სამშაბათი, ივლისი 23, 2024
23 ივლისი, სამშაბათი, 2024

კითხვის სწავლა სწავლებამდე – ხმამაღლა ფიქრი

წინამდებარე წერილში ვაგრძელებთ საუბარს, თუ როგორ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს წიგნები მანამ, სანამ ისინი სკოლაში სიარულსა და კითხვის სისტემურ შესწავლას დაიწყებენ. პირველ წერილში ზოგადად ვისაუბრეთ ბავშვისთვის ხმამაღლსა წაკითხვის არსსა და მნიშვნელობაზე. მეორე წერილში მიმოვიხილეთ ის სამი სტრატეგია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ წიგნის უშუალოდ წაკითხვამდე: 1. საუბარი ყდაზე, 2. მოდი გავიხსენოთ (წინარე ცოდნის გააქტიურება), 3. ვარაუდების გამოთქმა სათაურისა და ილუსტრაციების მიხედვით. მესამე წერილში განვიხილეთ მე-4 სტრატეგია — შეკითხვების დასმა, ხოლო მეოთხე წერილი ეძღვნებოდა შემდეგ მეთოდებს: 5. წარმოსახვა (ვიზუალიზაცია) და 6. ხელახლა წაკითხვა. 

ჩვენს წერილებში სტრატეგიები/აქტივობები წარმოდგენილია შემდეგი ფორმატით: ჯერ აღწერილია სტრატეგიის ძირითადი არსი, შემდეგ ვუპასუხებთ შეკითხვას, თუ რატომ უნდა გავაკეთოთ ეს, შემდეგ საუბარია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ კონკრეტული ქმედების განხორციელებისას და ბოლოს განიხილულია კონკრეტული ნიმუში. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ამ სტრატეგიების მოკლე ვერსიები შემოთავაზებულია პორტალზე chemiskola.emis.ge.

ამ წერილში განვიხილოთ ხმამაღლა ფიქრის სტრატეგია, რომელიც დაგვეხმარება, როგორც წიგნის უშუალოდ წაკითხვამდე, ასევე წაკითხვის პროცესში და წაკითხვის შემდეგ მსჯელობისთვისაც.

ხმამაღლა ფიქრი ბრწყინვალე სასწავლო მეთოდია, რომლის გამოყენების არეალი შეუზღუდავია, როგორც საგნობრივი, ასევე ასაკობრივი თვალსაზრისით. სასწავლო ამოცანების გადაწყვეტისას ოსტატი მასწავლებლები ორგანულად იყენებენ ამ მიდგომას, თუმცა სრულიად შესაძლებელია სკოლამდელ ასაკშიც მიზანმიმართულად შევთავაზოთ ჩვენს ბავშვებს, თუკი ქვემოთ წამროდგენილ რეკომენდაციებსა და ნიმუშებს გავითვალისწინებთ.

როგორც წესი, ჩვენს წერილებში კონკრეტული სტრატეგიები განხილულია კონკრეტული ტექსტის კონტექსტში (წინა წერილებში ჩვენ ,,კომბლე” დავამუშავეთ სხვადასხვა მეთოდით.). ამჟამად გვინდა სამიზნე სტრატეგია წარმოვადგინოთ ,,ნაცარქექიას” დამუშავებისას. მართლაც, რა ტექსტი შეიძლება გაგვახსენდეს ,,ხმამაღლა ფიქრზე” საუბრისას, თუ არა ეს ყველაზე პოპულარული ქართული ხალხური ზღაპარი?!

  1. ხმამაღლა ფიქრი

რა არის ეს?

