კვირა, სექტემბერი 1, 2024
1 სექტემბერი, კვირა, 2024

კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და ეპოქა

მოსწავლის პიროვნულ აღზრდასა და მოქალაქეობრივ ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საგანთა შორის კავშირებს, ინტეგრაციას. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ სასწავლო თემის, საგნის მეორე საგანთან დაკავშირება, შეძენილი ცოდნის ტრანსფერი, ჩამოყალიბებული უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანა და გამთლიანება. მიზანი მკაფიოა, მოსწავლემ უნდა მოახერხოს ისტორიული რეალობის წაკითხვა მხატვრულ ნაწარმოებში, ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება, პრობლემურ საკითხზე სხვადასხვა თვალსაზრისის წარმოდგენა, განსხვავებული შეხედულებების შეჯამება და დასკვნების გამოტანა.

კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ ისტორიული რომანია. ნაწარმოებზე მუშაობა საშუალებას გვაძლევს, მოსწავლეებმა ქართულში ნასწავლი მასალა დააკავშირონ ისტორიასთან, შეძლებისდაგვარად ამოიცნონ და გააანალიზონ შედეგები. ისინი ისტორიულ პროცესს სხვადასხვა კუთხით (პოლიტიკური, სოციალური, კულტურული) განიხილავენ. წარმოადგენენ თავიანთ თვალსაზრისს სადავო, პრობლემურ საკითხებზე. შეაჯერებენ განსხვავებულ შეხედულებებს და გამოაქვთ დასკვნები.

მოსწავლეები პოულობენ საგანთა შორის კავშირებს. ყურადღებას ამახვილებენ რომანში ასახული მასალის ისტორიულ ინტერპრეტაციაზე. აყალიბებენ საკუთარ აზრს. ამგვარად ისინი სწავლობენ – საკუთარი პოზიციის შემუშავებასა და დაცვას, კრიტიკას, თანამშრომლობა, მწერლის შემოქმედების გააზრებას სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით; ივითარებენ ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარებს.

თვალი მივადევნოთ რომანში ასახულ ისტორიულ მოვლენებს. როგორც ვიცით, რომანის  დასაწყისშივე იკვეთება ქვეყნის შიგნით დაძაბული მდგომარეობა. „ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს, რომ მეფე გიორგი I-ს გამეფებისთანავე განუდგნენ აღზევებული ფეოდალები: „ღადრობითა შეპყრობილ იქმნეს ერისთავნი“. მწერალმა მემატიანის ეს ცნობა გამოიყენა, თუმცა ამბავი ფხოველთა ამბოხის ფონზე დახატა. ამბოხისა, რომელიც რეალურად, თამარის ეპოქაში, ორი საუკუნის შემდეგ, მოხდა: „იწყეს მთიულთა განდგომა კაცთა ფხოველთა და დიდოთა“. მათ დასამარცხებლად სამი თვე იბრძოდა ივანე ათაბაგი. ეს ამბავი მწერალმა მე-11 საუკუნეში გადმოიტანა. ის ამის შესახებ წერდა:

„საქართველოს მთიანეთი მუდამ ეურჩებოდა ქართველ მეფეებს, რომელთაც ეწადათ საქართველოს პოლიტიკური ცენტრალიზება. ასეთი აჯანყება მომხდარა თამარის დროს, ხოლო ჩემს „დიდოსტატში“ ასახულ ეპოქაში კუთხური და ფეოდალური პარტიკულარიზმი რომ ძლიერი იყო, ამას მოწმობს თვით ეპოქა. ბაგრატ III-ის ეპოქაც ხასიათდება ასეთი აჯანყებებით… და არც გიორგი I-ის მეფობაში შეწყვეტილა, ერთი მხრივ, ბრძოლა საქართველოს ერთმეფობისთვის და ფეოდალების უთავჟამო ამბოხი. აზნაურთა ამბოხსა და უთანხმოებას მიაწერს ანალისტი გიორგი I-ის დამარცხებას ბერძნებთან ომში. მე შეგნებულად ავირჩიე ეს ეპოქა“.

ზვიად სპასალარი ნაწარმოების დასაწყისშივე ამცნობს მეფეს, რომ კვეტარის მფლობელი – თალაგვა კოლონკელიძე და მამამზე ერისთავი გაერთიანებულან, პირი შეუკრავთ მეფის წინააღმდეგ. დასადგენი ის არის, ვინ დგას მეამბოხე ფეოდალების უკან – ტფილისელი ამირა თუ ბიზანტიის კეისარი – ბასილი, რომელმაც ბასიანის გადაღმა ქვეყნები წაართვა გიორგის ოდესღაც.

