პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომაა, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესს აკავშირებს რეალურ სამყაროსთან. იგი ემყარება სასწავლო კურიკულუმთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამის მკვიდრ წარმოდგენებს და იმ გამოწვევებს, რაც სასწავლო პროცესს უფრო პროდუქტიულსა და მიზანმიმართულს გახდის. ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, პროექტებით მუშაობა გაცილებით ეფექტურ შედეგს იძლევა. იგი ეწინააღმდეგება მექანიკურ დამახსოვრებაზე მიმართული სწავლების მეთოდს და ყურადღებას ამახვილებს პრაქტიკულ საქმიანობაზე, კვლევასა და ანალიზზე. მოსწავლე ეუფლება პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილების მიღებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხშირად ინტეგრირებულია და აერთიანებს სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფს. სწავლა-სწავლების ასეთი მიდგომები ზრდის მოტივაციას და მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის დამოუკიდებლად და სიღრმისეულად ათვისებისკენ.
სკოლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდას ბევრ სიახლესთან მოუწევს ადაპტირება, ვიდრე მხოლოდ გაკვეთილის მოსმენა ან დავალების შესრულებაა. რეალურ სამუშაო გარემოში საჭიროა პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის ეფექტური მართვა და ჯგუფური თანამშრომლობა. სწორედ ამ უნარების განვითარებას ემსახურება პროექტზე დაფუძნებული სწავლება. პროექტზე მუშაობა ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა გუნდურობა, კვლევის ანალიზი, დროის მენეჯმენტი, პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრა, ეფექტური თანამშრომლობა, სამუშაოსთვის შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევა, დამოუკიდებელი მუშაობისა და კრიტიკული პროცესების მართვა, ინფორმაციის სინთეზი, მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება, პიროვნული და სოციალური პასუხისმგებლობა, გადაწყვეტილების მიღება, სხვადასხვა პროექტში ჩართვა ან მათი მართვა.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და მისი შესაძლებლობების აქტიურ რეალიზაციას სასწავლო პროცესში; საშუალებას აძლევს ახალგაზრდას, თავად ამოიცნოს და შეაფასოს რეალურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევები. პროექტებით მუშაობა სასწავლო პროცესს აკავშირებს საკლასო ოთახის მიღმა არსებულ სამყაროსთან, ის არის ხიდი თეორიასა და პრაქტიკას შორის, ამყარებს თეორიულ ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერს. სწორედ ამ გზით ხდება სწავლა უფრო მიზანმიმართული და მოტივაციაზე დაფუძნებული.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მხოლოდ ჯგუფური აქტივობა ან შემთხვევით შერჩეული თემის დამუშავება. ეფექტური პროექტი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ინტერესებს, კლასის დინამიკას ან თემის რეალურ საჭიროებებს. სწორედ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს აქტიურ მონაწილეობას, ღრმა ჩართულობასა და ნაყოფიერი დასწავლის გამოცდილებას.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საგაკვეთილო მასალით. ის მოზარდს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა რეალურ კონტექსტში გამოიყენოს. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს საგნობრივი შინაარსის ღრმად გააზრებას, მოსწავლის ინტერესისა და მოტივაციის ზრდას. წარმატებული პროექტის განხორციელება მოითხოვს წინასწარ ჩატარებულ კვლევას, ამ კვლევაზე დაფუძნებულ დაგეგმვას და ეტაპობრივ განხორციელებას, იქნება ეს პრეზენტაცია, მოდელი თუ სხვა სახის პროდუქტი.
პროექტებით სწავლებისას მოსწავლე თავად ეძებს გზებს პრობლემის ან საკვლევი საკითხის გადასაჭრელად. მისი მიზანი აღარ არის მხოლოდ სწორი პასუხის პოვნა. ის ხდება პროცესის ავტორი – იკვლევს, აანალიზებს და ქმნის. ამ ტიპის სწავლების წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა ის, რომ მოზარდს აქვს მკაფიო მოლოდინი და მოტივაცია, ეს კი უზრუნველყოფს უფრო დამოუკიდებელ, მიზანმიმართულ და გააზრებულ მუშაობას.