რა არის მშობლების (ან მასწავლებლების) მთავარი დანიშნულება წიგნების ხმამაღლა წაკითხვის პროცესში? ბავშვებს განვუვითაროთ მეტყველება, გავუმდიდროთ ლექსიკური მარაგი, მივაჩვიოთ წარმოსახვას და ვასწავლოთ სხვადასხვა შეკითხვის მიხედვით ფიქრი. დიახ, ვუბიძგოთ ბავშვებს დაფიქრებისკენ, ეს არის უმთავრესი. ადამიანი ყველაზე უკეთ მაშინ სწავლობს, როდესაც თავად აკვირდება სამიზნე ქმედებას. ამ შემთხვევაში ბავშვი უნდა დავაკვირვოთ ჩვენი ფიქრის პროცესზე. ეს კი შესაძლებელია ხმამაღლა ფიქრის სტრატეგიის გამოყენების დროს.

იმისთვის, რათა ჩვენი ფიქრები „დასანახი“ გავხადოთ პატარებისთვის, ხმამაღლა უნდა გამოვთვათ ის აზრები, რომლებიც ფიქრის დროს გაგვიელვებს.

რატომ უნდა გავაკეთოთ ეს?

თუკი რაიმე გვინდა ვასწავოთ ადამიანს, პირველ ეტაპზე ის აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ. ვასწავლით კითხვას? უნდა წავუკითხოთ ხმამაღლა. ვასწავლით წერას? უნდა ვაჩვენოთ, წერის პროცესი. ვასწავლით ფიქრს? უნდა ავუხმოვანოთ ფიქრი. ახმოვანებულ ფიქრზე დაკვირვებისას, ბავშვი აცნობიერებს, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემას დაფიქრება სჭირდება. შეიძლება პასუხი მაშინვე ვერ მოვიფიქროთ და სხვა რამის გახსენება დაგვჭირდეს. ბავშვი აგრეთვე აკვირდება თავად ამ გახსენების პროცესს და პასუხის ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამოყალიბების გზასაც.

ხმამაღლა ფიქრის პროცესზე დაკვირვების შემდეგ ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ბავშვები ასეთივე გონებრივი ოპერაციების შესრულებას მაშინვე დაიწყებენ, თუმცა დროთა განმავლობაში ამას ნამდვილად მოახერხებენ. ეს დრო სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა იქნება და, შესაძლებელია, წლების შემდეგ გამოიღოს სათანადო ნაყოფი.

როგორც აღვნიშნეთ, ხმამაღლა ფიქრით შეკითხვებზე პასუხის გაცემა სასარგებლოა როგორც წიგნის წაკითხვამდე, ასევე წაკითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ, რადგან სამივე ეტაპზე დაისმის ისეთი შეკითხვები, რომლებიც მსჯელობისა და ამ პროცესის გახმოვანების კარგ საშუალებას იძლევა.

როგორ ვიფიქროთ ხმამაღლა?

წიგნის წაკითხვის დროს ისმება ბევრი შეკითხვა (ნაწილს ჩვენ, უფროსი მკითხველები ვსვამთ, ნაწილს — ბავშვები), რომლებზეც პასუხებს კითხვის პროცესშივე მოვიფიქრებთ. პასუხების საბოლოო ვერსიამდე ხმამაღლა უნდა გამოვთქვათ მოსაზრება (შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა ვარიანტიც) და ასევე ხმამაღლა უარვყოთ ან დავეთანხმოთ ჩვენსავე მოსაზრებას.

ამ დროს სასარგებლოა ხოლმე შემდეგი ფრაზების გამოყენება:

  • ნეტავ, ასე მოხდებოდა? ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო…
  • მე მგონი, ამიტომ უნდა გაეკეთებინა… იქნებ, მართლა ამიტომ გააკეთა…
  • არა, ასე არ იქნებოდა… კი, კი, ნამდვილად ასე იქნებოდა…
  • იქ არ წავიდოდა, რადგან… ასე მოიქცეოდა, ვინაიდან…
  • რადგან ასე თქვა, ესე იგი…

ასე რომ, კარგი იქნება, თუკი ასეთი ფრაზებით გავახმოვანებთ ჩვენს ფიქრს წიგნის ხმამაღლა კითხვის დროს წამოჭრილ შეკითხვებზე პასუხების მოფიქრებისას. 

