ორშაბათი, ივლისი 22, 2024
22 ივლისი, ორშაბათი, 2024

ნიკო ცხვედაძე – უნივერსიტეტის მაშენებელი

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებამ სამიოდე თვით დაასწრო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ეს სამყაროს კანონზომიერებაც იყო – ჯერ ის კერა უნდა გაჩენილიყო, რომელზეც განათლების ცეცხლი დაინთებოდა. თავისუფლება ამ ცეცხლში იწრთობა.

უნივერსიტეტის დაარსებაზე როცა ჰყვებიან, დიდ სახელებს იხსენებენ. ამ ისტორიის კარიბჭესთან დგანან თავად ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ბევრი ქართველი მეცნიერი და მოღვაწე, თუმცა, ცხადია, ეს კარიბჭე მხოლოდ 1918 წლის 8 თებერვალს არ გახსნილა. ის ბევრად უფრო ადრე, ლამის საუკუნით ადრეც ჩაიფიქრა საქართველოს კეთილმა გონმა და ამ ფიქრისკენ დაუღალავი სვლით, შრომითა და შთაგონებით მიაღწია ნანატრ დღემდე.

ხოლო ერთ-ერთი უპირველესი, ვინც არათუ სულიერ-ინტელექტუალური, არამედ ფიზიკური მუშაკობით, ამ ისტორიის შუაგულში დგას, ნიკო ცხვედაძეა – სოფლის ღარიბი მღვდლის შვილი, მეცნიერი და მაშენებელი.

„ჩვენი ხსოვნიდან არ უნდა ამოიშალოს ამ ქართველის სახელი. მართალია, მას არ ჰქონია ისეთი ბრწყინვალე, მომადლებული ნიჭი, როგორიც ილიასა და აკაკის, მაგრამ სამაგიეროდ სული ჰქონდა წმინდა, გული წრფელი და დაუშრეტელი სიყვარული სამშობლო ერისა. ეს სიყვარული შთანერგილი ჰქონდა პატარაობიდანვე. გაჭირვება, ტანჯვა, სიღარიბე წიგნებიდან კი არ ჰქონდა გაცნობილი, არამედ თვით ცხოვრებამ, თვით სინამდვილემ გამოატარა ამ ჭახრაკში” – იგონებდა იაკობ მანსვეტაშვილი.

ნიკო ცხვედაძე 1845 წელს, სოფელ სოჭინში დაიბადა. სწავლობდა ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი სასულიერო სემინარიაში. მოსკოვის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ, პედაგოგად დაიწყო მუშაობა თბილისის ქალთა ინსტიტუტსა და წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი წესდების პროექტის ავტორი და გამგეობის წევრი, 1899-1907 წლებში კი – ამ საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე. ნიკო ცხვედაძის ინიციატივით დაარსდა ქართული სკოლები ბათუმში, ბაქოსა და კავკავში – იქ, სადაც ქართული მოსახლეობა სრულიად მოკლებული იყო მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლებას.

ოთხი ათეული წლის განმავლობაში დაუღალავი თანამებრძოლი იყო ილია ჭავჭავაძისა და თერგდალეულთა თაობისა. იაკობ გოგებაშვილთან უახლოესი მეგობრობა აკავშირებდა. ამ მეგობრობაზე დღესაც წერენ და ვინც იაკობის სახელს ახსენებს, იქვე ნიკო ცხვედაძესაც გაიხსენებს ხოლმე, როგორც ტარიელსა და ავთანდილს არ დააშორებენ ერმთანეთისგან, ჭეშმარიტი მეგობრობის სიმბოლოდ. იაკობი რომ ავად იყო და მთელი ცხოვრება ჭლექს ებრძოდა, ეს ყველასთვის ცნობილია. სწორედ ნიკო ცხვედაძის სოფელი კავთისხევი და იქაური ეზო-კარი იყო ის იშვიათი ადგილი, სადაც „დედა ენის“ შემოქმედი თავს ყველაზე უკეთ, ჯანმრთელად გრძნობდა და ნაყოფიერადაც მუშაობდა. ნიკოს ქალიშვილი, ელენე ცხვედაძე იხსენებდა, იაკობს ჩვენს სახლში ცალკე ოთახი ჰქონდა, თუმცა უმეტეს დროს ჰაერზე ისვენებდა, ერთ ამოჩემებულ ადგილზე ხალიჩითა და წიგნებით გავიდოდა და თავდავიწყებით მუშაობდა, იმ ადგილს ბავშვები „იაკობის ბუჩქებს“ ვეძახდითო. კავთისხევში დაუწერია იაკობ გოგებაშვილს „იავნანამ რა ჰქმნა“.

ნიკო ცხვედაძე რომ მკლავებდაკაპიწებული უნივერსიტეტის ასაშენებლად იღვწოდა, იაკობი ყველანაირად ამხნევებდა, მიწის ნაკვეთის შესასყიდად სოლიდური თანხაც გაიღო. ნიკო რომ ავად გახდა, იაკობი სულ თავს დასტრიალებდა, მეგობრის გარდაცვალების შემდეგ კი მხოლოდ რამდენიმე თვეღა იცოცხლა. სიკვდილშიც არ დააღალატეს ერთმანეთი. მარადისობაშიც ერთად შეაბიჯეს.

ხოლო მანამდე იყო დიდი ცხოვრება და დიდი მისია – პირველი ქართული უნივერსიტეტის აშენება. თავდაპირველად ეს სიტყვა – უნივერსიტეტი – მოკრძალებით წარმოითქმოდა. უფრო, სათავადაზნაურო სკოლას თუ პირველ ქართულ გიმნაზიას უწოდებდნენ, თუმცა ყველამ (და უპირველესად, ნიკო ცხვედაძემ) კარგად იცოდა, რომ თუ რაიმე სჭირდებოდა თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხსა და ქვეყანას, ეს უმაღლესი სასწავლებელი – უნივერსიტეტი იყო.

