როცა მოსწავლეებს საზაფხულო აქტივობებს ვთავაზობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს: ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე „ოჯახური“ დროა, როცა დიდიც და პატარაც დასვენებისკენ, სამუშაოსა და ყოველდღიური საფიქრალისგან ამოსუნთქვისა და განტვირთვისკენ მიისწრაფვის. მასწავლებელი თავისი წინადადებებით ამ იდილიაში ისე უნდა ჩაერთოს, რომ ოჯახის ყველა წევრი ერთი იდეის ირგვლივ გააერთიანოს. ბავშვებს ხომ ყველაზე მეტად უყვართ ისეთი საქმის კეთება, რომელიც უფროსებსაც აინტერესებთ.
ბედნიერი, საამაყო, შთამბეჭდავი და ზღაპრული ემოციებით სავსე ზაფხული გვაჩუქა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა და დიდ-პატარა ფეხბურთის ქომაგებად გვაქცია.
„ – და შენ რას გააკეთებ ახლა, როცა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ამხელა წარმატება და სიხარული მოგვიტანა?“
ეს სოციალური კამპანია ალბათ ბავშვების ყურამდეც მივიდა. სხვადასხვა მხიარული პირობა დაიდო და შესრულდა. შეგვიძლია, ჩვენც ვისარგებლოთ ამ კამპანიით და ჩვენი ბავშვები ეკომეგობრული ქმედებებისკენ წავახალისოთ. ვეცადოთ, ჩვენმა იდეებმა შთაბეჭდილება მოახდინოს მათზე და უბიძგოს, ჯანსაღი და ლამაზი აწმყოსა და მდგრადი მომავლისკენ მიმართონ თავიანთი შესაძლებლობები.
მდგრადობა ვახსენე და აქვე შეგახსენებთ, რომ არსებობს 17 მიზნისა და 169 ინდიკატორისგან შემდგარი კრებული, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების სახელწოდებით არის ცნობილი. ამ მიზნებზე თანხმდება გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო უკეთესი მომავლის მისაღწევად. მდგრადი განვითარება ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს მოიცავს.
რითია მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების მიზნები?
ეს მიზნები თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბეს, უთანასწორობას, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე – კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვას. თითოეული ჩვენგანის პიროვნულ არჩევანს დიდი ძალა აქვს და მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ადგილობრივ და გლობალურ გამოწვევებზე.
დავუბრუნდეთ ჩვენს არდადეგებს და ვეცადოთ, გავხდეთ „მწვანე მცველები“ სახალისო, მარტივი, საინტერესო და, რაც მთავარია, სასარგებლო აქტივობებით:
- ჯანსაღი ცხოვრება – გონივრული არჩევანი და კეთილდღეობის საწინდარი
* შექმენი „კეთილდღეობის ჟურნალი“, სადაც ჩამოწერ ყველა იმ ფაქტორს, რასაც კეთილდღეობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი მოიცავს. დაწვრილებით ჩაშალე ჯანსაღი ცხოვრების 3 ძირითადი მიმართულება – ფიზიკური, ემოციური და სოციალური. ეს „კეთილდღეობის საინფორმაციო ჟურნალი“ გაუზიარე ოჯახის ყველა წევრს და აამაღლე მათი ცნობიერება.
* გააცოცხლე ჯანსაღი ცხოვრებისეული ისტორიები. შეგიძლია, ზაფხულის საღამოები „თეატრობანას“ დაუთმო და როლური თამაშის მეთოდის გამოყენებით მოიფიქრო სიუჟეტები ან გაიხსენო თავს გადახდენილი ამბები, რომელთა პერსონაჟებიც აკეთებენ ჯანსაღ არჩევანს, ებრძვიან და ამარცხებენ არაჯანსაღ ჩვევებს. შეგიძლია, მეგობრები ან ოჯახის წევრებიც აიყოლიო, სთხოვო, მათაც გაიხსენონ მსგავსი ისტორიები და პატარა სპექტაკლის სახით წარმოადგინონ.