 

ქვემოთ, ცხრილში წარმოდგენილია ზღაპარ „ნაცარქექიას“ კითხვისას წარმართული შესაძლო ხმამაღლა ფიქრის პროცესი. აქ შემოთავაზებულია ჩვენ მიერ გადამუშავებული ტექსტი, დასმული შეკითხვები, ხმამაღლა ფიქრის ჩანაწერი და სავარაუდო პასუხები. აღსანიშნავია, რომ ხმამაღლა ფიქრის მიდგომის გამოყენება სასარგებლოა სხვადასხვა ტიპის შეკითხვებზე საპასუხოდ, იქნება ეს ტექსტის გააზრებაზე ორიენტირებული, სიტყვის მნიშვნელობაზე დამაფიქრებელი, თუ ვარაუდების გამოთქმაზე დამიზნებული…

(ეს ნაწილი წარიმართება ზღაპრის წაკითხვის დაწყებამდე.)
➢         რატომ ერქმევა ამ კაცს/ამ პერსონაჟს ნაცარქექია?

ასეთ სახელებს მათ არქმევენ, ვისაც უყვარს რამეების კეთება. ალბათ ეს კაცი ნაცარს ქექავდა ხოლმე და ამიტომ დაარქვეს ნაცარქექია…

➢         როგორი კაცი შეიძლება იყოს ნაცარქექია?

ალბათ, სულელი იქნება, აბა, ნაცარს ჭკვიანი კაცი რატომ დაუწყებს ქექვას?! თუმცა ილუსტრაციაზე არცთუ სულელური გამომეტყველება აქვს. უფრო ჭკვიანი და მხიარული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს…

ნაცარქექია

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ზარმაცი კაცი. მთელი დღე ბუხართან იჯდა და სადგისით ნაცარს ქექავდა. ამის გამო ამ კაცს ყველა  ნაცარქექიას ეძახდა.

ნაცარქექიას ორი ძმა ჰყავდა. ისინი უშლიდნენ ხოლმე ნაცარქექიას ნაცრის ქექვას და ეუბნებოდნენ:

— კაცო, სულ რომ ნაცარს უზიხარ, ადექი, გაისარჯე და ოჯახში რამე შემოიტანე, თორემ იცოდე, ჩვენ შენი რჩენის თავი აღარა გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთო.

მაგრამ ნაცარქექია ძმების მუქარას ერთ ყურში რომ შეუშვებდა, მეორიდან გამოუშვებდა. მობეზრდათ ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან. — წადი, დაიკარგე აქედან  და ჩვენმა თვალებმა აღარ დაგინახონო!..

— ერთი გუდა ნაცარი, ერთი ჭყინტი ყველი და ეს სადგისი მაინც გამატანეთო, —უთხრა დაღონებულმა ნაცარქექიამ ძმებს და ბუხრის წინ დადებულ სადგისზე მიუთითა.

ძმებმა მართლა მისცეს ნაცარქექიას ერთი გუდა ნაცარი, ერთი ჭყინტი ყველი და სადგისი. აიღო ნაცარქექიამ თავისი ავლადიდება, გამოიხურა ეზოს ჭიშკარი და გაუდგა გზას.

ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ დიდ მდინარეს მიადგა. შეეშინდა ნაცარქექიას წყალში შესვლა და მდინარის პირას მხართეძოზე წამოწვა, — იქნებ ვინმემ გამოიაროს და გამიყვანოსო.

(ხმამაღლა ფიქრის მოდელირება წაკითხული მონაკვეთის მიხედვით)

➢         რა არის სადგისი და რატომ ქექავდა ნაცარქექია სადგისით ნაცარს?