პროექტის იდეა ხშირად იბადება ლექციური, თეორიული საკითხის გააზრებით, თუმცა პროექტზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს მუშაობას საკლასო სივრცის ფარგლებს მიღმა. მისი ეფექტურობა სწორედ ის გახლავთ, რომ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა მზა ფორმულით, მოცემულის ზედაპირული გააზრების ნაცვლად, საკუთარი გზა იპოვოს ამოცანის გადასაწყვეტად. მოზარდი ყველაზე ეფექტურად მაშინ სწავლობს, როდესაც დასასწავლი საკითხი აღვივებს მის ინტერესსა და ფანტაზიას. მნიშვნელოვანია, მოზარდს ჰქონდეს ავტონომია როგორც შინაარსის შერჩევაში, ისე მუშაობის ფორმისა და გზის განსაზღვრაში. ასეთი დაინტერესებით შესრულებული სამუშაო კი უზრუნველყოფს სწავლების პროცესის ეფექტურობასა და პროდუქტიულობას.
პროექტებზე მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლის როგორც აკადემიური, ასევე პიროვნული უნარების განვითარებას; აძლევს მას საშუალებას, დაეუფლოს პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებს, გაიღრმაოს თანამშრომლობის უნარები და განივითაროს დამოუკიდებლად მუშაობის პრაქტიკა; სწავლობს პასუხისმგებლობის აღებას, დროის მართვასა და შემოქმედებით აზროვნებას.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლე აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის მიმღები, ის ხდება შემცნობი, კვლევის ავტორი და აღმოჩენის მონაწილე. ასე იქმნება ნამდვილი ინტელექტუალური შრომის გამოცდილება, რაც მოსწავლეს უყალიბებს მიღებული ცოდნის ღრმად გააზრებისა და გამოყენების უნარებს. მოზარდს შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობა და ინიციატივის გამოჩენა – უნარები, რომლებიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება XXI საუკუნის ციფრულ სამყაროში.
სასწავლო-კვლევითი პროექტები ხელს უწყობს თანამშრომლობას, რეფლექსიას, პასუხისმგებლობის გაზიარებასა და თანატოლებისაგან სწავლას; სწავლა-სწავლების პროცესს უფრო ცხოვრებისეულს, აქტიურსა და დატვირთულს ხდის, ისე, როგორც ამას მოითხოვს ჩვენი სწრაფად ცვალებადი, ტექნოლოგიურად გაჯერებული რეალობა.
თანამედროვე ციფრული ეპოქა, რომელსაც თანდათანობით სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ხელოვნური ინტელექტი (AI), განათლების სფეროში აყენებს ახალ საჭიროებებსა და გამოწვევებს. არსებული რეალობის გათვალისწინებით, სასწავლო-კვლევითი პროექტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. AI-ის ეპოქაში ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია, მაგრამ მისი გააზრება, კრიტიკული შეფასება და ახალ კონტექსტში ჩასმა – ეს ის უნარებია, რომლებიც პროექტებზე მუშაობით ყალიბდება. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, სასწავლო-კვლევითი პროექტები ახალგაზრდას აყალიბებს, როგორც მკვლევარსა და შემოქმედებითად მოაზროვნეს, მომზადებულს ინოვაციურ და ცვალებად გარემოში ვარირებისთვის. პროექტებზე მუშაობა ავითარებს მოზარდის ციფრულ კომპეტენციებს, რაც უპირობოდ აუცილებელია AI-თან ეფექტური თანაცხოვრებისთვის.
AI-ის ეპოქაში მეტად მნიშვნელოვანია სწავლა კეთებით. ამ დროს მოსწავლე მხოლოდ დამკვირვებელი კი არა, პროცესის აქტიური მონაწილეა. რეალური ექსპერიმენტების ჩატარება, რეალურ კონტექსტში მოფიქრებული და განსაზღვრული დავალებების შესრულება მნიშვნელოვნად ამაღლებს სწავლების ხარისხს. მოზარდი იძენს ცოდნის გამოყენების ტრანსფერულ უნარებს – როგორ დაგეგმოს პროცესი, დააფიქსიროს შეცდომა, გააანალიზოს მონაცემები და შედეგი შეუსაბამოს დასახულ მიზანს; მოზარდი თავად მიდის თეორიულად მასალის პრაქტიკულ გააზრებამდე.
