სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ტულჩა, ქიმია და ყარყატები

ისე მოხდა, რომ იმ დღეს თურქეთის ავიახაზებით პირველად ვიმგზავრე. სხვა დროს მათი მარშრუტი თუ განრიგი არასოდეს დამთხვევია ჩემსას. თვითმფრინავის სალონში „ჩემს” ადგილზე მოვკალათდი. „ჩემი” ნიშნავს, რომ ფანჯარასთან უნდა ვიჯდე, აუცილებლად გვერდულად და – არ აქვს მნიშვნელობა, დღეა თუ ღამე – ცას უნდა ვზვერავდე. როგორც კი ასაფრენად მოვემზადეთ, რაღაცნაირი ნაღვლიანი მუსიკა ჩართეს. აშკარად თურქული ფოლკლორიდან იყო, ოღონდ ისეთი, მაშინვე ტირილის განწყობაზე რომ დაგაყენებდა. მეც რაღა გამონაკლისი ვიყავი – ვიგრძენი, რომ თუ არ ვიყოჩაღებდი, წყვილი ცრემლი ლოყაზე ჩამოსაგორებლად ემზადებოდა. დავფიქრდი და არა, სატირლად ნამდვილად არ მქონდა საქმე. ძალიან კარგ ადგილას კარგ ადამიანებთან შესახვედრად მივემგზავრებოდი ძალიან საინტერესო თემატიკაზე სასაუბროდ.

ავიახაზების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბუქარესტში ზუსტად განრიგის მიხედვით ჩავფრინდით. იქ უკვე მელოდებოდნენ კოლეგები. წინ დიდი გზა გვედო – ქალაქ ტულჩაში მივემგზავრებოდით. ხუთსაათიანი მგზავრობა გველოდა. თავს ვიმშვიდებდი, საუბარსა და პეიზაჟებით ტკბობაში დრო შეუმჩნევლად გავა-მეთქი, მაგრამ მხოლოდ საუბარი შემრჩა ხელში, რადგან ირგვლივ ისეთი თეთრი ნისლი იდგა, არაფერი ჩანდა, გზაც კი. ნისლზე საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ რაკი ვახსენე, გეტყვით, რომ ნისლი ჰაერისა და წყლის წვეთების ნარევია. ჰაერი, თავის მხრივ, სხვადასხვა აირის – ჟანგბადის, აზოტის, ნახშირორჟანგის, ინერტული გაზების – ნარევს წარმოადგენს, თუმცა აქ შეიძლება შემთხვევითი კომპონენტებიც შეგვხვდეს, მაგალითად, აზოტისა და გოგირდის ოქსიდები. ჰოდა, სწორედ ამ ნარევში ვიმგზავრე ხუთი საათის განმავლობაში.

ერთი სამუშაო დღე მდინარე დუნაიზე გასვლას მიეძღვნა. პირდაპირ სასტუმროს გასასვლელიდან სპეციალური ხიდით გემზე ავედით და ხანმოკლე სამზადისის შემდეგ გავცურეთ. გემით სეირნობა მიყვარს, დუნაიზე კი განსაცვიფრებლად კამკამა ჰაერი და უცნაური მოსახვევებია. უცნაური იმით, რომ მოხვევისთანავე გასაოცარი პეიზაჟი გადაგეშლება თვალწინ. გვერდით სომეხი ორნითოლოგი კარენ აღაბაბიანი მიდგას და თითოეულ აფრენილ ფრინველზე ამომწურავ ინფორმაციას მაწვდის. ვცდილობ, საუბარში ავყვე, მაგრამ შეცდომებს ვუშვებ და კარენი დაუღალავად მისწორებს. ბოლოს ვეუბნები: „კარენ, ქიმიკოსს ფრინველების ამოცნობა შეეშალოს, რა გასაკვირია; მოდი, თუ გინდა, ქიმიაზე ვისაუბროთ”. თითქოს არ ესმის, რას ვთავაზობ; ხელს იშვერს: „უყურე, უყურე, თეთრკუდა არწივი აფრინდა, რა უცნაურია დუნაისთვის ამ დროს…” ოღონდ ამჯერად უკვე მე აღარ ვუსმენ, რადგან გემზე აღარ ვარ, აღარც დუნაიზე…

მეშვიდე საუკუნეში ნილოსის პირას ვდგავარ. სანაპიროს არაბები მოსდგომიან. კეთილი ზრახვებით არ მოსულან – ეგვიპტის დაპყრობა სურთ. ეგვიპტელებიც მზად არიან, ცეცხლოვან ბურთებს უშენენ მათ ხომალდებს. არაბებმა აღარ იციან, რა იღონონ. ცეცხლმოკიდებულ ხომალდს წყალს ასხამენ, მაგრამ ხანძარი უფრო ჩაღდება. ეს ჩვეულებრივი ცეცხლი არ არის, კალენიკეს შექმნილი „ბერძნული ცეცხლი” გახლავთ. მის შემადგენლობაში ნავთობი, გოგირდი და ზეთი შედის. ასეთ ცეცხლს წყალი კი არ აქრობს, პირიქით, აღვივებს… საერთო ყიჟინაში თავს ზედმეტად ვგრძნობ და უფრო მშვიდ ეპოქაში გადავინაცვლებ, ოღონდ თემად წვის პროცესებს გავიყოლებ თან.

