კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

აქცენტები ფიზიკის პირველი გაკვეთილის დასაგეგმად

მასწავლებლებს  ყოველთვის განსაკუთრებული განცდა გვეუფლება, როდესაც შევდივართ ახალ კლასში. სამომავლო ურთიერთობას მეტწილად განსაზღვრავს პირველი შთაბეჭდილება. მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის ღირსეულად წარდგენა.  გაკვეთილის მიზანი უნდა იყოს იმ დისციპლინის საჭიროების დასაბუთება, რომლის შესწავლასაც  ახლა იწყებენ მოზარდები.  საგნობრივი ცოდნის დასაუფლებლად  წინ რამდენიმე წელი გვექნება. პირველ დღეს კი უნდა ვეცადოთ, გამოვიწვიოთ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება. ამაში  დაგვეხმარება ავუხსნათ მოზარდებს – რა უნდა შევისწავლოთ? რამდენად საინტერესოა? რაში გამოგვადგება?

წარმოგიდგენთ  პირველი გაკვეთილის სავარაუდო თემატიკას ფიზიკაში. სტატია უმეტესად გამოადგებათ ახალბედა პედაგოგებს.  პირველი და აუცილებელი პირობაა მრავალფეროვანი და ვიზუალურად დატვირთული პრეზენტაციის მომზადება. შესაძლებელია გამოვიყენოთ ვირტუალური ანიმაციები და მარტივი,  ეფექტური ექსპერიმენტები.

საუბარი უნდა დავიწყოთ ფიზიკის შესწავლის საჭიროების დასაბუთებით, ფიზიკა ხომ  ფანჯარაა ამოუცნობის ამოსაცნობად.  სამყაროს შეცნობას კი ვიწყებთ ჩვენი შეგრძნების ორგანოებით. თავდაპირველად მოსწავლეებს ვთხოვოთ ჩამოთვალონ  მათთვის ნაცნობი ადამიანის შეგრძნების ორგანოები.

რამდენი შეგრძნების ორგანო გვაქვს? – ამ კითხვაზე დასაბუთებული პასუხი ჯერაც არ გაუციათ. არისტოტელეს სკოლის მიმდევრები ამტკიცებდნენ სამყაროს აღქმის  ხუთ გრძნობას, თუმცა მათ მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავდათ. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ადამიანს არა ხუთი, არამედ გაცილებით მეტი გრძნობა აქვს. ყველაზე რადიკალურები ოცდაცამეტამდე გრძნობას ითვლიან. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ადამიანს სულ სამი გრძნობა აქვს:  სინათლის, მექანიკური  და ქიმიური ზემოქმედების აღმქმელი.  კლასიკური კლასიფიკაციის მიხედვით ხაზი უნდა გავუსვათ ხუთ ძირითად გრძნობას – მხედველობას,   ყნოსვას,  გემოვნებას,  სმენასა და შეხებას.

უპირველესად ინფორმაციას იღებს ადამიანის ტვინი. თავად ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რაიმე დაინახა, იყნოსა თუ მოისმინა. მანამდე დიდი გზაა და ეს გზა ყოველთვის ტვინამდე მიდის. თავის ტვინი არქმევს ყველაფერს სახელს და განსაზღვრავს მომხდარს.  თუმცა ტვინს სპეციფიკური ენა აქვს. ფერადი სიუჟეტი თუ სასიამოვნო  მელოდია,   მისთვის სრულიად გაუგებარია.  გრძნობათა აღქმის პროცესში, ერთ-ერთი მთავარი ადგილი სწორედ ასეთი ინფორმაციის ტვინის ენაზე თარგმნას უკავია.

გრძნობის ყველა ორგანოს საკუთარი ,,თარჯიმანი“ ჰყავს:     თვალს – ბადურა, ყურს – ლოკოკინა…  ეს სტრუქტურები გარედან მომდინარე ინფორმაციას  ნერვულ იმპულსებად  გარდაქმნიან.  იმპულსი ამა თუ იმ ნერვის საშუალებით თავის ტვინამდე მიდის და სწორედ ამ დროს ვხედავთ, გვესმის,  შევიგრძნობთ  სითბოს, სიცივეს, სუნსა თუ გემოს. ლოგიკურად, ტვინი ხედავს, ტვინს ესმის, ტვინი შეიგრძნობს…