რეალურ ექსპერიმენტებზე დაფუძნებული პროექტი სასწავლო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა. ის თეორიულ ცოდნას აკავშირებს პრაქტიკულ გამოცდილებასთან და ახალგაზრდას უვითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც აუცილებელია მომავალი წარმატებისთვის. სწავლა კეთებით ქმნის სივრცეს ექსპერიმენტებისთვის, კრეატიული მიდგომებისა და მრავალფეროვანი პასუხებისთვის. ასეთი გამოცდილება კი უფრო მომზადებულს ხდის მოსწავლეს იმ სამყაროსთვის, სადაც ცოდნის უბრალოდ ფლობა საკმარისი აღარაა, საჭირო ხდება მისი გამოყენება, განვითარება და ინტერპრეტაცია.
თუ შევაჯამებთ, პროექტზე დაფუძნებული სწავლების ეფექტურობა და მნიშვნელობა შეიძლება დავალაგოთ შემდეგნაირად:
- ავთენტური შეფასება: პროექტზე დაფუძნებული სწავლება საშუალებას იძლევა, ტრადიციულ ტესტირების ნაცვლად, მოსწავლე უფრო ეფექტურად შეფასდეს მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით, როგორებიცაა – პრეზენტაცია, პროექტის შედეგის ანალიზი, შექმნილი მოდელი, ესეი, პორტფოლიო და სხვა;
- მოსწავლის მომავლისთვის მომზადება: პროექტებით მუშაობა მოზარდს აძლევს საშუალებას, დახვეწოს შესაბამისი სასწავლო ტექნიკები, გაითავისოს ის გამოცდილება და დამოკიდებულებები, რომლებიც აუცილებელია ცვალებად და კონკურენტულ გარემოში წარმატების მისაღწევად;
- ცოდნის განმტკიცება პრაქტიკით: თეორიული მასალის პრაქტიკული გააზრება ამყარებს ცოდნას და ხელს უწყობს ნასწავლის სიღრმისეულად ათვისებას. ექსპერიმენტების ჩატარებით მოსწავლე უკეთ ხედავს, როგორ მუშაობს კონცეფცია პრაქტიკაში, რაც სწავლებას უფრო ნაყოფიერს ხდის;
- კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება: სასწავლო-კვლევითი პროექტები ხელს უწყობს მოზარდის კრიტიკულ აზროვნებას. მას უწევს პრობლემის იდენტიფიცირება, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ექსპერიმენტის დაგეგმვა, მონაცემების შეგროვება, გაანალიზება და დასკვნების გამოტანა. ამ პროცესში ახალგაზრდა სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს მოულოდნელ სირთულეებსა და მარცხს, რაც უმნიშვნელოვანესი უნარია ნებისმიერ სფეროში საქმიანობისთვის;
- მეცნიერული მეთოდის გაგება და გამოყენება: საკვლევ თემაზე მუშაობისას მოსწავლე უშუალოდ ეცნობა და იყენებს ისეთ ნაბიჯებს, როგორებიცაა – დაკვირვება, კითხვების დასმა, ჰიპოთეზის შემუშავება, ტესტირება, მონაცემთა ინტერპრეტაცია და შედეგების პრეზენტაცია. ეს უნარები ფუნდამენტურია არა მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, არამედ ნებისმიერ სფეროში საქმიანობაში;
- პრაქტიკული უნარების გამომუშავება: ექსპერიმენტული პროექტები ხშირად მოითხოვს სხვადასხვა მოწყობილობის და ტექნიკის გამოყენებას. იქნება ეს ლაბორატორიული აღჭურვილობა, პროგრამული უზრუნველყოფა, თუ კონკრეტული საველე ინსტრუმენტები. ასეთი მუშაობით კი ახალგაზრდა იძენს ისეთ პრაქტიკულ, ხელშესახებ უნარებს, რომლებიც მას მომავალში გამოადგება;
- მოტივაციის ამაღლება და ინტერესის გაღვივება: სწავლა ხდება უფრო საინტერესო და მიმზიდველი, როდესაც მოსწავლეს აქვს საშუალება, თავად გამოიკვლიოს და აღმოაჩინოს. კვლევა აღვივებს ცნობისმოყვარეობას და ზრდის მოტივაციას, რადგან მოზარდი უშუალოდ ხედავს თავისი შრომის შედეგს;
- შეცდომებზე სწავლა და მოქნილობა: რეალურ ექსპერიმენტებში ხშირად ხდება, რომ პროცესები ზუსტად დაგეგმილის შესაბამისად არ ვითარდება. ეს გამოცდილება ახალგაზრდას ასწავლის, რომ შეცდომა არ არის მარცხი, არამედ პიროვნული ზრდის შესაძლებლობაა. ის ეუფლება მოქნილ აზროვნებას და სწავლობს, როგორ დაარეგულიროს და მართოს საკუთარი მიდგომები გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის გაუმჯობესება: პროექტებით სწავლება ბუნებრივად გულისხმობს გუნდურ მუშაობას. მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა მეგობრებს გაუზიაროს იდეები, ერთმანეთში გადაინაწილონ პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ საერთო მიზნის მისაღწევად. ასეთი გამოცდილება ეხმარება ახალგაზრდას, უკეთ გამოხატოს აზრი, თამამად წარუდგინოს სხვებს საკუთარი ნამუშევარი და მიღებული გამოცდილება.
პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ თითოეული მოსწავლის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაში, არამედ ისეთი საზოგადოების ფორმირებაშიც, რომელიც აზროვნებს კრიტიკულად, ეძებს ახალ გზებს და არ ეშინია ინოვაციური გადაწყვეტილებების.
სასკოლო პროექტები შეძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად:
- სასწავლო–კვლევითი პროექტი:
- მოითხოვს საკვლევი საკითხის გამოკვეთას, ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას, დამამტკიცებელი და უარმყოფელი არგუმენტების მოძიებას; ჩატარებული სამუშაოს ანალიზს; კვლევის ეფექტური შედეგების მისაღებად, საინტერესო მიდგომების მოფიქრებას;
- ხელს უწყობს მოზარდში მეცნიერული კვლევების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
- სოციალური პროექტი:
- შესაძლოა განხორციელდეს შემდეგ თემებზე – ეკოლოგია, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სერვისის გაუმჯობესება, სოციალური ადაპტაცია, განათლება, დასვენების ორგანიზება, შემოქმედება და სხვა;
- სოციალური პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოქალაქეობრივად აქტიურ ჩართულობას, პასუხისმგებლობის და ემპათიის უნარების განვითარებას.
- როლური ხასიათის პროექტი:
- იდეის ან შედეგის უკეთ გადმოსაცემად იგონებენ სიტუაციებს და დგამენ როლურ თამაშებს, პროექტის თემიდან გამომდინარე ირგებენ სხვადასხვა როლს, მაგ. ლიტერატურული გმირის, ისტორიული პიროვნების, მეცნიერის და სხვ.;
- როლური პროექტები ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას და მრავალმხრივი გააზრების უნარს.
- ინფორმაციულ–შემეცნებითი პროექტი:
- გულისხმობს ინფორმაციის მოძიებას, კლასიფიკაციას, განხორციელებული სამუშაოების წარმოდგენის ფორმის შემუშავებას, განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის, მაგ. ინტერნეტსივრცეში განთავსებისთვის;
- მიზნად ისახავს კონკრეტული საკითხის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და გაზიარებას. ის ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, ანალიტიკურ აზროვნებას და კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
- შემოქმედებითი ტიპის პროექტი
- არ ითხოვს გეგმის დეტალურ გაწერას, მოვლენები ვითარდება მოსწავლეთა მიდგომებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს აქტივობების თავისუფალ და კრეატიულ მიდგომებს;
- ხელს უწყობს მოზარდის ფანტაზიის, თვითგამოხატვისა და ინდივიდუალური სტილის განვითარებას. ის საშუალებას აძლევს მოსწავლეს, შექმნას ორიგინალური პროდუქტი – იქნება ეს ტექსტი, ნახატი, ესე, მელოდია, სპექტაკლი თუ სხვა.