წვის პროცესებს ალქიმიკოსები ყურადღებას მაინცდამაინც არ აქცევდნენ. არც ამ დროს გამოყოფილი აირები ანაღვლებდათ დიდად. ქიმიურ პროცესებს რომ აირების გამოყოფა ახლდა თან, ფლამანდიელმა მეცნიერმა იან ბაპტისტა ვან გელმონტმა აღმოაჩინა. მან შეამჩნია, რომ რეაქციის დროს გამოიყოფოდა რაღაც სუბსტანცია, რომელიც ჰაერში იფანტებოდა და ეს მითიურ ქაოსს შეადარა. სწორედ იმ ქაოსს, რომლისგანაც, ბერძნების წარმოდგენით, შედგებოდა კოსმოსი. ფლამანდიურ ენაზე დაწერილი სიტყვა „ქაოსი” წარმოითქმის როგორც „გაზი”, ამიტომ ჰაერში გაფანტულ ამ სუბსტანციას გაზი ეწოდა. ვან გელმონტი ხეებს წვავდა და მათი წვის შედეგად გამოყოფილ გაზს „ტყის გაზი” უწოდა. მიხვდით ალბათ, რომელ გაზს ვგულისხმობ – ნახშირორჟანგს. თუმცა, მოდი, ვან გელმონტი აქ დავტოვოთ და იმ ეპოქაში გადავინაცვლოთ, სადაც ორთქლის მანქანა გამოიგონეს. ამის შემდეგ ქიმიკოსები წვის პროცესით უკვე საბოლოოდ დაინტერესდნენ, თუმცა წვის შესახებ მოსაზრებები მანამდეც არსებობდა. მაგალითად, ძველ ბერძნებს მიაჩნათ, რომ რაც იწვოდა, ცეცხლის ელემენტს შეიცავდა. ამიტომ იყო, რომ ზოგი რამ იწვოდა, ზოგი კი – არა. ალქიმიკოსები ძველი ბერძნების მოსაზრებას იზიარებდნენ, მეტიც – ამტკიცებდნენ, რომ წვადი საგნები ელემენტ „სულფურს” შეიცავდა. არ გეგონოთ, აქ გოგირდზე იყოს საუბარი – ელემენტი „სულფური” რაღაც განყენებული რამ იყო. სიმართლე გითხრათ, მგონი, თვითონაც არ იცოდნენ, რა. სიტყვა „სულფურის” ჟღერადობა თუ მოსწონდათ. გვიანდელი პერიოდის ქიმიკოსები ალქიმიკოსებს ნაწილობრივ ეთანხმებოდნენ. ეს დაახლოებით, იცით, რას ჰგავს? ადამიანს რომ აკრიტიკებ, მაგრამ გულის სიღრმეში მისი იდეები მოგწონს, ოღონდ, რაკი ამ ადამიანის კრიტიკა გევალება, იდეაც ოდნავ უნდა შეცვალო და ისე გააჟღერო. ქიმიკოსი იოან ბეხერი ამბობდა, რომ არსებობდა ოთხი ტიპის მიწა, რომელსაც წვადი საგნები შეიცავდა, მაგრამ ყველაზე უკეთ ის საგნები იწვოდა, რომელთა შემადგენლობაში „terra pinguis”, ანუ ცხიმიანი მიწა შედიოდა. გახსოვთ გეორგ შტალი, ალქიმიკოსებს თაღლითები რომ უწოდა? ჰოდა, ამ შტალმა გამოაცხადა, რა „სულფური”, რის ცხიმიანი მიწა, წვადი საგნები ფლოგისტონს შეიცავსო. ბევრი უკირკიტეს, რა არის ეს ფლოგისტონიო, მაგრამ რას ახსნიდა, რაც არ იცოდა?! უბრალოდ, ჯიუტად იმეორებდა, ხე იმიტომ იწვის, რომ ფლოგისტონს შეიცავს; მისი წვის შემდეგ ნაცარი რჩება და ის ვეღარ დაიწვება, რადგან ფლოგისტონი მასში უკვე აღარ არისო. ქაღალდიც ფლოგისტონის გამო იწვოდა, ოღონდ, რაკი მას მცირე რაოდენობით შეიცავდა, წვის პროცესიც ხესთან შედარებით ხანმოკლე იყო. შტალის ვერსიით, ხის წვის პროცესი შეიძლებოდა ასე გამოესახათ: ხე=ნახშირი+ფლოგისტონი.