თვალი ურთულესი ოპტიკური სისტემაა, იგი ფოტოაპარატს მოგვაგონებს – სხივებს გარდატეხს, ფოკუსირებას ახდენს და ანალიზატორისკენ გზავნის. თუმცა გაცილებით მაღალორგანიზებული და დახვეწილია, ვიდრე ნებისმიერი მექანიკური აპარატი, გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე ყველაზე თანამედროვე მოწყობილობა და სხვა ოპტიკურ სისტემებზე გაცილებით დიდ მიზანსაც ემსახურება. ეს ის ორგანოა, ურომლისოდაც ჩვენთვის შეუცნობელი დარჩებოდა  კოსმოსი, ცა, გარემო,  ფერი, სინათლე, სილამაზე…  მხედველობა ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობის  ორგანოა.  გარემოდან მომდინარე ინფორმაციის 80%-ს სწორედ  თვალის საშუალებით აღვიქვამთ.
დაქვეითებული მხედველობის ადამიანებს მეტად აქვთ განვითარებული  სმენის, გემოვნების, შეხების და ყნოსვის შეგრძნებები. ტვინი თითქოს ერთგვარად გადაეწყობა, რომ  შეძლებისდაგვარად უკეთ მოახერხოს გარემოსთან ადაპტირება.

     როგორ ვხედავთ? – იმისთვის,  რომ დავინახოთ, ინფორმაცია ჯერ თვალმა უნდა დაამუშაოს, მერე კი ტვინმა გადაამუშაოს. თვალი მასში  მოხვედრილი სინათლის სხივების ელექტრულ იმპულსად გარდაქმნას უზრუნველყოფს. ნერვულ იმპულსად დაშიფრული ინფორმაცია მხედველობის ნერვს თავის ტვინამდე მიაქვს, სადაც აღიქმება კიდეც დანახული ობიექტი.

სწორედ თვალით დაიწყო ადამიანმა სამყაროს შემეცნება.  ასე გაჩნდა ბუნების შემსწავლელი სხვადასხვა მეცნიერება: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ასტრონომია. ვიზუალური გარემოს შესწავლით დაიწყო ფიზიკის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება და შემდგომი განვითარება.  ფიზიკა არის მეცნიერება გარემოში მიმდინარე პროცესების შესახებ. სიტყვა ,,ფიზიკა“ წარმოქმნილია ბერძნული სიტყვისაგან ,,ფიუზის“, რაც ბუნებას ნიშნავს. ეს ტერმინი პირველად გვხვდება ძველი წელთაღრიცხვის   IV საუკუნეში მოღვაწე დიდი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში.

ბუნებაში მიმდინარე მოვლენებს და ყველას აღმოჩენას, რომელმაც  საბუნებისმეტყველო და ზოგადად, მეცნიერების განვითარება გამოიწვია, სწორედ ფიზიკის კანონები უდევს საფუძვლად;  გეოგრაფები  ფიზიკის აღმოჩენებსა და  კანონზომიერებს ეყრდნობიან, როდესაც იკვლევენ მიწისძვრებს, წიაღისეულს,  ქანებს, ქარებს და ა.შ.  ფიზიკა ეხმარებათ ასტრონომებს გამოიკვლიონ ისეთი საკითხები, როგორიცაა პლანეტების მზის გარშემო  ბრუნვა, ვარსკვლავთა ნათება,  ეგზოპლანეტებზე დაკვირვება, სხვადასხვა გალაქტიკების შესწავლა და ახლის აღმოჩენა,  ზოგადად, კოსმოსის ყველა საიდუმლოება.  ფიზიკის დახმარებით იკვლევენ ბიოლოგები ცოცხალ ორგანიზმებს – სისხლის მიმოქცევას, ბგერების გამოცემას და მათ აღქმას,  სუნთქვას, მხედველობას და ა.შ.  ხაზგასასმელია ფიზიკის და ქიმიის ურთიერთკავშირი. სამყაროში მიმდინარე მოვლენათა უმრავლესობა ერთდროულად გულისხმობს ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებს.  