- პრაქტიკაზე ორიენტირებული პროექტი:
- მსგავსი პროექტის ფარგლებში შეიძლება შეიქმნას რაიმე რესურსი (პლაკატი, პოსტერი, მოდელი), რომელიც გამიზნულია პრაქტიკაში გამოსაყენებლად;
- ხელს უწყობს თეორიული ცოდნის რეალურ სიტუაციებში გამოყენებას და ავითარებს პრაქტიკულ უნარებს, რაც აუცილებელია ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.
წარმოგიდგენთ სასწავლო–კვლევითი პროექტის სტრუქტურას:
პროექტის სახელწოდება | |
პროექტის ტიპი | |
საგანი (საგნები) | |
კლასი | |
მონაწილეთა ასაკი | |
პრობლემის ანალიზი | |
თემა /საკითხები /ქვესაკითხები | |
სამიზნე ცნება | |
სტანდარტთან კავშირი | |
კვლევა – რა ტიპის კვლევას მოიცავს პროექტი | |
გრძელვადიანი მიზნები | |
მდგრადი განვითარების მიზნები | |
პროექტის მიზნები და ამოცანები | |
პროექტის ვადები | |
მოსალოდნელი შედეგები და რისკები | |
პროექტის მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები | |
სასარგებლო ბმულები | |
გამოყენებული რესურსები |
პროექტის გეგმის დასაწერად საჭიროა რამდენიმე პუნქტობრივი განმარტება:
- პროექტის ტიპი:
- საგნობრივი – მუშაობა მხოლოდ ერთი საგნის ფარგლებში;
- ინტრადისციპლინური – ერთსა და იმავე საგნობრივ ჯგუფში სხვადასხვა საკითხის ინტეგრაცია;
- ინტერდისციპლინური – საერთო მიზნის მისაღწევად, რამდენიმე საგნის (სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის) შერწყმა;
- მულტიდისციპლინური – საგნები მონაწილეობენ პარალელურად, ერთმანეთის შინაარსში ჩარევის გარეშე; დისციპლინები შეიძლება გაერთიანდეს როგორც თემის, ისე უნარებისა და დამოკიდებულებების გარშემო;
- ტრანსდისციპლინური – საგნობრივი საზღვრების გადალახვა რეალური ცხოვრების პრობლემების გადასაჭრელად.
- პრობლემის ანალიზი:
- პროექტში უნდა განისაზღვროს კონკრეტული პრობლემა და გამოიკვეთოს, რატომ არის ის საგნობრივად ან სოციალურ დონეზე აქტუალური;
- საჭიროა პრობლემის მიზეზების და მისი შესაძლო გავლენის ანალიზი;
- სასწავლო-კვლევით პროექტებში შესასწავლი პრობლემა შეიძლება უკავშირდებოდეს რაიმე სამეცნიერო საკითხის რთულად აღქმას, მის ახსნასა და გააზრებას;
- რა გზით, რა მეთოდით სჯობს საკითხის მოსწავლემდე მიტანა ისე, რომ გაღვივდეს ინტერესი და გამარტივდეს გააზრება.
- სამიზნე ცნება:
- პროექტის გეგმა უნდა პასუხობდეს მესამე თაობის ესგ-ს მოთხოვნას;
- რომელ გრძელვადიან მიზანთან (სამიზნე ცნებასთან) მიმართებაშია პროექტის ფარგლებში განსახილველი საკითხები/ქვესაკითხები.
- სტანდარტთან კავშირი:
- პროექტში უნდა იყოს განსაზღვრული საგნობრივი სტანდარტით მისაღწევი შედეგები.
- კვლევა, რა ტიპის კვლევას მოიცავს პროექტი:
- ინფორმაციის მოძიება და დახარისხება, ანალიზი, ექსპერიმენტის ჩატარება, მოდელზე მუშაობა თუ სხვა პრაქტიკული მოქმედებები;
- განსაზღვრული უნდა იყოს, კვლევის პროცესში რომელი უნარები განვითარდება, მაგ: დაკვირვება, შეკითხვების დასმა, ჰიპოთეზის შექმნა, მონაცემების ინტერპრეტაცია, დასკვნების გამოტანა, პრეზენტაციის აწყობა, აუდიტორიის წინაშე წარდგენა და სხვა.