სადგისი არის მსხვილი მახათი, რომელსაც გაკეთებული აქვს ხის ტარი, რათა ადვილად გაუყარონ ტყავში. იყენებენ ხოლმე ფეხსაცმელების მკერავები… შეიძლება, ნაცარქექიაც კერავდა ხოლმე თავის ფეხსაცმელებს, ქალამნებს და ჰქონდა… სადგისით რატომ უნდა ექექა ნაცარი? სადგისს აქვს ბასრი წვეტი და იმით შეიძლება ნაცარში პატარა ფიგურების დახაზვა ან დახატვა. ალბათ ნაცარქექია საინტერესო სურათებს ხატავდა და ხაზავდა ხოლმე და ამაში სადგისის წვეტი ეხმარებოდა.

➢         რატომ გააგდეს ნაცარქექია სახლიდან?

ზღაპარში წერია, უსაქმური იყოო და ამიტომ გააგდეს სახლიდან. მაგრამ მხოლოდ უსაქმურობის გამო გააგდებდნენ? ალბათ, არ უყვარდათ ძალიან და ამიტომაც გააგდებდნენ…

➢         რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა ნაცარქექიას სადგისი, ერთი გუდა ნაცარი და ჭყინტი ყველი?

სადგისით ქალამნებს გაკერავდა, როცა დაეხეოდა. კიდევ, ნეტავ, რაში დასჭირდებოდა? უი, ნაცარიც ხომ წაიღო? ჰოდა გაშლიდა თავის ნაცარს და სადგისით ისევ ხატავდა და ხაზავდა… ყველს კი… ყველს შეჭამდა, მაგრამ რამდენ ხანს ეყოფოდა ერთი ყველი?!

ნაცარქექია (გაგრძელება)

თურმე ეს მდინარეც და ადგილიც ცხრათავიანი დევის სამფლობელო იყო. საღამო ხანს გაღმა ნაპირიდან მდინარეს დევი მოდგა და დაუწყო წყალს ხვრეპა.

დევის დანახვაზე ნაცარქექიას შეეშინდა, მაგრამ გამბედაობა მოიკრიბა და ხმამაღლა გასძახა:

— ჰეი, შენ რომელი ხარ?! ახლავე აქეთ გამოდი, მხარზე შემისვი და გაღმა გადამიყვანე, ფეხის დასველება მეზარებაო!

დევს ძალიან გაუკვირდა: ჩემი შიშით ცაში ფრინველს ვერ გაუჭაჭანია და მიწაზე ჭიანჭველას და ეს ვინაა, ამას რომ მიბედავსო.

— ვინ ხარ, რა სულიერი ხარ და მაგას როგორ მიბედავო? — გამოსძახა დევმა.

ნაცარქექია დოინჯი შემოიყარა და გასძახა:

— მე შენ გაჩვენებდი ვინცა ვარ, რომ არ მებრალებოდე, შე ბრიყვო, შენა! შენ ჩემი ამბავი არ გაგიგონია?! ვერმიცანა მქვია… ვერ გამიმეტებია, თორემ დედამიწას რომ ხელი მოვკიდო და ზეცას შევტყორცნო, ქვეყანა დაიქცევა. თუ გინდა შევეჯიბროთ და ერთმანეთი ღონეში გამოვცადოთ! შენ მანდ აიღე ერთი ქვა, მე აქ ავიღებ მეორეს, მოვუჭიროთ ორივემ ხელი და, ვინც წვენს გამოადინს, გამარჯვებულიც ის იქნებაო.

აიღო დევმა ქვა, მოუჭირა ხელი და სულ ერთიანად დაფშვნა, მაგრამ წვენს, აბა, როგორ გამოადენდა?!

დაიხარა ნაცარქექია, ვითომ ქვას ვიღებო, ამოიღო ჩოხის კალთაში გამოხვეული ჭყინტი ყველი, მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურ-წურწურით გამოადინა.