სასურველია,  მოსწავლეებს ვთხოვოთ დაასახელონ ბუნებაში მიმდინარე მოვლენები.   სავარაუდო ჩამონათვალში იქნება  ფოთოლცვენა, ჭექა-ქუხილი, წვიმა, თოვა, მირაჟი, ოპტიკური ილუზია,  დაღამება, გათენება, ახალმთვარეობა, მზის და მთვარის დაბნელება და სხვა.   მოსწავლეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში შევეცადოთ მათთვის გასაგები ტერმინებით შევუქმნათ წარმოდგენა თითოეულ დასახელებულ მოვლენაზე.

ერთი რომელიმე მოვლენა განვიხილოთ დეტალურად. მაგალითად,  ფოთოლცვენა –  რა პროცესები მიმდინარეობს ფოთოლში  მისი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე,  აღმოცენებიდან  ფოთოლცვენამდე და ვიდრე ლპობამდე.  მოსწავლეებს უნდა განვუმარტოთ, რომ  ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებს შორის მკვეთრი ზღვარი არ არსებობს. უნდა გავმიჯნოთ სად იწყება და სად სრულდება ფიზიკური პროცესი.

  • ფიზიკური მოვლენების დროს  ნივთიერება ქიმიურად არ იცვლება.
  • ქიმიურ მოვლენებში  ერთი სახის ნივთიერება გარდაიქმნება მეორე სახის ნივთიერებად.
  • ბიოლოგია შეისწავლის ცოცხალ ბუნებაში მიმდინარე ყველას პროცესს.

მოსწავლეთა მხრიდან დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხისთვის, ცხადია,  გამოიკვეთება ახალი ცოდნის დაუფლების საჭიროება. ეს ის მომენტია, როდესაც გვაქვს საშუალება განვამტკიცოთ ჩვენი საუბრის მიზანი, რომ ამ და უამრავ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემა,  რომელიც ფიზიკის სფეროში დაგებადებათ, საჭიროებს სისტემატიურ მეცადინეობას და ძველ ცოდნაზე  ახლის დაშენებას.

ფიზიკური მოვლენები შეიძლება დავყოთ შემდეგ კატეგორიებად: მექანიკური, ელექტრული,  მაგნიტური,  ოპტიკური,  სითბური,  ატომური.  ადამიანი  სამყაროს  ყოფს ორ ნაწილად: მიკროსამყარო და მაკროსამყარო. ვაჩვენოთ მოსწავლეებს  მეტად საინტერესო ვიდეო:

 

ვიდეოს ჩვენების შემდეგ  ეფექტური იქნება  საუბარი მიკრო და მაკრო სამყაროებზე. მიკროსამყაროს შესასწავლად ვიყენებთ მიკროსკოპს.  მიკროსამყაროს ამოცნობაშია სწორედ ის გასაღები, რაც ჭეშმარიტების გარკვევაში გვეხმარება. ფიზიკის ამ ნაწილს კვანტური ფიზიკა ეწოდება, რომელსაც მომავალში შეისწავლიან მოზარდები.  უმნიშვნელოვანესია მოსწავლეებს განვუმარტოთ, რომ უმცირესი ზომის ნაწილაკები განსაზღვრავენ მაკრო სხეულების არსებობას და მის თვისებებს. მაკროსამყაროს ვაკვირდებით ტელესკოპებით. იმის მიუხედავად, რომ მიკრო და მაკრო სამყაროები ზომებით კატასტროფულად განსხვავდება, მათი სისტემური აგებულება ერთმანეთის მსგავსია უნიკალური აგებულებით, საოცრად მოწესრიგებული სტრუქტურით და მრავალფეროვნებით.  ფიზიკა მოსწავლეებს სთავაზობს მოგზაურობას  ამ საოცრებაში. ვიმოგზაუროთ და შევიმეცნოთ სამყარო მისი კანონზომიერებებით და სიდიადით.

ადამიანი, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა, აკვირდებოდა გარემოს, შეძენილი ცოდნით კი იუმჯობესებდა ყოველდღიურ ცხოვრებას.  თანდათან ისწავლა ცეცხლით გათბობა, ხის დამუშავება, სიმძიმეების აწევა, ლითონის მოპოვება და დამუშავება; მინის დამზადება და ბოლოს თანამედროვე სახლის აშენება. პრაქტიკული მოთხოვნილებების გარდა, ასევე მნიშვნელოვანი იყო  ცნობისმოყვარეობა, რომელიც უბიძგებდა ადამიანს ეფიქრა და სათანადო პასუხები გაეცა იმ კითხვებზე, რასაც საკუთარი თვალით ხედავდა: რატომ დაფრინავს ჩიტი? რატომ ანათებს და სად ჩადის მზე?  სად იკარგება და მერე ისევ ჩნდება მთვარე? რატომ წარმოიქმნება ელვა?  რატომ  არსებობს წელიწადის სხვადასხვა დრო? რა  არის ვარსკვლავი?  როგორ შეიქმნა სამყარო?