ვიდრე გიორგი I-ისა და ბასილი კეისრის ურთიერთობას მივაქცევდეთ ყურადღებას, ჯერ დავით კუროპალატზე უნდა ვისაუბროთ, რომელმაც ბიზანტიის მცირეწლოვან მეფეს – ბასილი მეორესა და მის ძმას – კონსტანტინეს ქართული ჯარი მიაშველა აჯანყებული ბარდა სკლიაროსის დასამარცხებლად (977წ.). მათმა დედამ – დედოფალმა თეოფანიამ საქართველოს მეფეს საზღაურად, დიდძალ საგანძურთან ერთად, უბოძა ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი, „რათა თავის სიცოცხლეში ჰქონდინ“. ეს მიწებია ბასიანისა და კარინის, არზრუმისა და რამდენიმე სომხური ოლქი.

დავით კუროპალატი მოგვიანებით, კეისრის წინააღმდეგ აჯანყებულ სარდალს – ბარდა ფოკას მიემხრო, ჯარიც მიუშველებია. ბასილი კეისარი განსაცდელისაგან ფოკას სიკვდილმა იხსნა. მან დავითის დასჯა გადაწყვიტა. დავით კუროპალატმა ბასილი კეისარს შენდობა სთხოვა და თავი იმით დაიხსნა, რომ, როგორც უძეო და უმემკვიდრო, სიკვდილის შემდეგ თავის სამფლობელოს დაჰპირდა. კეისარმა მეფეს დაუჯერა და დანაშაული აპატია.

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ძლიერებისათვის მებრძოლმა მეფემ კი, რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ ჩაიდინა. სიცოცხლეშივე მოიწვია დიდებულები ამცნო: „ესე (ბაგრატ) არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე. ამას დაემორჩილეთ ყველანი (ლეონტი მროველი, „ქართლის ცხოვრება“). მაშასადამე, სიცოცხლეშივე დასვა ტახტზე თავისი შვილობილი – ბაგრატ გურგენ მეფის ძე. დავით კუროპალატის გარდაცვალებისთანავე, ბიზანტიის კეისარი ბასილი დიდძალი ჯარით ტაოსაკენ დაიძრა. გურგენ მეფე და ბაგრატ III შეეგებნენ მას. კეისარს, როგორც ჩანს, მემკვიდრეობის მიღების იმედი ჰქონდა და პატივით მიიღო ისინი. ბაგრატს კუროპალატობა უბოძა, ხოლო, გურგენს – მაგისტროსის ხარისხი. დავით კუროპალატის სამეფოს გამგებლობა კი ერთ ბერძენ მოხელეს ჩააბარა. მაშასადამე, ბაგრატ III-ს ბასილი კეისარმა ფაქტობრივად, წაართვა ის მიწები, რომლითაც ერთ დროს მისი მამობილი დაასაჩუქრა. გურგენ მეფესა და ბაგრატს რამდენჯერმე უცდიათ ბასიანისა და მისი მომიჯნავე მიწების დაბრუნება, მაგრამ, ამაოდ.

გიორგი I ბაგრატის გარდაცვალებისთანავე გაამეფეს (1014წ.), სრულიად ახალგაზრდა. იგი შეეჭიდა დიდ ეროვნულ საქმეს. გიორგი I-სა და ბასილს შორის რამდენიმე სისხლისმღვრელი ომის საბაბი გახდა ეს მიწები. ტაოში დიდი შეტაკება მაშინ მოხდა, როცა ბასილი კეისარი ბულგარელებს ებრძოდა. გიორგი I-მა დაიბრუნა ბასილი კეისრის მიერ უკან მიტაცებული მიწები.

რომანის ბოლოსიტყვაობაში ბატონი კონსტანტინე წერს: „ვინც დაახლოებით მაინც წარმოიდგენს რა დიდი მხეცი იყო ბასილი II, ბულგართმმუსვრელი, მისთვის ნათელი გახდება, თუ რა კოლოსალური ძალების მატარებელი ყოფილა იმჟამინდელი საქართველოს მეფე გიორგი, რომელმაც ერთხელ, მაგრამ მაინც დაამარცხა კეისარი ბიზანტიისა“.

ბასილი კეისარს გაუფრთხილებია მეფე – თავი დაანებე, რაც მამაშენს ვაჩუქე, შენი საკუთარი მამულით დაკმაყოფილდიო. გიორგიმ კეისარს უარი შეუთვალა და მოლაპარაკება ალ-ჰაქიმთან დაიწყო: შეთანხმებით ვიმოქმედოთ და ერთმანეთს დავეხმაროთო – თითოეული ჩვენგანი კეისრის საბრძანებელს თავთავისი სამეფოდან შეესიოსო.

ნაწარმოებში გიორგი I-ის კავშირი ალ-ჰაქიმთან გაკვრითაა ნახსენები (XIX თავში), თუმცა მას უკეთ ფარსმან სპარსთან ურთიერთობისას ვეცნობით. რომანში კარგად ჩანს მელქისედეკ კათალიკოსის განწყობა, როგორ ვერ უპატიებია გიორგი მეფისათვის ბასილი კეისრისაგან განდგომა და ქრისტიანობის დაუძინებელ მტერთან – ალ-ჰაქიმთან კავშირი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“