სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მოდით, ვილაპარაკოთ ქართველ კომპოზიტორ ქალებზე

ვინ გახსენდებათ როცა საუბარი ქართველ კომპოზიტორებზე ჩამოვარდება? ალბათ ზაქარია ფალიაშვილი, ოთარ თაქთაქიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, დიმიტრი არაყიშვილი, შესაძლოა რეზო ლაღიძე, გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, მაგრამ ძალიან იშვიათია ადამიანი, ვინც ქართველ კომპოზიტორებზე საუბრისას გაიხსენებს ბარბარე ამირეჯიბს, ოლღა ბარამიშვილს, დაგმარა სლიანოვა-მიზანდარს ან სულაც ინოლა გურგულიას.

ქალი კომპოზიტორები როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგ თითქოს მუდმივ ჩრდილში არიან – საზოგადოებრივი აზრების, გენდერული სტერეოტიპების თუ კაცი კოლეგების ჩრდილში და ძირითადად მათ შესახებ მწირია როგორც ცოდნა, ასევე ის წყაროები, რომლითაც შეიძლება იკვლიო მათი ცხოვრება და მემკვიდრეობა.

ქართველი ქალი კომპოზიტორების შესახებ ცოდნის მოგროვების და სისტემური კვლევის პირველი მცდელობაა ვებ-პორტალი, რომელიც მუსიკოლოგების, კომპოზიტორებისა და ისტორიკოსებისგან შემდგარმა მკვლევართა ჯგუფმა რამდენიმე წლის წინ შექმნა, ამ ეტაპზე 30 კომპოზიტორს აერთიანებს და კვლავაც განახლდება. ეს არის საკმაოდ ინფორმატიული ბაზა, სადაც შესაძლებელია როგორც ქალი კომპოზიტორების ბიოგრაფიების ნახვა, ასევე მათი ნაწარმოებების მოსმენა და ამ ნაწარმოებების ნოტების გადმოწერაც, თუკი ვინმე მათ დაკვრას ან სასწავლო პროცესში გამოყენებას მოისურვებს.

ქართველი ქალი კომპოზიტორების ამბები მკაფიო სურათს იძლევა სხვადასხვა პერიოდის საქართველოს განათლების, კულტურული ცხოვრების, მედიის, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის, ისტორიის შესახებ. მაგალითად პირველი ქალი, რომელმაც საქართველოში უმაღლესი პროფესიული მუსიკალური განათლება მიიღო, ბარბარე ამირეჯიბი, , ამავდროულად იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მის მიერ სხვადასხვა კონცერტზე შესრულებული ნაწარმოებების სია მკაფიო სურათს იძლევა იმ კულტურული კავშირების და ცოდნების შესახებ, რაც მის თანამედროვე საქართველოში იყო, იმ დროინდელ პერიოდიკაში მასზე გამოქვეყნებული სტატიებიდან კი კარგად ჩანს, როგორ გულშემატკივრობდა საზოგადოება ერთი მხრივ ქალების სრულფასოვან ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მეორე მხრივ კი როგორ ესწრაფოდა ევროპული კულტურის ნაწილად ყოფნას.

“ტფილისის სამუსიკო სკოლაში სამასზე მეტი ქალი სწავლობს, ამათში ქართველები ოცდა-ხუთზე მეტი არ არის და კნიაჟნა ამირეჯიბისა პირველი დამკვრელი აღმოჩნდა მთელ სკოლაში. ცხადია ამას შემდეგ რამდენად უსაფუძვლოა ზოგიერთების აზრი, ვითომ ქართული ყური ევროპულ მუსიკის შეთვისებას ვერ ახერხებსო” – წერდა გაზეთი ივერია შორეულ 1893 წელს ბარბარე ამირეჯიბის შესახებ. წვეულებები და თავყრილობები, სადაც ბარბარე უკრავდა როგორც თავის, ისე სხვა ცნობილი კომპოზიტორების მუსიკას, ხშირად საქველმოქმედო ხასიათის იყო. ამ საღამოებზე დამსწრეთა შესახებ ცნობები კი ნათელ წარმოდგენას ქმნის იმ დროის კულტურული ცხოვრების შესახებ. საყურადღებოა, მისი, როგორც პედაგოგის მეთოდიკაც, რომელსაც განსაკუთრებით აღნიშნავენ მისი ყოფილი მოწაფეები.