შტალმა მეტალების ჟანგვაც წვის პროცესს შეადარა: მეტალები იწვის, რადგან შეიცავს ფლოგისტონს და მათ ზედაპირზე წვის პროდუქტი (ჟანგი) წარმოიქმნებაო. შტალმა სცადა, მადნებიდან მეტალების მოპოვების მექანიზმი აეხსნა. მისი ვერსიით, მადანი ფლოგისტონით მდიდარი არ იყო, მაგრამ ხის ნახშირზე გახურებისას მასში ფლოგისტონი გადადიოდა, აიძულებდა, დამწვარიყო და მეტალი გამოეთავისუფლებინა. ხომ იცით, როგორც არის – იტყვი რაღაცას და კრიტიკოსების მთელი ჯარი დაგატყდება თავს. ჰოდა, შტალსაც დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, გერმან ბურგამემ სასტიკად გააკრიტიკა – გვიპასუხოს ბატონმა გეორგმა, თუ ხის წვა და მეტალების ჟანგვა ერთი და იგივე პროცესია, რატომ არის, რომ ხე და ქაღალდი სწრაფად და კაშკაშა ალით იწვის, მეტალი კი ნელა იჟანგება და ვერც ალს ვხედავთო. შტალს პასუხი ამაზეც ჰქონდა: ხეს, ქაღალდს და სხვა კარგად წვად საგნებს იმდენად ბევრი ფლოგისტონი აქვს, რომ აალდება და ხილული ხდება, მეტალს კი ამდენი არ გააჩნია, ამიტომ ნურც ალს ელით, მხოლოდ ჟანგით დაიფარებაო. ბურგამემ ახალი კითხვა შეაგება: რატომ არის, რომ ხისგან დარჩენილ ნაცარს ხესთან შედარებით მცირე მასა აქვს, მეტალი კი დაჟანგვის შემდეგ წონას იმატებსო? პირველ კითხვას შტალმა იოლად უპასუხა – ხე კარგავს ფლოგისტონს და რჩება ნაცარი, რომელიც გაცილებით ნაკლებს იწონისო, მაგრამ მეორემ ჩიხში შეიყვანა. ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა, თუმცა შემდგომ ამაზე არც არავის უნაღვლია დიდად, მგონი, თვით ბურგამესაც კი.

მოგვიანებით ლავუაზიემ ფლოგისტონის თეორიის თავისებური ვერსია ჩამოაყალიბა. მისი თქმით, საბადოში მეტალი გაზთან იყო დაკავშირებული, მადნის გაცხელებისას წარმოიქმნებოდა ნახშირორჟანგი და მეტალი თავისუფალი სახით გამოიყოფოდა. შტალის ვერსიით, ფლოგისტონი ხის ნახშირიდან მადანში გადადიოდა, ლავუაზიე კი ამტკიცებდა, რომ გაზი გადადიოდა მადნიდან ნახშირში. დრომ ლავუაზიეს სიმართლე დაამტკიცა.

ერთხელ ანტუან ლორან ლავუაზიესთან შაქრის ფაბრიკის მფლობელი მივიდა – მიშველოს რამე თქვენმა ქიმიამო. შემოტანილი შაქრის პარტიას მოყვითალო ფერი დაჰკრავს და მუშტარი არ ეტანება, თუმცა გემო იგივე აქვსო. ლავუაზიეს განმარტება ასეთი იყო: შაქარი ფლოგისტონს შეიცავდა; მაშასადამე, ფლოგისტონი ყვითელი ფერისა იყო, ოღონდ იმდენად ბაცი, რომ მხოლოდ შაქარივით გამჭვირვალე ნივთიერებებში თუ გამოჩნდებოდა. ზემოთ მოყვანილი რეაქციის საფუძველზე, მისთვის უნდა დაემატებინათ ნახშირი, რომელიც გამოიტანდა ფლოგისტონს და შაქარი კვლავ გამჭირვალე გახდებოდა. ასეც მომხდარა, ოღონდ მაშინ ადსორბციის შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ. არც ის, რომ ნახშირი ნომერ პირველი ადსორბენტი იქნებოდა.
– დასანანია, არა? – ჩამესმის საიდანღაც. თვალის დახამხამებაში ვბრუნდები გემზე, დუნაის ტალღებს რომ მიაპობს. გვერდით კვლავ კარენი მიდგას და მეკითხება, ხომ დასანანიაო.

– უკაცრავად, კარენ, ვერ მოგისმინე, რა არის დასანანი?

– ტულჩას სიმბოლოს, ყარყატს, ამ დროს დუნაიზე ვერ ვნახავთ.

ჰოო, ტულჩადან ყარყატის უნახავად წასვლა მართლაც დასანანია… 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“