდა წყალში. ღვინოს კი ტყვიის კასრებში აყენებდნენ, რათა დამახასიათებელი მოტკბო გემო ჰქონოდა. ამ გემოს ე.წ. ტყვიის შაქარი, ანუ ტყვიის აცეტატი აძლევდა.
ტყვიის აცეტატიდან ალქიმიკოსებმა პირველებმა მიიღეს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო გამხსნელი- აცეტონი.
ალქიმიკოსები ტყვიას სატურნს ადარებდნენ. აცეტონს კი სატურნის სულს უწოდებდნენ. ასევე, იმედი ჰქონდათ, რომ ტყვიას ოქროდ გადააქცევდნენ.
ზოგიერთი ექსპერიმენტი ამის იმედს აძლევდათ.
ასეთი ექსპერიმენტებიდან, პირველ რიგში, ე.წ. „ოქროს წვიმაა“ აღსანიშნავი.
ვამზადებთ თითო-თითო გრამ კალიუმის იოდიდის და ტყვიის ნიტრატის ხსნარებს. ჯობია თბილი წყალი გამოვიყენოთ გასახსნელად, ტყვიის ნიტრატს რამდენიმე წვეთი ძმარმჟავა დავამატოთ, რათა მისი ჰიდროლიზი შეჩერდეს. შემდეგ ეს ორივე ხსნარი, სხვა ჭურჭელში, ერთდროულად შევურიოთ ერთმანეთს. დავინახავთ ტყვიის იოდიდის ფანტელებს, რომლებიც ძალიან ლამაზად დაილექება და წვიმის შთაბეჭდილებას დატოვებს. მნიშვნელოვანია თბილი წყლის გამოყენება, რადგან ცივი ან ცხელი წყლის შემთხვევაში, ნალექი უცბად წარმოიქმნება და არავითარი „წვიმა არ მოვა“.
ოქროს ფირფიტები შეიძლება კალის ქლორიდიდანაც მივიღოთ. უნდა დავამატოთ ნატრიუმის სულფიდი. მიიღება კალის სულფიდი, რომელსაც ძველად მხატვრობაში მასიურად იყენებდნენ და სუსამის ოქროს ეძახდნენ.
მხატვრობისთვის, ასევე იყენებდნენ ტყვიის ქრომატს PbCrO4, რომელსაც ზეთის საღებავებში დღესაც შეხვდებით. შეურიეთ ერთმანეთს ტყვიის ნიტრატის და კალიუმის ბიქრომატის ხსნარები.
Pb(NO3)2+K2Cr2O7=PbCrO4+2KNO3
თუ შევურევთ ტყვიის აცეტატს და ნატრიუმის კარბონატს -ტყვიის ფუძე კარბონატს, იგივე ტყვიის თეთრას მივიღებთ. ადრე თეთრ საღებავებში იყენებდნენ.
ზოგიერთი ალქიმიკოსი სხვებისგან განსხვავებით, ტყვიას ოქროს მისაღებად არ განიხილავდა. მათ სწამდათ, რომ ტყვიისგან შესაძლებელი იყო ტრანსმუტაციის დამხმარე ნაერთების დამზადება და ზემოთ ხსენებული საღებავების უმრავლესობა, სწორედ ასეთი ალქიმიკოსების ბეჯითი მცდელობებით იქნა მიღებული. მიზანი, ბუნებრივია, ხელოვნება და მხატვრობა არ ყოფილა, მაგრამ საბოლოოდ ასე გამოვიდა.
ესქიშეჰირის გულში ხელოვნების სასტუმროა. ასეთი ორიგინალური სახელი ჰქვია და ორიგინალურადაც არის გაფორმებული. რას აღარ ნახავთ მის კედლებზე ქიმერებს, უცნაურ ყვავილებს და რაც მთავარია ზედ მთავარ კედელზე, უზარმაზარი გაშლილი ფრთებით, უცნაური არსება ასაფრენად ემზადება. ჩემი სასტუმრო ოთახის ფანჯარა ზუსტად მას უმზედრა და განცდა მრჩებოდა, აი, ახლა აფრინდება და ზედ ჩემს ფანჯარასთან მოვა თქო.
ვიკითხე, რა არსების ფიგურაა-თქო.
-ეს სატურნის სულიაო, მომიგეს.
-სატურნის სული? ჰმ, აცეტონი ყოფილა, აფრინდება და ჰაერში გაიფანტება.