ამ მისიის შესრულება ნიკო ცხვედაძემ 1898 წელს დაიწყო. თავდაპირველად, ვაკეში შეიძინეს მიწის ნაკვეთი (ახლანდელი უნივერსიტეტის ტერიტორია), მაგრამ არ ჰქონდათ ფული შენობის ასაგებად. იაკობ მანსვეტაშვილი წერდა: გადავწყვიტეთ, ჩვენი საწყალი ჯიბეები გადმოგვებრუნებინა და, რაც გვქონდა, ამოგვებერტყაო. შეადგინეს ქართველ მოხელეთა სიები და ასე გროშობით შეკრებილი ფულით ჩაუყარეს საძირკველი ამ შენობას. ყველაზე მეტად ნიკო ცხვედაძე აქტიურობდა – „ამოიღებდა ნიშანში, ვისაც კი რაიმე ქონებას შეამჩნევდა, შეუჩნდებოდა და, მინამ ფულს არ გამოაღებინებდა, არ მოეშვებოდა. არც ერთი შეძლებული ქართველი არ გადაურჩებოდა ცხვედაძის ხარკს. ჩვენში იქნებოდა, რუსეთში თუ უცხოეთში, ყველგან ხელს მიაწვდენდა, ყველას გამოამეტებინებდა რასმე“. თავდაპირველად ორსართულიანი შენობის აგებას აპირებდნენ, თუმცა გზადაგზა მშენებლობის პროცესი გააფართოვეს და ორი სართულიც დაამატეს. უნივერსიტეტის არქიტექტორი სვიმონ კლდიაშვილი იყო – პირველი ქართველი არქიტექტორი, ვინც განათლება ევროპაში მიიღო.

ახალ არქიტექტურულ პროექტს ხარჯიც მეტი ჰქონდა. როცა მიხვდა, რომ ფრაგმენტული შემოწირულებებით ამ ხარჯს ვერ გასწვდებოდა, ნიკო ცხვედაძემ ტაქტიკა შეცვალა და ბანკებს მიაშურა. ცხადია, უპირველესად, დავით სარაჯიშვილი გაიხსენა. სარაჯიშვილმა უხვად გაიღო ამ საშვილიშვილო საქმისათვის. თავიდან სათავადაზნაურო ბანკიც უხვად გასცემდა ფულს, მაგრამ როდესაც დაინახეს, რომ ხარჯი სულ უფრო მატულობდა, ბანკის მეპატრონე თავადაზნაურობამ გააპროტესტა – სწორედ გიჟია ეგ ვიღაც ცხვედაძეა, გადარეულა, ლამის მთელი ბანკის შემოსავალი სულ იმ შენობაში ჩაგვაყრევინოსო. ილიას საყვედურობდნენ, შენი გათამამებულია ეგ ვიღაცა ცხვედაძე, ჩვენ ათასი გაჭირვება გვაქვს, ყველაფერზე უარს გვეუბნები და იქ კი უანგარიშოდ ფანტავთ აუარებელ ფულსო. ზოგჯერ ილიასაც აბნევდა ნიკო ცხვედაძის შეუპოვრობა, დაიბარებდა თავისთან „ანგარიშის ჩასაბარებლად“, ისიც გამოცხადდებოდა აღელვებული თავადაზნაურობის წინაშე და როცა თავისი კეთილი და გულუბრყვილო მანერით, ამ საქმის საჭიროებაზე საუბარს დაიწყებდა, ყველა ჩუმდებოდა…

„თავისებური ბანდიტის“ სახელი ჰქონდა დაგდებული. „საწყალი ნიკო! ფანტაზიორს ეძახდნენ, გიჟს, ჭკუაზე შეშლილს. რად? რად და იმად, რომ ოცნებობდა ქართულ უნივერსიტეტზე. იქნება, ეს ოცნება იყო. ოცნება ფანატიკოსისა, რომელსაც მტკიცედ სწამს, რომ ოდესმე ეს ოცნება ასრულდება. დღეს ხომ ვხედავთ, რომ ეს ოცნება სინამდვილედ გადაიქცა, ეგ არის, რომ საწყალ ნიკოს არ დასცალდა ამის ნახვა“ (იაკობ მანსვეტაშვილი).

უნივერსიტეტის დაარსებამდე შვიდი წლით ადრე, 1911 წელს გარდაიცვალა. მანამდე კი უმთავრესი მოასწრო – ნანატრ სასწავლებელს შენობა აუგო, ცეცხლის დასანთებად კერა გაამზადა. ამ რთულ საქმეებთან ერთად, მასწავლებლობა წუთითაც არ მიუტოვებია. პრაქტიკული სამუშაოების გარდა, წერდა აღმზრდელობით-პედაგოგიურ ნაშრომებს. მისი სულისკვეთება ყველა საქმეში ასეთი იყო: „მე ისეთი სიყვარული მაქვს ჭეშმარიტებისა და პატივისცემა კაცისა, რომ უმჯობესად შევრაცხავ მარჯვენა მოვიჭრა და წყალში გადავუძახო, მანამ რამე ტყვილი გამოვურიო ჩემს ნაწერებში“.

ნიკო ცხვედაძე თავდაპირველად მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 2008 წლის 26 ნოემბერს კი მისი ნეშტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში გადაასვენეს.

იქ, სადაც პირველად მისი ნაფეხურები აღიბეჭდა. სადაც მისი რწმენით, საქმითა და სიყვარულით გაჯერებული საძირკველი გაიჭრა – დედა უნივერსიტეტისათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“