* შექმენი „ჯანსაღი ჩვევების ბინგო“. დაჭერი დიდი ფურცელი პატარა ბარათებად, მოიფიქრე და დაწერე ამ ბარათებზე სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა, რომლებიც შენი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს აქტიური დასვენებისკენ წაახალისებს. მაგალითად, „მოაწყვეთ საცეკვაო წვეულება“, „გადალახეთ დაბრკოლებები“, „გააკეთეთ იოგას პოზები“. შენ მიერ შეთავაზებული თამაში მოტივაციას მისცემს შენს საყვარელ ადამიანებს, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიონ.
* შექმენი „ჯანსაღი ცხოვრების ანბანი“. ქართული ანბანის თითოეული ასოსთვის მოიფიქრე ჯანსაღი ცხოვრების თითო ჩვევა. მაგალითად: ა – აქტიური თამაში; ბ – ბოსტნეულის ჭამა და ა.შ. შეგიძლია, ამაზე ქალაქობანას მსგავსი თამაშიც ააგო.
- მოხალისეობრივი კამპანია
თუ გსურს, წვლილი შეიტანო გლობალურ პრობლემებთან ბრძოლაში, შეგიძლია, მოხალისეობა სცადო, მაგალითად, მოხალისე მეეზოვეობა. ეს საქმე უფრო სახალისო რომ გახდეს, შეგიძლია, მეგობრებიც აიყოლიო. გამართეთ ერთკვირიანი მოხალისეობრივი კამპანია და მოირგეთ იმ პროფესიის ადამიანების როლი, რომლებიც გარემოს ნარჩენებისგან ასუფთავებენ. განაწილდით ჯგუფებად, შეიარაღდით ხელთათმანებითა და პირბადეებით და დაასუფთავეთ თქვენი უბნის ან სკოლის ტერიტორია. შეგროვებული ნარჩენები დაახარისხეთ, პლასტმასა ცალკე გადააწყვეთ და მეგობარ გარემოსდამცველ კომპანიას (კომპანია “ეკო ცენტრი”) ნერგებში გაუცვალეთ. მერე ნერგების დარგვის დღე მოაწყვეთ და გაამწვანეთ თქვენი ეზო – “ხის დარგვა ხომ შეგიძლია, შენც ადექი და ხე დარგე!”
* გაცვალე მაკულატურა წიგნებში. შეგიძლია, მეგობრებთან ერთად მაკულატურის შეგროვების კვირეული გამართო. შეგროვებული ქაღალდი გარემოსდაცვითი კომპანია “მაკულიტერატურას” დახმარებით სასურველ წიგნებზე გადაცვალეთ და უბანში პატარა სამკითხველო მოაწყვეთ – საღამოობით გარემოზე ზრუნვის შედეგად, საკუთარი ძალებით მოპოვებული წიგნები წაუკითხეთ ერთმანეთს.
შეგიძლია, მოხალისედ წახვიდე საზაფხულო საბავშვო ბაღში. ბავშვობას გაიხსენებ და დადებითი ემოციებით აივსები. შეგიძლია, შენი მოხალისეობა კიდევ უფრო სასარგებლო გახადო და პატარებს გარემოზე ზრუნვის შესახებ ესაუბრო, მათთან ერთად დაამზადო ურნები ნარჩენებისთვის (წინასწარ მოიმარაგე მუყაოს მოზრდილი ყუთები – შეგიძლია, მარკეტებში ითხოვო, უსასყიდლოდ მოგცემენ) და აუხსნა, რომ ნარჩენები უნდა დავახარისხოთ, ქაღალდი – ცალკე, პლასტმასა – ცალკე. მოუყვე, რომ ამ ნარჩენებისგან შესაძლებელია ახალი ქაღალდის ან სულაც ბოტასის დამზადება. შეგიძლია, საინტერესო ვიდეოებიც აჩვენო ამ თემაზე. ცუდი არ იქნება, თუ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს („მაკულიტერატურა“, „ტენე“, „ეკო ცენტრი“) ბაღის მასწავლებლებსაც გააცნობ.
დაბოლოს, თუ გინდა, შენი ზაფხული ეკომეგობრული გახადო, თავად კი „მწვანე მცველი“ გახდე, გიტოვებ იდეებს, რომლებიც შეგიძლია მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად განახორციელო, რათა დაიცვა შენი წილი დედამიწა იმ „უკვდავი ურჩხულისგან“, რომელსაც პლასტმასა ჰქვია.