დაგროვილ ცოდნას ადამიანები თაობებს გადასცემდნენ და ასე დაიწყო ზოგადად მეცნიერების, მათ შორის ფიზიკის განვითარება. ფიზიკის მიღწევების დამსახურებაა  რადიო, ტელევიზია, ავტომობილი, თვითმფრინავი, მობილური, კომპიუტერი, ინტერნეტი, კოსმოსური ხომალდი, სატელიტური ანტენა, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება და უამრავი სხვა  კომფორტი, რის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანის არსებობა.  ფიზიკა გვეხმარება თავი ვიგრძნოთ მეტად დაცულად, გავიუმჯობესოთ  ყოფა-ცხოვრება და ზოგადად,  დავიკმაყოფილოთ  ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა.

საინტერესო იქნება ვკითხოთ მოზარდებს ცეცხლის მოპოვების, გათბობის, განათების, მიწის დამუშავების, ტრანსპორტის, ინფორმაციის მოპოვების  და ადამიანთა შორის კომუნიკაციის ადრეული და თანამედროვე საშუალებების შესახებ. დისკუსია მსგავსი საკითხების ირგვლივ მოსწავლეს  უამრავ ისეთ პასუხგაუცემელ კითხვას გაუჩენს, რომლის სიღრმისეულად გაგებისთვის რომ  სწორედ ფიზიკის შესწავლაა აუცილებელი წინაპირობა. კარგი იქნება მოსწავლეებს მარტივი ენით ვესაუბროთ ავტომობილის მუშაობის პრინციპის შესახებ. ავტომობილის ყველა კომპონენტის  მუშაობა დამყარებულია ფიზიკის კანონზომიერებზე.  ნებისმიერი ავტომობილის ეფექტურობის და  უსაფრთხოების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება ფიზიკის კანონების ინტერპრეტაციითა და გამოყენებით მოახერხეს.

  • მანქანის დიზაინის შექმნისას დიდი მნიშვნელობა აქვს სიმძიმის ცენტრის განსაზღვრას, რაც ხელს უწყობს  მანქანის მოძრაობის სტაბილურობას და მართვის პროგნოზირებას;
  • ძრავის მუშაობა  და მისი ეფექტურობა დამყარებულია თერმოდინამიკის კანონებზე. საწვავის მოხმარება, წვის პროცესი, სითბოს გადაცემა, გამონაბოლქვის შემცირება და სიმძლავრის განსაზღვრა;
  • მანქანების მოძრაობაზე პასუხისმგებელია ნიუტონის კანონები და  სხეულთა ბრუნვითი მოძრაობის კანონზომიერებები;
  • ავტომობილის ექსტერიერის დიზაინის  შექმნისას ითვალისწინებენ აეროდინამიკის კანონებს, რათა მანქანას მოუწიოს ჰაერის მინიმალური წინააღმდეგობის დაძლევა. ასევე, საწვავის მოხმარების შემცირებით შეძლოს დიდი სიჩქარის განვითარება;
  •  ფიზიკა ასოცირდება უსაფრთხოების სისტემის დიზაინთან. ფიზიკის კანონებზე დაყრდნობით ხდება აირბალიშების  სისტემების განლაგება და უსაფრთხოების ღვედის დამონტაჟება. აირბალიშები  განაპირობებენ  იმპულსის გადაცემას და ენერგიის შთანთქმას;
  • მანქანის მუშაობას და გამძლეობას განსაზღვრავს ის მასალა და შენადნობები, რომელიც შეირჩევა სწორედ ფიზიკის კანონების გამოყენებით;
  • საბურავების დიზაინი და მისი კედლების სიმტკიცე  შეირჩევა შესატყვისი  ხახუნის ძალის შესაბამისად. საბურავებისთვის იყენებენ რეზინის ისეთ ნაერთებს, რომელიც აუმჯობესებს მანქანის მთლიან მუშაობას და უსაფრთხოებას;
  • თანამედროვე სამუხრუჭე სისტემების შერჩევა სწორედ ხახუნის ძალის და ენერგიის გარდაქმნის პრინციპის გათვალისწინებით ხდება. დაბლოკვის საწინააღმდეგო  დამუხრუჭების სისტემები  (ABS) იყენებენ  სენსორებს და საკონტროლო ალგორითმებს, რათა თავიდან  იქნას აცილებული გადაუდებელი დამუხრუჭების დროს ბორბლის ჩაკეტვა;
  • ელექტრომობილები ელექტრულ ენერგიას გარდაქმნიან მექანიკურ ენერგიად.  ელექტრო სქემები განსაზღვრავენ ძრავის ეფექტურობას. დამუხრუჭების დროს მიღებული კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება ელექტრულ ენერგიად, რომლითაც ხდება მანქანის ბატარეის დატენვა. ეს კი იძლევა ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას;
  •  ჰიბრიდულ ავტომობილებში ელექტროძრავა და ბენზინის ძრავა  განაპირობებენ ენერგიის მოხმარების ეფექტურობას.