გაუკვირდა დევს, ეს ვინა ყოფილაო?!

— აბა, ახლა სირბილში შევეჯიბროთ ერთმანეთს, — გასძახა ნაცარქექიამ, — გავიქცეთ რიყეზე და ვინც უფრო მეტ მტვერსა და კორიანტელს დააყენებს, გამარჯვებულიც ის იქნებაო!

გაძუნძულდა დევი გაღმა ნაპირზე და რიყის ქვებს სულ ტკაცატკუცი დააწყებინა, მაგრამ რიყის ქვებს, აბა, რა მტვერი აუვიდოდა?!

ნაცარქექიამ კი ჩუმად მოიხსნა ნაცრიანი გუდა, გაკუნკულდა ნაპირზე და თან გუდას სადგისი უჩხვლიტა და უჩხვლიტა. ისეთი მტვერი და კორიანტელი დადგა, რომ რამდენიმე წუთით თვალით აღარაფერი ჩანდა.

შეშინდა დევი, ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო, დაღუნა თავი, გამოღმა ნაპირზე გამოვიდა და მორჩილად ეახლა ნაცარქექიას. დევი დაიხარა და ნაცარქექია მხარზე შეისვა. შუა მდინარეში რომ შევიდნენ, დევმა, როგორც იქნა, გაუბედა და ჰკითხა:

— ბატონო, ვერმიცანავ, ასეთი ღონის პატრონი, როგორღაც მეტისმეტად მემჩატებიო.

— გემჩატებიო?! ხა, ხა, ხა, — გადაიხარხარა ნაცარქექიამ, — შენ რომ ჩემი სიმძიმის ამბავი იცოდე, მაგ სისულელეს არ მეტყოდი… მე რომ უჩნარი ბაწრით ზეცაში არ ვიყო მიბმული და იქ არ მიჭერდნენ, ქვესკნელში ჩაგიტანდი. აბა, ვუთხრა ერთი, ცოტათი შემიშვან ხელი!..

ამის თქმაზე ნაცარქექიამ სადგისი ამოიღო და დევს კისერში დააჭირა. დევს ეგონა, მთელი ზეცა ზედ დამაწვაო და შეშინებული, შეევედრა:

— შენი ჭირიმე, შეეხვეწე, ისევ აგწიონ, თორემ მეტის ატანა აღარ შემიძლიაო!..

მოაშორა ნაცარქექიამ სადგისი და დევიც გაიმართა წელში.

დევი დარწმუნდა, რომ ნაცარქექია მართლაც საშნელი ძალის პატრონი სულიერი ყოფილაო და შინ მიიპატიჟა.

(ხმამაღლა ფიქრის მოდელირება წაკითხული მონაკვეთის მიხედვით)

➢         რატომ შეეშინდა ნაცარქექიას დევის?

ნაცარქექიას დევის იმიტომ შეეშინდებოდა, რომ ალბათ გაგონილი ჰქონდა დევებზე ან ნანახი ჰყავდა მანამდე და იცოდა, რომ საშიში იყო… ანდა შეიძლება პირველად ნახა დევი, მაგრამ ისეთი დიდი იყო და ისეთი საშინელი ღრჯოლები ჰქონდა, რომ შეეშინდა. აი, ილუსტრაციაზე როგორი საშიში სახე აქვს…

➢         სხვა რა შეიძლებოდა ექნა ნაცარქექიას დევის დანახვისას? სხვა გზა ჰქონდა თუ არა?

ჯერ გავიხსნეოთ, რა ქნა. შეეშინდა, მაგრამ გამბედაობა მოიკრიფა და იქით შეუტია. სხვა რა შეიძლებოდა გაეკეთებინა? გაქცეულიყო? მაგრამ დევი ხმას გაიგონებდა და მაინც დაიჭერდა… დამალულიყო? სხვა ზღაპრებიდან ვიცით, რომ დევები ადამიანებს სუნითაც აგნებენ, ამიტომ არ დამალვა გამოვიდოდა…

სიმართლე რომ ეთქვა, როგორ უჭირდა, როგორ შიოდა და ისე ეთხოვა დახმარება? მაგრამ დაეხმარებოდა დევი?

