ხუთშაბათი, აგვისტო 15, 2024
15 აგვისტო, ხუთშაბათი, 2024

ივლისის თვის ჩანაწერები – მუსიკა და ფეხბურთი

არის ასეთი გაქართულებული ზმნად ქცეული სახელი: გაჯაზება. ორიათასიანების გარიჟრაჟზე დიდად მოდური. ეს სიტყვა კი მუსიკიდან ისესხა, მაგრამ ცხოვრებამ ყველაფერს მიუსადაგა. თუ მაინცდამაინც წინაპრის დაძებნა გვინდა, უფრო საქმის გახურებას გულისხმობს, მისი შთამომავალია, ოღონდ იმპროვიზებულ გახურებას. აი, ერთ თემას რომ შლის მოლაპარაკე, სხვაგან მიდის და თან რომ მოჰკითხო, იმავეზე გესაუბრება.

 

ეს რომ გაიგო, თვითონ ჯაზს უნდა მოუსმინო.

 

ვიცით, ეგებ ვიღაცისთვის კიდეც მოყირჭებული სტანდარტები, ვთქვათ Take Five ან Caravan , რომელთაც, ვინც რომ დიდმა ხელი მოჰკიდა, სულ სხვა საზღვარი მოუსინჯა, მაგრამ არის ისეთებიც, სადაც ძირითადი თემა რთულად შესამჩნევია, ზოგჯერ სულაც შუაში ან ბოლოსკენ გაიქროლებს რამდენიმე წამით და უნდა წაუსწრო და დაიჭირო.

 

ასეთია მაგალითად დიდებული ავსტრალიური ჯაზ-ჯგუფის The Necks -ის კომპოზიცია Signal. ეს არის ერთი საოცარი გაბმა ფორტეპიანოს ყინულიანი ინტეგრალებით, სადაც მხოლოდ ერთხელ შემოგაპარებენ მელოდიურ სტანდარტს – 1.16 წუთსა და 1.22 წუთს შორის და მერე ხშირად უახლოვდებიან და სულ გატყუებენ – სხვაგან გარბიან და ხახამშრალს გტოვებენ. განა ეს სხვაგან ნაკლებ მშვენიერია. შეიძლება პირიქითაც. უბრალოდ თამაშის წესია ასეთი, რომ სულ იმ შვიდ წამზე გაფიქრებს.

 

ასეთია იგავური გურუს, დიუკ ელინგტონის ჩაკვრა 0.9 წამიდან ვიდრე 0.12 წამამდე მგრძნობიარე Prelude to a Kiss – ში. ამ კომპოზიციის ორი ვერსიაა. მე იმაზე გესაუბრებით, სადაც წამყვანი კლავიშია. ეს ჩაკვრა კიდევ ორჯერ შემოგხვდება, ოღონდ ძალიან უნდა ჩაუსაფრდე, რომ იგრძნო.

 

ასეთია Tingvall Trio – ს Pinocchio , სადაც ჯგუფი უფრო ხანგრძლივ საცდურს გთავაზობს, ლამის ნახევარწუთიანს, დაწყებულს სადღაც პირველი წუთიდან და მერე სამუდამოდ მივიწყებულს. მაგრამ რატომ სამუდამოდ. აბა, გასინჯეთ 3.31 წუთიდან ვიდრე 3.37 წუთამდე. ეგ არის.

 

ასეთია ღვთაებრივი ჯონ კოლტრეინის – Equinox. ბუნიობის ამბავი, მკაცრი შესუნთქვებით და თავისუფალი ამოსუნთქვებით. მანდ დასაწყისშივე უნდა დაძებნოთ სტანდარტის გემო, წუთებს მე არ გეტყვით – თუ ჯაზური სადიზმია, სადიზმი იყოს.

 

სხვაც არის, ბევრი არა, მაგრამ საკმაო ეთქმის. ოღონდ დანარჩენი თქვენზე იყოს. ეძიებდეთ და ვპოვებდეთ.

პირველად რომ ფეხბურთის გამო ვიტირე, ეგ ცრემლი ქინქლაძისა იყო, თუმცა უცნაური – ერთ ოზურგეთელ სარდაფში, სადაც პრემიერ-ლიგის თამაშებს აჩვენებდნენ, დიდი ხვეწნით ჩავედი და თამაშის ნაცვლად იმ არხზე რაღაც თურქული სერიალი გავიდა. არ ვიცი ხარვეზი. არ ვიცი ჩემი ცუდი ფეხი. მოკლედ ვიტირე. მართალია მალულად, მაგრამ გულწრფელად და ნაღდი დარდით.

 

გიორგი ქინქლაძე გენიოსი იყო. არ მიყვარს ტალანტების დატოლება, მაგრამ დამოუკიდებლობის ისტორიაში ალბათ ყველაზე ნიჭიერი. მაშინ სიტის, აბა, რა გუნდი ეთქმოდა. მსოფლიოში თუ ვინმემ იცოდა მის შესახებ, დიდწილად თანაქალაქელი იუნაიტედის გამო – როცა მას ხვდებოდა, დერბი ერქვა და დერბი კიდევ წმინდა რამეა – ინგლისში ხომ საერთოდ – თუნდაც დავითი ხვდებოდეს გოლიათს. ახლა ბედის ბორბალი, არაბული ფული და გვარდიოლას ჭკუა ისე დატრიალდა, ლამის პირიქითაა საქმე, მაგრამ ეს სხვა სიმღერის მელოდიაა. საკუთრივ მანჩესტერში ფანობა სულ ორად იყოფოდა, მაშინაც კი, როცა ფერგის კლასი სასწაულს სასწაულზე ახდენდა. და იმ მეორე, ლურჯ ნახევარს დღემდე ახსოვს – ქინქლაძე, როგორც კლუბის მთავარი ფეხბურთელი, გარდაუვალი ლეგენდა. ქინქი შედევრებს ქმნიდა. და თან სად? რენესანსის გზაზე შემდგარ პრემიერ-ლიგაში. რა გუნდების და მწვრთნელების წინააღმდეგ?! კი, ქინქლაძე საფეხბურთო გენიოსია. ამ ნათქვამს, როგორც წესი, მოჰყვება ხოლმე რომ მეტი მონდომების, ნების და იღბლის შემთხვევაში აუცილებლად გახდებოდა მსოფლიო ვარსკვლავი. დანანებით მოჰყვება ხოლმე და მეც მითქვამს არაერთხელ. მაგრამ ახლა მგონია, რომ დაე, ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა – ლეგენდარულობას ასეთი ულოგიკო ზიგ-ზაგიც უხდება. ქინქლაძეს ის ადრეული წლებიც იოლად ეყოფა და ჩემს დედულეთში, ტუნგოების ბირჟაზე შეკრებილი ნატანებლების ჩოჩქოლი: ,,გეიგეთ, რას შობა რობინზონას ბიჭი?!”. ნატანებში. ჩემს დედულეთში და გიოს მამულეთში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მ ო რ ფ ი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“