პარასკევი, სექტემბერი 27, 2024
27 სექტემბერი, პარასკევი, 2024

სკოლაში თანხის შეგროვების დემოკრატიული მეთოდები

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სასკოლო საზოგადოების წევრებს, მათ შორის მშობლებს, უფლება აქვთ, საქველმოქმედო მიზნებისთვის მოიზიდონ ნებაყოფლობითი შემოწირულობები (მუხლი 14). თუ ადგილი აქვს ფინანსური სახსრების ან სხვა სიკეთის გამოძალვას, სკოლა ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ასეთი ფაქტები, ხოლო თუ მშობლები ნებაყოფლობით ცდილობენ სკოლის მხარდაჭერას სხვადასხვა რესურსით, ეს სავსებით ლეგიტიმურია და სკოლას შეუძლია ასეთი შემოწირულობის მიღება.

სკოლაში ფულის შეგროვება და ამ პროცესში მშობლების მონაწილეობა არაერთ ქვეყანაშია მიღებული, მათ შორის – ისეთი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორიც არის ამერიკა, დიდი ბრიტანეთი თუ ევროპის სახელმწიფოები. ჩამოთვლილი ქვეყნების სკოლებში იქმნება ფონდები, რომლებიც სკოლების სხვადასხვა საჭიროებას აფინანსებენ. თუმცა ამ ფონდებში თანხების მობილიზება ქართული პრაქტიკისგან განსხვავებულად ხდება. ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია ნებაყოფლობითობა. თანამედროვე მეთოდები დემოკრატიულია და მაქსიმალურად ითვალისწინებს მშობლების ინდივიდუალურ შეხედულებებს, ნებას და ფინანსურ შესაძლებლობებს. მეორე, რაც მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ქართული პრაქტიკისგან განასხვავებს, ის არის, რომ გამიჯნულია, რა ფინანსდება სკოლის ბიუჯეტიდან და რა – მშობლების სახსრებით.

საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო სკოლის ბიუჯეტი საჯაროა. მისი ნახვა მშობლებს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სკოლაშიც შეუძლიათ. ასევე შეიძლება საჭირო ინფორმაციის მოძიება ვებგვერდზე https://skolebi.emis.ge/. ბიუჯეტში ჩახედვა მშობლებს იმის გაგებაში დაეხმარება, რა ფინანსდება სახელწიფოს მიერ და რა საჭიროებები რჩება მოუგვარებელი. თუ მშობლები სკოლის ბიუჯეტს გაეცნობიან, დარწმუნდებიან, რომ დაფინანსების უდიდესი ნაწილი ხელფასებსა და კომუნალურ გადასახადებზე იხარჯება, ხოლო უამრავი გამოწვევის დასაძლევად ფინანსები აღარ რჩება, ამის შემდეგ კი დაიწყებენ ფიქრს, თავად როგორ დაეხმარონ მოსწავლეებს და სკოლას, რა გზით მოიპოვონ დამატებითი საჭირო რესურსები, ვის მიმართონ მხარდაჭერისთვის და როგორ აწარმოონ თანხის მობილიზების კამპანია ლეგიტიმური გზებით.

ამისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი პირველია მშობლებისa და მოსწავლეების მიერ ადგილობრივი ხელისუფლებისადმი მიმართვა, მაგალითად, სასკოლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, სპორტის დარბაზის გარემონტება იქნება ეს, საჭირო რესურსებით მომარაგება თუ სხვა საჭიროების დაკმაყოფილება.

მშობლებს და მოსწავლეებს შეუძლიათ, დირექტორთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად მიმართონ განათლების სამინისტროს სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს და მოითხოვონ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების დროულად გამოსწორება.

გარდა სახელმწიფო სტრუქტურებისა, არსებობს საერთაშორისო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობაც. ყველაზე პოპულარულია საგრანტო დაფინანსების მოძიება და/ან ქრაუდფანდინგი – ე. წ. სახალხო დაფინანსების მობილიზება. ამ მეთოდებით თანხის შეგროვების ყველაზე აქტიური ქართული პლატფორმებია https://orbelianimeti.ge/ და https://donors.ge/. ორივე პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს აქტიურ მოქალაქეებს, მათ შორის – მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს. აღნიშნულ პლატფორმებზე წელიწადში რამდენჯერმე ცხადდება იდეების კონკურსი, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ პირს შეუძლია.

ასეთი სახის დაფინანსებით შესაძლებელია სკოლაში მშობელთა კლუბის ფუნქციონირება. კლუბი შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ თემას, რომელიც აქტუალურია სასკოლო თემში. მაგალითად, არაფორმალური განათლების კლუბი, წიგნის კითხვის კლუბი, ბულინგის პრევენციის კლუბი, სპორტული ან სახელოვნებო კლუბი, ხელსაქმის კლუბი და ა.შ. ასევე შესაძლებელია სკოლისთვის ისეთი ტექნიკის შეძენა, რომელიც მასწავლებლებს მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარებაში დაეხმარება – პროექტორის, ეკრანის, ფერადი პრინტერის და სხვა.

საერთაშორისო თუ ადგილობრივი დაფინანსების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია, მშობლებმა ზუსტად იცოდნენ, რა მიზნით გამოიყენებენ მოძიებულ რესურსებს, რამდენ მოსწავლესა თუ მშობელს მოუტანს ეს სარგებელს და რაში დაიხარჯება მოძიებული ფინანსები, ასევე – როგორ შეინარჩუნებენ პროექტის მდგრადობას მას შემდეგ, რაც პროექტი დასრულდება.

რესურსების მოძიების ჩამოთვლილი მეთოდები რადიკალურად განსხვავდება საქართველოში გავრცელებული პრაქტიკისგან. ხშირად ხდება, რომ მშობლები აგროვებენ თანხას, რომლითაც ყიდულობენ ჰიგიენურ საშუალებებს ან საკლასო ოთახისთვის აუცილებელ ატრიბუტებს. როგორც წესი, თანხის აგროვების ინიციატორი მშობელი ანგარიშობს საერთო ხარჯს, აწესებს ლიმიტს და თანაბრად ყოფს ყველა მშობელზე. ეს ხშირად იწვევს გაუგებრობას და დაპირისპირებას, რადგან ყველა მშობელს არ სურს ფულის შეგროვების პროცესში მონაწილეობა.

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უკმაყოფილება, რამდენიმე აუცილებელი პირობა უნდა შევასრულოთ. მნიშვნელოვანია:

* მშობლებმა სწორად შეაფასონ კონკრეტული საჭიროებები და შემდგომ იფიქრონ საკუთარ როლსა და ფინანსურ მონაწილეობაზე.

* თანხის მიზნობრიობა წინასწარ მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული.

* თანხის გაღება უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.

* შემომწირველმა უნდა გაიღოს იმდენი თანხა, რამდენიც სურს ან შეუძლია და არა იმდენი, რამდენსაც ორგანიზატორი დააწესებს.

* თანხის ხარჯვა უნდა იყოს გამჭვირვალე, ხოლო შედეგი – საჯაროდ თვალსაჩინო.

ამგვარად უთანხმოებას თავიდან ავიცილებთ, მოსწავლეები და სკოლა კი ისარგებლებენ მშობელთა ლეგიტიმური ფინანსური თანამონაწილეობით.

მომდევნო სტატიაში უფრო დეტალურად განვიხილავთ სკოლაში თანხის შეგროვების კამპანიის მართებულ, ლეგიტიმურ და დემოკრატიულ მეთოდებს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“