➢         რატომ ასახელებს ნაცარქექია თავის სახელად ვერმიცანას?

იქნებ, მართლა ვერმიცანა ერქვა? ნაცარქექია ხომ მისი ზედმეტსახელი იყო და ასე იმიტომ ეძახდნენ, რომ ნაცრის ქექვა უყვარდა. ანუ სინამდვილეში შეიძლება ვერმიცანა რქმეოდა. ან შეიძლება სხვა სახელი ერქვა და ამ სახელით დევს ეუბნება, რომ შენ ვერ მიცნობ მაინც, ჩემმა სიპატარავემ არ მოგატყუოს, ძალიან ძლიერი ვარო…

რა შეიძლება რქმეოდა ნაცარქექიას? რა ერქვათ ძველად საქართველოში? ვახუშტი? ჯუმბერი? ზეზვა? შეიძლება გიორგიც კი ერქვა, თან წმინდა გიორგიმაც ხომ დაამარცხა გველეშაპი…

➢         რას ნიშნავს კორიანტელი?

კორიანტელი არის დიდი მტვერი. აქ გამოყენებულია მაშინ, როდესაც ნაცარქექიამ ნაცარი აამტვერა. შეიძლება ამ სიტყვის მაგივრად თავიდან ამბობდნენ: ძალიან მტვერი და შემდეგ გახდა კორიანტელი.

ამ ზღაპარში წერია, ნაცარქექიამ ისეთი დიდი მტვერი დააყენა, აღარაფერი ჩანდაო. ანუ შეიძლება ვიფიქროთ, რომ კორიანტელი ისეთი მტვერია, როდესაც აღარაფერი ჩანს ხოლმე.

➢         რას უნდა ნიშნავდეს ,,გაკუნკულდა”?

გავიხსენოთ, სად არის ეს სიტყვა გამოყენებული. იქ, სადაც აღწერილია ნაცარქექიას სირბილი — მდინარის ნაპირზე გაკუნკულდაო, როდესაც დევს სირბილში ეჯიბრებოდა… ანუ კუნკული ყოფილა ნაცარქექიას სირბილი. როგორი სირბილი? მსუბუქად, გამხდარი კაცი რომ შეიძლება მირბოდეს… თან მდინარის ნაპირზე დიდი რიყის ქვები ხომ იყო და იმ ქვებზე ხტუნვახტუნვით მირბოდა…

ნაცარქექიას სირბილს თუ კუნკული ჰქვია, დვეის სირბილზე ძუნძული წერია. კიდევ ,,წითელქუდაშიც” არის ეს სიტყვები გამოყენებული და იქაც სირბილის მნიშვნელობითაა: წავიდა მგელი ძუნძულ-ძუნძულით, წითელქუდა წავიდა კუნკულ-კუნკულით…

(ქვემოთა შეკითხვებიც ზღაპრის კითხვის პროცესში დაისმება, პირველი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ. შეკითხვები ვარაუდების გამოთქმას მოითხოვს, რისთვისაც საუკეთესო გზა იქნება ხმამაღლა ფიქრი.)
(ხმამაღლა ფიქრის მოდელირება ერთ-ერთი პაუზის დროს ზღაპრის გარკვეული ნაწილის წაკითხვის შემდეგ)

➢         რას გააკეთებენ ნაცარქექია და დევი ერთად? როგორი ურთიერთობა ექნებათ? რა მოხდება შემდეგ?