„ვარიუშა, საოცრად გულისხმიერი, რბილი და კეთილი ადამიანი იყო. უსწავლელი გაკვეთილის გამოც კი არ შეეძლო გაჯავრება. საზოგადოდ, ვერც კი წარმომიდგენია ის გულმოსული ან გაბრაზებული. როგორც მუსიკოსი ხომ შესანიშნავი იყო. არასდროს არ გვახვევდა თავს ისეთი ნაწარმოების შესწავლას, რომელიც არ მოგვწონდა და გულს არ სწვდებოდა. მახსოვს, ერთხელ შემეკითხა – „გინდა შუმანის „აღტყინება“ ვისწავლოთ?“ და როდესაც თანხმობა მიიღო, მიუჯდა როიალს და ისეთი გატაცებით, არტისტიზმით შეასრულა, რომ მე ერთბაშად ავინთე ნაწარმოების შესწავლის სურვილით. ის გვივითარებდა ნაწარმოების განცდის უნარს. მან კარგად იცოდა ყოველი თავისი მოწაფის გემოვნება, ინტერესები და ამის შესაბამისად გვირჩევდა რეპერტუარს”

“ხშირად გვრცხვენოდა, როდესაც გაკვეთილზე მოუმზადებელი მასალა მიგვქონდა. მახსოვს, იტყოდა ხოლმე – „ოი, ოი, ოი, როგორ არ გრცხვენია, შენ რა, სახლში უქმად იჯექი?“ ასე გვისაყვედურებდა ხოლმე და ეს გაჯავრებაზე მეტად მოქმედებდა. კეთილი, უაღრესად თავმდაბალი, დიდთან და პატარასთან ურთიერთობაში სათნო. ”

ბარბარე ამირეჯიბის გარდა ამ პორტალზე არაერთი სხვა ქალის ისტორიას ნახავთ. თუკი საქართველოს რესპუბლიკის ხანმოკლე დამოუკიდებლობის წლებში და მანამდეც ქალებს სახელოვნებო განათლებაში ბარიერები თითქმის არ ჰქონდათ, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ეს სურათი იცვლება.  ჩნდებიან კომპოზიტორები, რომლებმაც საკუთარი ოჯახის წევრების მაგალითზე იწვნიეს საბჭოთა რეპრესიების სიმძიმე და ვეღარ შეძლეს ისეთი სრულყოფილი განათლების მიღება საქართველოში, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში, როგორც ამას მათზე უფროსი ქალები ახერხებდნენ. მაგალითად ლილი იაშვილი, რომლის მამაც საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მალევე ემსხვერპლა 30-იანი წლების რეპრესიებს, 14 წლის იყო როცა მარტო დარჩა დედასთან ერთად. კონსერვატორიაში ჩაბარება მან მხოლოდ დაოჯახების შემდეგ შეძლო, მეუღლის თხოვნითა და მხარდაჭერით.

 

კომპოზიტორების ისტორიები გეოგრაფიული თვალსაზრისითაც საინტერესოა და აჩვენებს კულტურული სივრცეების და კომუნების დეცენტრალიზაციის სურათს. მაგალითად 1912 წელს დაბადებული ვალენტინა ჯაიანის არქივი ინახავს ფოტოს, სადაც ის მეოცე საუკუნის დასაწყისში ფოთის საბავშვო თეატრის წევრებთან ერთად არის გადაღებული. ამავე ფოთში, მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ხომალდზე საბჭოთა ჯარისკაცებისთვის კონცერტები ტარდებოდა – ვალენტინა ჯაიანი ამ კონცერტებშიც მონაწილეობდა.  ერთ-ერთ ასეთ კონცერტზე ის დაბომბვაშიც მოყოლილა – ესეც მძაფრსიუჟეტიანი დრამა.

ქალი კომპოზიტორების ამბები სხვა ამბებთან ერთად ჰყვება დოკუმენტირების და არქივების შექმნის კულტურის სისუსტეებზეც – მათი ნაწარმოებების დიდმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. რაც შემორჩენილია, მათ გაცნობას კი ნამდვილად გირჩევთ  – საინტერესო მოგზაურობა იქნება.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

იდეიდან ტექსტამდე

უპირობო მეგობრობა

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“