- მდგრადი განვითარების მიზნები:
- სასურველია, თუ პროექტში გავაკეთებთ ჩანაწერს, მდგრადი განვითარების რომელი მიზნისკენაა მიმართული დაგეგმილი სამუშაო;
- როგორ უკავშირდება გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანს (მაგ., ხარისხიანი განათლება, სუფთა წყალი, კლიმატის ცვლილება, კეთილდღეობა ან სხვ.);
- მდგრადი განვითარების მიზნების გამოკვეთა პროექტს აქცევს სოციალური ღირებულების მქონედ.
- გრძელვადიანი მიზნებში
- უნდა განისაზღვროს, გრძელვადიან პერსპექტივაში რა ტიპის სასწავლო, სააზროვნო უნარების და კომპეტენციების განვითარებას შეუწყობს ხელს პროექტი;
- როგორ დაეხმარება მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი მიდგომის გაღრმავებაში;
- რატომ არის ღირებული? რა მნიშვნელობა აქვს მის შინაარსს მოსწავლის პიროვნული განვითარებისთვის და რეალურ სამყაროში ორიენტაციისთვის.
- პროექტის მიზნები და ამოცანები:
- საჭიროა განმარტება საერთო იდეასა და მიმართულებაზე, რომელსაც პროექტი ისახავს, რა მიზანს ემსახურება მუშაობის მთელი პროცესი;
- ამოცანები, ანუ ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მიზნების მიღწევისთვის უნდა შესრულდეს;
- საჭიროა ზუსტად ჩამოყალიბდეს, რას უნდა მიაღწიოს პროექტმა შინაარსობრივად, ესგ-სთან მიმართებაში, საგნობრივად და უნარების განვითარების თვალსაზრისით.
- მოსალოდნელი შედეგები და რისკები
- რას ველით პროექტისგან მოსწავლეთა ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებების დონეზე (ესგ-ს მიზნების შესაბამისად);
- რა შესაძლო სირთულეებთან (რისკებთან) შეიძლება დაგვჭირდეს გამკლავება, დროის დეფიციტი, რესურსების ნაკლებობა და სხვ.
- პროექტის მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები: ეს ნაწილი მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს, საქმიანობებსა და მოქმედებებს, რომლებიც საჭიროა მიზნების მისაღწევად:
- შესაბამისი საქმიანობის დაგეგმვა;
- სამუშაო შეიძლება იყოს ექსპერიმენტი, კვლევა, შეხვედრა, პრეზენტაცია, მონაცემების ანალიზი და სხვა;
- პროექტის იდეის და გეგმის კლასისთვის გაცნობა;
- კლასის დაყოფა ჯგუფებად, საქმიანობის გადანაწილება და მომზადება;
- პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი;
- განხორციელებული სამუშაოს შეჯამება, პრეზენტაციების განხილვა, დისკუსიები და საბოლოო შეჯამება;
- პროექტის შეფასება წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკებით.
- შეფასების რუბრიკები შეიძლება იყოს განმსაზღვრელი ან განმავითარებელი:
- სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული;
- ჰოლისტური, რამდენად მოხდა შემდეგ კომპონენტებში დასახული მიზნის მიღწევა – პრეზენტაციის, შემოქმედებითობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კონფლიქტების მოგვარების, დამოუკიდებლად ექსპერიმენტის ჩატარების უნარები, საიმედოობა, ექსპერიმენტის შედეგის გააზრება, მონაცემების, შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და გამოტანილი დასკვნები, პასუხი საკვლევ კითხვაზე – დადასტურდა თუ არა ჰიპოთეზა.
- ფინანსური მხარდაჭერის საჭიროების შემთხვევაში პროექტს უნდა ახლდეს ბიუჯეტი:
რესურსის
დასახელება |
რაოდენობა | ერთეულის ღირებულება | სულ | სპონსორის % დახმარება |
|
- პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:
- მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
- რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?
- რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
- რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული?
- რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
- რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
- მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
- რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს თეორიული ცოდნის განმტკიცებას და ავითარებს მოსწავლეთა პრაქტიკულ, კვლევით და პრეზენტაბელურობის უნარებს. ქმნის ნიადაგს მოტივირებული, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდის ჩამოსაყალიბებლად. ნებისმიერ პროექტზე მუშაობა ტოვებს სივრცეს ახალი კითხვებისთვის, იდეებისა და მომავალი კვლევებისთვის, რაც სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.