ნაცარქექიამ დევი მოატყუა და შეაშინა. რადგან დევს ეშინია ნაცარქექიასი, ალბათ ყველა თავის სურვილს შეასრულებინებს. რა სურვილი შეიძლება ჰქონდეს ნაცარქექიას? ალბათ სახლში წაიყვანს და ამუშავებს, თვითონ კი ისევ გააგრძელებს ნაცრის ქექვას.

ნაცარქექია (დასასრული)

სახლში შესვლისას დევმა ნაცარქექიას უთხრა, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს სახლშიო. შემდეგ ნაცარქექია ტახტზე დასვა, თვითონ ცეცხლი დაანთო და ცომი მოზილა. დევმა მოზელილი ცომი უზარმაზარ კეცზე დააკრა, კეცი ცეცხლს მიუფიცხა და ნაცარქექიას უთხრა:

— თუ უკაცრავად არ ვიყო, ამ პურზე თვალი გეჭიროს, რომ არ დაიწვას, მე ტყეში წავალ და სავახშმოდ ბარემ ნანადირევსაც მოვიტანო.

დევი წავიდა. პურს ცალი გვერდი რომ დაებრაწა, ნაცარქექიამ იფიქრა, ახლა კი გადაბრუნების დროაო, და დაუწყო საკეცით წვალება. კეცი წამოიქცა და ნაცარქექია ქვეშ მოიყოლა. წვალობს ნაცარქექია, აფხარკალებს ფეხებს, ხვნეშის, ოხრავს, ქშინავს, მაგრამ კეცს ძვრას ვერ უშვრება. დაიღალა და შეშინებულმა ფერიც დაკარგა.

მოვიდა დევი და, ნაცარქექია რომ ამ ყოფაში დაინახა, გაკვირვებულმა ჰკითხა, — ეს რა დაგმართნიაო?

— რა უნდა დამმართნოდა? — შეუტია ნაცარქექიამ, — რაღაც მუცელი წამომტკივდა და ცხელი კეცი დავიდე. ახლა უკვე კარგად ვარ, მოდი და ამაცალეო.

დევმა კეცი ააცალა და ნაცარქექიაც წამოდგა.

პური გამოცხვა, ნანადირევიც მოხარშეს და ვახშამს შემოუსხდნენ. შუა ვახშმობისას დევმა მაგრად დააცემინა და სტუმარი ჭერში შეაგდო. გულგახეთქილი ნაცარქექია დირეს ჩაეჭიდა და ფხარკალი დაიწყო.

— მანდ რას აკეთებო? — ჰკითხა დევმა.

— როგორ თუ რას ვაკეთებ?! ვისთან გაბედე შენ ცხვირის დაცემინება?! ავიღებ ამ ჩხირს და გვერდებს აგიჭრელებო!..

— ღმერთო, ეს ვინა ყოფილა?! – შეშინდა დევი, — ამოდენა დირე მე ძლივს ავიტანე ჭერში და ეს კი ჩხირს ეძახის და გამოძრობას უპირებსო. აქაურობას თუ არ გავეცალე, ერთხელაც იქნება, რამეს მიშარებს და ცოცხალი ვეღარ გადავურჩებიო.

დაჰკრა დევმა ფეხი, გავარდა კარში და ცხრა მთას იქით გადაიხვეწა.

დევის სახლ-კარი და სიმდიდრე მთლიანად ნაცარქექიას დარჩა, წავიდა, ძმებიც იქ მიიყვანა და უთხრა:

— ხერხი სჯობია ღონესო, თუ კაცი მოიგონებსო!.. ვიცხოვროთ ერთად და ბედნიერად, ოღონდ ნაცრის ქექვას ნუღარ დამიშლითო…

ჭირი—  იქა, ლხინი — აქა,

ქატო — იქა, ფქვილი — აქა.

(ხმამაღლა ფიქრის მოდელირება წაკითხული მონაკვეთის მიხედვით)

➢         დევმა ნაცარქექიას უთხრა, ტყიდან ნანადირევს მოვიტანო. რას მოიტანდა დევი?