ავტომობილის მუშაობის პრინციპის განხილვა მოიცავს ისეთ განმარტებებს და საკითხებს, რაც მე-7 კლასის მოსწავლისთვის სიახლეა და შესაძლებელია გამოიწვიოს გაუგებრობა. ამ საკითხის შეტანა გაკვეთილზე უნდა მოხდეს  მოზარდისთვის მარტივადმათთვის  გასაგები ტერმინოლოგიით.

ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა, მატერია ეწოდება.  არსებობს ადამიანის თვალისთვის ხილული და უხილავი მატერია. მატერიის ერთ-ერთი სახეა ნივთიერება. ჩვენ ირგვლივ სხეულები და ნივთიერებები, რომლებისგანაც ეს სხეულები  შედგება, მატერიალურია. არსებობს მატერიის სხვა ფორმაც – ველი. მაგ, გრავიტაციული ველით ურთიერთქმედებს დედამიწა სხვა სხეულებთან. ელექტრომაგნიტური ველის დახმარებით შეიქმნა თანამედროვე ცხოვრების  ყველა კომფორტი და  უპირატესობა.

ფიზიკური მოვლენების შესწავლისას თავდაპირველად მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს ჰიპოთეზას მოვლენის მიზეზების, მისი მიმდინარეობის და მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც მოწმდება დაკვირვებით. ბევრი მოვლენის შესახებ  ცოდნა ადამიანმა  დაკვირვების შედეგად მიიღო. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დაკვირვება საკმარისი არ არის და საჭიროა  ცდის,  ექსპერიმენტის  ჩატარება. შესაბამისი მოვლენის კვლევა-ძიება მიმდინარეობს ხელოვნურად შექმნილ პირობებში – ლაბორატორიაში. ,,მეცნიერებაში ერთი უბრალო ცდით დასაბუთება  ბევრად მეტად ფასობსვიდრე ათასი ავტორიტეტი ერთად“. ამბობდა გალილეო გალილეი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ექსპერიმენტული ფიზიკის ფუძემდებელი. ფიზიკას ექსპერიმენტულ მეცნიერებას უწოდებენ. დაკვირვებულ მოვლენაზე გამოთქმული ჰიპოტეზის ჭეშმარიტებას მეცნიერები ექსპერიმენტის საშუალებით ამოწმებენ. ახალი აღმოჩენა სწორედ ჰიპოტეზის ექსპერიმენტით დასაბუთებით მტკიცდება. მეცნიერების ისტორია იცნობს უამრავ შემთხვევას, როდესაც საუკუნეების განმავლობაში აღიარებული შეხედულებები ცდით არ დადასტურდა. ახალი აღმოჩენის დადასტურება სწორედ ექსპერიმენტის შედეგებს ეყრდნობა.