ადამიანები, როდესაც ნადირობენ, მოაქვთ ხოლმე კურდღელი, დათვი, ირემი, გარეული თხა, გარეული ღორი… დევი ხომ უზარმაზარი არსებაა და ის კურდღელს და ირემს არ დაუწყებდა დევნას. შეიძლება მას მმოენადირებინა დიდი დათვი და ის მოეტანა სახლში.

➢         რა არის საკეცე?

ზღაპარში წავიკითხეთ, რომ ნაცარქექიამ პურიან კეცს გადასაბრუნებლად საკეცით დაუწყო წვალებაო. ანუ საკეცე იქნება ის, რაც გვეხმარება კეცის აღებაში, შებრუნებაში. რომ დასვათ შეკითხვა: რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს საკეცეს: ავიღოთ კეცები და არ დაგვეწვას ხელი. შეიძლება ეს იყოს ხის ან რკინის გრძელი იარაღი, რომელსაც ადვილად მოვკიდებთ ცხელ კეცს, ისე, რომ ხელები არ დაგვეწვას, და ავიღებთ, მოვაბრუნებთ.

(ხმამაღლა ფიქრის მოდელირება ზრაპრის სრულად წაკითხვის შემდეგ — ამ დროსაც სასარგებლო იქნება ბავშვების თვალწინ და ყურქვეშ ხმამაღლა ფიქრი.)

➢         როგორი მასპინძელია დევი?

გავიხსენოთ, როგორ მოიქცა დევი, როგორც მასპინძელი: სახლში შესვლისას უთხრა, კეთილი იყოს შენი ფეხიო, მერე დახტზე დასვა — შენ აქ დაისვენე, მე მივხედავ საქმეებსო… მერე პურზე უთხრა, უბრალოდ, მიაქციე ყურადღება, არ დაიწვასო… მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ დევი მართლა კარგი მასპინძელია… თუმცა შეიძლებოდა მისვლისას ხელების დაბანაც შეეთავაზებინა ნაცარქექიასთვის და კიდევ სუფრასთან დაცემინებისგანაც შეეკავებინა თავი.

➢         რა შეიძლება მომხდარიყო, დევი რომ არ მოტყუებულიყო?

დევი რომ არ მოტყუებულიყო ანუ სცოდნოდა, რომ ნაცარქექია სულაც არაა ძლიერი? მაშინ დევი შეაშინებდა ნაცარქექიას და ნაცარქექია გაიქცეოდა… იქნებ დევი არ იყო ბოროტი, იქნებ კეთილი დევი იყო? მაშინ ეტყოდა, ნუ გეშინია ჩემიო და დამეგობრდებოდნენ…

➢         როგორ ახერხებს ნაცარქექია გასაჭირის დროს გამოსავლის მოძებნას?

რა გაჭირვება გადახდა ნაცარქექიას ზღაპრის მიხედვით? ძმებმა გააგდეს, მაგრამ ვერაფერი მოახერხა იმ შემთხვევაში…

შემდეგ დევს მდინარის მეორე მხარეს გადააყვანინა თავი. ამ დროს გამოადგა თავისი გამბედაობა, თუმცა სხვა გზაც არ ჰქონდა დარჩენილი…

➢         შეიძლება თუ არა, ტყუილი გამოვიყენოთ წარმატების მისაღწევად?

ნაცარქექია ატყუებს დევს და ისე ახერხებს ჯერ მდინარეზე გადასვლას, შემდეგ დევის განდევნას… მაგრამ ძმებს თუ ატყუებს ნაცარქექია? შეიძლება ვიფიქროთ, რომ ნაცარქექია იტყუება მაშინ, როდესაც მისი სიცოცხლე საფრთხეშია? ალბათ, თუკი ადამიანს თავისი ტყუილით თავის გადარჩენა შეუძლია, ტყუილის თქმაში არ უნდა გავამტყუვნოთ…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“