ფიზიკის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით. სასურველია მოზარდის დაინტერესება ვიზუალიზაციით, ექსპერიმენტებით, ვირტუალური ლაბორატორიით.  მოსწავლემ თეორიულ განმარტებებთან ერთად იგივე საკითხი უნდა დაინახოს სხვა შესაძლებლობებით;  კერძოდ, პრაქტიკული ამოცანების ამოხსნით, ცდებით, ანიმაციებით, სამეცნიერო ფილმებით, გრაფიკული ორგანიზატორებით, ცხრილებით, დიაგრამებით, სხვადასხვა საგნის ინტეგრაციით, წარმოსახვით, პრეზენტაციების მომზადებით, პროექტებზე მუშაობით.  მნიშვნელოვანია ავხსნათ,   ამა  თუ  იმ  ფიზიკური  მოვლენის  აღწერის  შემდეგ  რატომ გვჭირდება შესაბამისი სიდიდეების,  ერთეულების,  ფორმულების შემოტანა.

მოსწავლეებს უნდა ვესაუბროთ იმაზე, რო ფიზიკის შესწავლა მხოლოდ მოვლენის სიტყვიერი აღწერით ვერ მოხერხდება. ნებისმიერი ფიზიკური პროცესის ახსნისას საჭირო ხდება ახალი სიდიდის შემოტანა, რომელიც დაგვეხმარება ამ მოვლენის ფიზიკური შინაარსის აღწერაში  და შემდგომი გამოთვლების განსახორციელებლად. აქვე თავს იჩენს მოცემული სიდიდის გასაზომი ერთეულების შემოტანის აუცილებლობა. ახალი სიდიდე კი უკვე ნაცნობ სიდიდეებს უკავშირდება დადგენილი კანონზომიერების შესატყვისი ფორმულებით. აღმოჩენებს და იმ კანონზომიერებებს, რომლებსაც მეცნიერები ასაბუთებენ,  სჭირდება  მათემატიკური აპარატის გამოყენება. ეს კი გულისხმობს თეორიული ინფორმაციის ფორმულებით ჩაწერას.  ამა თუ იმ საკითხის შესასწავლად უმეტესად  ვიყენებთ შემდეგ თანმიმდევრობას:

მოვლენა  ექსპერიმენტი  სიდიდე ერთეული ფორმულა.

ზოგადად, ფიზიკის გაკვეთილის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია შემდეგი ასპექტები:

  • დასახული მიზნის მისაღწევი მეთოდების და სტრატეგიების განსაზღვრა;
  • სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, რაც აუცილებელია სხვადასხვა სწავლის სტილის  მოსწავლეთა ინტერესების დასაფარად;
  • ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად გამოსაყენებლად შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
  • შესაბამისი დავალებების შერჩევა ლოგიკურ აზროვნების და მათემატიკური ოპერაციების შესრულების უნარების გასავითარებლად;
  • ეფექტიანი სასწავლო გარემოს შესაქმნელად, გაკვეთილების დაგეგმვა  სადემონსტრაციო ცდების, ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით;
  • ისეთი  დავალებების და ამოცანების  შერჩევა, რომ უფრო ხშირად გამოვიყენოთ ნახაზები, პლაკატები, სურათები, გრაფიკული მახასიათებლები.

სტატიაში ვისაუბრე იმ აქცენტებზე, რომლებზეც ვფიქრობ,  სასურველი იქნება ყურადღების გამახვილება. წარმოდგენილი მასალა მოცულობითია და ის ერთი გაკვეთილის ფარგლებში ვერ მოექცევა.  შესაძლებელია, პედაგოგმა წაკითხული საკუთარი უკეთესი იდეის განსახორციელებლად გამოიყენოს.

გაკვეთილი აუცილებლად დასრულდება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით. ვთხოვოთ მოსწავლეებს, მათი კითხვების მიხედვით დაამზადონ პოსტერი ან პრობლემების ხე და გააკრან თვალსაჩინო ადგილზე. სამომავლოდ დადგება ამ   კითხვების  პასუხის გაცემის დრო.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ფიზიკა-  ქ.ტატიშვილი;  მოსწავლის წიგნი, მე-7 კლასი

ფიზიკა – მ.ტუღუში, თ.შენგელია, თ. შენგელია, გ. ლომიძე; მოსწავლის წიგნი, მე-7 კლასი

ფიზიკა – ე. ბასიაშვილი, მოსწავლის წიგნი,  მე-7 კლასი

https://www.geeksforgeeks.org/applications-of-physics-in-automobile/

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“